ნორვეგიელმა სამართალდამცველებმა თამთა ლიპარტელიანის ცხედარი წყალში იპოვეს, - ამის შესახებ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ცხედრის იდენტიფიცირების მიზნით, ნორვეგიულმა მხარემ თამთა ლიპარტელიანის თითის ანაბეჭდები გამოითხოვა, რომელიც ქართულმა მხარემ მას ინტერპოლის საშუალებით მიაწოდა. ამის შემდეგ ოფიციალურად დადასტურდა ლიპარტელიანის გარდაცვალების ფაქტი.
კალანდაძის ცნობით, ლიპარტელიანს ზურგში ორი ტყვია აქვს მოხვედრილი. მისი თქმით, ნორვეგიაში საქართველოს კონსულმა ეს სამწუხარო ცნობა უკვე მიაწოდა ლიპარტელიანის მშობლებს, რომლებიც ოსლოში იმყოფებიან.
კალანდაძის განცხადებით, ლიპარტელიანის საქართველოში გადმოსვენების ხარჯებს თავის თავზე ნორვეგიული მხარე აიღებს.
22 ივლისს, ანდერს ბრეივიკი კუნძულ უტოიაზე მდებარე ახალგაზრდულ ბანაკს თავს დაესხა და 84 ადამიანი მოკლა. თავდასხმის მომენტში კუნძულზე თამთა ლიპარტელიანთან ერთად იმყოფებოდა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ნათია ჩხეტიანი, რომელმაც გადარჩენა შეძლო.