"ID ბარათის მეშვეობით ხელისუფლებას მოქალაქის ყოველდღიური ცხოვრება ხელისგულზე უდევს"

"ID ბარათის მეშვეობით ხელისუფლებას მოქალაქის ყოველდღიური ცხოვრება ხელისგულზე უდევს"

თუ თქვენს პირადობის ბარათს ვადა გაუვიდა, დაზიანდა, დაკარგეთ, ან სულაც სახელისა და გვარის შეცვლა გინდათ, მიიღებთ ელექტრონულ და "ყველაფრის დამტევ" ბარათს. ახალი ID ბარათი გამოიყენება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო, საბანკო პლასტიკური, დაზღვევის, სტუდენტური, სამსახურებრივი და დაგროვებითი ბარათის ნაცვლად. ამასთან, ბარათში მოთავსებულია ორი ელექტრონული ჩიპი: კონტაქტური და უკონტაქტო. პირველზე დატანილია პირის პერსონალური მონაცემები, ხოლო მეორე განკუთვნილია სხვადასხვა სერვისის მიწოდებისთვის.

იუსტიციის სახლის ვებგვერდზე უკვე მოქმედებს სპეციალური ველი, სადაც მოქალაქემ უნდა მიუთითოს თავისი ბარათის სერიული ნომერი და მისი მისამართი ეკრანზე მყისიერად გამოჩნდება. ამავე უწყების მტკიცებით, ელექტრონული ბარათი მაღალტექნოლოგიური, გაყალბებისგან მაქსიმალურად დაცული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტია. ამ საბუთით შესაძლებელია პიროვნების იდენტიფიკაცია დისტანციურად, ინტერნეტის საშუალებით. ახალი თაობის პირადობის მოწმობა 30 ლარი ღირს.

ელექტრონული ბარათების შემოღებამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ნაწილის თქმით, ეს ბარათები ხელისუფლებას საკუთარი მოქალაქეების ტოტალურად გაკონტროლების საშუალებას მისცემს. წარმოადგენს თუ არა ელექტრონული ბარათის გამოყენება საფრთხეს და რატომ იკავებენ თავს ევროპაში მისი დანერგვისგან, ამ და სხვა საკითხებზე პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერს კახა კუკავას ვესაუბრეთ.

- ასეთი ტიპის ინიციატივებს დასავლეთის ქვეყნებში სიფრთხილით ეპყრობიან, რადგან ყველაფერს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს. საქართველოში ყველანაირ სიახლეს ხბოს აღტკინებით მივარდებიან, ერთი-ორი წლის შემდეგ კი მის გადაკეთებასა და შეცვლაზე იმტვრევენ თავს...

აშშ პოლიციური ქვეყანაა, ევროპაში კი ამ ტიპის ბარათების შემოღებაზე არაერთხელ იყო საუბარი, მაგრამ ყოველ ჯერზე ჩავარდა, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს - ევროპა სრულიად სხვა ფასეულობებზე, ლიბერალურ დემოკრატიასა და ადამიანის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული. თითის ანაბეჭდის გადატანას ბიომეტრიულ მოწმობებში თავისი დადებითი მხარეც აქვს, რადგან ის ელექტრონული იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა, მაგრამ თავისი უარყოფით მხარეც აქვს, პოლიცია ადამიანთა შესახებ პრაქტიკულად ნებისმერ პერსონალურ ინფორმაციას სრულად აკონტროლებს.

- კი მაგრამ, როგორც ვიცით, ადგილობრივ პოლიციას თავის მოქალაქეებზე სრული ინფორმაციის მოპოვება ახლაც შეუძლია...

- დიახ, მაგრამ ეს არ არის საამაყო, ქართველი საზოგადოება ტოტალიტარიზმისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს კი არ უნდა მიესალმებოდეს, უნდა აპროტესტებდეს. ამ ბარათის საშუალებით ხელისუფლებას ნებისმიერი მოქალაქის ყოველდღიური ცხოვრება ხელისგულზე უდევს. არადა, ჩვენში ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ პერსონალური ინფორმაცია, ევროპული კონვენციის სახელით, დაცული სიკეთეა. საქართველოს ხელისუფლებას გაეცინება ამაზე, მაგრამ სატელეფონო საუბრების, საბანკო ანგარიშების ინფორმაციისა და სხვა პერსონალური მონაცემების გაკონტროლება ადამიანის უფლებების დარღვევაა. ევროპის არც ერთ სახელმწიფოში მოქალაქეების კონტროლირების იმდენი ბერკეტი არ არსებობს, რაც საქართველოში. იმ ქვეყნების ხელმძღვანელობამ კიდეც რომ მოინდომოს ამ სიახლის დანერგვა, მოქალაქეები ამის საშუალებას არ მისცემენ.

- კი მაგრამ, ჩვენს სახელმწიფოს ამ ბარათების გარეშეც შეუძლია ყველაფრის გაკონტროლება...

- დიახ, მაშინ, როცა საქართველოში ეს კანონით დაშვებულად ცნეს და პანტაპუნტით იღებენ მსგავს კანონებს, დასავლეთში ერთი ამბავი ატეხეს, მერდოკის უზარმაზარი კომპანია მოსმენებშია შემჩნეულიო და მასშტაბური გამოძიება დაიწყო. რადგანაც სოციალური ქსელების მომხმარებლების პერსონალური მონაცემები ყველასთვის ხელმისაწვდომია, ამაში მერდოკს ადანაშაულებენ და მისთვის შეზღუდვების დაწესებას ითხოვენ. საფრანგეთში კი, თუ წინასწარი სპეციალური ნებართვა არ აქვთ, ტელეფონის ცნობარშიც კი არ შეგიყვანენ.

- ამ სიახლეს არც სასულიერო პირები მიესალმებიან...

- დიახ, საპატრიარქოს ამის შესახებ ოფიციალური პოზიცია არ გაუვრცელებია, მაგრამ ლაპარაკია აპოკალიფსის წინა პერიოდზე და როცა საზოგადოების ასეთ დიდ ნაწილში უკმაყოფილებაა, მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, მაგრამ ჩვენთან მოდაშია ნებისმიერი სიახლის ატაცება და შედეგზე არავინ ფიქრობს.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა