როგორ გაიტანა 1936 წელს "ენკავედეს" შეფმა განძი ესპანეთიდან - ესპანური ოქროს საოცარი თავგადასავალი რუსეთში

როგორ გაიტანა 1936 წელს "ენკავედეს" შეფმა განძი ესპანეთიდან - ესპანური ოქროს საოცარი თავგადასავალი რუსეთში

კაცობრიობას თავისი არსებობის მანძილზე უამრავი "გატაცება” ჰქონია, მათ შორის ერთ-ერთი, რომლის მიმართაც ინტერესი დღემდე არ ნელდება, ოქროა. ადამიანის მიერ მოპოვებული ოქროს რაოდენობა რომ ავრწყათ, მისი წონა 166,6 ათას ტონას შეადგენს.

თვალსაჩინოებისათვის ასეც შეიძლება წარმოვიდგინოთ: ამ რაოდენობის ოქრო რომ გადავადნოთ და მას კუბის ფორმა მივცეთ, კუბის ერთი გვერდის სიმაღლე 20 მეტრს მიაღწევს. დღევანდელი ფასებით მისი ღირებულება 7 ტრილიონი დოლარი იქნებოდა.

დღეს ოქროს მომპოვების თვალსაზრისით ჩინეთი, აშშ, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, რუსეთი და კანადა ლიდერობენ. 2010 წლის მანძილზე მსოფლიო მასშტაბით ყველაზე მეტი რაოდენობის ოქრო მოიპოვეს - 2652 ტონა. მათ შორის ჩინეთის წილი 344 ტონაა, ავსტრალიის - 259, აშშ-ის - 234, სამხრეთ აფრიკის - 206, ხოლო რუსეთის - 199 ტონა. ოქროს სარეზერვო მარაგის მიხედვით კი მსოფლიოს პირველი ხუთეულის სია ასე გამოიყურება: ოქროს ყველაზე დიდი რეზერვი შეერთებული შტატების საცავებში დევს - 8 133 ტონა, შემდეგ მოდიან გერმანია - 3 401 ტონა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი - 2 814 ტონა, იტალია - 2 451 ტონა, საფრანგეთი - 2 435 ტონა. რუსეთის წილი კი 836 ტონაა.

როგორც ცნობილია სახელმწიფოები სარეზერვო მარაგს მეტწილად საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ საბადოებში მოპოვებული ოქროთი ავსებენ, თუმცა, ისტორიამ ქვეყანის ხაზინაში ოქროს მოხვედრის სხვა შემთხვევებიც შემოინახა. მათ შორის ყველაზე ცნობილი ორი შემთხვევაა და ორივე ესპანეთს უკავშირდება.

კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენის შემდეგ ესპანელმა კონკისტადორებმა ტონობით ოქრო გაიტანეს ევროპაში, რომლის უმეტესი ნაწილი ესპანეთში მოხვდა, ერთი იმდენი ატლანტის ოკეანის ფსკერზე აწყვია - ამერიკიდან გასული განძეულით დატვირთული ხომალდების ნახევარი თუ აღწევდა დანიშნულების ადგილს. საუკუნეების წინ ოკეანეში გაუჩინარებული განძეულის ძებნას დღესაც განაგრძობენ თანამედროვე ოქროსმაძიებლები.

მეორე ისტორია გასული საუკუნის 30-იან წლებში ესპანეთში მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს მოხდა. იმ დროს ესპანეთს ოქროს მარაგით მეოთხე ადგილი ეკავა მსოფლიოში. მის საცავებში 635 ტონა ოქრო ინახებოდა, რაც მაშინდელი 783 მილიონი დოლარის ექვივალენტი იყო.

1936 წლის 18 ივლისს ჩრდილოეთ აფრიკაში დისლოცირებული ესპანური კოლონიალური არმიის გენერალმა ფრანკომ ესპანეთის რესპუბლიკური მთავრობის წინააღმდეგ აჯანყება წამოიწყო. გენერალმა შეძლო თავისი არმიის ესპანეთში გადაყვანა და რესპუბლიკელთა ძალების შევიწროება. ევროპის ქვეყნებმა ნეიტრალური პოზიცია დაიკავეს. ფრანკოს მხარდაჭერა გამოუცხადეს ჰიტლერმა და მუსოლინიმ. რაც შეეხება რესპუბლიკელებს, რომელთა რიგებშიც სოციალისტები და კომუნისტები სჭარბობდნენ, მათ მხოლოდ საბჭოთა კავშირის ფარული, არაოფიციალური დახმარების იმედი შეიძლებოდა ჰქონოდათ. რითაც არაჩვეულებრივად ისარგებლა სტალინმა და ესპანეთში გასაგზავნი საომარი ტექნიკის სანაცვლოდ, რომელთა რაოდენობასა და ფასზე ვერანაირი საერთაშორისო იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი ვერ შედგებოდა, სახელმწიფოს მთელი ოქროს მარაგის მოსკოვში გადატანა შესთავაზა ესპანელებს. ასე ვთქვათ - ჩვენთან უკეთესად შეგენახებათო. როგორც ჩანს, ეს ისეთი შეთავაზება იყო, რომელზეც ფრანკოს ჯარების მიერ მადრიდში გამომწყვდეული რესპუბლიკური მთავრობა უარს ვერ იტყოდა.

განძის ესპანეთიდან გატანის საიდუმლო ოპერაციას შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის, ე.წ. "ენკავედეს” შეფი ეჟოვი ხელმძღვანელობდა. ესპანური მხრიდან საქმის კურსში მხოლოდ ოთხი კაცი იყო - ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, ფინანსთა მინისტრი და მთავარი ხაზინადარი. აჯანყებულებისაგან კარტახენის გამოქვაბულებში გადამალული ოქროულობა, რომელსაც 60 ესპანელი მეზღვაური იცავდა 7800 ყუთში მოათავსეს, თითოეული მათგანი 65 კგ-ს იწონიდა. ყუთებით 20 სატვირთო მანქანა დატვირთეს. მანქანებს ესპანურ სამხედრო ფორმაში გადაცმული რუსი ტანკისტები მართავდნენ. კოლონას "ენკავედეს” გენერალი ალექსანდრე ორლოვი მიუძღოდა, რომელსაც ჯიბეში ამერიკელი ბანკირის ვინმე ბლეკსტონის სახელზე გაფორმებული ყალბი საბუთები ედო. ძვირფასი ტვირთი ოთხ საბჭოთა თბომავალზე განათავსეს. ორლოვის გარდა ყველას, ვინც რუსების მხრიდან ოპერაციაში მონაწილეობას იღებდა, თვით საბჭოთა ელჩსაც კი ესპანეთში, ეგონათ, რომ ყუთები ნიკელის მადნით იყო სავსე.

როდესაც დატვირთვა დასრულდა, ესპანელებმა ორლოვს ოქროს მიღების შესახებ დოკუმენტის გაფორმება მოთხოვეს, რაზეც მათ უპასუხეს, რომ ასეთი დოკუმენტის გაცემა მხოლოდ სახელმწიფო ბანკს შეეძლო მოსკოვში. სამაგიეროდ ესპანელებს შესთავაზეს მეთვალყურის რანგში ყოველ გემზე თითო კაცი აეყვანათ. განძეულობით დატვირთული ქარავანი 26 ოქტომბერს გავიდა კარტახენიდან და 2 ნოემბერს ოდესის პორტში მშვიდობით შევიდა. იქიდან ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის სახალხო კომისრისა და შავი ზღვის ფლოტის განსაკუთრებული განყოფილების უფროსის გენერალ ლორთქიფანიძის ზედამხედველობით მოსკოვში ჩაიტანეს.

მოსკოვში ჩატანილი ოქროს ფასად ესპანელმა რესპუბლიკელებმა, რომლებიც ფრანკოს მარწუხებს დაუსხლტნენ, საბჭოთა კავშირში ნახეს თავშესაფარი, თუმცა, გასაგები მიზეზის გამო მათმა უმრავლესობამ საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკებში დაასრულა სიცოცხლე.

საინტერესოდ წარიმართა ალექსანდრე ორლოვის ცხოვრებაც. "ენკავედეს” გენერალი 1938 წელს აშშ-ში გაიქცა და თან ბარსელონაში არსებული საბჭოთა რეზიდენტურის სეიფიდან აღებული 60 000 დოლარი გაიყოლა.

დავით შალიკაშვილი

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