"იმ 70 დეპუტატს, რომლებმაც ხელი მოაწერეს უსამართლო კანონს, განკითხვის დღე მალე დაუდგება!"

 "იმ 70 დეპუტატს, რომლებმაც ხელი მოაწერეს უსამართლო კანონს, განკითხვის დღე მალე დაუდგება!"

რამდენიმე რელიგიური ორგანიზაციისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭებამ საპროტესტოდ უამრავი ხალხი გამოიყვანა ქუჩაში. რა მოჰყვება ნაჩქარევად მიღებულ კანონს, ამ და სხვა აქტუალურ თემებზე პუბლიცისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელიზბარ ჯაველიძე გვესაუბრება:

- ის, რაც ბოლო ხანს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ტირანიის დასასრულზე მიანიშნებს. ტირანი ფართხალებს, ყველა მეთოდს იყენებს იმ უკმაყოფილებისა და ამბოხის ჩასახშობად, რომელიც თავისი მოქმედებით საზოგადოებაში გამოიწვია. ხელისუფლების წარმომადგენლებს ეშინიათ, რომ თუ ძალაუფლებას დაკარგავენ, ციხეში აღმოჩნდებიან და როგორც თვითონ აწამებენ უდანაშაულო ხალხს, ისევე მოექცევიან საპყრობილეში, რომელიც თვითონვე ააშენეს. ამიტომაც ტყავის გადასარჩენად უკიდურეს ზომებს მიმართავენ.

- საზოგადოების დიდმა ნაწილმა იმედი დაკარგა, არ ჰგონიათ, რომ ეს ხელისუფლება ოდესმე შეიცვლება...

- ეს უიმედობა ბევრი რამით არის გამოწვეული. ერთ-ერთ მიზეზია ოპოზიციის წარსული და ახლანდელი მოქმედება. ხალხმა დაკარგა რწმენა, რომ თავისუფალია, საქართველოში ხომ პირველი კაცის არჩევას ქართველ საზოგადოებას არავინ ეკითხება, ხელისუფლება ხომ გარე ძალების კარნახით მოქმედებს! აქედან გამომდინარე, საზოგადოებას პესიმიზმი დაეუფლა და ხელმძღვანელობს პრინციპით, რაც მე არ მეხება, იმის იქით ქვა ქვაზე ნუ დარჩენილაო, მაგრამ ავიწყდება, რომ ბოროტების აქლემი ყველას სახლთან დაიჩოქებს. ბევრი მეცნიერი, მათ შორის ჩემი მეგობრებიც ამბობენ, მეცნიერი პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიოსო.

ეს არ არის პოლიტიკა, დღეს ქვეყნისა და ერის გადარჩენისთვის ვიბრძვით. ამიტომ, როგორც დიდი ილია იტყოდა, ბრძოლას საკუთარი სარკმლიდან კი არ უნდა ვუმზიროთ, გარეთ უნდა გამოვიდეთ და ხალხის გულისტკივილი გავიზიაროთ. ბრძოლა გამოვუცხადოთ იმას, რაც დღეს არის დადასტურებული. დადასტურებული კი ის არის, რომ საქართველოში ბატონობს ტირანია. ამიტომ ლაპარაკი, ხელისუფლებასთან მოლაპარაკება და რამეზე შეთანხმება შეიძლებაო, აბსურდია. შეიძლება 1-2 ბარტყი გადმოგვიგდონ, მაგრამ ძალაუფლებას არ დათმობენ.

დღეს ყოფილ "რვიანს" და უკვე "ექვსიანს" არჩევნების გზით სურს ამ ხელისუფლების გაშვება. ყოველთვის ვიცოდი, რომ ის ორი პარტია, რომელიც "რვიანს" გამოეყო - "ქრისტიან-დემოკრატები" და "ახალი მემარჯვენეები" - არასდროს ყოფილა ოპოზიციური. ყველამ ვიცით, ვისი დახმარებით შეიქმნა ქრისტიან-დემოკრატიული პარტია და როგორ მოხვდნენ ისინი პარლამენტში. "ახალი მემარჯვენეების" ლიდერი დავით გამყრელიძე კი თავისი ცხოვრების წესით ოლიგარქია.

იგი შევარდნაძის ხელშეწყობით იქცა მილიონერად, გახდა პარლამენტარი და დღეს ის და მისი შვილები ნებიერად ცხოვრობენ. გამყრელიძეს სურს, ისევ დაიკავოს პარლამენტში სავარძელი, ფეხი ფეხზე გადაიდოს და უზრუნველად იცხოვროს... არადა, 26-მა მაისმა დაამტკიცა, რომ არჩევნებით ამ ხელისუფლებას ვერ დავამხობთ. სააკაშვილმა იმ ღამეს ქართველ ხალხს სასაკლაო მოუწყო და სკამს არჩევნებით დათმობს?

მან დაგვანახვა, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც მამულის სიყვარულისთვის ქუჩაში გამოვა, სიკვდილით დაისჯება. ქვეყანაში, სადაც ასეთი სისასტიკე მძვინვარებს, დემოკრატიული არჩევნები როგორ ჩატარდება? ეს ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ, რომ გადადგეს. არჩევნები კი უნდა ჩაატარონ მეცნიერებმა, სამღვდელოებამ და იმ ადამიანებმა, რომლებიც პარლამენტში მოხვედრისთვის არ იბრძვიან.

