”რატომ არის მიუღებელი სომხებისთვის თავიანთი წარმომავლობის შეხსენება?!..”

”რატომ არის მიუღებელი სომხებისთვის თავიანთი წარმომავლობის შეხსენება?!..”

"უიმედო და არასერიოზული" - ამ ფრაზით ბოლო დროს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ექსპერტები ხშირად აფასებენ. გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება განებივრებული ბავშვის პოზიციაშია და იმას აკეთებს, რაც მოეპრიანება. "თავნება ბავშვის სახლში მშობლებიც არ არიან და ისიც თავის ხუშტურებს იკმაყოფილებს. მიხვდით, ალბათ, მშობლებში ოპოზიცია ვიგულისხმე, რომელიც ამ ეტაპზე გასულია მომსახურების ზონიდან და როდის დაბრუნდება, კაცმა არ იცის" - ამ ნახევრად კომიკური სურათის დახატვით ჩვენი რესპონდენტი დღევანდელი საქართველოს ვითარებას გადმოსცემს.

- ბატონო გია, როგორ ფიქ­რობთ, ბოლო დროს საქართველოში რა სახის პრობლემები გამოიკვეთა?

- ამ კითხვაზე ზოგადი პასუხის გაცემა მომიწევს და ბატონ ზაზა შათირიშვილის ფრაზას მოვიყვან, რომელიც მან წლის პოლიტიკური სეზონის შეფასებისას გამოიყენა - სიტუაცია უიმედოა, მაგრამ იმავდროულად, ძალიან არასერიოზულიო... მართლაც ასეა. სიტუაცია ყველა მიმართულებით დამძიმდა. ნებისმიერ სფეროში პრობლემები გვაქვს და არსებობს სრულიად რეალური პოლიტიკური და სოციალური რისკი, რომ ერთ დღეს ამ ყველაფერმა ამოხეთქოს, ან პირიქით, ხალხი უფრო მეტს შეეგუოს. მართლა აღარ ვიცი, რაღა უნდა მოხდეს, ქვეყანაში ტოტალური უმუშევრობაა, დევნილებს ყოველ სეზონზე ახალ დევნილობაში უშვებენ, ჯაშუშომანია და პენიტენციარულ სისტემაში შექმნილი გაუსაძლისი მდგომარეობა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა და დარჩა რამე?!..

ამას ემატება საგარეო პოლიტიკაში სრულიად უპერსპექტივო მდგომარეობაც. ამ ყველაფერს კი ხელისუფლება არაფრად აგდებს და ყოველდღე ახალ-ახალ შეცდომებს უშვებს: მმართველი ძალა არ მოერიდა და მართლმადიდებელ რელიგიასთან დაკავშირებით ის დამანგრეველი კანონი საპატრიარქოსთვის ხელების გადაგრეხის რეჟიმში მიიღო. სხვა ქვეყანაში ასეთი პრობლემების ფონზე საზოგადოება გარეთ გამოვიდოდა და ხელისუფლებას სერიოზულ დათმობაზე წაიყვანდა, მაგრამ ამის გაკეთებას ძალა და სურვილი სჭირდება. სააკაშვილის გუნდმა კი კარგად იცის, რომ მას პოლიტიკური ოპონენტი არ ჰყავს, არც პროფკავშირები არსებობს და მშვიდად არის. ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც თავად უნდა და მოეხასიათება. იმ მომღერალს უსმენენ, ვინც მიშასთვის მღერის, იმ რეჟისორის შემოქმედებას უყურებენ, ვინც მიშასთვის მუშაობს და იმ მწერლის ნამუშევრებს კითხულობენ, ვინც ამ ხელისუფლებისთვის წერს...

- ასეთი ადამიანები ყველა დროში იყვნენ...

