ეკა ბესელია და ლევან გაჩეჩილაძე პარტიას ქმნიან?!

ეკა ბესელია და ლევან გაჩეჩილაძე პარტიას ქმნიან?!

ჩამოფრინდა გოგა ხაინდრავა 26 მაისის შემდეგ რიგიდან, სისხლშემშრალ რუსთაველზე გაიარა, ერთი-ორჯერ თავიც გადააქნია, მე მაპატიეთ, აქ რომ არ ვიყავიო და მერე ოპოზიციას გადახედა. გულს შემოეყარა, გაფანტა ხმები მისი ვინმეს გვერდით დგომისა და ფრონტის წინა ხაზზე ბრძოლის შესახებ და განაცხადა: "გაკიკუვდა "რვიანი'', დარჩა "ექვსიანი'' და ახლა ისინი არიან კიკუები''. გოგა ისევ გაფრინდა...

ბოლო დროს, გაექვსებულ "რვიანყოფილზე'', ხაინდრავას გარდა, აქცენტს ბევრი აკეთებს. ცხადია, საპატრიარქოსა და ფოტორეპორტიორების სკანდალის ფონზე, არც ოპოზიცია ახსოვს ვინმეს და არც, მით უმეტეს - "ექვსიანი'', მაგრამ დღის ბოლოს, მერვე-მეცხრე თემად ეს ახალი პოლიტიკური კოალიციაც მოაქვს ხოლმე სიტყვას. ადრე სიტყვას სახალხო კრება და ქართული პარტიაც მოჰქონდა, მაგრამ პირველი, სახურავებზე ისევ დაკარგულ ლიდერებს დაეძებს, მეორე - კუდ-ის მიერ ოფისში მიმაგრებულ "ჟუჩოკებს''. ჯერ არც ძმები "გრეჩიხების'' დრო დამდგარა, უფროსი გაჩეჩილაძე მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა ოპოზიციის შტაბ "ჯაზუში'', მთელი ეს დრო კი 26-ში გალახულები, საგურამოში ისვენებდნენ. არც ამ გამოჩენას მოჰყოლია ის შედეგი, რასაც "ექვსიანი'' ელოდა. ლევანმა არ აღიარა, თქვენთან მოსვლა მინდაო და შეკრებილთა უკმაყოფილება დაიმსახურა, "ექვსიანმა'' კი მიაძახა, "თუ არცო'' და ერთმანეთს ახლა უკვე ურთიერთობაგარკვეულები დაშორდნენ.

ამგვარად, ბოლო ორი თვეა, ქართული პოლიტიკის "სუნთქვა'' "რვიანია''. იმაზე არც არავინ დავობს, რომ დიდი არაფერი გაუკეთებიათ, მაგრამ დრო ისე შეიცვალა, ახლა საქმის კი არა, ზოგადად, რამის კეთებაც დიდი ამბავია. ამ რამეს კი სულ აკეთებდნენ: იშლებოდნენ, რიგდებოდნენ, შიგნით ჭამდნენ ერთმანეთს, ბრიფინგებზე უღიმოდნენ. მერე, მაშველ რგოლად შალამბერიძე მოევლინათ, მაგრამ დავითაშვილმა "რვიანიდან'' ვინმეს წასვლას, "ხალხის პარტიიდან'' მეორე კაცის გაშვება ამჯობინა. ეს კრიზისი კი დავძლიეთ, მაგრამ მერე მორიგება-გარიგების ახალი სერია დაიწყო, სამი დღე ივაჭრეს "სტავკების'' ასაწევად, თუმცა, როგორც სხარტად შეინიშნა, "ხარს ითხოვდნენ და თხა მიიღეს''. ბოლოს, ამ თხის დაკარგვის შიშით, ხელმოწერაში ივარჯიშეს და დაიშალნენ. მოეშვა გულზე ხელისუფლებას, ისიც და "რვიანიც'' ერთხმად აღიარებდნენ, რომ ქრისტიან-დემოკრატ- ჟურნალისტების პარტია ორივე პოლიტიკური ველისთვის მსუყე ლუკმა იყო, თავისი 12-14%-ით (თუ "ენდიაი''-ს კვლევებს დავუჯერებთ). 

