9 აგვისტოს ესპანეთის პოლიციამ კუნძულ მალიორკაზე, პატარა ქალაქ მანაკორში საქართველოს სატყეო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, "კონსერვატიული პარტიის" წევრი ბიძინა გიორგობიანი დააკავა, ამის შესახებ ესპანური გამოცემა Diariodemaliorca.es ეს იუწყება. გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იმავე დღეს ბიძინა გიორგობიანთან ერთად ესპანეთის ნაციონალურმა პოლიციამ ინტერპოლის მიერ ძებნილი უკრაინის მოქალაქეც დააკავა, რომელსაც ბრალი ნარკოტიკებით ვაჭრობაში ედება.
როგორც ცნობილია, ბიძინა გიორგობიანს ქართველი სამართალდამცველები ინტერპოლის მეშვეობით საერთაშორისო ცირკულარით ეძებდნენ, თუმცა, მას გერმანიამ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. საქართველოს ხელისუფლებამ გიორგობიანს ბრალი დასდო სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობის პერიოდში უფლებამოსილების გადამეტებასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში.
გვესაუბრება ბიძინა გიორგობიანის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო ჯგუფის წევრი გია ცაგარეიშვილი:
- ბატონო გია, თუ იცით, რის საფუძველზე დააკავეს ესპანეთში ბიძინა გიორგობიანი? გავრცელდა ინფორმაცია, რომ მასთან ერთად დააკავეს უკრაინის მოქალაქე, რომელსაც ნარკოტიკებით ვაჭრობაში ედება ბრალი.
- ეჭვი მეპარება, რომ გიორგობიანს ნარკოტიკებთან ჰქონდეს კავშირი. ხომ ხვდებით, ამ ინფორმაციას რა მიზნით ავრცელებენ? ვითომ გიორგობიანი იყო იმ უკრაინელთან ერთად, ვისაც ნარკოტიკების გავრცელებაში ედება ბრალი. ეს ძალიან არასერიოზული და უზნეო ბრალდებაა. ვიმედოვნებ, რომ ეს ყველაფერი გაუგებრობაა, რადგან გიორგობიანი ნამდვილად პოლიტიკური ნიშნით იდევნებოდა საქართველოდან.
- ბატონო გიორგი, თქვენ 2006 წელს შექმნილი ბიძინა გიორგობიანის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო ჯგუფის წევრი ბრძანდებოდით. თუ იყო რამე კრიმინალური მის საქმიანობაში?
- დიახ, მე გახლდით მომხსენებელთა ჯგუფის წევრი, რომელმაც შეისწავლა ბატონი გიორგობიანის საქმე 2006 წელს. ამ ჯგუფს ბიძინა გუჯაბიძე ხელმძღვანელობდა. ჩვენ ნაყოფიერად ვიმუშავეთ და ყველაფერი მიანიშნებდა იმაზე, რომ ეს იყო პოლიტიკური დევნა. ჩვენ არ ვიყავით საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც გამოიკვლევდა ამ საქმის ყველა ასპექტს, მაგრამ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, რომ ეს იყო პოლიტიკური შეფერილობის აქტი, რომელიც ხელისუფლებამ გადაზარდა რაღაც კრიმინალურ მოვლენაში. გახსოვთ, ალბათ, რომ იმხანად ბიძინა გიორგობიანი დაუპირისპირდა შს მინისტრ ბატონ ივანე მერაბიშვილის ინტერესებს ხეტყის ბიზნესში, რომელიც მოიცავდა სამაჩაბლოს ტერიტორიაზე, ასევე მესხეთ-ჯავახეთის რეგიონში წარმოებულ ხეტყის ჭრას და ა.შ. ბიძინა გიორგობიანი, როგორც დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პირდაპირ შეეჯახა სახელისუფლებო ინტერესების გამყარებას ამ ბიზნესში. სწორედ აქედან დაიწყო კონფლიქტი მასა და იმ პოლიტიკურ გუნდს შორის, რომელთან ერთადაც იგი ხელისუფლების სათავეში მოვიდა.
- ქართველი სამართალდამცველები ბიძინა გიორგობიანის საქართველოში ექსტრადიციას მოითხოვენ, მიუხედავად იმისა, რომ მას გერმანიამ დევნილის სტატუსი მიანიჭა.
- დამისახელეთ ერთი შემთხვევა მაინც, როდესაც საქართველოდან პოლიტიკური მოტივებით გადახვეწილის და შემდეგ ევროპაში ან ამერიკაში დაკავებული ადამიანის ექსტრადიცია მომხდარიყოს. გაგახსენებთ ამერიკაში თემურ ბასილიას დაკავების ამბავს... გიორგობიანის ექსტრადიცია არ მოხდება იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცის, როგორი პოლიტიკური რეჟიმია საქართველოში და როგორ სასტიკად ექცევიან ექსტრადირებულ პატიმრებს. მე კრიმინალებზე არ ვლაპარაკობ. ჩვენ შესაბამისი სამართლებრივი ხელშეკრულებები გვაქვს დადებული ევროკავშირის წევრ თითქმის ყველა ქვეყანასთან და, რა თქმა უნდა, თუ იქ დაკავებულია კრიმინალი, მისი ექსტრადირება საქართველოში უნდა მოხდეს. ბიძინა გიორგობიანს კი პოლიტიკური თავშესაფარი მისცა მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე კონსერვატიულმა ქვეყანამ, გერმანიამ. იქ პოლიტიკური თავშესაფრის მოპოვება საკმაოდ რთულია, მაგალითად, საფრანგეთთან და ინგლისთან შედარებით. როდესაც პიროვნება გერმანიაში პოლიტიკურ თავშესაფარს იღებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ნამდვილად პოლიტიკური ნიშნით არის დევნილი და თუკი მისი ექსტრადირება მოხდება, ამ პიროვნების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქრება. დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიის შესაბამისი სტრუქტურები ჩაერევიან საქმის მოგვარებაში და ბიძინა გიორგობიანს ვანო მერაბიშვილს არ ჩაუგდებენ ხელში გასაჯიჯგნად.
ნანა ფიცხელაური
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)