ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე თავისი დაკავების მიზეზზე საუბრობს
დაკავების მერე სულ ვფიქრობ, რა გახდა ჩვენი ხუთი ფოტორეპორტიორის დაპატიმრების მიზეზი. რა გვაკავშირებდა ჩვენ ერთმანეთთან ისეთი, რასაც შეიძლებოდა ხელისუფლების მაღალჩინოსნების გაღიზიანება გამოეწვია და რისთვის შეიძლებოდა დავესაჯეთ.
როცა ადამიანი უდანაშაულო ხარ, კანონსაწინააღმდეგო არაფერი გაგიკეთებია და დაგიჭერენ, თავისთავად იმაზე იწყებ ფიქრს, რა გახდა ამის მიზეზი. თავისთავად ფაქტია, რომ ჩვენი დაპატიმრება უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით მოხდა, რადგან მისი პირადი რეპორტიორიც, ირაკლი გედენიძეც დაკავებულია. ამას სააკაშვილის ბრძანების გარეშე ვერავინ გაბედავდა.
ესე იგი, ჩვენ ჩვენი საქციელით ყველამ ერთად სააკაშვილი გავაბრაზეთ და ისეთი რამ გავაკეთეთ, რითაც პირადად მას მივაყენეთ დარტყმა.
როგორც ადვოკატები მეუბნებიან, საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, ხომ არ უკავშირდებოდა ჩვენი დაჭერა რომელიმე მაღალჩინოსნის პიკანტურ ფოტოს. ყოფილა ვერსიები კონკრეტულ ჩინოვნიკებზეც. მე ასეთი ფოტო არასოდეს გადამიღია, თუ ჩემს ფოტოობიექტივში მოხვედრილა რამე მსგავსი, მაშინვე ვშლიდი და გავრცელებას რომ თავი დავანებოთ, არავის ვაჩვენებდი. მე არასოდეს ვიქექებოდი სხვის პირად ცხოვრებაში. სხვათა შორის, თავის დროზე სწორედ ამიტომ ვთქვი უარი "პრაიმტაიმთან" თანამშრომლობაზე.
ასე რომ, პიკანტურ ფოტოებთან ჩემს დასჯას ვერაფრით ვაკავშირებ.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი და ჩემი კოლეგების დაკავება 26 მაისის ფოტოებს უკავშირდება. მე ბევრი ვიფიქრე და ამ დასკვნამდე მივედი. აი, რატომ: პირველ რიგში, აგვისტოს ომის შემდეგ სხვა სკანდალური ფოტოები პირადად მე არ გადამიღია. ის ფოტოები სააკაშვილს არ გააღიზიანებდა. პირიქით, ყველა კადრი რუსეთის აგრესიას ასახავდა და ერთ-ერთმა მათგანმა მსოფლიო პრესა მოიარა.
26 მაისს ჩვენ გადავიღეთ ფოტოები, რომლებშიც კარგად ჩანდა, როგორ გაუსწორდით საკუთარ მოსახლეობას, ჩემი ორი კადრი "ასოშეითიდ პრესის" ვებ-გვერდზე დაიდო, საიდანაც ევროპისა და ამერიკის არაერთ გაზეთსა და ჟურნალში დაიბეჭდა. ასევე სკანდალური ფოტოები გადაიღეს და გაავრცელეს ზურა ქურციკიძემ, შახ აივაზოვმა, "ფრანსპრესისა" და "როიტერის" ფოტორეპორტიორებმა. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ყველაზე კარგი კადრები ირაკლი გედენიძეს ჰქონდა.
ის სპეცრაზმელებთან ერთად მოვიდა აქციის დარბევის დროს, ფოტორეპორტიორებიდან ყველაზე საუკეთესო პირობებში იყო, რადგან პოლიციელებმა იცოდნენ, პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი რომ იყო და არავინ არაფერს უშლიდა. ირაკლიმ გადაიღო კადრი, სადაც კარგად ჩანს სპეცრაზმელების მიერ მოკლული ადამიანი. მერე ეს ფოტო ზურა ქურციკიძეს მიჰყიდა, რომელმაც ის ევროპის ფოტოსააგენტოს მეშვეობით გაავრცელა. ამ კადრს ავტორი არ ეწერა, მაგრამ ყველა ფოტორეპორტიორმა იცოდა ირაკლის გადაღებული რომ იყო.