ექვსპარტიული კოალიციის არც ერთი ლიდერი არ მალავს, რომ თარგამაძის საპარლამენტო შემადგენლობაცა და კონტაქტებიც ჰაერივით სჭირდებოდა, ისევე, როგორც საერთაშორისო ურთიერთობები. ინდივიდუალური მოლაპარაკებების დროსაც, 8-იანში მარტო ალასანიამ, გამყრელიძემ და თარგამაძემ იმუშავეს. ამ სამი მომლაპარაკებლიდან "გადაგდებული'' ვინც აღმოჩნდა, ის ახლაც "ექვსიანში'' ზის, მილიონის მიღების ორი რეალური კანდიდატი კი მიხეილ მაჭავარიანზე გავიდა და აი, აქ იხსნება ლევან ვეფხვაძის ფრთიანი ფრაზა თხებისა და ძროხების შესახებ. გამყრელიძე-თარგამაძე "ძროხას'', ანუ სამპროცენტიან ბარიერსა და ორ მილიონ დოლარს ითხოვდნენ, მაჭავარიანმა კი ნაციონალური ფერმიდან მხოლოდ ერთი "თხა'' გაიმეტა - 5%-იანი ბარიერი და ერთადერთი მილიონი, ისიც ლარი. გული დაგწყდება პირდაპირ, ვის ახსოვს შენი ბიომეტრია, ვის აინტერესებს შენი სიები და ერთ კორპუსზე მიწერილი 420 მკვდარი სული, რომელიც ნაციონალებს არც სამუდამო სასუფეველში ღალატობს. ეს აუხსნელი დათმობები ვეფხვაძემ საერთაშორისო პარტნიორებს "შეტენა'', ბიომეტრია არ დაგვიფინანსესო.

"ექვსიანი'' კი, პირობითი სახელით "დემოკრატიული ფრონტი'', თავად "შეეტენა'' იმავე საერთაშორისოებს, ამერიკელ სენატორებს, კონგრესმენებს - ყველას, ყველას, ყველას, ვინც ამ დღეებში საქართველოში ჩამოდიოდა და "კიკუებს'' ხვდებოდა, ხაინდრავას თქმის არ იყოს. როგორც ირკვევა, ერთობის დაშლამდე აშშ-ს საელჩომ, ონკანი ისევ მოუშვა და დიღომში "რვიანის'' ორი ლიდერი, გიორგი თარგამაძე და დავით გამყრელიძე დაიბარა. რას აკეთებთ, კაცო, გვღუპავთო? ჩვენ აქ თქვენთვის ვწვალობთ, ჩვენს ოფიციალურ დოკუმენტებში "ოპოზიციას'' სადაც ვწერთ, "რვიანს'' ვგულისხმობთ და გონს მოდით, ეგ ერთობა არ დაშალოთო. ამ შეხვედრის შესახებ, დანარჩენებმაც იცოდნენ და ქდმ-ახლებს საკუთარი მანდატიც მისცეს. ვერ გეტყვით, ამ ორმა ლიდერმა რა უპასუხა, არა მგონია, ეთქვათ, მერე თქვენ რომ ჩვენთვის ბიომეტრია არ დაგიფინანსებიათო? ასე იყო თუ ისე, 24 ივნისს, პარასკევ საღამოს, საელჩოსგან "ვერდავერბოვკებული'' კაციტაძე შეხვედრაზე მივიდა და 7 პარტიას უთხრა, კარგნი იყავით, კარგად იყავითო. როგორც მავანნი ყვებიან, სწორედ კაციტაძის იდეა იყო, ვინც ჩვენსავით ხელს არ მოაწერს, იმას არც მილიონი ეკუთვნისო.

