როკმომღერალი, ჯგუფ "ვაკის პარკის" სოლისტი ზაზა ხუციშვილი დიდი ხანია, ნადირობით არის გატაცებული და ნადირობის მოყვარულთათვის რადიო "უცნობის" ეთერში გადაცემა "მონკავშირს" უძღვება.
ჰყავს სამი ძაღლი: ფრინველზე მონადირე ინგლისური სეტერი, კურდღლის მეძებარი ჩელსი და მწევარი ჰამილტონი. ვინაიდან ნადირობის სეზონი გაიხსნა, ამ თემაზე სასაუბროდ სწორედ ნადირობის მოტრფიალე ზაზა ხუციშვილს ვეწვიეთ.
- ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს გაიხსნა. მე, როგორც ნადირობის ტრფიალი, უკვე ვიყავი სანადიროდ და ამ დღეებშიც მივდივარ. ისე, მიმაჩნია, რომ უპრიანი იქნება, სანადირო სეზონი 28 აგვისტოს შემდეგ გაიხსნას. რადგან მანამდე მწყერი თითქმის ბარტყია და მასზე ნადირობა ჭირს.
- როდემდე გასტანს ნადირობის სეზონი?
- სხვადასხვა ნადირ-ფრინველზე სხვადასხვა დროს იხსნება და მთავრდება. მწყერზე ნადირობის სეზონი მეტად ხანმოკლეა, 22 აგვისტოდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე გასტანს. მწყერს მოჰყვება გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი. მაგალითად, ოქტომბერში - ტყის ქათამზე, გარეულ იხვზე და ა.შ. ხოლო ე.წ. აბორიგენ ფრინველებზე, რომლებიც თბილ ქვეყნებში არ მიფრინავენ - ხოხობი, კაკაბი, გნოლი და დურაჯი - ნადირობის სეზონი გვიან შემოდგომით გაიხსნება. ოღონდ მონადირემ უნდა შეიძინოს სამონადირეო მეურნეობისგან ლიცენზია კონკრეტულ ფრინველზე ან ცხოველზე ნადირობის სეზონზე.
- რა ჯდება ნადირობის ლიცენზიის აღება?
- გადამფრენ ფრინველებზე (მწყერი, ქედანი, გარეული იხვი, ტყის ქათამი, ჩიბუხა და ა.შ.) ნადირობის ლიცენზია მთელი სეზონის განმავლობაში 10 ლარი ღირს. აბორიგენ ფრინველებზე კი ლიცენზია 15-დან 25 ლარამდე მერყეობს. ლიცენზიის გარდა, გასათვალისწინებელია საწვავის ფასი, საგზალი.. ასე რომ, ნადირობა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ამ სფეროში 1990-იანი წლების დასაწყისში სრული განუკითხაობა სუფევდა - სანადირო კანონმდებლობა აბსურდული იყო - მტაცებელ ცხოველზე ნადირობა იკრძალებოდა. ამიტომაც მომრავლდა ასე მგელი, ტურა, მელა და დღეს თითქმის ყველა სოფელი შეწუხებულია მათი თავდასხმებით.
მომხრე ვარ, ყველაფერი კანონს დაექვემდებაროს. აქამდე ამ სფეროში დიდი ქაოსი იყო. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ კურდღელზე და კაკაბზე ნადირობის სეზონი ხანმოკლეა, მათზე მაინც წელიწადის ნებისმიერ დროს ნადირობდნენ. ანალოგიური რამ შემიძლია ვთქვა ჯიხვზე, რომელიც წითელ წიგნშია შეყვანილი. დარწმუნებული ვარ, კავკასიური ჯიხვის მოსანადირებლად უამრავი უცხოელი ტურისტი ჩამოვა და იმედია, მხოლოდ ჯიხვზე ნადირობით არ დაკმაყოფილდებიან, ერთი კვირით მაინც გაჩერდებიან, ღვინოს დააჭაშნიკებენ, მოინახულებენ ისტორიულ ადგილებს და ა.შ. სანადირო ტურიზმი მსოფლიოში ყველაზე მოგებიან ბიზნესად მიიჩნევა, ჩვენთან კი რატომღაც ყველაფერზე აკრძალული იყო ნადირობა.
ამ თემაზე გარემოს დაცვის სამინისტრო ცვლილებებს გეგმავს და როგორც ჩანს, სასიკეთოდ განვითარდება პროცესი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველას შეეძლება წავიდეს და ჯიხვი მოკლას. ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში მოექცევა, ერთი ჯიხვის მოკვლა ეღირება გარკვეული საფასური და ამის შემდეგ სანადირო მეურნეობებს შეეძლებათ ჯიხვზე ნადირობის ლიცენზიის გაცემა. ეს ყველაფერი აქამდე უნდა გაკეთებულიყო, რადგან დღეს გადაშენების პირასაა ნადირ-ფრინველი, განსაკუთრებით მგლისა და სხვა მტაცებლების სიმრავლის გამო.
- რამდენი ფრინველის მოკვლის უფლება აქვს მონადირეს დღეში?
- გარემოს დაცვის კანონით ერთ ნადირობაზე 20 მწყერის მოკვლაა დაშვებული. მეც, როგორც კანონმორჩილი მონადირე, ნადირობისას მეტს არც ვკლავ.
- დღეს დაახლოებით რამდენი მგელი ბინადრობს საქართველოში?
- ეს არავინ იცის, რაც გარემოს დაცვის სამსახურის სისუსტეზე მიანიშნებს. 1990 წლის მონაცემებით საქართველოში 3000-მდე მგელი იყო, ხოლო წელიწადში მტაცებელთან ბრძოლის სექცია 400 მგელს კლავდა. ამიტომაც იყო ბალანსი შენარჩუნებული. სწორედ იმხანად იყო 35 ათასი ჩლიქოსანი, მათგან 3 ათასი ირემი. დღეს კი საქართველოში 240 ირემიღა დარჩა. ეს 240 ირემი 5000 მგლის არსებობის პირობებში როგორ გამრავლდება, გაუგებარია.
- ტყეები როგორ მდგომარეობაშია?
- წალკაში მთლიანად გაჩეხილია ხელოვნურად გაშენებული ფიჭვნარი. გაჩეხილია ტყე ბეთანიის გარშემო, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ დაახლოებით 6 თვის წინ ტყეებში გარემოს დაცვის წარმომადგენლები გამოჩნდნენ და ყურადღებას აქცევენ ტყეს. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ სახელმწიფო მოხელეების ნებართვით დასავლეთ საქართველოში წაბლის ტყეებია გაჩეხილი.
ნინო მაისურაძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)