რეპრესირებული ადამიანები სასამართლოს განაჩენს ელიან

რეპრესირებული ადამიანები სასამართლოს განაჩენს ელიან

საბჭოთა პერიოდში ბევრი ქართველი გახდა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლი და უმძიმესი, ჯოჯოხეთური წლების გავლა მოუხდა. სამწუხაროდ, ბევრი უმოწყალოდ დახვრიტეს და ოჯახებს მათი ცხედრებიც არ ღირსებია. დღემდე ყველას უმძიმს იმ ავადსახსენებელი წლების გახსენება. ბუნებრივია, მიყენებულ ტკივილს მათ ვერანაირი თანხა ვერ აუნაზღაურებს, მაგრამ ამდენი წლის შემდეგ, სახელმწიფომ ვალდებულება აიღო, მათ მორალური ზიანისთვის კომპენსაცია გადაუხადოს.

19 აპრილს, საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა. "პირს, რომელმაც რეპრესია განიცადა თავისუფლების აღკვეთის, გადასახლების, გასახლების, სპეციალური დასახლების ადგილას გამწესების, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსების სახით, ან გარდაიცვალა პოლიტიკური რეპრესიის შედეგად და აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, შეიძლება ფულადი კომპენსაცია მიეცეს. პირის გარდაცვალების შემთხვევაში ფულადი კომპენსაცია შეიძლება მიეცეს მის პირველი რიგის მემკვიდრეს", - ნათქვამია კანონში.

ამ ცვლილების შემდეგ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას დახმარებისთვის მრავალმა რეპრესირებულმა ოჯახმა მიაკითხა და იქ რიგებიც კი დადგა. იურისტები მათ სასარჩელო განცხადების მომზადებაში ეხმარებიან. რიგები იდგა შს სამინისტროს არქივშიც, საიდანაც რეპრესირებულთა ცნობების გამოთხოვნა ხდება. ბევრი იმედოვნებს, რომ სახელმწიფოსგან სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს. ჯერჯერობით უცნობია, თბილისის საქალაქო სასამართლო რა გადაწყვეტილებას გამოიტანს ათასობით საჩივარზე და საბოლოოდ, სახელმწიფოს რა თანხის გაღება მოუწევს. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი უშუალოდ რეპრესირებულმა ან მისი პირველი რიგის მემკვიდრემ უნდა შეიტანოს. ასოციაციას დახმარებისთვის ცნობილმა პირებმაც მიმართეს. მათ შორის არიან მწერლები - ჭაბუა ამირეჯიბი და ნიკო სამადაშვილი. სასამართლოში დიდი მწერლის, მიხეილ ჯავახიშვილის ოჯახის საჩივარიცაა შესული: საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი, თუ როგორ სადისტურად გაუსწორდნენ მას. "დიდხანს ვფიქრობდით, შეგვეტანა თუ არა სარჩელი. ვერანაირი ფულადი კომპენსაცია ვერ აანაზღაურებს ჩვენს ტკივილსა და ტრაგედიას, მაგრამ ვფიქრობთ, ის თანხა მამას მუზეუმს მოვახმაროთ. ძალიან ბევრია გასაკეთებელი. ვნახოთ, რა იქნება", - გვითხრა მწერლის ქალიშვილმა რუსუდან ჯავახიშვილმა.

რას ითვალისწინებს აღნიშნული კანონი, რა პროცედურების გავლა უწევთ რეპრესირებულებს და რა პრობლემის წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ ისინი? - ამ ყველაფრის გასარკვევად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ვეწვიე.

კახა კოჟორიძე, ასოციაციის იურისტი:

- კანონი პარლამენტმა 1997 წელს მიიღო. იმ ადამიანების რეაბილიტაცია და მსხვერპლად აღიარება მოხდა, რომლებმაც საბჭოთა პერიოდში პოლიტიკური რეპრესიები განიცადეს. მაშინ მათთვის დაწესდა სოციალური შეღავათები კომუნალურ გადასახადებზე და ზოგიერთს პენსიაც დაენიშნა. მიღებულ კანონში აღნიშნული იყო, - ამ ადამიანებს უნდა აუნაზღაურდეთ როგორც ქონებრივი ზიანი, ასევე გარკვეული ფულადი კომპენსაციაც უნდა მიეცეთო, - მაგრამ გაწერილი არ იყო კონკრეტული გეგმა, თუ რომელ სახელმწიფო ორგანოს ან რა რაოდენობის თანხა უნდა გაეცა. მაშინ ისიც ითქვა, რომ პარლამენტი ახალ კანონს მიიღებდა, მაგრამ წლები ისე გავიდა, პარლამენტს კანონში ცვლილება არ შეუტანია. არსებული კანონის საფუძველზე მოქალაქეები სასამართლოს რომ მიმართავდნენ და ფულად კომპენსაციას ითხოვდნენ, სასამართლოები მათ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდნენ იმ მოტივით, რომ კანონი არ იყო მიღებული.

- ამდენი წლის შემდეგ ამ კანონის მიღება რამ განაპირობა?

- ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამ საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ძმებმა - კლაუს და იური კილაძეებმა საქართველოს სამართლებრივ სივრცეში დავის შესაძლებლობა ამოწურეს. ისინი სახელმწიფოსგან კომპენსაციას ითხოვდნენ. ჩვენი ორგანიზაციის დახმარებით, სარჩელი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში 2006 წელს გაიგზავნა. კილაძეების მშობლები რეპრესიის მსხვერპლნი გახდნენ, ამიტომ მათ მძიმე ცხოვრების გავლა მოუხდათ. ბავშვთა სახლებში გაიზარდნენ. ფაქტობრივად, ძმებიც მსხვერპლად ითვლებიან. 2010 წელს სტრასბურგის სასამართლომ მათ სარჩელზე გადაწყვეტილება მიიღო.

ის ფაქტი, რომ პარლამენტს ნაკისრი ჰქონდა შესაბამისი კანონის მიღება, მაგრამ 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ მიიღო, სტრასბურგის სასამართლომ არაკანონიერად მიიჩნია. რამდენი წელი უნდა ელოდოს ადამიანი კანონის მიღებას? მით უმეტეს, ბევრი მათგანი ხანდაზმული იყო და ამასობაში გარდაიცვალა. სტრასბურგის სასამართლომ ზოგადი, მაგრამ ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო და ამით არა მარტო იმ ორ ადამიანს დაეხმარა, არამედ სახელმწიფოს დაავალა, რომ ეს ხარვეზი სასწრაფოდ, 2010 წლის დეკემბრამდე აღმოეფხვრა და ამ კომპენსაციის ანაზღაურების დეტალური მექანიზმი შეემუშავებინა.

ცხადია, სტრასბურგის სასამართლოს სახელმწიფოსთვის არ განუსაზღვრავს, კონკრეტულად, რა თანხა უნდა მიეცა რეპრესირებულისთვის (ეს თვით სახელმწიფოს გადასაწყვეტია), მაგრამ დაადგინა: თუ სახელმწიფო 2010 წლის დეკემბრამდე ეფექტიანი მექანიზმის შემუშავებას ვერ უზრუნველყოფდა, მაშინ ძმებისთვის, თითოეულისთვის - 4 ათასი ევრო უნდა გადაეხადა. სახელმწიფომ ეს ვადა ვერ დაიცვა და შესაბამისად, კილაძეებისთვის ამ თანხის გადახდა მოუხდა. ჩვენმა ორგანიზაციამ კანონში შესატან ცვლილებათა პაკეტი შეიმუშავა. რამდენიმეთვიანი განხილვის შემდეგ ცვლილებებიც შევიდა, მაგრამ - არა იმ ფორმით, როგორსაც სწორად და უფრო სამართლიანად მივიჩნევდით. მარტო თბილისის საქალაქო სასამართლოს მიეცა უფლება, გამოიტანოს გადაწყვეტილება და ფულადი კომპენსაცია მისცეს იმ პირებს, ვინც პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლადაა აღიარებული.

