"ეს თქვენი ბოლო მგზავრობაა ამ ფასად", - ნახევრად ხუმრობით მითხრა ძველი, საბჭოური ტიპის სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა და როცა მგზავრობის საფასური მივაწოდე, ნაძალადევად გამიღიმა. - კი, მაგრამ რატომ, რა მიზეზით? ეს მაინც არ არის ახალი მანქანა, - ვკითხე გაოცებულმა. - კონკრეტული მიზეზი არა აქვს... იმიტომ, რომ ყველაფერი გაძვირდა. დილას 122 ნომრის "მარშრუტკის" მძღოლებთან პატრულის თანამშრომელი მისულა და გაუფრთხილებია, - მგზავრობის საფასურად 80 თეთრს თუ არ დააწესებთ, ჯარიმას დაგაკისრებთო. - რომელი კანონის საფუძველზეო, არ ჰკითხეს? - აღშფოთდნენ ჩემ უკან მსხდომი მგზავრები, მაგრამ მძღოლმა მოკლედ უპასუხა, - ვისაც ეს ფასი არ მოგწონთ, ამ "მარშრუტით" ნუ იმგზავრებთო... ჩემთან ერთად, შუახნის მამაკაცი ჩამოვიდა და კარი ისეთი სიბრაზით გამოიხურა, მოყანყალებული მანქანა კინაღამ დაიშალა...
იქიდან N4 ყვითელ "მარშრუტკაში" გადავჯექი. ახლა სუფთა, კონდიციონერიან და სალარო-აპარატით აღჭურვილ კომფორტულ მანქანაში მყოფს, სხვა სამყაროში მეგონა თავი, უბრალოდ, გარემო იყო ძალიან "ქართული": მძღოლი - დაძაბული, მგზავრები კი - გაბრაზებულები ისხდნენ. მართალია, უკმაყოფილების ძირითადი მიზეზი მგზავრობის გაზრდილი საფასური იყო, რასაც ყველა ერთიანად აპროტესტებდა, იყვნენ ისეთებიც, ვისთვისაც ელექტრონული ბარათით გადახდის წესიც მიუღებელი აღმოჩნდა და ამან რამდენიმე კურიოზიც გამოიწვია:
- ფულზე ვიხდი თუ ბარათზე? - შემოყო თავი მძივებასხმულმა ქალმა ერთ-ერთ გაჩერებაზე. - თქვენი ნებაა, ქალბატონო, - ჩაილაპარაკა მძღოლმა და პასუხს თავი აარიდა. გაბრაზებულ მგზავრებს სახეზე ღიმილმა გადაურბინა: - ორივე, - უპასუხეს ერთხმად. ქალი ამოვიდა თუ არა, მაშინვე მძღოლს ეცა:
- ყვითელი მაისური კი ჩაგიცვიათ, ჰალსტუხი რატომ არ გიკეთიათ?!. რამხელა ხმაზე აღრიალებთ ამ მუსიკას, რა გენაღვლებათ, რა!..
- რა გიკვირთ, ქალბატონო? ქართველები ხომ ერი აღარ ვართ, ნამდვილი ცხვრის ფარა ვართ, - მხარი აუბა ჩემ გვერდით მჯდომმა.
- კარგი, რა, ხალხო, რა ვქნათ აბა?! 30 თეთრს გადავაყოლოთ სამშობლო? არ გახსოვთ, მტერი აქედან 30 კილომეტრში რომ დგას?!
- ვინ არის მტერი? რუსეთია მტერი და სააკაშვილი - ჩვენი პატრონი, არა?!.
- ვაცადოთ ამ კაცს ცოტა ხანი, ხალხო, თქვენ რა იცით, რა ძალისხმევა დასჭირდა ჩვენს მერს იმისთვის, რომ 80 თეთრი ყოფილიყო და არა - 1 ლარი, - არ ცხრებოდა ხელისუფლების დამცველი, თუმცა მალევე მიხვდა, რომ აშკარა უმცირესობაში იმყოფებოდა და სამარშრუტო ტაქსი სასწრაფოდ გააჩერებინა...
