პოლიტიკური გაერთიანება "სამართლიანი საქართველო" და მისი ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი ფოტორეპორტიორების საქმის ღიად და საჯაროდ განხილვას მოითხოვენ.
"სამართლიანი საქართველო" ქართველი ფოტორეპორტიორების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"ცნობილი ფოტორეპორტიორების დაპატიმრებამ და მათი საქმის გასაიდუმლოებამ სამართლიანად აღაშფოთა ჩვენი საზოგადოება. აღსანიშნავია, რომ ეს მოხდა სააკაშვილის რეჟიმის უკვე საერთაშორისო დონეზე "შპიონომანიად" შერაცხული მოქმედებების ფონზე, იმ ვითარებაში, როდესაც დასავლეთის მთავრობები და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები მოითხოვენ 26 მაისის ჟლეტის გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას", - ნათქვამია განცხადებაში.
პარტია არასერიოზულს უწოდებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას ფოტორეპორტიორების მიერ საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების შესახებ.
"თუ, მოქმედი რეჟიმის ვერსიით, საიდუმლო ინფორმაცია (საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის სქემა, პრეზიდენტის განრიგი და ა.შ.) უკვე გადაცემულია მტრულად განწყობილი სახელმწიფოს სპეცსამსახურისათვის, მაშინ რაღა დარჩა საიდუმლო? რატომ არ შეიძლება მისი დაბეჭდვა, რათა ყველა დარწმუნდეს რეჟიმის ვერსიის სისწორეში? ერთად აღებული ეს ფაქტები გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ ფოტორეპორტიორების საქმე პირდაპირი გაგრძელებაა 2010 წელს ტელეკომპანია "იმედის" მიერ გადაცემული შიზოფრენიული იმიტაციური ქრონიკისა", - აცხადებენ პარტიაში.