"ბათუმი ჩემი ქალიშვილია, მე ის ვიშვილე!" - პრეზიდენტის ეს გამონათქვამი მოარულ ფრაზად იქცა, თუმცა ოპოზიცია პრეზიდენტის განსაკუთრებულ სიყვარულს აჭარის მიმართ ეჭვის თვალით უყურებს.
"საბოლოო ჯამში, ბათუმი შენდება თუ ინგრევა, მალე გამოჩნდება", - გვითხრა პოლიტიკური პარტია "თავისუფალი საქართველოს" რეგიონულმა მდივანმა გიორგი ყრუაშვილმა, რომელმაც ყურადღება ამ ულამაზესი ქალაქის პრობლემებზე გაამახვილა:
- ერთი შეხედვით, ბათუმი მართლაც ლამაზდება, მაგრამ რის ფასად უჯდება ამ მშვენიერ ქალაქს შეღებილი ფასადების თუ შადრევნების სიმრავლე, საკითხავი სწორედ ეს არის. ხელისუფლებისთვის მთავარი მიმართულებაა არა განათლება, არა კულტურა და ჯანდაცვა, არამედ "ნაციონალი" ბიზნესმენების ინტერესები, რაც, საბოლოო ჯამში, "ნაციონალური მოძრაობის" პირველი პირების ფინანსურ კეთილდღეობას ემსახურება.
ახლახან შევიტყვეთ, რომ ბათუმის ცენტრში მდებარე კინოთეატრი "თბილისი" საეჭვო ვითარებაში, საეჭვო ფასად გადაეცა პრეზიდენტის ერთ-ერთ დამფინანსებელს, თენგიზ ბაკურიძეს, რომელიც წლების წინ ასლან აბაშიძის ერთ-ერთი დამფინანსებელი იყო, შემდეგ კი, როგორც მაქინაციებში კარგად გარკვეული კაცი, სააკაშვილმაც არ მოიცილა გვერდიდან და "მოღვაწეობა" გააგრძელებინა. ახლა კი, სააკაშვილის სახელს ამოფარებული ანგრევს იქაურობას. სწორედ მან გასცა განკარგულება და კინოთეატრი "თბილისი" ნახევარ საათში გაასწორეს მიწასთან. სხვა ფაქტის მოყვანაც შემიძლია:
ბათუმგორაზე, ულამაზეს ადგილას იყო რესტორანი, რომელიც ვინმე შერვაშიძეს ეკუთვნოდა. ეს ადგილი მოეწონა სააკაშვილს და მფლობელს სთხოვა, "ნაციონალური მოძრაობისათვის" გადაეფორმებინა. შერვაშიძემ უარი განუცხადა, რის შემდეგაც ფინანსური პოლიცია შეუგზავნეს და რაც ეს რესტორანი ღირდა, სამჯერ მეტი გადაახდევინეს. თუ ადრე ასეთი საქმეები ქურდული გარჩევით "გვარდებოდა", ახლა პოლიციური გარჩევით "გვარდება". რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც ყველაფერი "მოაგვარეს" და შერვაშიძეს რესტორანი წაართვეს.
- განაცხადეთ, ბათუმის ცენტრი მოსახლეობისაგან უნდა დაიცალოსო...
- ეს მართლაც ასეა: ჩაფიქრებული აქვთ, რომ ბათუმის ცენტრალური, რუსთაველის ქუჩა მოსახლეობისგან დაიცალოს და ხალხი ქალაქის გარეუბნებში გადაიყვანონ. სამაგიეროდ, ამ ქუჩაზე სასტუმროების აშენებას აპირებენ. თურქ ბიზნესმენებთან აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკება ბათუმის უნივერსიტეტის შენობების მთელი კომპლექსის გადაცემაზეც. იმავე ბედს გაიზიარებს მინისტრთა საბჭოს შენობაც, რომლის რემონტსა და შემინვაზე მილიონები დახარჯეს, ბოლოს კი თურქებს მისცეს. ბათუმელები ამბობენ, ეს ქალაქი ჩვენი კი არა, თურქებისა და სომხებისააო, თუმცა რა გვიკვირს, თბილისიც ხომ ანალოგიურ მდგომარეობაშია?
- რა იცით ბათუმის 1-ლი საავადმყოფოს შესახებ?
- გვაქვს ინფორმაცია, რომ პირველი საავადმყოფოს ადგილზე პრეზიდენტის რეზიდენცია ან სახელმწიფო დაწესებულება უნდა აშენდეს. საქართველოს იმხელა საგარეო ვალი აქვს, რომ საბოლოოდ ამ ქვეყანას მაინც უცხოელები წაგვართმევენ. ჩვენი წინაპრები სისხლს ღვრიდნენ, რომ ქართული მიწა-წყალი შეენარჩუნებინათ, ესენი კი მისხალ-მისხალ ყიდიან ყველაფერს.
- ბატონო გია, დავუბრუნდეთ ბათუმს...
- უნდა ვაღიაროთ, რომ აჭარაში უამრავი სასტუმრო შენდება, მაგრამ ვისთვის? თუ დადიან ამ სასტუმროებში ჩვეულებრივი, რიგითი ქართველები? იქ მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები დადიან თავიანთ ცოლებთან და საყვარლებთან ერთად. ქვეყანა გასხვისდა, დანაწევრდა, ამათ კი გასართობად აქვთ საქმე!
P.S. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძემ ბათუმში ზემოაღნიშნულ მშენებლობაზე გვითხრა: "კინოთეატრ "თბილისის" ადგილას მართლაც მიმდინარეობს მშენებლობა. როგორც ვიცი, იქ უნდა აიგოს მრავალფუნქციური კომპლექსი, ხოლო 1-ლი საავადმყოფოს ადგილას სახელმწიფო დაწესებულება გადავა. რა დაწესებულება იქნება ეს, ჯერჯერობით არ ვიცით. თუმცა ეს ყველაფერი ჩვენი არქიტექტორებისა და ეკონომიკის სამინისტროს გადასაწყვეტია და არა ბათუმის საკრებულოსი".
ხათუნა ჩიგოგიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)