ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე თვალსაზრისს სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე გამოხატავს:
- ხელისუფლება გეგმაზომიერად მიდიოდა დღევანდელი დღისკენ. მან, ფაქტობრივად, შეძლო პოლიტიკური სპექტრის ნეიტრალიზება, და ახლა გადაწყვიტა დამაგვირვინებელი იერიში მიიტანოს ქართულ სახელმწიფოებრიობაზე - ამის დასტურია პირდაპირი შეტევა ეკლესიაზე, ქართულ ცნობიერებაზე, მეცნიერებაზე. მეორე მიმართულება აფხაზეთის ცნობის საკითხის წამოწევაა - კვლავ ალაპარაკდნენ კონფედერაციული სახელმწიფოს შექმნის მიზანშეწონილობაზე.
გახშირებული დაჭერა-დაკავებებით უნდათ, ადამიანები მუდმივი შიშის ატმოსფეროში აცხოვრონ, გზადაგზა კი შეახსენონ, რომ არც თავისიანებს ინდობენ. ფოტორეპორტიორების დაპატიმრება, დევნილების მორიგი გამოსახლება - ამ მიზანს ემსახურება ყველაფერი, რათა უახლოეს მომავალში, როცა ხელისუფლების ახალი კონფიგურაციით გაფორმების პროცესი დაიწყება, კიდევ უფრო მტკიცედ ეპყრათ ხელთ ქვეყნის მართვის სადავეები.
სააკაშვილის ხელისუფლებამ რუსეთის სპეცსამსახურების დახმარებით მოახერხა რევოლუციის მცდელობის სცენარის დადგმა, ასევე, შეთანხმების მიღწევა ე.წ. კონსტრუქციულ პარტიებთან. ფაქტობრივად, ხელისუფლება შარშანდელი, 13 ოქტომბრის "მოდელირებული ქრონიკის" სცენარს მიჰყვება. 13 სექტემბრიდან 26 მაისამდე ყველაფერი წინასწარ გაცხადებული სქემით წარიმართა, დღეს კი ამ სპექტაკლის, ტრაგედიის შედეგებს ვიმკით.
- პატარკაციშვილის ოჯახის მიერ ტელეკომპანია "იმედზე" საბოლოოდ უარის თქმის, ფოტორეპორტიორების ხმაურიანი დაკავებისა და "მედიაპალიტრაში" საგადასახადო სამსახურების შემოსვლის ფონზე, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მედიის მოთვინიერების ახალ ფაზაზე გადავიდა...
- სამწუხაროდ, ქართული მედიის დიდი ნაწილი უკვე მოთვინიერებულია. Aახლა ცდილობენ, ჟურნალისტები საბოლოოდ დააშინონ, რათა არც კი გაიფიქრონ ხმის ამაღლება იმ უმსგავსოებაზე, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება და რაც მთავარია, მოხდება. ის ცვლილებები, რაც სამოქალაქო კოდექსში შევიდა რელიგიური გაერთიანებების შესახებ, რელიგიურზე კიდევ მეტად, პოლიტიკური თემაა, ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული. ამას უფრო ფართომასშტაბიანი პროტესტი უნდა მოჰყოლოდა, პოლიტიკურმა სპექტრმა და არასამთავრობოებმა კი ყველაფერი საპატრიარქოს მიანდეს.
ან იყო და არის თანმიმდევრული პროტესტი "მედიაპალიტრაში" შექმნილ ვითარებაზე? ერთი-ორჯერ შევიკრიბეთ, ვისაუბრეთ, ჰოლდინგის თანამშრომლებს, ჟურნალისტებს ეთერი დავუთმეთ... განა ამით მიზანი უკვე მიღწეულია? რაც შეეხება ფოტორეპორტიორების დაკავებას, ზოგი იმასაც კი ამბობს, ხომ მისცეს აღიარებითი ჩვენებაო? განა არ ვიცით, რა ხდება დღეს საქართველოს პენიატენციურ სისტემაში, ძალოვან სამინისტროებში? საზოგადოების საკმაო ნაწილი ისე იქცევა, როგორც "სამზარეულოს დისიდენტები" კომუნისტების ეპოქაში - ოთხ კედელში ვბუზღუნებთ და მეტს არაფერს ვაკეთებთ, რაც სააკაშვილის ხელისუფლებას ხელს აძლევს, ისევე როგორც მცირერიცხოვანი მიტინგები.
ხომ უნდა განსხვავდებოდეს დღევანდელი სიტუაცია საბჭოთა რეალობისგან? ასე რომ, უნიათო პროტესტიც კი ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. და ხშირად ამ პროტესტის გამომხატველთა გარკვეული ნაწილი, დათა თუთაშხიასი არ იყოს, "შეკრული მგონია მაინც მე". დასავლეთი კი ბევრ რამეზე თვალს ხუჭავს და კმაყოფილია, რომ "საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება გრძელდება"..
