სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II კიევში იმყოფება. ქართული ეკლესიის წინამძღილი უკრაინაში სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილის მიწვევით ჩავიდა. რუსული ეკლესია კიევში რუსეთის გაქრისტიანების 1023-ე წლისთავს ზეიმობს. 28 ივლისს საქართველოსა და რუსეთის პატრიარქები სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ვლადიმირთან ერთად სადღესასწაულო წირვას აღავლენენ.
თავიდანვე ცხადი იყო, რომ საქართველოს პატრიარქი კიევში მხოლოდ ზეიმში მონაწილეობის მისაღებად არ ჩადიოდა. ქართული ეკლესია უკვე ორი ათეული წელია ცდილობს, ომებისა და პოლიტიკური უთანხმოებების შედეგად ფიზიკურად დანაწევრებულ საქართველოს, რელიგიური და სულიერი თვალსაზრისით მაინც შეუნარჩუნოს ერთიანობა. 2008 წლის ომის შემდეგ ამ მხრივ განსაკუთრებით დამძიმდა მდგომარეობა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში, რომლებიც ფორმალურად ქართული ეკლესიის იურისდიქციის ფარგლებში იმყოფებიან, მაგრამ ფაქტიურად აღარ ემორჩილებიან მას.
აქედან გამომდინარე, საქართველოსა და რუსეთის პატრიარქების შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა".პოლიტიკური მოღვაწეები მოდიან და მიდიან, ერი და ეკლესია კი რჩება. სულიერი ლიდერების ერთმანეთთან შეხვედრა - ეს პრობლემების გადაწყვეტისათვის გზების ძიების კეთილი დასაწყისია"- განაცხადა კიევში საქართველოს პატრიარქმა, რითაც სრულად ჩამოაყალიბა ქართული მხარის პოზიციაცა და იმედებიც პრობლემების გადაწყვეტასთან დაკავშირებით.
იმავე აზრს იზიარებს რუსეთის პატრიარქი: "ქართული და რუსული ეკლესიების ურთიერთობამ დროს გაუძლო. ძალზე სასტიკ დროს, ვინაიდან, წარმოუდგენელია ჩვენს სახელმწიფოებს შორის იმაზე უფრო ცუდი ურთიერთობა, ვიდრე ეს დღეს არის. ყოველივე ეს ხელს არ უშლის ორ მართლმადიდებელ ეკლესიას იქონიოს ძმური ურთიერთობები" - აცხადებს პატრიარქი კირილი.
რაც შეეხება საკითხის პრაქტიკულ მხარეს, საქართველოს ეკლესიის ერთიანობის მხარდაჭერა რუსული ეკლესიის ინტერესებშიც შედის, ვინაიდან თანდათან სულ უფრო მძიმდება მისი ურთიერთობა უკრაინის მიტროპოლიასთან. მოსკოვის პატრიარქატის უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია თანდათან ემიჯნება რუსეთს. ცდილობს გაატაროს დამოუკიდებელი ფინანსური და საკადრო პოლიტიკა. მოსკოვთან შეთანხმების გარეშე ირჩევს ეპისკოპოსებს.
უკვე რამდენიმე წელია აფხაზეთის თვითგამოცხადებული ეპარქია ცდილობს რუსეთის საპატრიარქოსგან აღიარებას მიაღწიოს, მაგრამ ამაოდ. კიევში გამართულ შეხვედრაზეც პარტიარქმა კირილმა ეს პოზიცია კიდევ ერთხელ დაადასტურა. ამან კი ილია მეორეს მისცა ასეთი განცხადების გაკეთების საშუალება: "ჩვენ გვაქვს იმედი, რომ რუსეთის ეკლესიასთან ურთიერთობა, რომელიც ცალსახად აღიარებს ქართული ეკლესიის ერთიანობას აფხაზეთის ჩათვლით, დაგვეხმარება ქართული ეკლესიის ამ განუყოფელ ნაწილში აღვადგინოთ ჩვენი იურისდიქცია".
აფხაზეთის საკითხს შეეხო რუსეთის პატრიარქიც: "აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არსებობს საქართველოს პატრიარქის იურისდიქცია, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ აფხაზეთში დღეს ერთგვარი კანონიკური არეულობაა, რაც ადამიანების სულიერ ცხოვრებას ვნებს. ვიმედოვნებთ, საბოლოოდ შევძლებთ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რისი საშუალებითაც მივაღწევთ კანონიკური წესრიგის დამყარებას, ასევე იმას, რომ აღიკვეთოს ყოველგვარი განხეთქილების შესაძლებლობა, რაც მხოლოდ და მხოლოდ ხელს უშლის ადამიანთა სულების გადარჩენას".
პატრიარქ კირილის ამ განცხადებას უკვე გამოეხმაურა რუსული პრესა. ერთ-ერთმა ინტერნეტგამოცემამ სტატიაც კი გამოაქვეყნა ასეთი სათაურით: "პატრიარქმა აფხაზეთი გააჩუქა", რომელშიც ავტორი იმედს გამოთქვამს, რომ პატრიარქ კირილის მიერ აფხაზეთში ქართული ეკლესიის იურისდიქციის აღიარება, მხოლოდ საქართველოს პატრიარქის მიმართ გაკეთებული რევერანსია და საეკლესიო-პოლიტიკური თამაში, რაც არ შეუშლის ხელს რუსულ და აფხაზურ ეკლესიებს უკვე არსებული ურთიერთობების გაგრძელებას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოშიც არიან სკეპტიკოსები, რომლებიც რუსულ ეკლესიას რუსული პოლიტიკის გაგრძელებად მიიჩნევენ და არ სჯერათ, რომ მასთან ურთიერთობის გზით რაიმე სასიკეთოს მიღწევა შეიძლება.
ფაქტი კი ერთია. ქართული ეკლესია, თუნდაც ფორმალურად, დღემდე ახერხებს შეინარჩუნოს ის, რისი დაკარგვაც პოლიტიკოსებმა უკვე მოახერხეს.
დავით შალიკაშვილი