მერე აქეთ ნაციონალებს უთქვამთ, ჩვენ ამ დისკრიმინაციას ვერ ავიტანთო და ეს პუნქტი ამოუღიათ. ეს კაციტაძის პოლიტიკური ბოღმაა თუ სამართლიანი შურისძიება, ყველამ, მათ შორის "ექვსიანმა'', იმის მიხედვით შეაფასოს, "ახლებისგან'' ვინ რა დაიმსახურა. თარგამაძე კი გამყრელიძეს ჯერ კიდევ "რვიანში'' აფასებდა, "ორიანში'' - მით უმეტეს. ახლა ხომ "ზომიერთა'' ხმებისთვის ბრძოლაში მარტო აღარაა და პროცენტს გამყრელიძეს გაუყოფს. ეგ ერთი ვერსიით, "ექვსიანის'' ვერსია კი ხელისუფლებისას ემთხვევა - თარგამაძე-გამყრელიძე დაბლოკდებიან. არც ხელისუფლება მიხსენებია ტყუილად, ერთი-ორმა მაღალჩინოსანმა, რბილი მესიჯების გამოშვება უკვე დაიწყო, ზომიერები ერთად უნდა იყვნენ და რადიკალებს, რაც უნდათ, ის უქნიათო. ახლა, ვინ დარჩა ამ რადიკალებში - ბურჯანაძე, ოქრუაშვილი, ბესელია, გაჩეჩილაძე, კუკავა. ეს ბოლო ზედმეტი რომაა, ამას მარტივად ვამტკიცებთ. ჯერ ერთი, ქართული პოლიტიკისთვის არ სცალია, რუსულ ბაზარს გვიბრუნებს. და მეორე, ცოტა ხნის წინ ხმა გავრცელდა, კუკავა-გაჩეჩილაძე- ბესელია ერთ პარტიას აკეთებენო. ეს ტყუილია. ბესელიამ ამ ტანდემის შექმნა ოფიციალურად უარყო, არაოფიციალურად კი ორიდან მხოლოდ ერთი ლიდერი დატოვა უარყოფილი. 

თავის დროზე, კუკავა უარყო "ეროვნულმა საბ- ჭომაც'' და არც ის ხმები აღმოჩნდა მართალი, ჩხუბი დადგმული იყო, კუკავამ რომ გაჩეჩილაძესთან კონტაქტები არ დაკარგოს და მერე "რვიანს'' მიჰგვაროსო. კუკავას და, ზოგადად, ქართული ოპოზიციის დაფინანსება უარყო ხუბუტიამაც, ებრალიძემაც და ჩვენთვის ცნობილმა ყველა ფულიანმაც. ჰოდა, ასე მრავალმხრივ უარყოფილი კუკავა, რომელიც არც საკრებულოს სხდომებს ესწრება, სხვათა შორის, ახლა უკანასკნელი მოარული ხმის იმედადაა, ანუ მასავით უარყოფილი შალამბერიძის მისვლას ელოდება. თუმცა მიმსვლელი აქამდეც მივიდოდა, შალამბერიძემ კი განაცხადა, "ექვსიანის'' მხარდამჭერად დავრჩიო და კალათბურთის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მივიდა. ე.ი. კუკავას საშემოდგომო ბატალიებში ნაკლებად ვიხილავთ. სამაგიეროდ, ვიხილავთ ბესელია-გაჩეჩილაძეს, ოღონდ არა "ექვსიანთან'', არამედ "ექვსიანის'' წინააღმდეგ. "არავითარი ექვსს პლუს ხალხი და ექვსს პლუს ბესელია, მათი არც მხარდამჭერი ვარ, არც პარტნიორი'', - ეს ამონარიდია ბესელიას მიერ "ვერსიისთვის'' მიცემული ინტერვიუდან, კალათბურთის სასახლეში გამართული შეხვედრის წინ.

ცხადია, ერთი ციტატა არაფერს ამტკიცებს, უბრალოდ, ფაქტია, შეფასებები დამძიმდა, რადგან ორიოდ დღის წინ, "თბილისი მარიოტში'' შეხვედრაზე, ბესელიამ 6 კაცს სულ "სიმპათიურები'' ეძახა. იქვე ხაზი გაუსვა თემას, რომელსაც ყურადღება, ერთი შეხედვით, არავინ მიაქცია - სად მიდიხართ, ხელისუფლებამ არჩევნები შემოდგომის ნაცვლად გაზაფხულზე რომ დანიშნოსო. თურმე, ნუ იტყვი და, ყურადღება "ექვსიანს'' მიუქცევია და ახლა შიშობენ, რომ ბესელია-გაჩეჩილაძე შემოდგომაზე აქციებს ირიბად, 6 პარტიის წინააღმდეგ გამართავენ და არჩევნების ჩატარებას სწორედ გაზაფხულზე მოითხოვენ. ამ მოთხოვნის შეფუთვას კი რა უნდა - ხალხს შემოდგომამდე უარესად გაყვლეფთ, ანდაც, ჩვენ არ ვაპირებთ თქვენი კამპანიის დაფინანსებას, ამიტომ დროზე ჩაატარეთ არჩევნებიო და ა.შ. ამასობაში, კალათბურთის დარბაზში ისტორიული შეხვედრაც მოეწყო, როცა 6-იანი კოალიციად გადაკეთდა, მის ფიქტიურ ლიდერად კი ალასანია მოინათლა. ბესელიას სიტყვით გამოსვლის უფლებაც არ მისცეს და მან შეხვედრა ადრე დატოვა, დიდი ალბათობით, - გაბრაზებულმა. 

ტყუილი იყო ის ხმაც, რომ "ექვსიანი'' მოძრაობის სამოქალაქო ნაწილის ლიდერობას კონკრეტულად ბესელიას ან ცისკარიშვილს სთავაზობდა. ჯერ ერთი, ასეთი შეთავაზება საერთოდ არავისთვის გაუკეთებიათ და მეორე, თუ მაინცდამაინც, ეს ადგილი ყველაზე მეტად "ქართული აკადემიის'' მესვეურებს, ნუკრი ქანთარიას, ან თემურ ნანეიშვილს ეკუთვნოდათ. ოპოზიციას ხან აქეთ-იქით დაყვებოდნენ, რჩევებს აძლევდნენ, ხალხის მობილიზებას ცდილობდნენ, ხან თავად იყვნენ შეხვედრის ორგანიზატორები და მათ მიერ "რვიანისთვის'' დაქირავებული დარბაზებიც მახსოვს. ანუ, უახლოეს თვეებში ვიღებთ მოცემულობას, როცა ყველა სეგმენტს ორი პოლიტიკური ძალა მაინც ჰყავს და ხმებს ზოგი უმრავლესობას, უფრო მეტი კი ოპოზიციას გაუყოფს. ნაციონალებს აქვთ თავიანთი ნიშა და ჰყავთ თავიანთი მიშა, "კონსტრუქციულებში'' ერთმანეთს ებრძვიან, ან ერთად იბრძვიან გამყრელიძე-თარგამაძე, რადიკალებში ბესელიას, ბურჯანაძეს, გაჩეჩილაძესა და ოქრუაშვილს ვიხილავთ. აი, "ექვსიანი'', რომელიც არც იქითაა, არც აქეთ, ცენტრისტების როლის შესრულებას შეეცდება, თუმცა რამდენად გამოუვა, ეგ სხვა საქმეა, რადგან არჩევნებზე, ძირითადად, ნაცმოძრაობის ზომიერებისა და მკვეთრად რადიკალური ჯგუფების მხარდამჭერები დადიან.  

ნინო კომახიძე

გაზეთი "ვერსია"

ეკა ბესელია და ლევან გაჩეჩილაძე პარტიას ქმნიან?!

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა