ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე, სტალინის ძეგლის დემონტაჟის შემდეგ, 1996 წელს, "ქართული პარტიის" ყოფილი წევრის, კახა მიქაიას ინიციატივით ჯვარი აღიმართა.
დაახლოებით 2 კვირის წინ კი ზუგდიდელებს ჯვრის ადგილზე მერაბ სეფაშვილის ბილბორდი დახვდათ - მომღერლის კონცერტი 22 ივნისს უნდა გამართულიყო...
ილია ჩაჩიბაია, ჟურნალისტი: - მრავალი წლის განმავლობაში ზუგდიდში ჩამოსულ სტუმრებს ქალაქში შემოსვლისას ქრისტიანული სიმბოლო ეგებებოდა, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს ზუგდიდელებს ჯვრის ადგილას მიხეილ სააკაშვილის კარის მომღერლის, მერაბ სეფაშვილის ბილბორდი დახვდათ.
ამ ამბავს მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა - მოსახლეობამ განაცხადა, 22 ივნისს დაგეგმილ კონცერტს არ დავესწრებითო. ჯვრის აღება გააპროტესტა ცაიშის ეპარქიის მღვდელმსახურმა მამა ფრიდონმაც (ასათიანი), რომელმაც განაცხადა, მერაბ სეფაშვილი, როგორც მომღერალი, შეიძლება ბევრს უყვარდეს, მაგრამ ჯვრის ადგილას მისი ბილბორდის განთავსება დაუშვებელიაო.
როდესაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელ ალექსანდრე ქობალიას მივმართეთ, მან გვითხრა, პლაკატი დროებით განვათავსეთ ქალაქის მთავარ მოედანზე და მერაბ სეფაშვილის კონცერტის დასრულებისთანავე, ჯვარს თავის ადგილას დავაბრუნებთო.
- დააბრუნეს?
- მოსახლეობის პროტესტის შემდეგ ჯვარი თავის ადგილას დააბრუნეს. მომხდარით ნათლად ჩანს, რომ ხელისუფლება არაფერს ერიდება და რელიგიურ სიმბოლოებსაც კი უდიერად ეპყრობა. არადა, რა გვეკონცერტება? მუხრან მაჭავარიანისა არ იყოს, "რა გიხარია, შე შობელძაღლოო... საკონცერტოდ გვაქვს საქმე?!
ნინო მაისურაძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)