უკვე კარგა ხანია, რაც "რუსთავი 2"-ის ეთერში დეტექტიური ჟანრის სერიალი "დეტექტივები" (მთ. რეჟისორი ლაშა ცერიაშვილი) გადის. თითოეული სერია რეალურად მომხდარი სხვადასხვა გახმაურებული საქმის სატელევიზიო ვერსიაა. მასალებს "დეტექტივების" შემქმნელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო აწვდის.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ნარკოდაჯგუფების წევრობის ბრალდებით გასამართლებული ანასტასია ზაუტაშვილი ტელესერიალის შემქმნელებს უჩივის. ანასტასია ზაუტაშვილი შარშან ზაფხულს მასშტაბური სპეცოპერაციის შემდეგ დააკავეს. მასთან ერთად სამართალდამცავებმა დააპატიმრეს კიდევ ოთხი ადამიანი: მევლუდ სვანიძე, რომან მუსემიანი, გიორგი ჩეჩელაშვილი და თენგიზ გურჩიანი. ოფიციალური ინფორმაციით, ისინი კოლუმბიიდან, პერუდან და პანამიდან რეგულარულად იღებდნენ ჯართში დამალულ დიდი ოდენობით კოკაინს ევროპის ბაზარზე გასატანად და ამ საქმეში ჩართული იყო კრიმინალური ავტორიტეტი შაქრო კალაშოვი.
სპეცოპერაციის შედეგად პოლიციამ 60 მილიონი ევროს ღირებულების კოკაინი ამოიღო, დაკავებულებს კი სასამართლომ 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამ საქმის შესახებ სერია "დეტექტივების" მეორე სეზონში იხილა ტელემაყურებელმა. მის შემქმნელებს კი ზაუტაშვილი პატივისა და ღირსების შელახვაში ადანაშაულებს. გვესაუბრება ადვოკატი ლალი აფციაური:
- ქალბატონო ლალი, რას ედავება ანასტასია ზაუტაშვილი "დეტექტივების" შემქმნელებს?
- მიმდინარე წლის მაისში სატელევიზიო ეთერში გავიდა სერიალ "დეტექტივების" სერია ნარკოტრანზიტის შესახებ. მასში ერთ-ერთი გმირი, რომლის პროტოტიპიც ანასტასია ზაუტაშვილია, წარმოდგენილი იყო, როგორც ნარკოდილერი და ამორალური ქალბატონი, რომელიც საკუთარ შვილსაც კი რთავს ამ საქმეში. შსს-ს მასალებში ეს ასე არ არის. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ზაუტაშვილის ამ მხრივ წარმოჩენა ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფია. ეს არის ღირსებისა და პატივის შემლახველი. ამის გამო უკვე მზადდება სარჩელი, რომელსაც სექტემბრის ბოლოს შევიტანთ სასამართლოში. მსახიობებთან პრეტენზია არ გვაქვს. ნარკოტრაფიკის საქმე 17-ტომიანია და 2 ინსტანცია აქვს გავლილი.
- თუ ესაუბრეთ სერიალის შემქმნელებს?
- სერიალის შემქმნელებთან საუბარი ჯერ არ გვქონია, მათ, ალბათ, ბოლოს შევხვდებით. როდესაც ამ სერიალის გადაღება დაიწყო, ისინი თვითონ უნდა შეგვხვედროდნენ - ამ საქმეში 5 ადვოკატი მონაწილეობს და მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალებს არ უნდა დაყრდნობოდნენ.
- მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, ასეთი საქმეები, მორალურ ზიანს ვგულისხმობ, მომჩივანის სასარგებლოდ იშვიათად წყდება. იმედი გაქვთ, რომ ამ საქმეს მოიგებთ?
- ვიცი, რომ საქართველოში ამ საქმის ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვეტა ძნელი იქნება, მაგრამ ევროპის სასამართლოსაც მივმართავთ.
- რას ითხოვს ანასტასია ზაუტაშვილი?
- ზაუტაშვილი ითხოვს, აღიარონ, რომ დაირღვა მისი უფლებები და შეილახა მისი ღირსება.
ლაშა ცერიაშვილი, სერიალ "დეტექტივების" რეჟისორი:
- ეს არის რეალურ ამბავზე დაყრდობილი ისტორია. სერიალში არის, ასე ვთქვათ, ლირიკული გადახვევები, თუმცა ანასტასია ზაუტაშვილი ჩვენ არ წარმოგვიდგენია, როგორც მსუბუქი ყოფაქცევის და ამორალური ქალბატონი. უბრალოდ, სიუჟეტის მიხედვით მას ჰყავს საყვარელი მამაკაცი, რომელსაც წლების განმავლობაში ხვდება და ამაში თუ ხედავს რამეს ამორალურს, არ ვიცი. ეს ძალიან გახმაურებული საქმეა და ამიტომ გადაღებისას ბევრი პიკანტური დეტალი გავითვალისწინეთ.
სურათის ბოლოს მივუთითეთ, რომ ამბავი რეალურ მოვლენებზეა აგებული და მისი ერთ-ერთი გმირის ლორა ჯამასპიშვილის პროტოტიპი ანასტასია ზაუტაშვილია. ის, თუ რა ბედი ეწია ნარკოკარტელის რეალურ წევრებს და, ასევე, მთელი დოკუმენტური მასალა, თავის დროზე ყველა ტელევიზიით იყო ნაჩვენები. აქედან გამომდინარე, რატომ მიჩივის ანასტასია ზაუტაშვილი, ჩემთვის გაუგებარია.
თამარ ბოჭორიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)