"რა სახსრებით აპირებს ლევან გაჩეჩილაძე ვალის გასტუმრებას, სექტემბერში იტყვის"

"რა სახსრებით აპირებს ლევან გაჩეჩილაძე ვალის გასტუმრებას, სექტემბერში იტყვის"

"ქართული პარტიის" ყოფილ წევრ ლევან გაჩეჩილაძესა და "ტაოპრივატბანკს" შორის დავა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. ადვოკატ ნათია კორკოტაძის განცხადებით, ლევან გაჩეჩილაძეს ამ ბანკის დავალიანება, რომელიც 220 ათას დოლარს შეადგენს, არ გაუსტუმრებია, რის გამოც გაჩეჩილაძის სიდედრის საცხოვრებელს აუქციონზე გატანა ემუქრება. თუმცა ბარნოვის 144-ში მდებარე ბინის გამო დავამ სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლა და დავის დასრულებამდე აუქციონი, წესისამებრ, ვერ გამოცხადდება.

ნათია კორკოტაძე, ლევან გაჩეჩილაძის ადვოკატი:

-  ლევან გაჩეჩილაძეს "ტაოპრივატბანკის" ვალი აქვს - 220 ათასი დოლარი. საქმემ სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლა, თუმცა პროცესი, სავარაუდოდ, სექტემბერში გაიმართება და ბატონი ლევანიც სწორედ მაშინ გეგმავს პრესკონფერენციის გამართვა.

-  "ქართული პარტიის" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ ლევან გაჩეჩილაძემ მათი პარტიის გეგმები გაყიდა. სანაცვლოდ კი ხელისუფლებისგან 5 მილიონი დოლარი მიიღო და ვალები გაისტუმრა...

-  პრესკონფერენციის ერთ-ერთი თემა ესეც იქნება, მე ვიცავ "ტაოპრივატბანკში" ლევან გაჩეჩილაძის ინტერესებს და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ ბანკის ვალი ნამდვილად არ გაუსტუმრებია. არ შეიძლება ისე მოიქცე, როგორც ირაკლი ოქრუაშვილი - 5 მილიონი აიღოო, - ცილი დასწამო ადამიანს, რომელსაც ვალის არც ერთი თეთრი არ აქვს გასტუმრებული.

-  "ქართული პარტიის" წარმომადგენლები ამბობენ, რომ "ტაოს" გარდა, ლევან გაჩეჩილაძეს კიდევ რამდენიმე ბანკთან აქვს დავა უძრავ ქონებაზე...

-  კი, დავები ნამდვილად აქვს. კონკრეტულად ვერ გეტყვით, მაგრამ ვიცი, რომ ლევანს 3-4 ბანკთან აქვს პრობლემა და დაახლოებით 2 მილიონამდე უნდა გაისტუმროს. "ტაოს" ვალი მას 2008 წლიდან აქვს, და თუ ვალების გასტუმრებას დააპირებდა, პირველ რიგში, ამ ბანკისას გაისტუმრებდა. ამ ბანკში ჩადებულია ლევან გაჩეჩილაძის სიდედრის ბინა, რომელიც ბარნოვის 144-ში მდებარეობს. ბატონი ლევანი ამის გამო ძალიან ნერვიულობს. წარმოიდგინეთ, რომ ქალბატონმა მთელი ახალგაზრდობა ამ ბინაში გაატარა და ახლა, შესაძლოა გაასხვისონ. ეს თანხა ლევანმა ბანკიდან რადიო "უცნობის" ასაღორძინებლად გამოიტანა, მაგრამ დაიწყო ომი, იყო ფორსმაჟორული სიტუაცია და ვერ შეძლო ვალის გასტუმრება. კიდევ ერთხელ დავაზუსტებ: დღემდე ლევან გაჩეჩილაძეს არც ერთი ვალი არ გაუსტუმრებია. როდის და რა სახსრებით აპირებს ამ ვალების გასტუმრებას, ბატონი ლევან გაჩეჩილაძე სექტემბერში დაგეგმილ პრესკონფერენციაზე იტყვის.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