ოქტომბერში ახალი ცენტრისტული პოლიტიკური პარტია იქმნება, რომლის დამფუძნებლები და საინიციატივო ჯგუფის წევრები საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველი ბიზნესმენები არიან.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საინიციატივო ჯგუფიდან აცნობეს, მის სახელწოდებასა და სლოგანზე მსოფლიოში ცნობილი პიარკომპანია მუშაობს, რომელმაც საქართველოში უკვე დაასრულა კვლევითი სამუშაოები.
ახალი პარტიის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და დამფუძნებელია რუსეთში მოღვაწე, აფხაზეთიდან დევნილი ბიზნესმენი მინდია გულუა, რომელიც გასულ კვირას, სტამბულში ქართული საზოგადოების ერთ ჯგუფს შეხვდა და აღნიშნული პარტიის შექმნის შესახებ ისაუბრა.
როგორც შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, კინორეჟისორმა ლევან ანჯაფარიძემ განაცხადა, პარტია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გეგმავს მონაწილეობას.
ახალი პარტიის საგარეო პოლიტიკური ვექტორი კვლავ ევროსტრუქტურებთან მჭიდრო ინტეგრაციისკენ იქნება მიმართული. გაგრძელდება ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა.
ამასთან ერთად, პარტია თავის ამოცანად დაისახავს რუსეთთან და სხვა მეზობელ სახელმწიფოებთან კეთილმეზობლური ურთიერთობის, ვაჭრობისა და ეკონომიკის აღდგენას.
"მინდია გულუა დამიფინანსებს ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე ჩემს ახალ ფილმს", - განაცხადა ლევან ანჯაფარიძემ.
მისი განმარტებით, მომავალი პოლიტიკური პარტიის პრიორიტეტი იქნება საქართველოს გამთლიანება, ეკონომიკის ფეხზე დაყენება და აგრარული სექტორის სრულიად ახლებური გააზრება.
"პარტიის დამფუძნებელთა მიზანია, საქართველოს ისეთი დონის აგრარულ ქვეყანად გადაქცევა, რომელიც შეძლებს არა მარტო საქართველოს დაკმაყოფილებას, არამედ ჭარბი პროდუქტების საექსპორტოდ გატანასაც"- განაცხადა ლევან ანჯაფარიძემ.
შეხვედრაზე მინდია გულუამ მოკლედ ისაუბრა პარტიის სამომავლო გეგმებზე და აღნიშნა, რომ ახლად შექმნილი პარტია თავის რიგებში გააერთიანებს სუფთა ბიოგრაფიისა და მაღალპროფესიული სტანდარტის მქონე ლიდერებსა და რიგით წევრებს, რომელთა სახელები არ ასოცირდება ადრინდელ პოლიტიკურ მარცხსა და ინსინუაციებთან.
პარტიის კარი ღია იქნება ნებისმიერი ეროვნებისა და აღმსარებლობის პირთათვის, რომელთაც სურვილი აქვთ მონაწილეობდნენ ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობასა და ქვეყნის გამთლიანებაში.
პარტიის დამფუძნებლები და საინიციატივო ჯგუფის წევრები განაგრძობენ შეხვედრებსა და კონსულტაციებს ახალი პოლიტიკური პარტიის მომავალ წევრებთან და აქტივთან.