- კონკრეტულად ვის მიეცემა ფულადი კომპენსაცია?

- თავად რეპრესირებულს და რეპრესირებული პირის პირველი რიგის მემკვიდრეს. კანონის თანახმად, პირველი რიგის მემკვიდრედ ითვლებიან შვილები, მეუღლე და მშობლები. შვილიშვილი პირველი რიგის მემკვიდრედ იმ შემთხვევაში მიიჩნევა, თუკი მისი მშობელი რეპრესირებულის გარდაცვალების მომენტისთვის ცოცხალი არ იყო.

- მოქალაქეები იმედს ამყარებენ სასამართლოზე და ფიქრობენ, რომ სოლიდურ კომპენსაციას მიიღებენ. თანხის მაქსიმალური და მინიმალური ზღვარი განსაზღვრულია?

- ძალიან ბევრი ჭორი გავრცელდა. ისიც ითქვა, - ამ თანხებს რომელიღაც საერთაშორისო ორგანიზაცია გასცემსო; თითქოს გერმანიის მთავრობაზეც იყო ლაპარაკი. გამდიდრების მოლოდინი მართლაც დიდია. ბევრმა წინასწარ ოცნების კოშკიც აიგო... ცხადია, ეს თანხები ჩვენი ბიუჯეტის გადასახდელია. ბიუჯეტის წინააღმდეგ სასამართლოში მოქალაქის დავას დიდი პერსპექტივა არა აქვს. იმის გათვალისწინებით, რომ რეპრესირებული და მისი პირველი რიგის მემკვიდრე ბევრია, არ მაქვს ილუზია, რომ ადამიანები გამდიდრდებიან. კანონით, კომპენსაცია ყველას უნდა მიეცეს და იმედია, ეს არ იქნება ძალზე მცირე თანხა. თანხის ოდენობა კანონში მითითებული არ არის; ნათქვამია, რომ ეს განისაზღვრება დანაშაულის ხასიათითა და სიმძიმით. ბუნებრივია, ერთი და იმავე თანხას ვერ მიიღებენ ისინი, ვინც 1 წელი გაატარა გადასახლებაში და ვინც 25 წელი იყო იქ ან ვისი მშობელიც დახვრიტეს. პირის ასაკს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, სოციალურ სტატუსსა და ასევე, სხვა ობიექტურ გარემოებებს სასამართლო განიხილავს.

- რა შენიშვნები აქვს თქვენს ასოციაციას?

- ვფიქრობდით, ეს საქმეები მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს არ უნდა განეხილა და რაიონებსაც უნდა მისცემოდათ აღნიშნული უფლება. რაც ყველაზე მთავარია, კანონში თანხებთან დაკავშირებით კონკრეტული მითითება უნდა ყოფილიყო. ჩემი აზრით, ეს ნაწილი ძალიან ბუნდოვანია.

- კილაძეების სასარგებლოდ სახელმწიფოს 4-4 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა. ხომ არ ვარაუდობთ, რომ სასამართლო ამ გადაწყვეტილებით იხელმძღვანელებს?

- ეს თანხა სახელმწიფოს დაეკისრა არა რეპრესიის საკომპენსაციოდ, არამედ იმის გამო, რომ მან ვერ შეიმუშავა ეფექტიანი მექანიზმი და კანონში ცვლილების შეტანა დააგვიანა. ცხადია, კომპენსაცია რეპრესიისთვის ამ თანხაზე ნაკლები არ უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრი ადამიანი ისევ ევროპის სასამართლოში იჩივლებს და საკუთარი უფლების დაცვას იქ შეეცდება.

- კილაძეებს სასამართლოში რეპრესირებულის კომპენსაციის მოთხოვნა ისევ შეუძლიათ?

- მშობლების რეპრესიისთვის მათ შეუძლიათ, აქ ისევ იდაონ და თანხა მოითხოვონ.

- რეპრესირებულ ოჯახებს სასამართლოში კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენა მოუწევთ, არა?

- ბევრი მტკიცებულება შემონახული არ არის. მათ არა აქვთ ნუსხა - თუ რა რაოდენობის ქონება წაართვეს. 25 წელი გადასახლებაში რომ გაატარა, თითოეული დღე რა სიმძიმის იყო - ამის დამტკიცებაც რთულია. ამ ადამიანებისგან ისეთ ამბებს ვისმენთ, რომ გაოგნებულები ვართ. ერთია, როცა ამას წიგნში წაიკითხავ, მაგრამ უშუალოდ ამ ადამიანების მოსმენა სულ სხვა, საოცარ ემოციას იწვევს... საშინელი დღეები აქვთ გამოვლილი. ბევრს იმედი გაუჩნდა და თუ ეს იმედიც გაუცრუვდებათ, მორალურად ცუდ დღეში აღმოჩნდებიან.

- თქვენს ასოციაციას დახმარებისთვის რამდენმა ადამიანმა მიმართა?

- მარტო ივნისში თბილისის ოფისს 1500-ზე მეტმა ადამიანმა მოგვმართა. ანალოგიური სიტუაციაა სხვა ქალაქებსა და რაიონებში. ამ თემამ რამდენჯერმე გადააჭარბა სხვა საკითხებს, ერთად აღებულს. დამატებით თანამშრომლები დავიქირავეთ, მაგრამ საქმეს მაინც ვერ ავუდივართ. ჩვენი კონსულტაციები გაგრძელდება მანამ, სანამ მოთხოვნა იქნება. სარჩელის შეტანის ვადა 2014 წლამდეა, მაგრამ ყველა ჩქარობს, ყველა ხანდაზმულია და თვალებში შემოგვციცინებს; ზოგს ჰგონია, რომ კონკრეტული თანხაა გამოყოფილი და ის რომ ამოიწურება, მერე მას აღარაფერი შეხვდება. ცხადია, ეს გაუგებრობები კანონის გაუმართაობამ გამოიწვია. სასამართლოს მიდგომაც არაერთგვაროვანია. ხარვეზიანმა კანონმა შეიძლება, ბევრი გაუგებრობა წარმოშვას და სასამართლოს ამიტომაც შევთავაზეთ, ყოველგვარი ბუნდოვანების აღმოსაფხვრელად დამატებითი ცვლილებები შეგვეტანა.

სამწუხაროდ, თანამშრომლობაზე არ წამოვიდნენ. კანონში წერია, - როცა სარჩელი პირველი რიგის მემკვიდრეს შეაქვს, მან რეაბილიტაციის ცნობას მემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა დაურთოს. გაჩნდა კითხვა, რა არის ეს დოკუმენტი? პრაქტიკოსი იურისტების აზრით, მემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი სამკვიდრო მოწმობაა, რომელიც ნოტარიუსის მიერ გაიცემა. კანონით განსაზღვრულია სამკვიდროს გაცემის ვადები. კანონით, მემკვიდრემ ამ მოთხოვნის შესახებ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში უნდა განაცხადოს და მერე ნოტარიუსი გასცემს ცნობას ან ფაქტობრივი ფლობით უნდა მიიღოს ქონება, მაგრამ უმრავლესობას მემკვიდრეობის ცნობის აღება არ შეუძლია: 1937 წელს, მამა რომ დაუხვრიტეს, მისი დახვრეტიდან 6 თვეში, ვთქვათ, 2 წლის ბავშვი ნოტარიუსთან ხომ არ მივიდოდა სამკვიდრო მოწმობის ასაღებად?!.

