რით ამაყობს მედეა ძიძიგურის შვილიშვილი

რით ამაყობს მედეა ძიძიგურის შვილიშვილი

საინტერესო და ძალიან პოპულარულ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. დიდი ბაბუით დაწყებული, ოჯახის ყველა თაობა გამოირჩეოდა თავისი ნიჭიერებითა და საქმიანობით. ეს საამაყოცაა და პასუხისმგებლობითაც ტვირთავს. ამიტომ დავინტერესდი ელენე ბარათაშვილით და ვთხოვე, მოეყოლა იმ ადამიანებზე, რომელთა ნაწილი, სამწუხაროდ, დღეს ცოცხალი აღარაა.

- ალბათ, დიდი ბაბუა - ტელევიზიის დამაარსებელი აკაკი ძიძიგური არც გახსოვს, მაგრამ მისი ქალიშვილი, შენი ბებია - მედეა ძიძიგური უეჭველად გემახსოვრება.

- დიდი ბაბუით დავიწყებ - თქვენ წარმოიდგინეთ, ძალიან კარგად მახსოვს. საკმაოდ დიდი, ასე, 10-11 წლის ვიყავი, ბაბუა რომ გარდაიცვალა. მახსოვს მისი სიმღერაც, რომელიც ბებიას ნამღერს არაფრით ჩამოუვარდებოდა. მედეა რომ გარდაიცვალა, უკვე 12-ის ვიყავი. მახსოვს, 2 წელიწადში დიდი ბაბუა, ბებია და ბაბუა - დედაჩემის მამა, ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ნოდარ გუგუშვილიც დავკარგე.

- მაშინ თითოეულ მათგანზე მიამბე. როგორები იყვნენ, რა ისწავლე მათგან, რა მოგცა ამ ადამიანებთან ურთიერთობამ?

- როცა დავიბადე, 10 ბებია-ბაბუა მყავდა, დიდი ბებიების ჩათვლით (იცინის). ყველაზე დიდი - ბებიაჩემის ბებია ანუ მედეას ბებია და მისი და იყვნენ. ეს ჩემი ოჯახის ის თაობაა, რომელიც რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ მეორესთან შეხვედრასა და აკაკი წერეთელს იხსენებდნენ...

- რაო, რას გიყვებოდნენ?

- სიმართლე გითხრათ, ის ამბები ძირითადად, გადმოცემით ვიცი, რადგან დიდი ბებიის ბებია რომ გარდაიცვალა, მხოლოდ 5 წლის ვიყავი. ამბობდა, ელენე ჩემი ნათესავი აღარ არის, იმდენი თაობა გვაშორებსო (იღიმის). სახელი სწორედ მის პატივსაცემად დამარქვეს, გვარად ერისთავი იყო, მუნჯური კინოს მსახიობი. "მამის მკვლელში", "დინა ძაძუში" და "პრომეთეში" თამაშობდა.

მე, სამწუხაროდ, მხოლოდ ფოტოებით მახსოვს. ამბობდნენ, ძალიან ლამაზები იყვნენ დებიო. ელენეს და - მარიამი იმპერატორ ნიკოლოზს დახვდა და ყვავილების თაიგული გადასცა თურმე. მარია გრიგოლ რობაქიძის მუზა ყოფილა. დებს ბალმონტმაც მიუძღვნა ლექსი.

- იცი, ის ლექსი?

- კი, რა თქმა უნდა. ეს ლექსი მამაჩემმა მიაწოდა ბალმონტის შთამომავლობას - მათ არ ექნებოდათ, ბუნებრივია, რადგან პოეტმა ექსპრომტად დაწერა კაფეში. ჩუტა (იგივე ელენე) და მარია ერეკლე მეორის პირდაპირი შთამომავლები იყვნენ, შესაბამისად, ძალიან საინტერესო ცხოვრება ჰქონდათ.

ცუდია, რომ მათ სიცოცხლეში უფრო დიდი არ ვიყავი. მათ ძმა ჰყავდათ კიდევ, მაგრამ იმას ვერ მოვესწარი, ლიდა მათი ბიძაშვილი იყო. მათი ქალიშვილი - ირინა ჟღენტი, ჩემი დიდი ბებია ანუ კაკოს ცოლი ახლაც ცოცხალია, ფანტასტიკურად გამოიყურება და მშვენივრად გრძნობს თავს. გადასარევი გენები მაქვს (იცინის)... კაკოსთან ძალიან ვმეგობრობდი. ყოველ დილით ოთახში შევურბენდი და ვთამაშობდით.

ძალიან რომ შევაწუხებდი, ასეთი თამაში ჰქონდა მოფიქრებული: თავზე ვიხურავდით გაზეთებს და ვითომ მატარებლით მივდიოდით სადღაც. თვითონ იძინებდა და მე მორჩილად ველოდებოდი დანიშნულების ადგილას ჩასვლას (იცინის)...

- ქალბატონ მედეაზეც მიამბე, როგორი იყო?

- მახსოვს, როგორ დავყვებოდი ფილარმონიაში. კონცერტების დროს კულისებში ყოფნა მიყვარდა. ძალიან ამაყი ვიყავი. ძალიან უნდოდა, მემღერა, მაგრამ ბავშვობაშივე დამისვა დიაგნოზი, რომ ჩემგან მომღერალი არ დადგებოდა.

- განსაკუთრებით რომელი სიმღერა გიყვარდა?

- სანთლები, და ერთხელ, მახსოვს, "ლამბადა" იმღერა კონცერტზე, რამაც ჩემი აღფრთოვანება გამოიწვია. მაშინ პატარა ვიყავი და მედეას მთავარი "კოზირის" - რუსული რომანსების ხიბლი ჯერ არ მესმოდა.

