აგვისტოდან ჩვენს ქვეყანას ჩინეთში ახალი ელჩი - მამუკა გამყრელიძე ეყოლება. ცოტა ხნის წინ გავრცელებულმა ამ ინფორმაციამ ალბათ თქვენც ისევე გაგაკვირვათ, როგორც - მე. შეგახსენებთ, რომ ის წლების განმავლობაში სხვადასხვა საწარმოში წამყვან თანამდებობებზე მუშაობდა. 2010 წლიდან "გლობალ მედიაჯგუფის" ხელმძღვანელია. ფართო საზოგადოებამ კი გადაცემით - "ვის უნდა 20 ათასი" გაიცნო. ბატონ მამუკას ინტერვიუს ჩასაწერად შინ ვეწვიე.
მამუკა გამყრელიძე:
- ამ ამბის გაგებამ ბევრ ადამიანში გაოცება გამოიწვია. სიმართლე გითხრათ, მეც გამიკვირდა. პროფესიით დიპლომატი არა ვარ და ხალხს ალბათ ამიტომაც გაუკვირდა.
- საინტერესოა, თავად რა რეაქცია გქონდათ, როცა ჩინეთში ელჩად წასვლა შემოგთავაზეს?
- გავოცდი და შემეშინდა. შიშის განცდა პასუხისმგებლობის გრძნობიდან გამომდინარე გამიჩნდა.
- მაინცდამაინც ჩინეთში რატომ გიშვებენ?
- ვერ გეტყვით, ალბათ ამის შესახებ სამინისტროში უკეთ იციან.
- თქვენი კანდიდატურა მათ ვინ შესთავაზა?
- არ ვიცი. დამიბარეს და მითხრეს, რომ უნდა წავიდე.
- სანამ სამინისტროში დაგიბარებდნენ, როგორც ვიცი, მანამდე პრეზიდენტსაც შეხვდით.
- დიახ, მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით, ეს ერთმანეთთან რამდენად კავშირშია. პრეზიდენტს 2 თვით ადრე შევხვდი. ეს იყო არაოფიციალური შეხვედრა რეზიდენციაში.
- მიხეილ სააკაშვილთან მეგობრობთ?
- ერთმანეთი სწორედ ამ შეხვედრისას გავიცანით.
- როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ?
- საოცრად ენერგიული ადამიანია. მსგავსი ენერგიის მქონე ადამიანი იშვიათად მინახავს. ძალიან მიზანდასახულია.
- რაზე გელაპარაკათ?
- სამომავლო გეგმები და ახალი პროექტები გამაცნო. ვუთხარი, ალბათ ამის განსახორციელებლად ბევრი დრო დაგჭირდებათ-მეთქი. - არა, უფრო მცირე დროში უნდა მოვასწროთო. მთავარია, ქვეყანაში მშვიდობა იყოს.
- ამ შეხვედრის დროს თქვენს ელჩად დანიშვნასთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს?
- არა.
- ბატონო მამუკა, სახელმწიფო სამსახურში არასდროს გიმუშავიათ. დიპლომატია თქვენთვის "ჩინური" არ არის?
- არანაირი საქმე "ჩინური" არ არის. ერთადერთი, რაც შეიძლება, ვერ ისწავლო ადამიანმა, ეს არის ხელოვნება. სხვა დანარჩენის სწავლა შესაძლებელია. თუ საჭირო იქნება, შემიძლია, 24 საათი ვიმუშაო. მიყვარს, როცა ახალ საქმეს ვიწყებ.
- ჩინეთში როდის უნდა გაემგზავროთ?
- როგორც ვიცი, ამჟამინდელ ელჩს, კახა სიხარულიძეს უფლებამოსილება 1-ელ აგვისტომდე აქვს. მისი ჩამოსვლის შემდეგ გავემგზავრები. მინდა, დარჩენილი პერიოდი საქმის შესწავლაში გამოვიყენო. უკვე გავიცანი ჩინეთის ბიზნესწრეების რამდენიმე წარმომადგენელი. სხვა შეხვედრებსაც ვგეგმავ. ასევე მინდა, საქართველოში ჩინეთის ელჩი გავიცნო. მუშაობაა საჭირო, ვეცდები, ჩინელები ჩვენი ქვეყნით დავაინტერესო, აქ ინვესტიციები რომ განახორციელონ. საქართველო ძალიან საინტერესო სატრანზიტო ქვეყანაა. ჩინელები უძრავი ქონებისთვის უცხოეთში ბაზარს ეძებენ. ვნახოთ, რის გაკეთებას შევძლებ. ყველაფერი წინ არის.
- ეს ყველაფერი აქამდე იცოდით, თუ ახლა დაინტერესდით და შეისწავლეთ?