- დიახ, ოღონდ არა ამ რაოდენობით. დღეს შემოქმედისთვის პიროვნული თავისუფლების საზომი ხელისუფლების მაამებლური ქმედებებია... რას ვიზამთ, ეს რეალობაა, რომლის ატანაც ალბათ კარგა ხანს მოგვიწევს. საქმე ისაა, რომ დღეს ხელისუფლება იმას კი არ ამტკიცებს, მე ძალიან კარგი ვარო, უბრალოდ, მშვიდად და მხრების აჩეჩვით გვეუბნება, - რა ვქნა, ხომ ხედავთ, გარშემო რა ხდება, სხვები ჩემზე უარესები არიანო. ეს ერთადერთი საკითხია, რაშიც სააკაშვილი არ ტყუის. სამწუხაროდ, ხელისუფლებას მართლა აქვს ნოყიერი საფუძველი იმის სათქმელად, რომ თავის კონკურენეტებს სჯობია...

- თქვენი აზრით, პოლიტიზებული საზოგადოება შეეგუა იმას, რომ მმართველ ძალას რეალური ოპონენტი არ ჰყავს?

- დიახ, ასეა. ამიტომაც ვთქვი, უიმედო და არასერიოზული ვითარება გვაქვს-მეთქი... ამის ბოლო მაგალითია რობერტ სტურუას თანამდებობიდან მოხსნა. თუმცა ამ ქმედების ასეთი შეფასება სასაცილოც კი არის. შეიძლება გენიოსი თანამდებობიდან გაათავისუფლო?.. ცხადია, სამინისტროს შეუძლია, მას ხელფასი არ გადაუხადოს, მაგრამ მისი მოხსნა ისეთი უგუნურებაა, რომ კომენტარის გაკეთებაც კი არასერიოზული მეჩვენება. ყველამ იცის, რომ ეს პირადი ვენდეტა იყო. ჩვენი საცოდავი ხელისუფლება ხალხს მორალურ შეზღუდვებს უწესებს, რადგან საზოგადოებრივი ავტორიტეტების კომპლექსი აქვს. მხოლოდ ცოცხლების კი არა, გარდაცვლილების კომპლექსიც აქვთ.

შესაძლოა, ეს შედარება ბატონ რობიკოს ეხამუშოს კიდეც, მაგრამ ყველამ ვნახეთ, როგორ დაუსრულებლად დაასეირნებენ წინ და უკან დავით აღმაშენებლის ძეგლს. ადგილი ვერა და ვერ უპოვეს. ჯერ მეორე დედაქალაქად წოდებული ქუთაისის გარეუბანში გადაიტანეს, ახლა იქიდანაც სადღაც წაღებას უპირებენ. ერთ დღესაც ალბათ საერთოდ გააქრობენ... რობიკო სტურუა დღევანდელი საქართველოს ერთ-ერთი სიამაყეა. კულტურაში მისი ავტორიტეტი ქვეყნის ფარგლებს სცდება და ცხადია, ხელისუფლებას აწუხებდა, რომ ყველა დროის გენიალური პიროვნება, რომელიც ისტორიაში ღირსეულად ჩაიწერება, მას გუნდრუკს კი არ უკმევდა, სამართლიანად და სასტიკად აკრიტიკებდა. მათი ლოგიკით, დღეს ყველაზე მთავარი მოვლენა ვარდების რევოლუციაა და ერი თუ ბერი მხოლოდ ამით უნდა სულდგმულობდეს.

- თუმცა საზოგადოებაში ისიც ითქვა, რომ ამ დონის რეჟისორისგან ქსენოფობიური გამოთქმები მი­უღებელია...

- კატეგორიულად არ ვეთანხმები მისთვის ქსენოფობიის დაბრალებას. ყველა სიტყვაში შეიძლება სასურველი და არასასურველი კონტექსტის ამოკითხვა. პირადად მე ბატონი რობიკო სტურუას სიტყვებში სულ სხვა რამ დავინახე. მან თქვას ის, რასაც მთელი ქართველი ერი ფიქრობს, მაგრამ თქმას ძალიან ცოტა ან თითქმის ვერავინ ბედავს. ბოდიშს მოვუხდი ჩვენს მოძმე ერს და სიმართლეს ვიტყვი, - პირადად მე არ მინდა სომეხი პრეზიდენტი. დარწმუნებული ვარ, არც სომხებს უნდათ, მათი ქვეყნის პირველი პირი ქართველი იყოს და ასეთი პოზიცია არც ერთი ერისთვის დამამცირებელი არ არის. უბრალოდ, ბატონი რობიკოს ფრაზა, ისევე, როგორც თავის დროზე მამა აბრამის გამონათქვამი, სათავისოდ შეატრიალეს.

- რომელ ფრაზას გულისხმობთ?

- თუ გახსოვთ ამ რამდენიმე ხნის წინ მამა აბრამ ჩადუნელმა იკითხა, - ჩემი დედა და სომხის დედა თანაბარიაო?!. ამით თავისი მშობელი დედის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება გამოხატა, თორემ სომხის დედა ცუდიაო, არ უთქვამს... მართლა ძალიან მიკვირს, რატომ არის მიუღებელი სომხებისთვის თავიანთი წარმომავლობის შეხსენება?!..

- ამაში ერთი პერიოდი ქარ­თველი ჟურნალისტები დაგვადანა­შაულეს, თითქოს ჩვენ მათ არაკეთილგანწყობილად მოვიხსენიებდით...

- მსგავსი რამის მტკიცება სისულელეა და ეს ვიღაცების კომპლექსებზე მიანიშნებს... ხელისუფლება საეჭვოდ სპეკულირებს ამ თემით. პირიქით, სხვა ერების მიმართ ზედმეტად ტოლერანტულები ვართ და ამის შედეგსაც ვიმკით.

სხვათა შორის, ობამას პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, მთელი ამერიკა აღშფოთებული იყო მისი კენიური წარმოშობით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამერიკელები ქსენოფობები არიან. არც აფრიკაში მოსვლია ვინმეს აზრად, ამერიკელები რამეში დაედანაშაულებინა...

- სხვა აქტუალურ საკითხებზეც გკითხავთ. შალვა ნათელაშვილმა ახალი პოლიტიკური ტალღა დააანონსა, რომელიც სექტემბერში დაიწყება და "ხელისუფლების დამხობით დასრულდება". ამას როგორ შეაფასებდით?

- ეს არის ხელისუფლების შესაცვლელად ერთ-ერთი პოლიტიკური გზა და "ლეიბორისტულ პარტიას" სრული უფლება აქვს, ეს ინიციატივა ხელში აიღოს. თუმცა, რომელი გზაც უნდა აირჩიონ, საზოგადოების ნდობისა და მხარდაჭერის გარეშე ვერაფერს მიაღწევენ. სამწუხაროდ, მოსახლეობისთვის იმედი მხოლოდ ხელისუფლებას არ გაუცრუებია, რბილად რომ ვთქვათ, ხალხს არც ერთი ოპოზიციური პარტია არ ეხატება გულზე. ჩვენმა პოლი­ტიკოსებმა დღემდე ვერ გაიგეს, რომ მხოლოდ მწვავე განცხადებებით შედეგს ვერ მიაღწევენ... რაც შეეხება ჩემს აზრს, ხელისუფლების რადიკალური გზით შეცვლა მიუღებლად არ მიმაჩნია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამის გაკეთებას ვერ შეძლებენ. ეს მხოლოდ ჰაერზე ნათქვამი სიტყვებია. რაც უნდა ბევრი ვიძახოთ, ლიდერობის დრო წავიდაო, დარწმუნებული ვარ, ხალხი იტყვის, ამ პოლიტიკოსებში ერთი ადამიანი მაინც დამანახვეთ, ვისაც უნდა ვენდოო. საინტერესოა, ვის დაასახელებენ......

- თქვენ, როგორც ერთი რიგითი ადამიანი, ვის დაასახელებდით?

