რომელი ინტერნეტ-რესურსებია ყველაზე პოპულარული საქართველოში

რომელი ინტერნეტ-რესურსებია ყველაზე პოპულარული საქართველოში

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ქართულ საინფორმაციო საიტზე "პრესა.გე" გამოქვეყნდა სტატია, რომელიც იტერნეტ-რეიტინგებით მანიპულირების პრობლემას ეხებოდა. ავტორის აზრით, ქართული საიტების დიდი ნაწილი რეიტინგებით მანიპულირებს, რაც ქართული მთვლელის, "ტოპ.გე"-ს მოტყუებაა. თითქოს საიტები, რომლებსაც "ტოპ.გე"-ზე სტატისტიკა დახურული აქვთ, თაღლითობენ და სპეციალური ე.წ. "ნაკრუტჩიკებით" ბერავენ რეიტინგს...

სამწუხაროდ, ავტორს გამორჩა ის გარემოება, რომ სტატისტიკის გახსნა სულაც არ არის იმის გარანტია, რომ საიტი არ თაღლითობს და სხვადასხვა "სპამბოტის" მეშვეობით გახსნილი სტატისტიკის მქონე საიტსაც ადვილად შეუძლია ტოპ.გეს "მოტყუება".

მაგრამ ჩვენი პუბლიკაციის მთავარი მიზანი "ტოპ.გე"-ს განხილვა არ არის. ამ საიტს ნაკლის გარდა, თავისი დადებითი მხარეც აქვს და ადამიანი მისი სტატისტიკური მონაცემებიდან ძალიან ბევრ სასარგებლო ინფორმაციას მიიღებს.

ვინც არ იცის, გვინდა ვაცნობოთ, რომ არსებობს სხვადასხვა სახის საერთაშორისო "მთვლელები", რომელთა შედგენილი რეიტინგები ყველა მომხმარებლისთვის ღია და ხელმისაწვდომია. ასეთია მაგალითად, დამოუკიდებელი ანალიტიკოსი www.alexa.com, რომელსაც საიტების დინამიური რეიტინგ-ლისტი აქვს. ეს სია ყოველდღიურად ახლდება და რეიტინგი, გლობალურად ან კონკრეტული ქვეყნების მიხედვით, საიტების მომხმარებლთა აქტიურობისა და გვერდების წაკითხვის საერთო კოეფიციენტებით დგინდება. www.alexa.com -ის მეშვეობით შეიძლება გავარკვიოთ, თუ რომელია საქართველოში ყველაზე პოპულარული საიტი. ამისათვის საძიებო ველში საინტერესო საიტის დომენს შეიყვან და ხელის გულზე გაქვს ყველაფერი...

alexa-ს მონაცემებით, ქართველ მომხმარებელთა შორის უპირობო ლიდერი Facebook-ია. (რეიტინგი სხვადასხვა საიტზე საქართველოს ტერიტორიიდან შესული მომხმარებლის ინტერესის მიხედვით არის შედგენილი.) მეორე ადგილზე Google.com-ია, მესამეზე - Youtube; მეოთხეზე - Google.ge, მეხუთეზე - "ოდნოკლასნიკებია". მას მოყვება Wikipedia, Mail.ru და Yahoo.com. ყველაზე პოპულარული ქართული საიტი Myvideo.ge საერთო რეიტინგში მეცხრე ადგილზეა...

ძალიან სასიამოვნო იყო ჩვენთვის, როდესაც სახელოვან საიტებს შორის 22-ე პოზიციაზე "ამბები.გე" აღმოვაჩინეთ.

