"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ვასილ ბოლაშვილს ტელეანძის შეძენა ხელისუფლებამ დაავალა.
როგორც ბურჯანაძემ განაცხადა, თავად ბოლაშვილს ამ ანძის შეძენისთვის არც შესაბამისი გამოცდილება და არც ინტერესი უნდა ჰქონოდა.
მისივე ინფორმაციათ, ბოლაშვილს, თავისი ბიზნესიდან გამომდინარე, ამ საქმეში არც 12 მილიონის ჩადების შესაძლებლობა აქვს.
"რაც შეეხება თავად ვასილ ბოლაშვილს, იმის გათვალისწინებით, რომ მას კახეთში ავტორიტეტი ჰქონდა, მე მას თავის დროზე, საპარლამენტო სიის განხილვის დროს, გარკვეული რეკომენდაცია გავუწიე, თუმცა ეს საკითხი, გასაგები მიზეზების გამო, ნეგატიურად გადაწყდა. მას შემდეგ ვასილ ბოლაშვილზე ძალიან დიდი ზეწოლა განხორციელდა მისი შვილის მეშვეობით. გიორგი ბოლაშვილი ჩემი შვილის თანაკლასელი და მეგობარი იყო. 2009 წელს ის აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, ჩემს 9 მხარდამჭერთან ერთად დააპატიმრეს და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში დასდეს ბრალი. სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდა 6 თვე ციხეში ჰყავდათ გამომწყვდეული. დღეს ვასილ ბოლაშვილის შვილი პირობით სასჯელს იხდის და ვფიქრობ, ეს ძალიან სერიოზული ბერკეტია, რომ ადამიანმა შეზღუდულად იმოქმედოს", - აღნიშნავს ბურჯანაძე.
"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი არ გამორიცხავს, რომ მასზე ამჟერადაც გარკვეული ზეწოლა განხორციელდა და ხელისუფლებამ ის, როგორც ერთ-ერთი ბიზნესწარმომადგენელი, გამოიყენა.
1-ელ აგვისტოს ჩატარებულ ელექტრონულ აუქციონზე გამარჯვებულად გამოცხადდა კომპანია "გოლდენ კომი" და მას 4 წლის ვადით, სამართავად გადაეცა შპს "ალფა კომის" საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, "ალფა კომის" მართვის უფლება წელიწადში 110 000 ლარად გაიყიდა.
ახალი ინვესტორი ვალდებულია, "ალფა-კომს" პროფილი შეუნარჩუნოს. აუქციონის პირობების მიხედვით, იგი "ალფა კომში" უახლოეს 4 წლის მანძილზე 12 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. მოხდება ანძის ტექნიკური გადაიარაღება და დაინერგება ახალი ტიპის სატელეკომუნიკაციო სერვისები და გაუმჯობესდება არსებული.
კომპანია "გოლდენ კომი" სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2011 წლის 11 ივლისს და კომპანიის ხელმძღვანელად დასახელებულია ვასილ ბოლაშვილი.
"ალფა-კომი" შპს "საქართველოს ტელერადიოცენტრის" ბაზაზე შეიქმნა და მისი სამართალმემკვიდრე იყო. მის მფლობელობაში შედიოდა არა მხოლოდ თბილისის, არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული კიდევ 35 ანძა. მარტო თბილისის ფუნიკულიორზე მდებარე ანძა ემსახურება 16 ტელე და 30-მდე რადიოკომპანიას.