"ყველა სიახლის" წინა, 30-ე ნომერში ვწერდით, რომ ფეხბურთის მეფე, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგანგებო ელჩი, პელე თბილისში ჩამოდის. ის საპატიო სტუმარი იქნება ფეხბურთში საერთაშორისო-საქველმოქმედო ტურნირისა, რომელიც 23-24 ნოემბერს თბილისში უნდა გაიმართოს და რომლის ორგანიზატორია "საქართველოს კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და საქმიანი ურთიერთობების ფონდი". რამდენიმე დღის წინ კი ამ ფონდის დირექტორი და საქართველოში არგენტინის სახლის თავმჯდომარე ნიკო პატარქალიშვილი რედაქციაში გვეწვია და პელეს ვიზიტთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან პროექტებზე გვესაუბრა:
- ეს ტურნირი საქართველოსა და მერკოსურის ქვეყნების (არგენტინა, ბრაზილია, ურუგვაი, პარაგვაი) მეგობრობის თასზე ჩატარდება. მერკოსურის ქვეყნები დაინტერესებული არიან "აბრეშუმის გზით" და ამიტომ ტურნირი ქართული ფეხბურთის განვითარების გარდა, მიზნად საქართველოსა და ამ ქვეყნებს შორის მჭიდრო კავშირის დამყარებას ისახავს, რაც ეკონომიკურ, საქმიან და კულტურულ ურთიერთობათა ჩამოყალიბებას გულისხმობს. ლაპარაკია, აგრეთვე, ახალი ბიზნეს და ტურისტული პროექტების განხორციელებაზე. საფეხბურთო ტურნირის მსვლელობისას დაგეგმილია სხვადსხვა კულტურული ღონისძიება და წარმომადგენლობითი დელეგაციების გარდა, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან ტურისტული ჯგუფების მოზიდვა. საქართველოში უკვე დაფუძნებულია არგენტინის სახლი, არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროსთანაც შეთანხმებულია, რომ უახლოეს მომავალში არგენტინაშიც გაიხსნება საქართველოს სახლი.
- რა მიზანს ისახავს ამ "სახლების" დაფუძნება საქართველოსა და არგენტინაში?
- საქართველოსა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს შორის სპორტული, ეკონომიკური, კულტურული და ტურისტული ურთიერთობების განვითარებას. არგენტინასთან 20 წლის ურთიერთობა მაკავშირებს. 2006 წელს ურუგვაის ნაკრები ჩემი მოწვევით ჩამოვიდა საქართველოში და მას ჩვენმა ნაკრებმა 2:0 მოუგო. იმისათვის, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში საქართველოს ნაკრებმა წარმატებას მიაღწიოს, ჩვენ კარგად მომზადებული 18-20 ფეხბურთელი მაინც უნდა გვყავდეს. ვფიქრობთ, ეს ფეხბურთელები არგენტინასა და ბრაზილიაში მოვამზადოთ. ნოემბერში დაგეგმილ ტურნირს იმ მხრივაც აქვს მნიშვნელობა, რომ არგენტინიდან ველოდებით ცნობილი მწვრთნელის, სესარ ლუის მენოტის ჯგუფს, რომელიც ტურნირის დამთავრებისთანავე, ფეხბურთის ფედერაციასთან შეთანხმებით, ქართველ ფეხბურთელებს შეარჩევს. რაც შეეხება ჩვენს მთავარ გმირს, ფეხბურთის მეფეს, ის საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატის ელჩის რანგში ჩამოდის, საქართველოდან კი გერმანიაში, ინგლისსა და საფრანგეთში გაემგზავრება.
- რამდენ დღეს დაჰყოფს პელე საქართველოში და თუ სმენია რამე ჩვენს ქვეყანაზე?
- პელე აქ 48 საათის განმავლობაში დარჩება. სამწუხაროდ, საქართველოზე ძალიან მწირი ინფორმაცია აქვს, სამაგიეროდ, კარგად ახსოვს სახელგანთქმული ქართველი ფეხბურთელები: მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, გიორგი სიჭინავა. პელეს აქ ჩამოსვლა ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი რეკლამა იქნება მსოფლიოში.
- სახელგანთქმული დიეგო მარადონას თბილისში ჩამოსვლისას საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, როდესაც ასეთი რანგის ფეხბურთელს თითქმის ცარიელი სტადიონი დახვდა.
- დიეგო მარადონას აქ ჩამოსვლისა არავის სჯეროდა - არც ოფიციალურ უწყებებს და არც ჟურნალისტებს... ერთ-ერთმა სატელევიზიო არხმა ისიც კი გადმოსცა - ეს დიეგო მარადონაა თუ ორეულიო. ამ შემთხვევაში ასე აღარ უნდა მოხდეს. ამ ტურნირზე ხომ ნამდვილი ფეხბურთის მეფე ჩამოდის, მასთან ერთად კი - მსოფლიო ფეხბურთის ქომაგები, საქმიანი ადამიანები. ამ ტურნირს მარტო ფეხბურთის თვალსაზრისით არ ექნება მნიშვნელობა, ვიწვევთ ბიზნესის, ტურიზმისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, მუსიკოს-შემსრულებლებს, რომლებიც ბრაზილიური კარნავალების მთავარი მუხტია. ტურნირი საზეიმოდ გაიხსნება ბორის პაიაჭაძის სახელობის სტადიონზე, ვაპირებთ ჩასვლას ბათუმსა და ქუთაისშიც.
- ქუთაისში, მგონი, პელეს მოსახელე გელოდებათ...
- დიახ, 1970 წელს ქუთაისში დაიბადა ერთი ქართველი, გვარად გურული, მამამისმა პელეს ბრაზილიის საელჩოს მეშვეობით წერილი გაუგზავნა, ჩემს ვაჟს შენი სახელი უნდა დავარქვაო. პელემ ასევე საელჩოს მეშვეობით თანხმობა მისცა და საჩუქრად გამოუგზავნა იმ თასის ასლი, რომელიც ბრაზილიამ 1970 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე მესამედ და სამუდამოდ მოიპოვა. თქვენ წარმოიდგინეთ, პელე გურული სახის ფერითაც წააგავს ფუხბურთის მეფე პელეს (იცინის). პელე გურულმა რომ შეიტყო, თბილისში ფეხბურთის მეფე ჩამოდისო, დამიკავშირდა და მთხოვა, შემახვედრეთო.
- როგორც ჩანს, პელეს ვიზიტს მრავალი ბიზნესგეგმა უკავშირდება.
- პელეს ჩამოსვლა საქართველოში ისედაც დიდი მოვლენაა, მაგრამ რაც შეეხება პროექტს, მართლაც ძალიან მოგებიანია. მაგალითად, ყავის ცნობილ ბრენდს "პელეს" სურს, ფინანსური მონაწილეობა მიიღოს ამ ტურნირში. გარდა ამისა, მერკოსურის ქვეყნები უკვე დაინტერესდნენ ჩვენი პროდუქციით - მინერალური წყლებით, ღვინით. წარმოიდგინეთ, რამხელა რეკლამა იქნება მთელ მსოფლიოში პელეს გვერდით მდგარი რომელიმე მინერალური წყლის ბოთლი...
ტურნირის შემდეგ არგენტინაში კულტურულ-სავაჭრო ცენტრების გახსნას ვაპირებთ. გარდა ამისა, იქ საკმაოდ ბევრი ქართველი ცხოვრობს, ამიტომ ახლო მომავალში დიდი სურვილი გვაქვს, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, იქ ქართული ეკლესიაც ავაშენოთ.
ლიკა კერატიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)