- თქვენ თვითმხილველი იყავით 13 ივლისს მცხეთაში, საზეიმო წირვისას განვითარებული მოვლენებისა, რის გარშემოც დღემდე არ წყდება მითქმა-მოთქმა..
- ცხოვრებაში არაერთი უკეთურობა მინახავს, მახსოვს, აღდგომის ღამეს როგორ შემოაგდეს სიონის ტაძარში ასაფეთქებელი პაკეტი, როგორ დაფარა კვამლმა იქაურობა, რა პროვოკაციებს არ მიმართავდნენ იმჟამინდელი პარტიული და კომკავშირული აქტივი, მაგრამ ის, რაც 13 ივლისს მოხდა სვეტიცხოვლის ეზოში, ყოველგვარ ზღვარს სცილდება. "ნაციონალებმა" საგანგებოდ, სამსახურებიდან გამოყვანილი ხალხი მოიყვანეს ტაძრის ეზოში, ოცეულებად განალაგეს, თითოეულს თავისი ხელმძღვანელი ჰყავდა, რომელთა ხელის აქნევაზეც ტაში უნდა დაეკრათ ან ეყვირათ: "მიშა, მიშა!". ეს ცინიზმი და გარეწრობაა. ვნახე, როგორ მოიყვანეს ეს ადამიანები, ტაძრისკენ გზად მიმავალმა ყვითელი ავტობუსებიც შევნიშნე.
გიგი უგულავას "ფანების" ჯგუფი ცალკე იდგა. ზოგი სააკაშვილს უკრავდა ტაშს, ზოგი - უგულავას. როგორც კი ეს სცენა "ნაციონალურმა" ტელეარხებმა გადაიღეს და ამ ადამიანებს ანიშნეს, დაიშალეთო. მასამ ერთბაშად იხუვლა და ტაძრის ეზო დატოვა, მათგან არავის უფიქრია სვეტიცხოველში შესვლაზე. ჩემმა მეგობარმა თავისი მეზობელი იეღოველიც ამოიცნო მათ შორის. ბუნებრივია ისიც, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი არცთუ თბილად შეხვდა იქ მიჭრილ მიხეილ სააკაშვილს, ეკლესიის წინამძღოლმა ყველაზე უკეთ იცის, რა ხდება ერშიც და ბერშიც.
- გავრცელებული ინფორმაციით, ჯგუფთაგან ერთ-ერთს ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ვეფხვაძის ცოლისძმა, კუდ-ის სამმართველოს უფროსი მირიან ჩიქოვანი ხელმძღვანელობდა..
- კონკრეტული გვარ-სახელების დასახელება გამიჭირდება, ის კი აშკარა იყო, რომ ამ მასაში გამოირჩეოდნენ აქციის ორგანიზატირები, რომელთა ხელების აქნევა-დაქნევას ქორო მყისიერად ჰყვებოდა. ზოგი თვითშემოქმედებასაც არ ერიდებოდა და პრეზიდენტს, გენაცვალეო, მიაძახებდა ხოლმე.
- მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, 2013 წელს - საპრეზიდენტო. თქვენი აზრით, რა სტატუსით დარჩება მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში?
- აშკარაა, რომ სააკაშვილმა მის მესამე ვადით გაპრეზიდენტებაზე დასავლეთისგან ვერ მიიღო დასტური. მისი მთავარი მიზანი ხელისუფლებაში დარჩენაა, დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს, პრემიერის სტატუსით თუ პარლამენტის თავმჯდომარის. ამიტომ ახლა რუსეთის იმედად არის, უნდა, თავისი უალტერნატივობა დაანახვოს, რასაც წარმატებით ართმევს თავს. ქართველი ხალხის ეკონომიკური გენოციდი, მედიის წნეხი, დევნილების გამოსახლების ახალი სერიალი კი ერთი ჯაჭვის რგოლებია, ამ ჯაჭვითაა სააკაშვილი რუსეთზე მიბმული.
ამასთანავე, სააკაშვილმა იცის, რომ თუ ძალაუფლებას დაკარგავს, ყველაზე დიდი საფრთხე დღევანდელი პარტნიორებისგან, "ნაციონალების" სხვა ლიდერებისგან ელის. როგორც თვითონ მოვიდა "მოქალაქეთა კავშირის" პოლიტიკურ გვამზე, ასევე მოიქცევიან მისი დღევანდელი თანამოაზრეები და მის პოლიტიკურ გვამზე გადავლით მოიპოვებენ ადგილს გაშლილ სუფრასთან. ისინი ხომ იქედნეს ჯიშისანი არიან, რომელიც თავისი შემქმნელების ლეშით იკვებება. ამიტომ სააკაშვილი ცდილობს გაშმაგებით, მარტივ მამრავლებლად დაშალოს არა მარტო ოპოზიცია, არამედ, "ნაცმოძრაობაც".
ნინო კვიტაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)