მიზნად უნდა დავისახოთ, რომ ქართველ ხალხს, ახალგაზრდობას დავუბრუნოთ რწმენა, სამშობლოს სიყვარული. სამწუხაროდ, ბოლო ხანს ხშირად მსმენია, ჩემი სამშობლო იქ არის, სადაც თავს კარგად ვიგრძნობო. შეიძლება საქართველოს სინგაპურის პერსპექტივა მართლაც აქვს, შეიძლება ყველამ კარგად ვიცხოვროთ, მაგრამ საქართველო ქართველთათვის არ იქნება და გახდება ქვეყანა, სადაც სამშობლოს გაჭირვება და დედის სიყვარული არავის შეაწუხებს.

ამას შეგნებულად აკეთებენ, უცხოეთში დაწერილი სცენარით მოქმედებენ. მათი გეგმით საქართველო უნდა დაიშალოს ჯუჯა სახელმწიფოებად. ამას მეფის რუსეთი ცდილობდა და ახლა ეს ხელისუფლება განაგრძობს მის ჩანაფიქრს. ქართველებს გვაკარგვინებენ ენას, მამულს და სარწმუნოებას. ჩვენს დემოგრაფიულ მდგომარეობას რომ გადახედო, შეგეშინდება - ქართველობა ძლივს ითვლის 2 მილიონს. გარდა ამისა, საქართველოს გარკვეული ტერიტორიები, ჩვენი რომ გვგონია, რეალურად ჩვენი აღარ არის...

- მაგალითად?

- აჭარა! ცოტა ხანში ჯავახეთიც აღარ იქნება ჩვენი, რადგან იქ უკვე მალე ააფრიალებენ სომხურ დროშას.

მათ პრეტენზია აქვთ არა მარტო ქართულ ანბანზე, არამედ ქართულ კულტურაზე. საქართველოში 600-მდე ეკლესიაზე გაუჩნდათ პრეტენზია, ისედაც გადატენილია ჩვენი ქვეყანა მეჩეთებით და 600 სომხური ეკლესია რომ ამოქმედდეს, ქართული ეკლესიები დაიჩაგრება. მალე განაცხადებენ, საქართველო ჩვენიაო და ქართველებს სამშობლოდან მიგვაბრძანებენ.

არადა, სომხებს საუკუნეების განმავლობაში ვმფარველობდით, შევიკედლეთ და ეროვნულობა გადავურჩინეთ. არავინ მძულს, სომეხი მეგობრებიც მყავს, მაგრამ არ მიყვარს "ჯაყო" და "დამპატიჟე". აღსანიშნავია, რომ სწორედ სომხური კომპანია "პეტერსონ ბენქლაფის" დახმარებით მოვიდა სააკშვილი ხელისუფლებაში, გარდა ამისა, მას მილიარდერი კირაკოსიანიც მფარველობდა და სწორედ მათი მეშვეობით ინარჩუნებს სააკაშვილი ძალაუფლებას! ჩვენს ხელისუფლებაში ბევრი ვირთხაა, რომლებიც ღრღნიან და ჭამენ ქართულ ცნობიერებას და ეროვნულობას. იმ 70 დეპუტატს, რომლებმაც ხელი მოაწერეს უსამართლო კანონს, მალე განკითხვის დღე დაუდგება. ისინი აქაც და იქაც წარდგებიან სამსჯავროს წინაშე.

- აჭარას რა ემუქრება?

- აჭარა თურქებისაა როგორც ეკონომიკურად, ასევე კულტურულად. აჭარაში ხომ ყველაფერი თურქებმა გააკეთეს. გარდა ამისა, ბოლო მონაცემებით, 18 ათასი თურქია ჩაწერილი მხოლოდ ბათუმში. თურქოლოგი ვარ და თურქულ კულტურას პატივს ვცემ, მათ კულტურაზე 15-მდე წიგნი მაქვს დაწერილი, მაგრამ მათ ბატონობას საქართველოში ვერ ავიტან... მართლმადიდებლობასთან ბრძოლა "თავისუფლების ინსტიტუტმა" დაუკვეთა ხელისუფლებას. იმ უკანასკნელი სვეტის მოსპობა სურთ, რომელზეც დამყარებულია ჩვენი რწმენა და თვითმყოფადობა.

საქართველოში მოქმედი რელიგიებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის შესახებ კანონის დაჩქარებით მიღება, პატრიარქის სიტყვების უგულებელყოფა, მიანიშნებს, რომ ეს ხელისუფლება აგონიაშია. ქართველი ხალხის 87% მართლმადიდებელია, მათი უმეტესობა - ღრმად მორწმუნე. მათ ეს ამბავი აშინებს და ჩვენს გადაგვარებას ცდილობენ. სურთ, რომ ქართველი კაცი ზნეობრივად გადაგვარდეს და გავხდეთ ამერიკელი ქართველები. იცით, ამას რატომ აკეთებენ? იმიტომ, რომ ხელისუფლების წევრთა უმრავლესობას საქართველო არ უყვარს. ისინი არც თავიანთ წარმომავლობას სცემენ პატივს და ქართველებიც სძულთ, მათ მხოლოდ სკამი უყვართ.

- საზოგადოების დიდი ნაწილი დეპუტატ რუსუდან კერვალიშვილის მოქმედებამ გააღიზიანა. იგი ხშირად სტუმრობს პატრიარქს, ამ კანონს კი მხარი დაუჭირა...

- რუსუდან კერვალიშვილი "ბარბის კუკლაა", რომელიც სულიერებისგან შორს დგას. ნახევარი საქართველოს ვალი დაიდო და ყველა "გადააგდო". თავი კი წესიერ ქალად მოაქვს, თითქოს ანგელოზია და მიწას ფეხს არ აკარებს. არადა, ეს ქალი ფარისეველია, მას პატრიარქის თვალსაზრისი არ აინტერესებს. ჩვენს რელიგიაში ყველაზე დასაგმობი ცოდვა კი ფარისევლობაა!

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"