ხანდაზმული ქალბატონი, რომელსაც მთელი გზა ხელში სოციალურად დაუცველი მოქალაქის ელექტრონული ბარათი ეჭირა, თავის აზრს ხმამაღლა გვიზიარებდა:
- შეღავათი გეკუთვნით, 65 თეთრს იხდითო, გვეუბნებიან. ნებისმიერ სამარშრუტო ტაქსიში 50 თეთრს, აქეთ-იქით კი - 1 ლარს ვიხდიდი; ამ ბარათით მგზავრობა კი 1.20 ლარი მიჯდება, რანაირად არის შეღავათი?! ამათ ჩვენ მართლა სულელები ხომ არ ვგონივართ?!
- უკვე მერამდენე დღეა, ასეთ დღეში ვართ. ყოველდღე ლანძღვა-გინებისა და წყევლა-კრულვის მოსმენა გვიწევს. გასაგებია, რომ ძვირია და ხალხს ფული არა აქვს, მაგრამ რაღაც, უცნაური ხალხი ვართ ქართველები: ზოგი გადახდის აპარატის არსებობას აპროტესტებს, ზოგიც - "მარშრუტკის" ფერს, რაღა ყვითელი აირჩიეთო?!. - შემომჩივლა მძღოლმა, როგორც კი მგზავრები შეთხელდნენ.
- ძველი მძღოლები დაგტოვეს თუ ახლები უნდა შემოიყვანონ?
- ჯერჯერობით ძველები ვართ, მაგრამ პირობებია ისეთი, მგონი, სჯობდა, აქამდე დამენებებინა თავი. აწი არაფრის შეცვლა აღარ შემიძლია: ამ მანქანას კრედიტით გვაძლევენ ანუ 10 წლის განმავლობაში თვეში 470 ევრომდე გადახდა გვიწევს, რაც მთლიანობაში 50 ათასი ევრომდე გვიჯდება. ყოველთვე ამხელა თანხა ბანკს რომ გადავუხადო, სახლში რაღა მივიტანო, არ ვიცი... სამაგიეროდ, მერე სულ თქვენი იქნებაო. როდის მერე - 10 წლის მერე 65 წლის ვიქნები და ვიმუშავებ თუ არა, ისიც არ ვიცი... ჩვენც მოტყუებულები ვართ და მგზავრებიც, მაგრამ ხმას ვინ ამოიღებს, ან რაღა აზრი აქვს?!. ყველა მძღოლს თითო კაცი მიგვამაგრეს, რომელიც დღის განმავლობაში მგზავრთა რაოდენობას აღრიცხავს. არ ვიცი, ამით რის გარკვევას ცდილობენ, მაგრამ დროც შეგვიმცირეს...
- ეს რას ნიშნავს?
- იმას, რომ დროში შეზღუდულები ვართ. მგზავრები ფეხზე არ უნდა იდგნენ და ასე, გეგმით დაკისრებული თანხის გადახდას ვერ შევძლებთ... ერთ დღეს გავიფიცეთ, მაგრამ რამდენიმე ხანში ავტოფარეხში შესაბამისი სამსახურებიდან მოვიდნენ და პირდაპირ ასე გაგვაფრთხილეს, - ხომ არ გინდათ, სამუშაოს გარეშე დარჩეთო?!.
არადა, ჯერ კიდევ 25 თებერვალს, თბილისის მერიაში აცხადებდნენ, დღეს უკვე განხორციელებულ ცვლილებასთან ერთად, მგზავრობის საფასური არ გაიზრდებოდა, რომ მგზავრობის ფასი 50 თეთრი იქნებოდა, მაგრამ პირველი დღიდან 80 თეთრი დააწესეს, ოღონდ ეს არის, ელექტრონული ბარათების გამოყენების შემთხვევაში, მგზავრები ფასდაკლებით ისარგებლებენ და მეორედ მგზავრობისას 65 თეთრს გადაიხდიან, სოციალურად დაუცველი პირები კი - 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ... ჯერჯერობით 36 ახალი მანქანა გაუშვეს ხაზზე და მერიის მიერ გაკეთებულ იმავე განმარტებაში ნათქვამია, რომ მგზავრობის გაძვირება სამარშრუტო ტაქსების სხვა ხაზებს არ შეეხებოდა, მაგრამ უკვე რამდენიმე დღის შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა და საბჭოთა წარმოების მანქანების მფლობელებმაც 80-თეთრიანი ტარიფი დააწესეს.
თინა ხიდაშელი, რესპუბლიკური პარტიის დედაქალაქის საქმეთა მდივანი, საკრებულოს წევრი:
- ჩვენ ხელთ გვაქვს არაერთი მძღოლის მიმართვა, სადაც საუბარია იმაზე, თუ როგორ აიძულებენ კომპანია "თბილ-ლაინის" წარმომადგენლები მათ ხელშეკრულებების გაფორმებას... მოვითხოვთ, გადაისინჯოს ამ კომპანიის მიერ მძღოლებისთვის შეთავაზებული პირობები და საზოგადოებას აუხსნან, რამდენად შეესაბამება ისინი სამართლიანობისა და თავისუფალი ბაზრის პრინციპებს. მოსახლეობას ისიც აუხსნან, როგორ მოხდა, რომ სხვადასხვა კომპანია, რომელიც ერთიმეორის კონკურენტი უნდა იყოს, ერთი და იმავე შინაარსის ხელშეკრულებებს სთავაზობს მძღოლებს. თუმცა აქვე გეტყვით - იმედი არა მაქვს, რომ ჩვენს კითხვებზე პასუხს მივიღებთ, რადგან ხელშეკრულება კორუფციული, კაბალური და უსამართლოა. საქმე ის არის, რომ მძღოლები ალტერნატივის გარეშე არიან დარჩენილი, რადგან დედაქალაქში მოქმედი ყველა სამარშრუტო ხაზი ერთი კომპანიის ხელშია. იმის მიუხედავად, თუ ვინ არის ლოტის ფორმალური გამარჯვებული, მოლაპარაკებებს ყველასთან "თბილ-ლაინის" წარმომადგენლები მართავენ.
- კონკრეტულად რა პირობებს სთავაზობს აღნიშნული კომპანია მძღოლებს?
- იჯარის გადასახადის გარდა, მძღოლებს მარშრუტზე მოძრაობის ღირებულების - ყოველდღიურად 10 ლარის გადახდა უწევთ, რაც თვეში საშუალოდ, 300 ლარს შეადგენს და ეს გაგრძელდება 1-ელ ოქტომბრამდე, ხოლო 1-ელი ოქტომბრიდან მარშრუტზე მოძრაობის ღირებულების გადასახადი დაზუსტდება, ოღონდ მოიმატებს თუ დაიკლებს, ან რა პროპორციაში იქნება სამარშრუტო ტაქსის ფასთან, ამაზე ხელშეკრულებაში არაფერი წერია. ამასთან, მძღოლები ვალდებული არიან, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, კომპანიის ანგარიშზე საგარანტიო თანხა - 500 ევრო შეიტანონ. ხელშეკრულების თანახმად, აგრეთვე, მძღოლს უფლება აქვს, ერთი წლის შემდეგ სრულად გამოისყიდოს მანქანა და ნარჩენი ფასი ერთბაშად გადაიხადოს, თუმცა თვით ფასის შესახებ ინფორმაცია ხელშეკრულებაში მოცემული არ არის.
- ცნობილია, რომ მძღოლს მანქანის საფასურის იჯარით გადახდა მოუწევს...
- დიახ, 10 წლის განმავლობაში ყოველთვიურად, 463 ვეროს გადახდა მოუწევს, რაც საბოლოოდ, 50 ათას ევრომდე ჯდება, - მაშინ, როცა კომპანიას თითოეული მანქანა 18 ათასი ევრო დაუჯდა... გარდა ამისა, ხელშეკრულების მოქმედების მთელი დროის განმავლობაში, პრაქტიკულად ყველა ხარჯის დაფარვა (დაზიანება იქნება ეს, ზეთის გამოცვლა თუ სხვა საექსპლუატაციო ხარჯები) მძღოლმა თავად უნდა უზრუნველყოს. საქმე ის არის, რომ მძღოლი საკუთარი ხარჯით ასხამს საწვავს და უხარისხო საწვავით გამოწვეული დაზიანების შემთხვევაში, ფინანსურ ვალდებულებას საკუთარ თავზე იღებს. არადა, საჭირო საწვავის ერთობლივად შეძენის შემთხვევაში, კომპანიას ის გაცილებით ნაკლები დაუჯდებოდა, რაც მგზავრობის საფასურზეც აისახებოდა.
რატომ შეცვალა მერიამ თებერვალში მიღებული გადაწყვეტილება? რატომ იხდის მძღოლი მანქანისთვის იჯარით სამჯერ მეტს, ვიდრე კომპანიამ გადაიხადა? როცა ამ და სხვა შეკითხვებით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, მამუკა ახვლედიანს მივმართე, მიპასუხა, რომ მერიამ ოფიციალური განმარტება უკვე გააკეთა და მას მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი არ ესმის, ვინაიდან მგზავრობა უფრო კომფორტული გახდა და შეღავათებსაც ითვალისწინებს. ბატონმა მამუკამ ძველი პირობების შეცვლაზე კომენტარისგან თავი შეიკავა და ცხადია, არც იმ შეკითხვაზე გამცა პასუხი, თუ რატომ გაიზარდა მანქანის იჯარით შესყიდვის 5-წლიანი ვადა 10 წლამდე?..
არავინ დაობს იმაზე, რომ მომსახურება და კომფორტი ფული ღირს და თუ უსაფრთხოდ მგზავრობა გსურს, მეტის გადახდაც არ უნდა დაგენანოს, მაგრამ საქმე ის არის, რომ ეჭვები ჯერ კიდევ მაშინ გაჩნდა, როცა ახალი მიკროავტობუსები ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ შემოიყვანა და თბილისის მერიის ტენდერი კონკურენციის გარეშე მოიგო. მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია "თბილ-ლაინის" ზურგს უკან მაღალჩინოსნები იდგნენ. შედეგად, ვიღაცამ ბევრი ფული, საზოგადოებამ კი - გაძვირებული ტრანსპორტი მიიღო. ეს, რაც შეეხება იმას, თუ ვის ვუხდით... მავანთ ალბათ ეს, ჩვენი ქვეყნის ევროპული განვითარების ერთ-ერთი დადასტურებაა. ჩვენც დავეთანხმებოდით, რომ არა ის საეჭვო ტენდერი და უეცრად დაწესებული ახალი ფასი, რომლის გადახდაც მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის ბიუჯეტს დაუძლეველ ტვირთად მოევლინა.
ასე და ამგვარად, თბილისი ნელ-ნელა მართლაც ემსგავსება ევროპის ქალაქებს, ოღონდ ერთი განსხვავებით - მხოლოდ გარეგნულად. მოსახლეობის ცხოვრების პირობებსა და ზოგადად სოციალურ ფონზე რომ აღარაფერი ვთქვათ, არა მგონია, რომელიმე განვითარებული ქვეყნის მუნიციპალურმა ხელისუფლებამ გაბედოს ყველა სფეროს მონოპოლიზება და ფასების უსაშველო ზრდით ათასობით მოქალაქე ასე ძლიერ დააზარალოს.
ლალი პაპასკირი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)