"თუ შეშინებულები ისევ სოროებში დავიმალებით და ჩვენი პატრიარქის შეურაცხყოფას გადავყლაპავთ, საბოლოოდ გამართლება აკაკის სიტყვები, "ფურთხის ღირსი ხარ, შენ საქართველოვ!" - ამბობს შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი ბესო ზანგური, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესების გამო აღშფოთებას ვერ მალავს.
- საბედნიეროდ, საქართველოს კიდევ შემორჩნენ ადამიანები, რომლებსაც ქვეყანაზე გული შესტკივათ. ასეთები არიან რობერტ სტურუა, გია ყანჩელი, გოგი მესხიშვილი, მირიან შველიძე... შემდეგ თაობაზე - ზაზა პაპუაშვილსა და სხვებზე აღარაფერს ვამბობ. როცა ერთ-ერთ სოციალურ ქსელში წავაწყდი ადამიანთა ჯგუფის "ნააზრევს", ქალბატონი თამარ ჩერგოლეიშვილის მეთაურობით, რომლებიც უდიდეს რეჟისორსა და პიროვნებას, რობერტ სტურუას შეურაცხყოფდნენ, ჩერგოლეიშვილს მივწერე, გოგო, რას წერ, გაგიჟდი-მეთქი? მიპასუხა, შენც კარგი სირი ხარო! ვინ ხარ, რომ მემუქრები, გარეთ გამოდი-მეთქი... მაინტერესებდა, ვის გამოიყვანდა... ალბათ, თავისი ქმრის, უშიშროების საბჭოს მდივნის "ზონდერბრიგადას"... ცოტა მოგვიანებით მომწერა, ვინ ხარ, როგორ არ გეშინიაო და ატყდა ლანძღვა-გინება.
მერე ამ ქალმა ჩვენი მიწერ-მოწერის ასლი გამოაქვეყნა... ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, როგორ შეიძლება ნორმალური ქალი მეუღლეს, რომელიც მაღალ თანამდებობაზე მუშაობს, გადაახტეს თავზე და რაც მთავარია, საკუთარ პროფესიას. როდესაც ქალს თავი ჟურნალის რედაქტორად მოგაქვს, არ უნდა ბილწსიტყვაობდე, თანაც საჯაროდ. რობერტ სტურუას დაცვა არავისი სჭირდება - მას აქვს იმის ნიჭი, რომ პასუხი გასცეს ყველას და კონფლიქტი დიპლომატიურად მოაგვაროს, მაგრამ ამ ჯგროს მაინც დავანახვეთ, რომ რობერტ სტურუას გვერდით ჰყავს მეგობრები, რომლებიც მას სიცოცხლის ფასად დაიცავენ.
ამ ამბის შემდეგ ეს ქალი მაინც არ ჩერდება, ქვეყნად არავინ და არაფერი აინტერესებს. შავი პიარი გაიკეთა და ამით საზოგადოებამ გაიცნო. ვინ იცნობდა ჩერგოლეიშვილს, ვიდრე რობიკო სტურუაზე იტყოდა უხამსობას? ასევე გაუკეთა პიარი თანამოაზრე ლექსო მაჭავარიანსაც (ლექსო მაჭავარიანი არის ინტელექტკლუბის "რა, სად, როდის" წევრი და ჟურნალ "ტაბულას" პროდიუსერი - ნ.მ.), რომელიც აჰყოლია ჩერგოლეიშვილს. როდესაც ვინმეს ლანძღავ, მასზე ოდნავ მეტი მაინც ხომ უნდა გქონდეს გაკეთებული, როცა რაღაცას დანგრევას აპირებ, უკეთესი უნდა ხომ ააშენო? ამ ქალს კი რა გაუკეთებია, გარდა იმისა, რომ გიგა ბოკერიას ცოლია.
ან გია როინიშვილი ვინ არის, რომელმაც განაცხადა, შეიძლება რობერტ სტურუა მაგარი რეჟისორია, მაგრამ არ ჩანს, რომ საზოგადო მოღვაწეაო...
- ჟურნალ "ტაბულას" რედაქტორთან დაპირისპირების შემდეგ თქვი, რომ თუ გლდანის ციხეში ჩამომხრჩვალი ან სადმე მოკლული მნახოთ, არ გაგიკვირდეთო...
- ეს იმიტომ ვთქვი, რომ რამდენიმე წლის წინ ქვეყნის ერთ-ერთი პირველი პირის ცოლის გამო მოკლეს სანდრო გირგვლიანი...