მოკლედ, ირაკლისა და ჩვენმა ფოტოებმა მოიარა მთელი მსოფლიო და იმ ქვეყნების ჟურნალ-გაზეთები, სადაც მიხეილ სააკაშვილს დიდ დემოკრატად მოაქვს თავი. როგორც ჩანს, სააკაშვილმა გაიგო, ირაკლიმ ამ დარბევის ფოტოები საერთაშორისო პრესაში რომ გაავრცელა და არ აპატია. არ გ ვ ა პ ა ტ ი ა ჩვენც, დემოკრატიულ ქვეყნებში თავი რომ მოვჭერით და ყველას რომ ვაჩვენეთ, სისხლიანი რეჟიმის მეთაური რომ არის. ნინო ბურჯანაძეც ევროპის ქვეყნებში შეხვედრებზე ამ ფოტოებს ატრიალებდა და მსოფლიო ლიდერებმაც ამ ფოტოებით გაიგეს, როგორ მოექცა სააკაშვილი საკუთარ ხალხს.
ამიტომაც მიიღო სააკაშვილმა ჩვენი დასჯის გადაწყვეტილება. უბრალოდ, ვერ შეეხნენ "როიტორისა" და "ფრანსპრესის" ფოტორეპორტიორებს, რადგან ამ სააგენტოებს საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლობები აქვთ და მათი დაკავება საერთაშორისო სკანდალს გამოიწვევდა. ვერ გათვალეს, რომ შახ აივაზოვის ბედით ამერიკის საელჩო დაინტერესდებოდა, რადგან "ასოშეითიდ პრესს" საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლობა არ აქვს და შახი მოსკოვის ოფისის თანამშრომელია. პირადად მე "ასოშეითიდ პრესის" უშტატო თანამშრომელი ვარ, მაგრამ, როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ამერიკის საელჩომ ჩემი დაკავების შესახებ გვიან შეიტყო. ისიც გავიგე, რომ შახ აივაზოვის საკითხით თავად ამერიკის ელჩი დაინტერესდა და რომ არ გაენთავისუფლებინათ, საგანგებო განცხადების გაკეთებასაც აპირებდა. ჩემი დაკავების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, მაგრამ შახს ჩემთან შედარებით ის უპირატესობა ჰქონდა, რომ ის შტატიანი თანამშრომელია, მე კი - უშტატო. მე მხოლოდ იმ ფოტოებში მიხდიდნენ ფულს, რომლებსაც ჩემგან შეიძენდნენ.
მოკლედ, სააკაშვილმა გადაწყვიტა, ჩვენ სამაგალითოდ დავესაჯეთ და ამით იმ ფოტორეპორტიორებისთვის, რომლებიც საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აშუქებენ, მაგალითი მიეცათ.
იმ ფოტორეპორტიორებს არავინ შეეხო, ვინც ეს კადრები მხოლოდ ადგილობრივ ჟურნალ-გაზეთებში გამოაქვეყნა, მაგრამ ჩვენი დაჭერა მათთვისაც ნიშანი იყო.
სხვა დროს თუ სააკაშვილი ასეთ რამეს გააკეთებს, დამერწმუნეთ, სკანდალური ფოტოების გადაღებას ვერავინ გარისკავს. მან ამით მედია გააფრთხილა - მე რასაც მინდა გავაკეთებ, თუ მინდა ხალხსაც დავხოცავ, მაგრამ თქვენ ამის თქმის, ამ ფაქტების დაფიქსირების უფლება არ გაქვთო. სააკაშვილი უკვე დარწმუნდა, რომ ყველაფრის უფლება აქვს, ხალხის დახოცვისაც, წამებისაც, ყველაფრის. უკვე ჯაშუშომანიითაა შეპყრობილი და ვინც მას ამხელს, ყველა ქვეყნის მტერია.
სხვათა შორის, 28 ან 29 მაისს დამირეკეს სახელმწიფო დაცვის სამსახურიდან და მითხრეს, ჩემ მიერ 26 მაისს გადაღებული ყველა ფოტო მათთან მიმეტანა. მაშინ ამ საკითხს არასერიოზულად შევხედე და ვუთხარი ფოტოები წავშალე-მეთქი. ალბათ, მაშინ უნდა მივმხვდარიყავი, რომ ამ ფოტოების ამბავი ასე უბრალოდ არ ჩაივლიდა.
