გაზეთმა "კვირის პალიტრამ" მოიპოვა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრობის დროს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონკორდატს ეწინააღმდეგებოდა.
გაზეთი სტატიაში - "რას წერს 2000 წელს მაშინდელი იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილი მაშინდელ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს" - აღნიშნავს: "2000 წლის 25 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან გაგზავნილ წერილში, ნომრით 01/42-274ჰ, იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს სწერს, რომ წინააღმდეგია სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციური ხელშეკრულების, ანუ კონკორდატის გაფორმებისა".
წერილის ავტორის აღნიშნავს, რომ "ქართული ეკლესიის აღიარებისთვის სრულიად საკმარისია საქართველოს კონსტიტუციის მეცხრე მუხლი, რომელიც მიუთითებს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლზე ქვეყნის ისტორიაში". სააკაშვილს მიაჩნია, "რომ კონკორდატის გაფორმების შემთხვევაში, რელიგიის თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, შესაძლოა, ქვეყანაში არსებულმა სხვა რელიგიური აღმსარებლობის წარმომადგენლებმაც გამოთქვან პრეტენზია, რაზეც უარის თქმამ შეიძლება, საქართველოს სამართლებრივი, საერთაშორისო და პოლიტიკური პრობლემები შეუქმნას".
სახელმწიფომ კონკორდატი 2002 წელს დაამტკიცა.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, წერილის შინაარსიდან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პარლამენტში კანონპროექტის განხილვისა და მიღების ინიციატორი თვით პრეზიდენტია, რომელიც, როგორც ჩანს, საქართველოში არსებულ რელიგიურ გაერთიანებებს შორის ე.წ. ბალანსის დამყარებას ცდილობს.