ჩერგოლეიშვილთან ვირტუალური კონფლიქტის შემდეგ უცხო ადამიანებმა გამიტაცეს, ჩამსვეს მანქანაში, წამიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით და მითხრეს, ძალიან ბევრს ხმაურობო. ამ ამბავს ჩერგოლეიშვილს არ ვუკავშირებ, რადგან ამას დამტკიცება უნდა, მაგრამ როდესაც ყველაფერს გავარკვევ, ვიტყვი, რა და როგორ იყო. საბედნიეროდ, იმის რესურსი და საშუალება მაქვს, რომ სიმართლე გავარკვიო. ახლახან კი "ფეისბუქის" გვერდის პაროლი გამიტეხეს. ორი აზრი არ არსებობს, რომ ეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაიდინა. აბა, "ფეისბუქს" შსს-ს გარდა ვერავინ გატეხს?!
- ახალი კანონის, რამდენიმე რელიგიური ორგანიზაციისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ რას ფიქრობ?
- ამის მოთმენა აღარ შეიძლება. თუ ქართველი კაცი ამას გადაყლაპავს, მეორე დღეს პატრულის თანამშრომელი შინ რომ შეუვარდეს და ცოლი თვალწინ გაუუპატიუროს, ხმა აღარ უნდა ამოიღოს! ეს ხელისუფლება სარწმუნოებას ხალხის ჯიბრით შეეხო, ნერვები საბოლოოდ რომ დაგვაწყვიტოს. სააკაშვილს ქართველი ერი ეზიზღება, პატრიარქს კი, რომელსაც მთელი საქართველო ეთაყვანება, არაფრად აგდებს! ვინც პატრიარქის დასაცავად გარეთ არ გამოვა, ის მართლმადიდებელი არ არის. სააკაშვილმა პატრიარქის არც ერთი თხოვნა ყურად არ იღო. აბა, ჩვენ დავიმტკიცოთ სომხეთში ჩვენი ეკლესიები, რა, ცოტაა? უფსკრულში მივექანებით, რომელსაც დასასრული არ უჩანს. გესმით, რა ხდება? ეს სატანები ჩვენს რწმენას შეეხნენ.
- შენც იმავეს გკითხავ, რაც ადრე ბატონ რობერტ სტურუას ჰკითხეს. რატომ ფიქრობ, რომ სააკაშვილს არ უყვარს ქართველი ერი?
- გამაოცა რობერტ სტურუას წინასწარმეტყველების უნარმა, როცა მან სააკაშვილის წარმომავლობაზე ილაპარაკა... განა სააკაშვილს ქართველობის ნიშანწყალი ეტყობა? ერთი მითხრას ვინმემ, რა გააკეთა საქართველოსთვის კარგი? მაგარ კონცერტებს მართავს და ამიტომ არის მაგარი ქართველი? სააკაშვილი და მისი რაზმი არ ცხოვრობენ ქართული ცხოვრებით, ისინი საქართველოს ხელისუფლებაში დროს სატარებლად მოვიდნენ. აი, შედეგიც - სააკაშვილმა მხარი დაუჭირა სომხეთის პატრიარქს, ჩვენი პატრიარქის ნათქვამი კი ყურად არ იღო.
ამ დროს კი გამოდიან ეს ანტიქრისტეები - თუთბერიძეები და მაჭავარიანები და "ფეისბუქზე" ქმნიან ბლოგს - "მე არ მიყვარს ჩემი პატრიარქი". ამ ხალხისგან რაღა უნდა გაგვიკვიდრეს?!
მაგრამ საჯაროდ ვეუბნები ყველას: არ მეშინია თქვენი!
მოდით, ქართველებმა ცოდვები მოვინანიოთ და ყველაფერი გამოსწორდება. ტყუილის თქმას თავი დავანებოთ და პატრიარქს პატივი ვცეთ, მოვუსმინოთ... ჩვენი პირდაპირი ვალია პატრიარქი დავიცვათ, თუნდაც ამის გამო სისხლი დავღვაროთ. ნურაფრის და ნურავისი გვეშინია. ორი ვაჟი მყავს და ჩემს თავს აღარ ვეკუთვნი, ჩემი შვილებისთვის არავის ვათქმევინებ, მამაშენი ლაჩარი იყოო. სხვებს რატომ ეშინიათ, არ მესმის. ზონდერის ნიღბის უკან ხომ ერთი ჩვეულებრივი, ჩემზე ოდნავ მეტად ნავარჯიშები გონებაჩლუნგი დგას, რომელიც უბრალო ლაპარაკსა და პირისპირ ჩხუბში შეიძლება ისე დააშინო, რომ მუხლებზე დაგიდგეს.
ნინო მაისურაძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)