მოკლედ, მე, ირაკლი გედენიძე, შახ აივაზოვი და ზურა ქურციკიძე 26 მაისის კადრებს შევეწირეთ. რაც შეეხება ნათია გედენიძის დაკავებას, ეს იმისთვის დასჭირდათ, რომ ირაკლიზე ზემოქმედება მოეხდინათ და მათი აღიარებითი ჩვენებები მიეღოთ. მიუხედავად იმისა, რომ ირაკლიმ საკუთარი თავისაც და ჩვენს წინააღმდეგაც აბსურდულ ჩვენებას მოაწერა ხელი და არარსებული რაღაცები ილაპარაკა, მე მესმის მისი და ძალიან მეცოდება. დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი ნათიაზე ზემოქმედებით გახადეს იძულებული, ასე მოქცეულიყო. მათი ორი შვილი უპატრონოდ რჩებოდა და სხვა გზა არ დაუტოვეს. როცა გავიგე, რომ ორივე დაკავებული იყო, მაშინვე მივხვდი ამას, მაგრამ მაინც მქონდა იმედი, რომ ირაკლი ვაჟკაცურად დადგებოდა. ვერ გაუძლო და საკუთარი ოჯახის გადასარჩენად ჩვენც გაგვწირა.
სააკაშვილს ჩვენი დასჯის ბრძანება 26 მაისსვე აქვს გაცემული, მაგრამ მაშინვე რომ დავეკავებინეთ, ყველასთვის გასაგები იქნებოდა სიმართლე. მან მოითმინა ცოტა ხანი. ირაკლი გედენიძისთვის სამსახურში საყვედურიც არ უთქვამთ იმის გამო, რომ აქციაზე გარდაცვლილი ადამიანის ფოტო გაავრცელა. არადა პრეზიდენტის პრესსამსახურში ამ ფაქტის შესახებ ყველამ იცოდა. ეს მე ირაკლისგან ვიცი. ამ ხნის განამვლობაში სააკაშვილმა მერაბიშვილს შეათითხნინა ჩვენს წინააღმდეგ საქმე. მოიგონეს არარსებული და აბსურდული სცენარი. შეაკოწიწეს საქმე და ჯაშუშობა დაგვაბრალეს.
მოკლედ, ჩვენი დაჭერით სააკაშვილმა თავისუფალი მედია გააფრთხილა – თუ ჩემს წინააღმდეგ წახვალთ, საგადასახადოსაც შემოგისევთ, კიდეც დაგხურავთ და თუ მომინდება, სამშობლოს ღალატისთვისაც დაგიჭერთო.
მე უდანაშაულო ვარ და სიმართლის თქმის გამო ვისჯები. ამიტომაც აქვე მივამართავ მიხეილ სააკაშვილს:
ბატონო მიხეილ,
მეოთხე დღეა თქვენი უშუალო ბრძანებით პატიმრობაში ვიმყოფები. ოთხი დღეა ვფიქრობ, რამ გაგაღიზიანათ ასე და რისთვის გადაწყვიტეთ ჩვენი დასჯა. თქვენ, რა თქმა უნდა კარგად იცით, რომ არც ერთ ჩვენთაგანს არაფერი დაგვიშავებია და მხოლოდ ჩვენს პროფესიულ მოვალეობას ვასრულებდით. სწორედ ამისთვის ვისჯებით?!
ბატონო მიხეილ! მე ერთხელ ვთქვი და კიდევ ვიმეორებ - თავს გავწირავ ჩემი სიმართლისა და თავისუფალი სიტყვის დასაცავად. აქედან ან ცოცხალი და მართალი გამოვალ, ან მკვდარი, მაგრამ მართალი! სწორედ ეს გამოაფხიზლებს ქართულ მედიას, საერთაშორისო საზოგადოებას და ჩვენს ხალხს. მე მართალი ვარ!!! მე ჩემი ქვეყნის საზიანო არასოდეს არაფერი გამიკეთებია!!! ეს თქვენ ყველაზე უკეთ იცით!!!".
გიორგი აბდალაძე
გაზეთი "კვირის ქრონიკა"