”26 მაისის შემდეგ არც ერთი პოლიციელის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა”

”26 მაისის შემდეგ არც ერთი პოლიციელის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა”

პარლამენტის იურიდიული კომიტეტისგან მომზადებული კანონპროექტით, სისხლის სამართლის კოდექსს ახალი მუხლი ემატება, რომელიც განსაზღვრავს სასჯელს პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმისთვის.

კერძოდ, "პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ან მათ სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ასევე სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, აგრეთვე, მათი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან საკუთრების ხელყოფა, პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით შვიდიდან ოც წლამდე, ან უვადოდ".

"ყველა სიახლე" ამ საკითხზე "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთ ლიდერს, პოლიციის აკადემიის ყოფილ რექტორს ლევან იზორიას ესაუბრა.

- ბატონო ლევან, რამ განაპირობა ამ კანონპროექტის მომზადება 26 მაისის შემდეგ და პოლიციელის რანგის ესოდენი ამაღლება?

- თქვენ სწორად დასვით შეკითხვა - რატომ არის აყვანილი პოლიციელი ასეთ რანგში. სისხლის სამართლის კოდექსში არის 325-ე მუხლი, რომელიც ანალოგიურ სასჯელს ითვალისწინებს მსგავსი მოქმედებისთვის, ოღონდ საქართველოს პრეზიდენტის, ან პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ. თუ მოქმედება საკუთრების წინააღმდეგაა მიმართული, სასჯელი უფრო დაბალია, ხოლო თუ სიცოცხლის წინააღმდეგ, ის თავისუფლების უვადო აღკვეთით განისაზღვრება. 353-ე პრიმამუხლი 325-ე მუხლის ასლია, სანქციის კუთხით, ოღონდ, აქ ლაპარაკია რიგით პოლიციელზე ან ხელისუფლების ნებისმიერ წარმომადგენელზე.

- რატომ არ უნდა ისჯებოდეს ერთნაირად პოლიციელზე და ჩვეულებრივ ადამიანზე თავდამსხმელი? თუკი მოქალაქე სანდრო გირგვლიანზე თავდამსხმელ პოლიციის თანამშრომლებს 3-წლიანი სასჯელი აკმარეს, პოლიციელზე თავდამსხმელი რატომ უნდა იჯდეს ციხეში მთელი სიცოცხლე?

- ასეთი დიფერენცირება - პოლიციელზე ან მისი ოჯახის წევრზე თავდასხმისთვის სასჯელი უფრო მაღალი რომ არის, ვიდრე უბრალო ადამიანზე - არსად შემხვედრია. როგორც უბრალო ადამიანის, ისე პოლიციელის ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობასთან თუ გვაქვს საქმე, შეიძლება თავისუფლების აღკვეთა უვადოდ. ეს საქართველოს გარდა არსად გაუმიჯნავთ. ასევე, პოლიციელის ავტომანქანაზე თავდასხმის გამო 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ძალიან გამკაცრებული სისხლის სამართლის პოლიტიკა. ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის გამო სასჯელი მკაცრი უნდა იყოს, მაგრამ მიზანშეუწონლად მიმაჩნია პოლიციელისა და ხელისუფლების წარმომადგენლის ასე გამოყოფა. ასეთი პრეცედენტი დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ვერ მოვიძიე. ასეთი კანონის ინიცირება კონკრეტული სტატისტიკის შეფასებას უნდა ეყრდნობოდეს და არა აბსტრაქციას.

- ჩვენთან როგორია სტატისტიკა?

- ბოლო წლების განმავლობაში იშვიათად დასხმიან თავს შეგნებულად პოლიციელის ოჯახის წევრს, ავტომანქანას, ან უშუალოდ პოლიციელს სამსახურებრივი საქმიანობისას. სტატისტიკა არ არის საგანგაშო და არ არსებობს აუცილებლობა, რომ კანონმდებელმა კანონი გაამკაცროს. ამის მოტივაცია იყო 26 მაისი, რის შემდეგაც ხელისუფლებამ გაამკაცრა როგორც სისხლის სამართლის, ასევე "მანიფესტაციებისა და შეკრებების შესახებ" კანონმდებლობა. კანონმდებლობის გამკაცრება კი პოლიტიკური მოწინააღმდეგის დაშინებასა და დათრგუნვას ემსახურება და როცა 353-ე პრიმამუხლით პოლიციელის ცალკე გამოყოფა ხდება, აქაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იჩენს თავს.

ჩვენი პოლიტიკური სისტემა ემყარება ძალოვან სტრუქტურებს, ამიტომ მათი დაცვის მექანიზმებმა წინა პლანზე წამოიწია. 26 მაისის შემდეგ არც ერთი პოლიციელის, არც ერთი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა, ანუ მოქალაქის დაცვის თვალსაზრისით არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა. ამის შემდეგ მხოლოდ პოლიციელის დაცვაზე ზრუნვა, სხვას რომ თავი დავანებოთ, ცინიზმია.

იმის ნაცვლად, რომ 26 მაისის შემდეგ ემხილათ ისინი, ვინც დაარღვია კანონი, ამ სადამსჯელო  ოპერაციის შემდეგ სამართალდამცველი უწყებების წარმომადგენლებს პრემიები დაურიგეს. მიჩნდება კითხვა, თუ პოლიციელი უკანონო ქმედებას სჩადის, რატომ არ აქვს ადამიანს წინააღმდეგობის გაწევის უფლება? ბევრ ქვეყანაში ეს დაშვებულიც კია. როცა კანონი მხოლოდ პოლიციელს იცავს, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლების საყრდენი ძალის დაცვის მექანიზმებია გათვალისწინებული და არა ადამიანის, მოქალაქის უფლებები.

- პოლიციელს შეუძლია "გონივრული ეჭვის" საფუძველზე გააჩეროს ადამიანი და გაჩხრიკოს. ხომ შეიძლება წვრილმანი ხულიგნობაც და წინააღმდეგობაც თავდასხმად იყოს აღქმული.

- ესეც მეორე პრობლემაა. ჩვენ გავასაჩივრეთ სასამართლოში "გონივრული ეჭვით" პირის შეჩერებისა და ზედაპირული შემოწმების განხორციელების უფლება. წარმოიდგინეთ, ქალბატონის მიმართ პოლიციელს გაუჩნდა "გონივრული ეჭვი" და მას ჩხრეკს, ანუ ეხება. ქალბატონი სრულიად უდანაშაულოა, თავს გრძნობს შეურაცხყოფილად და მორალური უფლებაც უნდა ჰქონდეს, რომ პოლიციელს სიტყვიერად, თუნდაც ხელით, გაუწიოს წინააღმდეგობა.

მის გამო იგი შეიძლება 7 წლით დააპატიმრონ. პოლიციელზე თავდასხმას არ ვამართლებთ, მაგრამ ისეთი მკაცრი სასჯელის დაწესება იმისათვის, რომ მის ავტომანქანას ან საცხოვრებელ სახლს ვიღაც ფიზიკურად შეეხება, დაუშვებელია. მაშინ რა დააშავა სამხედრო მოსამსახურემ, ექიმმა, ან ჟურნალისტმა?

ცნობისათვის

მუხლი 325. საქართველოს პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა (25.07.2006)

საქართველოს პრეზიდენტის, სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან საკუთრების ხელყოფა ამ თანამდებობის პირის სახელმწიფოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