ნინია კაკაბაძე - რობერტ სტურუა ქსენოფობი რომ იყოს, მის შემოქმედებაში ეს ერთხელ მაინც გამოჩნდებოდა

ნინია კაკაბაძე - რობერტ სტურუა ქსენოფობი რომ იყოს, მის შემოქმედებაში ეს ერთხელ მაინც გამოჩნდებოდა

კინომცოდნე ნინია კაკაბაძის აზრით, რობერტ სტურუა ქსენოფობი რომ იყოს, ეს მის შემოქმედებაში ერთხელ, მკრთალად მაინც გამოჩნდებოდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კაკაბაძემ განუცხადა, სტურუას რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობიდან გათავისუფლებით გაჩნდა ეჭვი, რომ რეჟისორი არამარტო ქსენოფობიურ განცხადებებს, არამედ ხელისუფლებისადმი კრიტიკულ დამოკიდებულებას შეეწირა.

"რობერტ სტურუა ქსენოფობი რომ იყოს, ეს მის შემოქმედებაში ერთხელ, მკრთალად მაინც გამოჩნდებოდა. მან, უბრალოდ, პროვოცირება მოახდინა ამ ამბის და ახალი სპექტაკლი დადგა. ჩნდება ეჭვი, რომ რობერტ სტურუა არა მარტო ქსენოფობიური განცხადებების გამო გაუშვეს თანამდებობიდან, არამედ იმის გამო, რომ არის ამ ხელისუფლების რადიკალური კრიტიკოსი. ასეთი ტიპის განცხადება არაერთხელ მოგვისმენია არაერთი საჯარო პირისგან, მაგრამ მაშინვე არავინ არ დასჯილა. გაგახსენებთ დეპუტატ ბესო ჯუღელთან დაკავშირებულ ფაქტს, რომელმაც ქსენოფობიური განცხადება სწორედ სომხების შესახებ გააკეთა. ხელისუფლების მხრიდან ამას არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია. ბუნებრივია, ეჭვი ჩნდება, მაგრამ, სამწუხაროდ, რობერტ სტურუამ ჩვენ არ დაგვიტოვა იმის საშუალება, რომ მისი უფლებები მეტად დაგვეცვა, ვინაიდან მართლაც გააკეთა ასეთი განცხადებები და დღემდე არც იმას ამბობს, რომ იხუმრა ან რაღაც ამბის პროვოცირება მოახდინა", - აღნიშნა კაკაბაძემ.

ქსენოფობიური განცხადებების გაკეთების მიუხედავად, კაკაბაძეს სჯერა, რომ არც ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია ქსენოფობი.

"ისევე, როგორც მჯერა, რომ სტურუა არ არის ქსენოფობი, ასევეა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც... ის ნამდვილად არის ტოლერანტი ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების მიმართ. თუმცა, ქსენოფობია არ არის არც ერთი ჩვენგანისთვის ძალიან უცხო, არავინ არ იბადება ტოლერანტად, ჩვენ ვიზრდებით და შემდეგ ვსწავლობთ, როგორ უნდა ვცეთ პატივის სხვას, საკუთარი თავის მსგავსად. ქსენოფობიური იდიომებისა და ფრაზებისგან გათავისუფლება არც ისე ადვილია", - აღნიშნა კინომცოდნემ.

რობერტ სტურუა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ბრძანებას ხელს აწერს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუა.

ამასთან, ნიკა რურუამ განაცხადა, რომ რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობიდან მის მიერ გამოთქმული "ეთნიკური მეტაფორების" გამო გათავისუფლდა.

"სახელმწიფო, რომელიც მოცემულობით არის მულტიეთნიკური და მულტიკულტურული, ვერ შეეგუება და ვერ დააფინანსებს ქსენოფობიას. ქსენოფობიაში იგულისხმება ის გამონათქვამები, ეთნიკური მეტაფორები, რომელსაც სტურუა იყენებდა მრავალრიცხოვანი ინტერვიუების დროს", - განაცხადა ნიკა რურუამ.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"