- მოვითხოვდი, ამ ადამიანებს საქმით დაემტკიცებინათ, რომ ერთად ყოფნა და პიროვნული ამბიციების გადალახვა შეუძლიათ. მხოლოდ ამის შემდეგ ვიფიქრებდი ლიდერის დასახელებაზე... ასე რომ, ოპოზიციის შიგნით არსებული ვითარების შესახებ კარგად იცის ხელისუფლებამ და იმიტომაც არის მშვიდად. საზოგადოებრივ ავტორიტეტებს თუ არ ჩავთვლით, პოლიტიკურ ოპონენტებში ჯერჯერობით მას სანერვიულო არაფერი აქვს.

- ბატონო გია, ბოლო დროს ხელისუფლება ირწმუნება, რომ ტურიზმის განვითარებამ ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა. თქვენი აზრით, კონკრეტულად რაში აისახა ეს?

- ტურიზმთან დაკავშირებით ხელისუფლების ოპტიმიზმი ძალიან გადაჭარბებულია და ამას ნებისმიერი ადამიანი გეტყვით, ვისაც აჭარის ზღვისპირეთში დაუსვენია. გაუჩერებელი ტაშ-ფანდურისა და შოუების მიუხედავად, წელს აჭარის ზღვისპირეთში შარშანდელზე ბევრად ნაკლები დამსვენებელია. რეკლამამ მაინც თავისი ქნა და ამ მხრივ, ბათუმში შედარებით ნორმალური ვითარებაა, მაგრამ ქობულეთი თითქმის ცარიელია. სამწუხაროდ, რეგიონში გვყავს კონკურენტი, რომელსაც ვერანაირად ვერ გავუწევთ კონკურენციას.

- თურქეთს გულისხმობთ?

- დიახ, ჩვენდა სამწუხაროდ, იქაური ფასები, ინფრასტრუქტურა, მომსახურების დო­ნე და, რაც მთავარია, კლიმატური პირობები დამსვენებლებისთვის ბევრად უფრო ხელსაყრელია. განსაკუთრებით ეგეოსის ზღვისპირეთს გამოვყოფდი, სადაც თვეების განმავლობაში წვიმა არ მოდის. თანაც, აჭარასთან შედარებით, თურქეთში ნახევარ ფასში შეიძლება დასვენება.

კიდევ ერთი, ტურიზმის წარმატებულობისთვის უსაფრთხოება ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პირობაა. პრეზიდენტი აცხადებს, რომ განმუხურსა და ანაკლიაში აპირებს ტურიზმის განვითარებას, თუმცა არც იმას მალავს, რომ ამ კურორტებიდან 500 მეტრში რუსული ტანკები დგას. უკაცრავად, მაგრამ ის ვიღაც გადამთიელი არ იფიქრებს, სად მივდივარო? ერთი შეხედვით, ფაქტია, რომ საფრთხე რეალურია და ასეთ ადგილებში მხოლოდ ექსტრემალური დასვენების მსურველი ტურისტები ჩამოვლენ.

მასობრივი ტურიზმის არეალად ეს ადგილები ვერ გამოდგება. თუმცა, შესაძლოა, დროთა განმავლობაში საქართველოს ტურისტული პოტენციალი მართლა გაიზარდოს, მაგრამ ჩვენი ეკონომიკის ხერხემალი ვერც რამდენიმე წლის შემდეგ გახდება. ხელისუფლებას ამ სფეროს განვითარების სწორი სტრატეგია არ აქვს შემუშავებული. თუნდაც იმიტომ, რომ ტურიზმის განვითარება მხოლოდ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები არ არის. რაც უნდა ევროპული სახელები დაარქვან მას, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტურისტები ხედავენ, რომ მისი რესურსები ძალიან შეზღუდულია და განვითარებულ ქვეყანაში არსებული სამვარსკვლავიანი სასტუმროს სერვისთან ახლოსაც ვერ მივა... ფასადურად ლამაზი სასტუმროების აშენება წარმატებული ტურიზმის წინაპირობა ვერ გახდება, თუმცა ქალაქის, დაბის, კურორტად წოდებული ტერიტორიების იერსახეზე დადებითად ნამდვილად იმოქმედებს.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა