ეს, ცოტა არ იყოს, დაუჯერებელი ინფორმაცია პოლიტიკური პარტია "თავისუფალი საქართველოს" კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი მოსიაშვილმა მოგვაწოდა. თურმე მღრღნელებს მართლა შეუძლიათ ქალაქს წყალი გადაუკეტონ(?!). როგორ მოხდა ეს ამბავი და რა საფრთხეს უქადის მოსახლეობას თელავის წყალმომარაგების სისტემა, ამის შესახებ ბატონი გიორგი მოგვითხრობს:
- უკვე რამდენიმე წელია ხელისუფლება თელავის მოსახლეობას 24-საათიან წყალმომარაგებას ჰპირდება. ეს ამბავი პირველად 2006 წელს გვახარეს, მერე 2007 წელს გაიძახოდნენ, მომავალი წლიდან გექნებათ 24-საათიანი წყალმომარაგებაო. ახლა უკვე 2011 წელია, მაგრამ მოსახლეობა დღესაც პრობლემის წინაშე დგას. 24-საათიან წყალმომარაგებას ვინ დაეძებს, თვითონ წყლის ხარისხიც დადგენილ სტანდარტებს არ შეესაბემება. წყალი, რომელიც თელავში მოდის, ჯანმრთელობისათვის საშიშია, ჩვენი ქალაქის წყალმომარაგება კი კატასტროფულ მდგომარეობაშია. სათავე ნაგებობაში 20-30-სანტიმეტრიანი ნაპრალებია, იქ ჩაედინება წვიმის წყალი, ძვრებიან მღრღნელები, არის საფრთხე, ქვეწარმავლებიც მოხვდნენ. რამდენიმე თვის წინ თელავში, თამარ მეფის ქუჩაზე მთელ უბანს შეუწყდა წყალი, ერთ ადგილას ამოთხარეს მიწა, მეორე ადგილას, მესამე ადგილასაც და ბოლოს აღმოაჩინეს მილი, სადაც მღრღნელი იყო გაჭედილი...
- როგორ მოხვდა მღრღნელი წყალგაყვანილობის მილში?
- სათავე ნაგებობაში შედარებით ფართო მილებია, სადაც ვირთაგვა თავისუფლად შეძვრა, ერთ-ერთ ადგილას, სადაც მილი შედარებით ვიწრო იყო, გაიჭედა და მთელ უბანს წყალი "გადაუკეტა". რა მდგომარეობაშია ქალაქის წყალმომარაგების სისტემა, ამ ფოტოზეც კარგად ჩანს, რომელიც უნივერსიტეტის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული... პრობლემის შესწავლის მიზნით მოვიწვიეთ სპეციალისტები, ადგილზე გავეცანით შექმნილ მდგომარეობას, რომელიც მართლა მძიმეა: თელავის წყლის სათავე ნაგებობის ჭა ამორტიზებულია, დაცული არ არის მისი ჰერმეტულობა, რაც ქალაქში ეპიდემიის გავრცელების საფრთხეს ქმნის. ეს ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ თელავის წყალმომარაგება ხელიდან ხელში გადადის - ხან ერთი კომპანიის საკუთრება ხდება, ხან - მეორის, საბოლოო ჯამში კი ხალხი ზარალდება.
- დაახლოებით რა შუალედით მიეწოდებათ თელაველებს წყალი?
- თელავის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოიყოფა თანხები წყალმომარაგების მოსაწესრიგებლად. მაგალითად - 2009 წელს სისტემის რეაბილიტაციისათვის გამოიყო 2 მილიონ ლარზე მეტი, 2010 წელს ჭაბურღილები გააკეთეს და ამისთვის გამოიყო 1,5 მილიონი ლარი, ეს არ არის ცოტა ფული თელავის მწირი ბიუჯეტისათვის. თუმცა თელაველებს წყალი კვირაში 2-3 დღის ინტერვალით მიეწოდებათ.
სხვათა შორის, ყველა "სიკეთესთან" ერთად, გრაფიკი წარამარა იცვლება. თუ მაგალითად, რუსთაველის გამზირზე, სადაც მე ვცხოვრობ, ორშაბათს და ხუთშაბათს უნდა მოვიდეს წყალი, უცებ შეცვლიან გრაფიკს და გვეუბნებიან, ახლა სამშაბათს და პარასკევს გექნებათო. ასეთი, ელემენტარული საკითხებიც კი ვერ მოუგვარებიათ. მოსახლეობის პროტესტი ამ დროს სრულიად სამართლიანია - იხვეწებიან, გვითხარით, როდის გვექნება წყალი, ან დაზუსტებით ვიცოდეთ, როგორია ტარიფი და გადავიხდითო. ერთნაირ თანხას სთხოვენ იმას, ვისაც წყალი კვირაში ორჯერ ან სამჯერ აქვს და იმასაც, ვისაც სულ არ მიეწოდება.
- მოსახლეობა სასმელად რას იყენებს?
- თელავში ჭაბურღილებია და მოსახლეობა ამ წყალს იყენებს. ვისაც საშუალება არა აქვს, ონკანის წყალს ადუღებს და იმას სვამს. როცა წვიმს, ონკანში ტალახიანი სითხე მოდის, რომელსაც სასმელ წყალთან საერთო არაფერი აქვს. ამას არ სჭირდება მეცნიერული ანალიზი და დიდი დაკვირვება, შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. ზოგიერთმა ონკანში მწერები და ჭიაყელებიც კი აღმოაჩინა. მართალია, "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების" კომპანიის მენეჯერი ფარნა მაყაშვილი ადგილობრივ ტელევიზიასა და რადიოში ამტკიცებს ეს სიცრუეაო, მაგრამ სიუჟეტიც მომზადდა ადგილობრივი ტელევიზიით, სადაც ჩანდა, როგორ მოედინებოდა ონკანიდან მღვრიე და დაბინძურებული წყალი. ბატონმა ფარნამ საპასუხოდ განაცხადა - მე რა ვიცი, ეს სიუჟეტი სად გადაიღეთო. სწორედ ამ გულგრილობის ბრალია, რომ თელავში რამდენიმე ბავშვი მოიწამლა და ამის მიზეზად წყალს ასახელებენ.
- ხელისუფლების წარმომადგენლები თუ ლაპარაკობენ საკითხის მოგვარებაზე?
- ამას წინათ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი იყო ჩამოსული თელავში და დაგვპირდა, წყალმომარაგების სისტემას მთლიანად შევცვლითო, მაგრამ ქალაქში სამუშაოები დღემდე არ დაწყებულა. როგორც გითხარით, ასეთი დაპირებები 2005-2006 წლიდან გვესმის, მაგრამ ჩვენდა საუბედუროდ, არ სრულდება.
P.S. კომპანია "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების" კახეთის მენეჯერმა ფარნა მაყაშვილმა გვითხრა: "საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უკვე გამოაცხადა, რომ თელავის წყალმომარაგების სისტემა მთლიანად უნდა შეიცვალოს, ხალხი უკვე მუშაობს ამ საკითხზე, 5 მილიონი იხარჯება და ამ ფონზე ბატონი მოსიაშვილის განცხადებები სრულიად უსაფუძვლოდ მიმაჩნია".
ხათუნა ჩიგოგიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)