ქართულ თეატრსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ავანსცენაზე მიმდინარე პროცესებზე თვალსაზრისს საქართველოს სახალხო არტისტი დიმიტრი ჯაიანი გამოხატავს.
- "ხელოვნება, მათ შორის თეატრი, ადამიანების გაერთიანების, ერთობის ერთ-ერთი გზაა", - ამბობდა ლევ ტოლსტოი. რა არის თქვენთვის თეატრი?
- თეატრი ჩემთვის ცხოვრებაა. ცხოვრების უდიდესი ნაწილი სცენაზე მაქვს გატარებული. ამასთანავე, ეს დიდი ტვირთია, რაც საკუთარ მხრებზე გამოვცადე. კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელი უმძიმეს პერიოდში, აფხაზეთის ომის დროს გავხდი. დასიდან, ვისაც შეგვეძლო, ყველა იარაღით ხელში ვიცავდით სოხუმს. წაგებული ომის შემდეგ, ჭუბერგამოვლილები, თბილისში რუსთაველის თეატრმა შეგვიფარა, რობერტ სტურუამ თეატრის კარი გაგვიღო, 9 წლის განმავლობაში ვიყავით იქ...
როგორ შეიძლება ამის დავიწყება? კბილებით ვინარჩუნებდით თეატრს, რომ უკან დასაბრუნებელი გზა გვქონოდა. თეატრის დაშლას ერთი წუთი უნდა, მის აღდგენას - საუკუნე. ერთი წელია, რაც თეატრიდან გამათავისუფლეს, მომიშორეს, რადგან აღარ უნდათ, ეს თეატრი არსებობდეს. სოხუმის თეატრის აფიშიდან კონსტანტინე გამსახურდიას სახელი გაქრა... დღეს თეატრი არსებობს, მაგრამ, ფაქტობრივად, დაშლილ-გაცამტვერებულია, სულს ღაფავს. იქ ადრე სპექტაკლებს რობერტ სტურუა, თემურ ჩხეიძე, გიზო ჟორდანია, გოგი ქავთარაძე დგამდნენ, დღეს კი ვიღაცები დგამენ. მეტიც, თვალში აღარ მოსდით თემურ ჩხეიძის გენიალური სპექტაკლი: "ზღვა, რომელიც შორია".
შეიძლება ეს სპექტაკლი დევნილი თეატრის რეპერტუარში არ იყოს? ყველაფერთან ერთად, ეს თეატრი ადამიანებისთვის იმედი იყო, მახსოვს, ბათუმში თეატრის წარმატებული გასტროლის შემდეგ, სცენაზე ერთი ჩვენი ერთგული მაყურებელი ამოვიდა და გვითხრა: აფხაზეთში დაბრუნების იმედი თითქმის გადაწურული მაქვს, ერთადერთი იმედი ამ თეატრის არსებობააო.
- რეფორმის შემდეგ, არაერთ თეატრში შეიქმნა კონფლიქტური სიტუაცია მმართველსა და მთავარ რეჟისორს შორის. დაძაბულობამ პიკს მიაღწია თელავის თეატრშიც.
- დუტა სხირტლაძე სოხუმის თეატრის მსახიობი იყო. სწორედ ჩვენი თეატრის მოსკოვში გასტროლისას დაურეკეს მას "რუსთავი-2"-დან და ასე გახდა ტელეკომპანიის სახე. როგორც კოლეგას, მინდა, ერთი რამ ვურჩიო: არავითარ შემთხვევაში არ უნდა დათანხმებულიყო თელავის თეატრის მმართველობაში და ვიდრე დროა, სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. მმართველი თეატრში ყოველდღე უნდა დადიოდეს, დილიდან საღამომდე იქ იყოს და არა ისე, 2 თვეში ერთხელ რომ შეირბენ.