დღეს ნოტარიუსი მას ეტყვის, რომ დადგენილი ვადა გასულია, ამიტომ სასამართლოს გზით უნდა იდაოს. საბედნიეროდ, ზოგიერთი ნოტარიუსი ამ საკითხს გაგებით მოეკიდა და გასცა ზოგადი ხასიათის სამკვიდრო მოწმობა, სადაც წერია, რომ ის არის ამა და ამ ადამიანის მემკვიდრე. ზოგიერთი ნოტარიუსი მსგავს ცნობას არ იძლევა და ადამიანებს პრობლემა ექმნებათ. ზოგი მოსამართლე სამკვიდრო მოწმობას ითხოვს, ზოგი - არა; ზოგი დაბადების მოწმობას ითხოვს, ნოტარიალურად დამოწმებულს, ზოგი კი არ ითხოვს... სასამართლო ერთნაირად უნდა მოექცეს ყველა ადამიანს. დღეს ბევრი რამ ბუნდოვანია, ამიტომ ხალხს ვერ ვცემთ კონკრეტულ პასუხს უბრალო კითხვაზე - დაამოწმოს თუ არა დაბადების მოწმობა? ყველაფერი თანხებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ხალხს მაინც, დამატებით ვაწვალებთ, რადგან შეიძლება, ეს ცნობა სასამართლოში მოსთხოვონ. არადა, ამ ადამიანებს გადაადგილებაც უჭირთ, ზოგისთვის ის ერთი თუ ორი ლარიც მნიშვნელოვანია, რომელიც წასვლა-მოსვლაში უნდა დახარჯოს. ზოგჯერ ჩვენ მიმართაც აქვთ პრეტენზია: რატომ არ იცით, ეს დოკუმენტი დამჭირდება თუ არაო?!

- ამბობთ, რომ თანხის განსაზღვრის დროს ბევრ ნიუანსს მიექცევა ყურადღება. რეპრესირებულებს სასამართლოში მოწმეების წარდგენაც ხომ არ მოუწევთ? ალბათ, ეს, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება, არა?

- კანონში პირდაპირ ნათქვამი არ არის, მაგრამ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით ეს პროცედურაც გათვალისწინებულია. თუ პირი ამბობს, რომ 10 წელი გადასახლებული იყო, იმყოფებოდა საშინელ მდგომარეობაში, მოსამართლემ შესაძლოა, მოწმის წარდგენა მოითხოვოს. იმედი მაქვს, სასამართლო ამ ხალხს პროცედურებს გაუმარტივებს და მდგომარეობას არ გაურთულებს.

- წართმეული ქონების ანაზღაურებაც უნდა მოხდეს?

- ამის დამადასტურებელი დოკუმენტები იშვიათად აქვთ. კანონით, ეს ცვლილებები ჩამორთმეული ქონების კომპენსაციას არ ეხება, ეს არის მხოლოდ მორალური ზიანის კომპენსაცია. ქონებრივ კომპენსაციაზე პარლამენტმა კანონი უნდა მიიღოს, მაგრამ მიიღებს თუ არა, ეს არავინ იცის. ხელისუფლების თქმით, მათ წართმეული ქონება რომ დაუბრუნონ, არევ-დარევას გამოიწვევს, რადგან დღეს იმ ქონებას კეთილსინდისიერი შემძენი ფლობს და მისი ინტერესი არ უნდა შეილახოს. ადამიანი ამას გაგებით მოეკიდება, მით უმეტეს, თუ მას ალტერნატივას შესთავაზებ. დღესდღეობით მიწების 90% დაურეგისტრირებელია, სახელმწიფოს საკუთრებაშია და თავისუფლად შეუძლია, მათ ეს მიწა გადასცეს.

- მაინც, რა თანხები მოითხოვეთ სასარჩელო განცხადებებით?

- როცა პირველი სარჩელი შევიტანეთ, 70 ათასი ლარი მოვითხოვეთ. ამ ადამიანის ცხოვრებამ და გადატანილმა ტანჯვამ შეგვძრა. წლებია, არავის ელაპარაკება. ძალიან მორწმუნე ადამიანია... ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო.

P.S. მომდევნო ნომერში რეპრესირებული გიორგი სარალიძის უმძიმესი ცხოვრების შესახებ მოგითხრობთ. შეიტყობთ, სტუდენტი ბიჭი უმიზეზოდ როგორ გადაასახლეს, იქიდან დაბრუნებულმა რატომ გადაწყვიტა დადუმებულიყო, რატომ ცხოვრობდა წლების განმავლობაში სპეციალურად გათხრილ მიწურში და 86 წლის მოხუცი რატომ არ ლაპარაკობს დღემდე...

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