დავინტერესდით, "ტოპ.გე"-ს საიტზე ("ამბები.გე" საინფორმაციო კატეგორიის პირველ პოზიციაზეა) ჩვენი საიტის გვერდით მდგარი ჩვენი კოლეგა საიტების რეიტინგებით და alexa.com-ის მონაცემებით, ასეთი სურათი ვიხილეთ:

5 ივლისი

ambebi.ge – 22-ადგილი საქართველოდან და 76,796-ე პოზიცია გლობალურ რეიტინგში;

interpressnews.ge  – 27 / 81,729

palitratv.ge - 89 / 147,569

kvirispalitra.ge - 139 / 206,263

gogaggg.com - 149 / 134,183 (ამერიკაში მცხოვრებ ემიგრანტთა საიტი)

rustavi2.com  - 189 / 99,285

presa.ge  - 671 / 328,521

Apsny.ge - 895 / 51,691 (რუსულენოვანი საიტი, რომელიც დსთ-ს სივრცეში პოპულარობით სარგებლობს)

iptv.ge - 1,126 / 371,818 (ამ საიტს უცხოეთში პროცენტულად მეტი მომხმარებელი ჰყავს, ამით აიხსნება დაბალი პოზიცია საქართველოს რეიტინგში).

როგორც ხედავთ, საიტები შეიძლება საქართველოში პოპულარული იყოს, მაგრამ გლობალურ რეიტინგში შედარებით ბოლო პოზიციებზე იყვნენ, ან პირიქით - უცხოეთში უფრო პოპულარულები იყვნენ, ვიდრე საქართველოში და ეს მათ გლობალურ რეიტინგზეც აისახება.

ამიტომ ქართულ ბაზარზე ადგილობრივი მკითხველის გარდა, მნიშვნელოვანია ჩვენი დიასპორების ყურადღების მიპყრობაც: "ამბები.გე"-ს მაგალითზე გეტყვით, რომ უცხოეთში მცხოვრები ქართველების წილი მკითხველთა საერთო რაოდენობაში დაახლოებით, 15-18%-ია.

"ანალიტიკოსების" მეშვეობით მაქსიმალური სიზუსტით შეგვიძლია შევიტყოთ, რამდენი მკითხველი, როდის და რამდენი ხნით შემოდის საიტზე. მეტიც, შესაძლებელია გავარკვიოთ თუ რომელი ქვეყნის, რომელი ქალაქიდან, რამდენი მკითხველი გვყავდა კონკრეტულ დღეს...

მაგალითისთვის, googlle analytics-ის მონაცემებით, 25 მაისიდან - 25 ივნისამდე "ამბები.გე"-ს 1,393,169 ვიზიტორი ყავდა მსოფლიოს 123 ქვეყნიდან. მათ შორის, საქართველოდან - 1,199,975; აშშ-დან - 33,689, რუსეთიდან - 26,282; გერმანიიდან - 17,694.

საშუალოდ, დღეში საიტზე 48-50 ათასი ვიზიტორი შემოდის (შაბათ-კვირას - 28-32 ათასი)

საერთო ჯამში, ამ ვიზიტების დროს 5,960,457 გვერდი დათვალიერდა. საშუალოდ, ყოველმა მომხმარებელმა 12 წუთზე მეტი ხანი დაჰყო საიტზე.

ეს ინფორმაცია ზოგისთვის სახალისოა, ზოგიერთისთვის - უინტერესო, ჩვენთვის კი მნიშვნელოვანი და ჰაერივით აუცილებელი.

მისი მეშვეობით, ვგეგმავთ საიტის განვითარებას და ვარკვევთ მკითხველისთვის საინტერესო მიმართულებებს. ამიტომ სტატისტიკის სრულად გახსნა (გინდ "ტოპ.გე" იყოს და გინდ googlle analytics-ი) ჩვენს ინტერესებში არ შედის. სულაც არ ვაპირებთ, კონკურენტების "შპარგალკებით" და კონსპექტებით მომარაგებას.

გარდა პირადი მოხმარებისა, სტატისტიკური მონაცემები ღირებულია ჩვენი სარეკლამო დამკვეთებისთვისაც. მათთვის აუდიტორიის შესწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ჩვენს პარტნიორებს ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ.

P.S. პატივცემულო მკითხველო, სტატისტიკის მიხედვით, თქვენ ძალიან ერთგული მკითხველი ხართ, იმიტომ რომ, ინტერნეტ-მომხმარებელი ასეთი დიდი მოცულობის სტატიებს ბოლომდე იშვიათად კითხულობს ხოლმე. დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ. ჩვენ თქვენთვის ვმუშაობთ!

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)