სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე ახალგაზრდებს ურჩევს, რაც შეიძლება ნაკლები დრო დაუთმონ ინტერნეტსა და ტელევიზიას და მეტი იკითხონ.
როგორც უწმინდესმა საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა, წიგნები უფრო ღრმაა, დიდ ანალიზს შეიცავს და მათგან დიდი ცოდნის მიღება შეიძლება.
"ყველა ადამიანმა უნდა იზრუნოს პირადი, ოჯახური ბიბლიოთეკის შექმნასა და გამდიდრებაზე. გირჩევთ, რამდენიმე ოჯახმა ლიტერატურული საღამოები მოაწყოთ ხოლმე. ეს დიდ ცოდნასა და გამოცდილებას მოგცემთ. რაც შეიძლება მეტი წიგნი იკითხეთ. ღმერთმა მოგცეთ სიბრძნე, მოთმინება, გული გონიერი, ცოდნა და რწმენა", - აღნიშნა პატრიარქმა.
მისივე თქმით, ცხოვრების გზა მუდამ ყვავილებით მორთული არ არის და ადამიანები ხშირად აღმოჩნდებიან განსაცდელის წინაშე, თუმცა, ამის გამო სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავარდნენ.
ქადაგების დასასრულს უწმინდესმა ტრადიციულად რამდენიმე ქართული გვარიც დალოცა.
იხილეთ ვიდეო