ავტორი:

"ვტრაბახობთ: საქართველო სამოთხეა, უფალმა გვაჩუქა ქართველებსო... ასე დავუფასეთ, რომ ჯოჯოხეთად ვაქციეთ აქაურობა?!" - ოტია იოსელიანის სიტყვის ძალა და ანდერძად ქცეული სიმართლე

"ვტრაბახობთ: საქართველო სამოთხეა, უფალმა გვაჩუქა ქართველებსო... ასე დავუფასეთ, რომ ჯოჯოხეთად ვაქციეთ აქაურობა?!" - ოტია იოსელიანის სიტყვის ძალა და ანდერძად ქცეული სიმართლე

შეიძლება, ეს ბოლო ინტერვიუც იყო, რომელიც ჟურნალისტს მასთან ჩაუწერია. დაბადების დღის მილოცვა მინდოდა, ვუთხარი კიდევაც, რომ დიდი პატივი იყო ჩემთვის, ამისი უფლება და საშუალება რომ მქონდა... ოტია იოსელიანი არ იყო არც რიგითი მწერალი და არც - რიგითი ქართველი.

ბედის დიდ საჩუქრად მივიჩნევ, რომ არასოდეს მეუბნებოდა შეხვედრაზე უარს და თავისთან ახლობელივით მეპატიჟებოდა... ერთი თვეც აღარ უცოცხლია ამ საუბრის შემდეგ - 2011 წლის 16 ივნისს, საკუთარ დაბადების დღეზე ველაპარაკე, 14 ივლისს აღესრულა... ბოლოს იმ დღეს ველაპარაკე, როცა 81 წლის გახდა...

ოტია იოსელიანთან რომ მიმესვლებოდა, ამით ყოველთვის ვამაყობდი და სიცოცხლის ბოლომდე მადლიერი ვიქნები ამ ბუმბერაზი ადამიანის, რომ შეეძლო საათები დაეთმო ჩემთვის და ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიმეღო. თუ რომელიმე კითხვა არ მოეწონებოდა, მისთვის ჩვეული პირდაპირობით მეტყოდა: - ეგ სისულელე საიდან მოგივიდა თავში... ჭკვიანი ქალი რომ მგონიხარ, ამიტომ გელაპარაკები ამდენს!

არასოდეს მწყინდა მისი შენიშვნები. პირიქით, ყურადღებით ვისმენდი, ვაანალიზებდი და ვხვდებოდი, რომ ის ყოველთვის მართალი იყო. მხოლოდ მიმდინარე მოვლენებს კი არ აფასებდა სწორად, თითქოს ნათელმხილველობის უნარიც ჰქონდა და რასაც იტყოდა, სწორედ ისე აეწყობოდა და მოხდებოდა ყველაფერი. როცა გაოგნებული ვკითხავდი, - ასე ზუსტად როგორ იწინასწარმეტყველეთ, ბატონო ოტია, მოვლენების განვითარება-მეთქი?! - ხელს სინანულით ჩაიქნევდა:

- გადამრევ შენ, რად უნდა წინასწარმეტყველება იმას, რომ თუ ორს ორს მიუმატებ, ყოველთვის ოთხს მიიღებ, არც მეტს და არც ნაკლებს... არც წინასწარმეტყველი ვარ, არც გულთმისანი და არც ბრძენთა ბრძენი. ქართველი ვარ, ჩემი ქვეყანა და ყველაფერი ქართული მიყვარს - მიწა, ცა, წყალი და რაც მთავარია, ადამიანები... ღმერთის მწამს და მეშინია, რადგან ვიცი, მას ვერავინ მოატყუებს და მის მოთმინებასაც აქვს საზღვარი. რომ ვტრაბახობთ - საქართველო სამოთხეა, უფალს თავისთვის ჰქონდა შეგულებული და ის გვაჩუქა ქართველებსო - ასე დავუფასეთ, რომ ჯოჯოხეთად ვაქციეთ აქაურობა და პირველ რიგში, საკუთარ თავს მოვუწყვეთ კუპრით სავსე, ცოდვით ადუღებული ყოფა?!

სამოთხეში არც პური ჭირს, არც წყალი და არც სიყვარულის დეფიციტია... ჩვენ ერთმანეთი რომ აღარ გვიყვარს და თუ საკუთარი ცოლ-შვილი მაძღარი გვყავს, სხვის დამშეულ მოხუცს და ბავშვს რომ ვერ ვამჩნევთ, ესაა სიყვარული?!.

უმადური არ გეგონოთ, მარა - არ მინდა, არც გატკიცინებული გზა და მით უფრო, 2 პარლამენტი ამდენი გაზულუქებული პარლამენტარისთვის, თუ მოხუცს პენსია არ ექნა და უწამლობით მომიკვდა, ბავშვს რძე ვერ დავალევინე და დამიჭლექდა... საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში კი მასობრივად შიმშილობს მოსახლეობის ნახევარზე მეტი და ამას გვაპატიებს ღმერთი?! ქართველი ქალების ნახევარი სხვის ბებერს და მომავალს უვლის საზღვარგარეთ გადახვეწილი, მათი შვილები აქ უდედოდ იზრდებიან და გინახავთ თქვენ სადმე, უდედოდ გაზრდილ ადამიანს არასრულფასოვნების კომპლექსი არ ტანჯავდეს?!

...რეფორმებიო, რომ გაიძახით, რად მინდა მე ამერიკელისა და რუსის ნასწავლები უნარ-ჩვევები თუ რაცხა უბედურობა, რომელსაც კაპიკის საღირალი არა აქვს ჩემს ტრადიციასთან, მორალთან და ისტორიასთან შედარებით?!. გული მწყდება, რომ ვკვდები და წაღმა მოტრიალებულ საქართველოს ვერ მევესწარი - ისევ ამერიკელის და რუსის ხელის და ნების შემყურეები ვართ და იმდენი ღირსებაც არ გაგვაჩნია, რომ რუსს ჩვენი მიწა და წყალი არ მივყიდოთ და მერე გაზარმაცებულებმა ამერიკული პურის სამათხოვროდ არ გევიშვიროთ ხელი...

მწერლის ნივთები მის მშობლიურ სახლში, გვიშტიბში

- რა დროს სიკვდილზე ფიქრია, ბატონო ოტია (მაინც ვცადე მისი გამხნევება, მიუხედავად იმისა, რომ ავსტრიიდან ახალი დაბრუნებული, სადაც ქიმიოთერაპიის მორიგი კურსი ჩაიტარა, მართლა არ იყო კარგად და არც მის ხმას ჰქონდა ძველებურად ფოლადის სიმტკიცე)?!

- სიკვდილზე ფიქრი სიბრძნის ნიშანია და ეს ჩემზე ჭკვიანმა კაცმა თქვა საუკუნეების წინ... ადრე 81 წლის კაცი უსაშველოდ დი-ი-დი მეგონა. გავხდი თავად ამხელა და ისევ ბოვშის შემრჩა გულიც, სულიც და გულუბრყვილობაც... სიცოცხლე კიდევ მეტად შემიყვარდა და არც იმას ვმალავ, რომ არ მინდა სიკვდილი - გული მწყდება აქოურობაზე... ვითომ ბევრი გავაკეთე, მარა ორი იმდენი დამრჩა გასაკეთებელი და დასაწერი... ახალგაზრდა რომ ვიყავი, მეგონა, დრო უსასრულო იყო და ბევრის მოსწრება შემეძლო... შენ რატომ ფლანგავ დროს, რამდენი ხანია, არც ჟურნალში და არც გაზეთში არაფერი წამიკითხავს შენი?! - მისაყვედურა უცებ და გამიხარდა, რომ პრესის ფურცლებიდან ჩემი "გაუჩინარება" ისეთმა ბუმბერაზმა ადამიანმა შეამჩნია, როგორიც ოტია იოსელიანია...