- არ ვიცოდი. სხვათა შორის, 6 თვის წინ, არც სატელევიზიო ტექნიკის გამეგებოდა რამე და ამ პერიოდში ზედმიწევნით შევისწავლე.
- სატელევიზიო ბიზნესი ააწყვეთ და ახლა მიდიხართ...
- ძალიან მეამაყება ის, რომ ლევან ყუბანეიშვილთან და ბიძინა ბარათაშვილთან ერთად სასწაული მოვახდინე: ნულიდან დავიწყეთ და 3 თვის განმავლობაში 6 არხი ავამოქმედეთ. ეს ცოტა არ არის. გვინდოდა, სექტემბრიდან ჩვენი სტუდია ჩართულიყო. დოკუმენტური გადაცემების მომზადებაც დავიწყეთ. ასევე გვინდოდა, ინტერაქტივი გვქონოდა, პირდაპირი ეთერის გადაცემები დაგვეწყო, ფილმები გაგვერჩია, საინტერესო პიროვნებები მოგვეწვია და ა.შ. ბევრმა ცნობილმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი (ჩოგბურთელმა ირაკლი ლაბაძემ, დიმა ობოლაძემ, პარლამენტარმა ხათუნა ოჩიაურმა), მოსულიყო და სპორტული გადაცემა წაეყვანა. უამრავი იდეა გვქონდა. მოგზაურობაზეც უნდა გაგვეკეთებინა გადაცემა.
- ისეთი ემოციით ლაპარაკობთ, ამ საქმეს რომ ტოვებთ, ალბათ ძალიან გწყდებათ გული...
- ძალიან. ყველაფერს ახლა ვიწყებდი.
- ამ იდეებს უთქვენოდ განახორციელებენ?
- ლევანი ძალიან აქტიური ადამიანია. მას და ბიძინას დიდი გამოცდილება აქვთ. მე ამ კომპანიაში ვრჩები, როგორც ერთ-ერთი დამფუძნებელი (მეორე - ლევანი გახლავთ).
- ხომ შეგეძლოთ, ჩინეთში წასვლაზე უარი გეთქვათ?
- ამ საქმეზე უარის თქმა არ შეიძლება. რადგან გთავაზობენ, ე.ი. მიიჩნევენ, რომ იქ საჭირო ხარ. ეს რომ ყოფილიყო ვიღაც ბიზნესმენის შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, ქარხნის დირექტორის თანამდებობის დაკავების თაობაზე, რა თქმა უნდა, უარს ვიტყოდი. გარდა ამისა, ჩინეთი უდიდესი ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყანაა, ძლიერი ეკონომიკით. ასეთ ქვეყანაში ელჩად წასვლა ჩემთვის უდიდესი პატივიცაა, პასუხისმგებლობაც და დარწმუნებული ვარ, დიდი სიამოვნებაც იქნება.
- "გლობალ მედიაჯგუფის" დირექტორი ხართ...
- ვიყავი. განცხადება წასვლაზე უკვე დავწერე.
- თქვენი თანამდებობა ვინ დაიკავა?
- ლევან ყუბანეიშვილმა. ამ კომპანიაში რჩება ჩემი ქალიშვილი, რუსო გამყრელიძე. ის პროდიუსერია. უმცროსი ქალიშვილი საფრანგეთში, მაგისტრატურაში სწავლობს. დეკემბერში ისიც თბილისში დაბრუნდება.
- ჩინეთში ნამყოფი ხართ?
- არა, მაგრამ ამ ქვეყნის ნახვისა და მისი კულტურის გაცნობის სურვილი ნამდვილად მქონდა. ლაო ძისა და კონფუცის ახალგაზრდობაში ვკითხულობდი და მათმა ნაშრომებმა ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი რამ შემძინა.
- ჩინურ სამზარეულოზე რას გვეტყვით?
- ძალიან მიყვარს. ჩხირებით ახალგაზრდობიდანვე კარგად ვჭამ.
- ბევრს აინტერესებს, რა ბედი ელის გადაცემას - "ვის უნდა 20 ათასი"?
- არ ვიცი. ეს ტელევიზიის ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია.
- ეს გადაცემა ხალხისთვის საჭიროა და მისი მეშვეობით არაერთი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა...
- მადლობელი ვარ, რომ მქონდა საშუალება, სიკეთე მეკეთებინა. გუშინ ნაცნობმა მითხრა, ერთი ადამიანი ამბობდა, მამუკა გამყრელიძეს ვგავარ და ტელევიზიამ გადაცემის წამყვანად მე ამიყვანოსო.
- და ის მზად არის, თქვენსავით, უხელფასოდ იმუშაოს?
- ალბათ. მე ხელფასს ვიღებდი, ოღონდ ამ ფულს იმათ ვაძლევდი, ვისაც უჭირდა.
მამუკა გამყრელიძე ჩინეთში მეუღლესთან ერთად მიემგზავრება.
ნანო ჯორჯაძე, მამუკა გამყრელიძის მეუღლე:
- სიმართლე გითხრათ, ჩვენს ცხოვრებაში დიდ ცვლილებებს უკვე აღარ ველოდი. მოგეხსენებათ, საქართველოში დაბრუნებამდე, 18 წლის მანძილზე რუსეთში ვცხოვრობდით. 3 წელია, რაც დავბრუნდით. ვიფიქრე, უკვე სამშობლოში ვართ, მოვეწყვეთ და აღარსად წავალთ-მეთქი. კვლავ სხვა ქვეყანაში გამგზავრება გვიწევს. მამუკას ეს წინადადება რომ შესთავაზეს, დიდად არ გამკვირვებია. ვფიქრობ, რომ ცხოვრებისეულ გამოცდილებას დიდი მნიშვნელობა აქვს. რასაც ხელს მოჰკიდებს, ყველაფერი კარგად გამოსდის. ცხოვრება თავიდან არაერთხელ დავიწყეთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მშობლებს მატერიალურად არ უჭირდათ, ყოველთვის ვცდილობდით, საკუთარი შემოსავალი გვქონოდა, - ეს მოგვწონდა.
პირველი კოოპერატივი გავაკეთეთ და იქ ერთად ვმუშაობდით, ნაძვის ხის სათამაშოებს ვაწყობდით. რუსეთში რომ წავედით, მამუკამ სადაზღვევო კომპანიაში დაიწყო მუშაობა (ახლა ის მსოფლიოში ერთ-ერთი დიდი კომპანიაა), მერე უძრავი ქონების ბიზნესში გადაინაცვლა. ამ 18 წლის მანძილზე ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი იდეალურად არ ყოფილა, ხან "ვიძირებოდით" კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ ექიმი ვარ, იქ დიასახლისი გავხდი: პატარა ბავშვებიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! გვყავდა და იმის საშუალება არ გვქონდა, რომ ძიძა აგვეყვანა. იყო დრო, როდესაც მცირე სტაბილური შემოსავალიც კი სანატრელი გვქონდა. ჩვენი ცხოვრება მოსაწყენი არასდროს ყოფილა.
- თქვენი ახალი თავგადასავალი ამჯერად, ჩინეთიდან დაიწყება.
- ვიპოვე პედაგოგი, რომელთანაც მომზადება უნდა დავიწყო. ვნახოთ, რამდენად ავითვისებ. შვილებსა და შვილიშვილებს ხშირად ვეღარ ვნახავთ; ამ მხრივ ცოტა გაგვიჭირდება.
- ბატონო მამუკა, ჩინურის შესწავლას თუ ცდილობთ?
- მეეჭვება, ამ ენის საფუძვლიანად შესწავლა სწრაფად შევძლო. როგორც ამბობენ, სამთავრობო წრეებში რუსულად ლაპარაკობენ, ბიზნესწრეებში - ინგლისურად. ამიტომ საწყის ეტაპზე კომუნიკაციის პრობლემა არ მექნება. საგარეო საქმეთა სამინისტრო მეხმარება. აფრიკისა და აზიის განყოფილებას ზურაბ ალექსიძე ხელმძღვანელობს. იქ დავდივარ, კონსულტაციებს ვიღებ, მუშაობის სპეციფიკას ვეცნობი. არასდროს ჩამითვლია სირცხვილად იმის აღიარება, რომ რაღაც არ ვიცი. შეიძლება, დღეს არ ვიცი, მაგრამ ხვალ აუცილებლად ვისწავლი და - სხვაზე უკეთესადაც. ასეთი რამ ბევრჯერ გამიკეთებია. მთავარი მონდომებაა. შეკითხვა სირცხვილი არ არის.
- სამუშაოს იმ პერიოდიდან უნდა შეუდგეთ, როცა ყველა ისვენებს. მანამდე ხომ არ გეგმავთ დასასვენებლად წასვლას?
- არა. შარშანაც არ დამისვენია. ამ პერიოდში ტელევიზიის საკითხზე აქტიურად ვმუშაობდი. პირველი გასვლა ამსტერდამში გვქონდა. მე და ბიძინა ტექნიკის გამოფენაზე ჩავედით. სატელევიზიო ტექნიკაში გარკვეული არ ვიყავი. ისეთი დარტყმა მივიღე, ისიც კი გავიფიქრე, ამის სწავლას ვერ შევძლებ-მეთქი. ახლა ამაზე მეცინება...
- წარმატებას გისურვებთ!
- გმადლობთ.
თამუნა კვინიკაძე
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)