დუტა წარმატებული შოუმენია, ფული იშოვა, ღმერთმა შეარგოს, მაგრამ თეატრს ნუ ანადგურებს. ვრცელდება ხმა და, როგორც ვიცი, არცთუ უსაფუძვლო, რომ თელავის თეატრის შესანიშნავი შენობა გაიყიდება. ამის გამოა ეს დიდი არეულობა. თელავის თეატრი უდიდესი ტრადიციების თეატრია, რად ღირს მარტო ნუკრი ქანთარიას მიერ იქ დადგმული "ჩემი წყალ-ჭალის ხმები" რეზო ინანიშვილის ნაწარმოებთა მიხედვით. ვაჟა-ფშაველას გამოსახულება რომ გააქრეს თეატრის ლოგოდან, ესეც მრავლისმეტყველია. სურთ, ეს ყველაფერი თელაველი კაცის ხელით გააკეთონ და დროა, დუტა დაფიქრდეს, თავს ნურავის გამოაყენებინებს.
- მას შემდეგ, რაც თეატრიდან გაგათავისუფლეს, თუ გქონდათ შეთავაზება სხვა თეატრიდან?
- ვთქვი, მხოლოდ სოხუმის თეატრში ვიმუშავებ-მეთქი. Mმას შემდეგ, რაც მმართველის თანამდებობიდან გამათავისუფლეს, დასში მსახიობად დავრჩი, მაგრამ თურმე, ვინ გტოვებს? შემომითვალეს, თუ რომელიმე რეჟისორმა სპექტაკლში თქვენი აყვანა გადაწყვიტა, კონტრაქტს გაგიფორმებთო...
როგორც მოსალოდნელი იყო, ასეთი არავინ გამოჩნდა, მაგრამ ერთი მკითხონ, მე მინდა თამაში ამ ვაი-რეჟისორებთან? დღეს "ნაცმოძრაობის" წევრი თუ არ ხარ, არსად დაგიძახებენ.
განა შეიძლება, ოთარ მეღვინეთუხუცესი, რომელიც დღესაც გენიალურ ფორმაშია, რამდენიმე სპექტაკლში არ იყოს დაკავებული?
- რობერტ სტურუა, რომლის თვალსაზრისმაც დიდი ხმაური გამოიწვია, ამბობს: მწამს, ადრე თუ გვიან, ჩამოვა სხვენიდან ჩემი დაკონკილი საქართველოო.
- რამდენიც უნდა ილაპარაკონ, რობერტ სტურუა მსოფლიოს ხუთ საუკეთესო რეჟისორს შორის არის. სტურუამ თქვა: ჩემი ქვეყნის, საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს ქართველი, არა ფრანგი, არა ჰოლანდიელი, არა სომეხი, არამედ - ქართველი. რა არის ამაში მიუღებელი და ვაი-ვიშის ასატეხი? აბა, "ნაციონალების" მხარდამჭერი გახდეს რობერტ სტურუა, მერე ნახავთ, რა სხვანაირად აკივლდებიან.
მიხეილ სააკაშვილს საქართველო არ უყვარს, ის ქართულ საქმეს არ აკეთებს. ბოდიში და, ნაგვის ტარიფის ელექტროენერგიის გადასახადთან მიბმა არ იკმარეს და ახლა თუ ადამიანი პარკში ლუდს დალევს, 80 ლარით დააჯარიმებენ, და არა მარტო მათ, გარშემომყოფებსაც, ვინც ეს დაინახა და პატრულს არ გამოუძახა. აღარ იციან, საარჩევნოდ ფული როგორ გააკეთონ! ან რა ქართულით საუბრობენ? ახლახან გიგი უგულავამ, რომელსაც უნდა, პრეზიდენტად მოგვევლინოს, განაცხადა: "თბილისის გზები უფრო გავლადი უნდა გახდესო".
- რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდებთან შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ქართველები გარე მტერზე მეტად ერთმანეთს ვებრძოდით და ვჭამდითო.
- სააკაშვილის მიზანი საზოგადოების ზომბირებაა, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, - "დაბოლება". ამ კაცის პორტრეტი ზუსტად არის დახატული მორის ფოცხიშვილის ერთ იუმორისტულ ლექსში: "მე რაც ვიცოდი, შენ გაგიმხილე, შენ სხვას უთხარი, სხვამ კიდევ - სხვას,/ იმ სხვამ ვიღაცას გაანდო მერე ჩვენი ამბავი, მწამს. ახლა ის ვიღაც ჩემთან მოდის და მევე მიამბობს მას, რაც მე ვიცოდი და შენ გითხარი, რაც შენ უთხარი სხვას!
"სააკაშვილის ნათქვამი ქართველთა შინაომებზე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მან თავისი ქვეყნის ისტორია არ იცის. იგი რუსთაველს გრიგოლ ორბელიანისგან ვერ არჩევს, არ იცის ვაჟას შემოქმედება... მსოფლიო მოქალაქეებად და ევროპელებად რომ მოაქვთ თავი, იციან, რა თქვა ალენ დელონმა ვაჟა-ფშაველაზე? ალენ დელონმა ცნობილ ჟურნალისტს, რომელიც მისგან ინტერვიუს იღებდა, საყვარელ მწერლად ვაჟას დასახელების შემდეგ უთხრა: მისი პოემები გოეთეს "ფაუსტზე" ათჯერ მაღლა დგასო! თელავის თეატრის აფიშიდან კი ვაჟას გამოსახულება გააქრეს...
- როგორ შეიძლება განვითარდეს ქვეყანაში მოვლენები 26 მაისის შემდეგ?
- ეს დარბევა კი არა, ნამდვილი ომი იყო საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ჩემი თვალით ვნახე, როგორ სასტიკად უსწორდებოდნენ ადამიანებს. ამ დღემ ლაკმუსის ქაღალდის როლიც ითამაშა, არაერთს შეეშინდა პოზიციის გამოხატვა და დაიმალა, ქაღალდზე ხელისმოწერისაც შეეშინდათ. თანამდგომი კი ყველაზე მეტად ჭირში სჭირდება კაცს. რა უნდა უწოდო მკლავჭიდის ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ერეკლე გურჩიანის საქციელს, რომელმაც თქვა: რა გააკეთა სოსო ჯაჭვლიანმა ქართული სპორტისთვის, მკლავჭიდისთვისო?! მერე რა, რომ 10 წელი ფედერაციის პრეზიდენტი იყო, ახლა ჩვენს რიგებში მისი გაზრდილი არავინ არისო.
ყველაზე მეტად ამ სიტყვებით, ალბათ, სოსო ჯაჭვლიანის დედაა გაოგნებული, რომელიც გურჩიანს შვილივით უვლიდა. შეიძლება ახალგაზრდა კაცმა ყველაფერი იკადრო იმისთვის, რომ პრეზიდენტს ასიამოვნო? 26 მაისის შემდეგ სულ ვფიქრობ იმ ადამიანის სახედაკარგულ, ზომბებად ქცეულ სპეცრაზმელებზე და მათ მშობლებს ერთ რამეს ვურჩევ: ღამით, როცა მათი შვილები შინ არიან, მშვიდად ნუ დაიძინებენ, რადგან მათ შეუძლიათ დედასა და მამას გამოღადრონ ყელი.
ახლახან ყვარყვარეს ციხესავით გადავსებულ ციხეებს ახალი პატიმრები მიუმატეს - თურმე, ვიღაცები ორი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმით აპირებდნენ რევოლუციის მოწყობას, იმ "რაგატკებისა" თუ "მოლოტოვის კოქტეილებისა" არ იყოს. ესენი მასწავლიან, ვინ არიან რუსები, რომლებსაც აფხაზეთში ვებრძოდით?! ან რომელ ჭკუათამყოფელს უნდა სამოქალაქო ომი? პირიქით, თვითონ მათი მიზანია ქვეყნის ქაოსში ჩათრევა. პოლიტიკოსი არ ვარ, არც ის ვიცი, რას აპირებენ მომავალში ჩვენი პოლიტიკოსები, ერთი რამ კი დანამდვილებით შემიძლია გითხრათ: ასე ცხოვრება აღარ შეიძლება და ამიტომ ვერ გამაჩერებენ!
ნინო კვიტაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)