- მამაზე რას იტყვი?

- მასთან არასდროს მქონია ბანალურად მამაშვილური ურთიერთობა, მით უმეტეს, რომ ისიც საკმაოდ არაორდინარული პიროვნებაა და არა აქვს პატრიარქალური ურთიერთობებისადმი მიდრეკილება. მოკლედ, ოჯახში დემოკრატიულად ვცხოვრობთ. მამას საერთოდ, ძალიან მამსგავსებენ, ხასიათით უფრო მეტად, გარეგნობითაც. ერთადერთი - ჩემი პროფესიის არჩევანზე ვერ მოახდინა გავლენა.

- დროა, შენზეც მიამბო.

- "მერიოტში" პიარი და მარკეტინგი მავალია. პროფესიით მარკეტოლოგი ვარ და სფეროც შესაბამისია. დავამთავრე კავკასიის ბიზნესის სკოლა. დედაჩემის დედას, მედეა გოცირიძეს მივბაძე ამ მხრივ. ის ეკონომისტია და მეც მიახლოებული პროფესია ავირჩიე. დანარჩენი ყველა ჰუმანიტარი მყავს.

- ლამაზი გოგონა ხარ. საოცარია, რომ უფრო პოეტური არჩევანი არ გააკეთე.

- ბავშვობიდან მათემატიკა მომწონდა. ბუღალტერიასაც კი, რომელიც ბიზნესსკოლაში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საგანი იყო, სიამოვნებით ვსწავლობდი. წერის ნიჭი კი ნამდვილად არ გამომყვა ამდენი ჟურნალისტისგან. სამაგიეროდ, სხვა რაღაცებში გამოვდექი - მათემატიკა ყველაზე კარგად ვიცი ოჯახში (იცინის).

- ჰო, უპირატესობა გქონია. დღეს მგონი, ეგ უფრო საჭიროა.

- შესაძლოა. სიმართლე გითხრათ, პროფესიის არჩევას გარკვეულად, პრაგმატულადაც მივუდექი.

- მეუღლის არჩევას?..

- მხოლოდ გულით (იცინის).

- და მამისთვის არაფერი გითქვამს? მისთვის ძალიან მძიმე დღეებში გათხოვდი, როგორც მახსოვს.

- მამაჩემმა თავიდანვე იცოდა ჩვენი ურთიერთობის შესახებ, იცნობდა დუდუს - გიორგი კობახიძეს. როცა მეკითხებიან, როდის გათხოვდიო, ერთ თარიღს ვერ ვასახელებ: როდესაც თარიღი იგეგმებოდა, ჩემი მეუღლე რეზერვში გაიწვიეს, ამიტომ დაიგეგმა 11 ნოემბერი.

- 2007 წლის, ხომ?

- დიახ. ამასობაში მოხდა 7 ნოემბრის ამბები; ბუნებრივია, ქორწილი გადავდეთ, მაგრამ ჯვარი დავიწერეთ. ჩემი ოჯახის წევრები ისეთ მდგომარეობაში იყვნენ ამ დროს, რომ ჯვრისწერას ვერ დაესწრნენ.

ქორწილი იანვარში დაიგეგმა, მაგრამ იანვარში დაინიშნა არჩევნები და გადავდეთ ზაფხულისთვის. მაგრამ თაფლობის თვე უკვე დაგეგმილი გვქონდა და იანვარში წავედით ამერიკაში. იქიდან რომ ჩამოვედით, ცალკე გადავედით საცხოვრებლად.

ზაფხულში ქორწილი გადავიხადეთ (სხვათა შორის, ჩემი ქორწილის წინადღეს დანიშნეს პარლამენტის პირველი სხდომა, რამაც კინაღამ ინფარქტი დამართა ჩვენს მშობლებს, მაგრამ ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა და ქორწილი შედგა).

თუმცა ზაფხულში მქონდა მესამე სემესტრი უნივერსიტეტში და ამიტომ მეორე საქორწინო მოგზაურობაც სექტემბერში მოვაწყვეთ, ისიც ძლივს, რადგან 2008 წლის აგვისტოში ომი დაიწყო. ნიშნების რომ გვჯეროდეს, ალბათ დაქორწინებას გადავიფიქრებდით (იცინის).

- ახლა ფეხმძიმედ პირველ ბავშვზე ხარ?

- დიახ. უკვე დეკრეტში გავედი, 2-3 კვირაში ველოდები ბიჭს.

- სახელი შეურჩიეთ?

- თითქმის. რამდენიმე სავარაუდო სახელი გვაქვს და სწორედ დღესაა დაგეგმილი საბოლოო ვარიანტის შერჩევა. 12 საათამდე აქვს ვადა ჩემს მეუღლეს. სავარაუდო სახელები მე შევარჩიე და იქიდან გიორგი აირჩევს. გოგოს კი მომავალში მე შევურჩევ. საერთოდ, რატომღაც მეგონა, პირველი შვილი გოგო იქნებოდა - სახელიც ვიცოდი და მთელი მომავალი გაწერილი მქონდა. უცებ აღმოჩნდა, რომ ბიჭია და თავიდან მოგვიწია ყველაფრის დაგეგმვამ.

- ხომ ხედავ, დაგეგმვით არაფერი გამოგდით, ამიტომ ნუღარ დაგეგმავთ.

- მართალია. სპონტანურად უფრო საინტერესოცაა ცხოვრება (იცინის).

ირმა ხარშილაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"