- დედა დამეღუპა, ბატონო ოტია, მანამდე ცოტა ხანს იავადმყოფა და... დედა ვის არ დაუკარგავს, მაგრამ ასე მგონია, ჩემსავით არავის დაკლებია მშობელი. მართლა კარგი დედა მყავდა (მიწყდება ხმა)...

- გულით ვიზიარებ შენს მწუხარებას... რას იზამ, ასეა ეს წუთისოფელი, მშობელი უნდა წევიდეს და შვილი უნდა დარჩეს. ღმერთმა ნუ ქნას, პირიქით მოხდეს... კაი გოგო ხარ შენ, ასე რომ განიცდი უდედობას და უფროსის გარეშე დარჩენას... რაც უნდა ჭკვიანი იყოს ადამიანი, უფროსის ნათქვამს რომ მიუგდებს ყურს და გეითვალისწინებს, თავის საქმესაც წაღმა წეიყვანს და ქვეყნისასაც... ჩვენს ქვეყანას რომ ასე უჭირს, ამისი ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ უფროსი ხალხის "ჩარეცხვა" მეინდომა ახალმა თაობამ და ხელისუფლებამ. ისეთ ხალხს ჩააკმენდინეს ხმა, ოქროს ფასი რომ ადევს მათ სიტყვას და გამოცდილებას. საძირკვლის გარეშე ინდომეს ახალი სახლის აშენება და ამიტომ ინგრევა გოუმაგრებელი კედლები. არც რუსის სასწავლებელი გვქონდა რამე ქართველებს და არც - უისტორიო ამერიკელების, მეტი ჭკუა და ღირსება რომ გვქონოდა, მეტად რომ გვყვარებოდა და შურით დაბრმავებულებს არ წაგვექცია ერთმანეთი, კვანტის დადებით არ დაგვემტვრია ცხვირ-პირი ჩვენზე ჭკვიანისა და გამორჩეულებისთვის...

ოტიას სახლის ეზო, სადაც მწერალი დაკრძალეს, მისი სურვილის შესაბამისად...

- ხედავთ, ბატონო ოტია, ახლანდელ საქართველოში იმ რჩეულებს, ქვეყნის ბედ-იღბალს რომ წაღმა შემოატრიალებენ?!

- არ მისმენ თუ რა გემართება - რას გეუბნები, აპა, ამდენი ხანია - გამორჩეულების ჩაქოლვაში რომ გავატარეთ საუკუნეები ქართველებმა, იმიტომ მევედით ამ მდგომარეობამდე და დავღუპეთ ქვეყანა...

- ვითომ მართლა აღარ გვეშველება რამე?!

- მე ცოცხალიც საქართველოსთვის ვლოცულობდი და იმ ქვეყნიდანაც არ მოვაკლებ ლოცვას, თუ ეს საკმარისი იქნა... კმარა ახლა, დევიღალე! - მითხრა მერე და მივხვდი მართლა ცუდად იყო, თორემ სხვა დროს არასოდეს უხსენებია დაღლა...

P.S. თუ წერას ვაგრძელებ და ვბედავ, ეს, პირველ რიგში, ბატონი ოტიას დამსახურებაა - რამდენიმე წლის წინ, ჩემი ნოველების წაკითხვის შემდეგ მომეფერა და მითხრა: "ამ გლახავ-გლახავში" კი გისწავლია წერა!" - ეს ჩემთვის უდიდესი შეფასება და სტიმული იყო, რისთვისაც სიცოცხლის ბოლომდე მადლიერი ვიქნები მისი...

ღმერთმა ნათელში გამყოფოთ, დიდო ადამიანო, ძალიან დაგვაკლდებით და მოგვენატრებით!..

ინგა ჯაყელი, ჟურნალ "გზის" არქივიდან, 2011 წელი

საზაფხულო არდადეგებზე საკითხავი - 5 წიგნი 6-8 წლის ბავშვებისთვის

20 წელი ლიტერატურის ქომაგი - ჟურნალი "გზა" განახლებული ფორმატით, ლიტერატურულ ჩანართთან ერთად გამოვა

ომები და არმიები - მაღალპოლიგრაფიული გამოცემა სამხედრო ისტორიაზე