ზარ-ზეიმით გახსნილი გომბორის გზა უკვე დანგრეულია

ზარ-ზეიმით გახსნილი გომბორის გზა უკვე დანგრეულია

საქართველოში გზების მშენებლობის ბუმია, თითქმის ყველა ქალაქსა თუ რაიონულ ცენტრში მიმდინარეობს ძველი გზების გადაკეთება ან ახლის დაგება. გამონაკლისი ამ მხრივ არც კახეთის გული თელავია, თუმცა იქაურების თქმით, გზები უკვე დაზიანდა და ხელახლაა დასაგები. გვესაუბრება "თავისუფალი საქართველოს" კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი მოსიაშვილი:

- "შენც სუ და მეც სუ!" - სწორედ ამ დევიზით მოქმედებენ კომპანიები, რომლებიც კახეთში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აწარმოებენ და, ამასთანავე, აქტიურად აფინანსებენ "ნაციონალურ მოძრაობას". ასეთი კომპანიების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, მოვიყვან რამდენიმე მაგალითს: საგარეჯოში რეგისტრირებულმა შპს "კავკასავტომაგისტრალმა" 2010 წლის 31 მაისს მმართველ პარტიას 80 ათასი ლარი შესწირა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო ფონდში არჩევნების მეორე დღეს, 31 მაისს, თანხები ჩარიცხეს:

შპს "ლოჭინმა" - 80 ათასი ლარი; შპს "ავტობანმა" - 60 ათასი ლარი, "თბილისმა" - 60 ათასი ლარი; შპს "გზამშენი-4"-მა - 70 ათასი ლარი; შპს "საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის ზედამხედველობის სამსახურმა" - 50 ათასი ლარი. ცალკე უნდა გამოიყოს საგზაო სამშენებლო კომპანია "სერპანტინი", რომელიც თელავშია რეგისტრირებული და რომელიც კახეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოების ძირითად ნაწილს აწარმოებს. ამ კომპანიამ გასულ წელს თელავში გზების კაპიტალური შეკეთება დაასრულა და თანაც "ნაციონალური მოძრაობის" ყულაბას 50 ათასი ლარი შესწირა.

ერთი წლის შემდეგ კი კომპანია "სერპანტინის" მიერ დაგებული გზის უმეტესი ნაწილი მწყობრიდან გამოვიდა, დაზიანებული და აყრილია ასფალტის დიდი ნაწილი. პოლიტიკურმა მოძრაობა "თავისუფალმა საქართველომ" ამ დარგის სპეციალისტებთან ერთად შეისწავლა გზის ხარისხი, ასფალტის სისქე და დაგების მეთოდები. უმეტეს შემთხვევაში ყველა ნორმა და სტანდარტი დარღვეულია, რაც საბოლოოდ გზის დაზიანებას იწვევს. ამ ყველაფრის შემდეგ ჩნდება კითხვა - რატომ დუმს ხელისუფლება? - პასუხი მარტივია: ხელისუფლებამ მიიღო ის, რაც უნდა მიეღო არჩევნებისთვის. საბოლოოდ კი დაზარალდა მოსახლეობა, რომლის მიერ ბიუჯეტში შეტანილი მილიონობით ლარი წყალს მიაქვს როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობითაც.

- თუმცა, გვიმტკიცებენ, რომ ახალდაგებული გზები ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს.

- გვიმტკიცებენ, მაგრამ მათ მიერ ნაქები გომბორის გზა, რომელიც ზარ-ზეიმით გახსნეს და რომელსაც ათეული წლებისთვის უნდა გაეძლო, უკვე დანგრეულია. თელავში კი გზები ისეა დაზიანებული, რომ მოძრაობა ბევრ ადგილას შეუძლებელია. სამაგიეროდ, "ნაციონალური მოძრაობის" ბიუჯეტი შეავსეს იმ კომპანიებმა, რომელთა დაახლოებით 80-85 პროცენტი საგზაო სამუშაოებს ასრულებდა. შპს "სერპანტინიც" ჰპირდებოდა მოსახლეობას, ევროპის დონის გზები გექნებათო, მაგრამ როგორ შეასრულა ეს დაპირება, კარგად ვხედავთ. 

შარშან თელავში მასკარადი რომ მოეწყო "ზაპოროჟეცის", "მერსედესისა" და "ოპელის" მარკის მანქანების თანხლებით, პრეზიდენტმა ზუსტად ეს უხარისხო გზა გახსნა. სხვათა შორის, ერთი ძალიან საინტერესო კომპანია აღმოვაჩინეთ, რომელიც რეგისტრირებულია თელავში, ალაზნის გამზირზე, 4 ნომერში და ჰქვია შპს "კონკორდი". მე თელაველი ვარ და ასეთი შპს თუ არსებობდა, არც გამიგია. მივედით ამ მისამართზე და ვერანაირი ფირმა ვერ აღმოვაჩინეთ. არადა, ვიცით, რომ ამ ფირმამ "ნაციონალებს" 100 ათასი ლარი გადაურიცხა.

- რა დარღვევები აღმოაჩინეს სპეციალისტებმა დაგებულ გზებზე?

- დაგებული ასფალტის სისქე იმის ნახევარიც კი არ არის, რაც სტანდარტით უნდა იყოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გზა უნდა იყოს ოდნავ დამრეცი, წვიმის შემთხვევაში წყალი შუა გზაზე რომ არ მიედინებოდეს. ჩვენთან კი წყალი შუა გზაზე მიედინება, რაც ასფალტს აზიანებს.

- რატომ არავინ ამბობს ამ დარღვევების შესახებ?

- კომპანია, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" თანხას ურიცხავს, ხელშეუხებელია და ხარისხსა და სტანდარტებზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. როდესაც ერთ ღამეს იღებენ გადაწყვეტილებას, თელავი-გომბორის გზა გაიყვანონ თუ გვირაბი გათხარონ თბილისიდან ლონდონამდე, უკეთეს შედეგს არც უნდა ველოდეთ. შეგახსენებთ იმასაც, რომ გომბორის გზის მშენებლობა მსოფლიო ბანკმა დააფინანსა. ეს ვალი უნდა ვიხადოთ ჩვენ და ჩვენმა შვილებმა, ფაქტობრივად, არაფერში.

- ბატონო გიორგი, რა თანხა დაიხარჯა გზების დაგებისთვის თელავში?

- ეს არავინ იცის, სამაგიეროდ, ვიცით, რომ შემოწირულობის სახით გასული წლის აპრილ-მაისში "ნაციონალურმა მოძრაობამ" 14.113 მილიონ ლარზე მეტი მიიღო.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"