მამობის დადგენა და ე.წ. უკანონო შვილის აღიარება მრავალი მარტოხელა დედისთვის პრობლემაა. ქართულ კანონმდებლობაში უკვე მომზადებულია ცვლილებები, რომლებმაც სადაო მამობის საკითხი უნდა დაარეგულიროს. რა მოვალეობები ეკისრება ბავშვის ბიოლოგიურ მამას და როგორც იცავს კანონი ე.წ. უკანონო შვილებს. ამ თემასთან დაკავშირებით კითხვებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის დირექტორი კახა კოჟორიძე პასუხობს.
გამოგზავნილი შეკითხვები:
მკითხველი ნიკა: იქნებ ვიღაც ქალი ტყუილად მაბრალებს რომ ჩემგან ყავს შვილი, არადა დარწმუნებული ვარ, ცრუობს. ამ კანონის მიღების შემდეგ ეს 1600 ლარიანი ანალიზი ძალით უნდა გამაკეთებინონ?
მამობის დადგენა ხდება სასამართლოს გზით. თქვენს შემთხვევაში სარჩელს სასამართლოში შეიტანს ქალი, რომელიც ,,გაბრალებთ" მისი ბავშვის მამობას. კანონის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში იმ გარემოების დამტკიცება, რომ ბავშვის მამა ნამდვილად თქვენ ხართ, ეკისრება მოსარჩელეს (ქალს) და შესაბამისად დნმ-ს ექსპერტიზის ხარჯის გაღებაც თავდაპირველად მას დაეკისრება. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტიზამ დაადგინა, რომ თქვენ ნამდვილად ბავშვის მამა ხართ და პროცესს წააგებთ, ხარჯის გადახდა თქვენ დაგეკისრებათ. ამიტომ, თუ ფიქრობთ, რომ ბავშვის მამა ნამდვილად თქვენ ხართ, ჯობია ეს თავიდანვე აღიაროთ. ამ შემთხვევაში ექსპერტიზის ჩატარება საჭირო აღარ იქნება და ზედმეტი ხარჯების გაღებასაც თავიდან აირიდებთ.
მკითხველი დათო: როგორც ვიცი, დნმ-ის ანალიზი ძალიან ძვირია. საინტერესოა, ვინ აფინანსებს ამ გამოკვლევას, როცა პიროვნებას მისი ჩატარება არ სურს,ან ამის საშუალება არა აქვს?
დღეის მდგომარეობით დნმ-ს ექსპერტიზა 1600 ლარი ღირს. მამობის დადგენა ხდება სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. თანხის გადახდის ვალდებულება ეკისრება მოსარჩელეს (ანუ პირს ვინც სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით ითხოვს მამობის დადგენას). იმ შემთხვევაში თუ მოსარჩელე საქმეს მოიგებს და მამობა დადგინდება, თანხას წაგებული მხარე გადაიხდის, რომელიც მოსარჩელეს დაუბრუნდება.
მკითხველი ხათუნა: თუ შეიძლება, დეტალურად გაგვიმარტეთ, როგორ ხდება სავალდებულო მამობის აღიარება. პროცედურა რას მოიცავს. ვთქვათ, ქალს სურს, რომ მამაკაცისგან შვილის აღიარებას მიაღწიოს. როგორ იწყება ეს პროცედურა, რა დოკუმენტები ან რა გარემოებებია ამისთვის საჭირო.
მამობის დადგენა ხდება სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. თუ რა გარემოებების არსებობის შემთხვევაში დგინდება მამობა დაუქორწინებელი მშობლების შემთხვევაში, ამას ადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლი, რომლის თანახმადაც:
,,მუხლი 1190. დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობის დადგენა
1. შვილის წარმოშობა ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისაგან დგინდება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში მშობლების მიერ ერთობლივი განცხადების შეტანით. ~
11. შვილის წარმოშობა ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისაგან შესაძლებელია ასევე დადგინდეს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში მშობლების მიერ ერთობლივი განცხადების შეტანით.
2. მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის შემთხვევაში მამობა შეიძლება დადგინდეს სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადებით, რომლის კმაყოფაზედაც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ.
3. მამობის დადგენისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბავშვის დედისა და მოპასუხის ერთად ცხოვრებასა და საერთო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე, ან ბავშვის ერთად აღზრდას ან რჩენას, ანდა დამამტკიცებელ საბუთს, რომელიც სავსებით ადასტურებს მოპასუხის მიერ მამობის აღიარებას.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული წესით მამობის დადგენისას მშობლებისა და მათი ნათესავების მიმართ ბავშვებს აქვთ ისეთივე უფლებები და მოვალეობები, როგორც დაქორწინებულ პირთაგან დაბადებულ ბავშვებს."
მკითხველი ზურა: მაინც როგორ იღებენ ამ ანალიზს, სისხლი უნდა ჩავაბარო? ანონიმურობა დაცული იქნება? ანუ ნებისმიერი ადამიანი შეძლებს გაიგოს მყავს თუ არა ბიოლოგიური შვილი?
ექსპერტიზის პასუხი არის კონფიდენციალური და ექსპერტს მისი გახმაურების უფლება არ აქვს.
მკითხველი თამარი:ბიოლოგიური მამობის დამტკიცების შემდეგ პიროვნებას რაიმე ფინანსური ვალდებულებები ეკისრება?
ბიოლოგიური მამობის დადასტურება არის სასამართლოს გზით მამობის დადგენის საფუძველი, რა შემთხვევაშიც მამას ბავშვის წინაშე წარმოეშობა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები, მათ შორის ალიმენტის გადახდის ვალდებულებაც.
თავად ვარ ე.წ. უკანონო შვილი, ვატარებ დედის გვარს. მინდა მამის გვარი მქონდეს, მაგრამ დედა არ არის თანახმა ეს საკითხი ისევ წამოჭრას. შემიძლია დამოუკიდებლად მივაღწიო მამაჩემისგან ჩემს შვილად ცნობას? რა უნდა გავაკეთო ამისთვის. ვარ 31 წლის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ”მამობა შეიძლება დადგინდეს სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადებით, რომლის კმაყოფაზედაც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ". შესაბამისად, თქვენ გაქვთ უფლება დედისგან დამოუკიდებლად მიმართოთ სასამართლოს.
მკითხველი ლაშა:ანალიზის შედეგების გასაჩივრება შეიძლება?
დნმ-ს ექსპერტიზის დასკვნა არის მტკიცებულების ერთ-ერთი სახე. თუ სასამართლოში საქმის განხილვის დროს რომელიმე მხარე არ ეთანხმება ექსპერტიზის დასკვნის შედეგებს, მას კანონის თანახმად უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ან განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარება. ასევე მხარეს უფლება აქვს დამოუკიდებლად მიმართოს სხვა ექსპერტს (ალტერნატიული ექსპერტიზა) და სასამართლოს წარუდგინოს შესაბამისი დასკვნა.
მკითხველი მარინა:რა ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული მამობის აღიარები პროცედურა, როცა დნმ-ის ანალიზი ხდება საჭირო?
ლევან სამხარაურლის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში (მის. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. #84) დნმ-ს ექსპერტიზა ღირს 1600 ლარი.
მკითხველი ირაკლი: როცა თავად კაცს უნდა გადაამოწმოს ან დაამტკიცოს, მართლაც მისია თუ არა ბავშვი, ამისთვის დედის თანხმობა აუცილებელია?
აღნიშნულ შემთხვევაში დედის თანხმობის აუცილებლობას საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს.
მკითხველი ზაირა: ჩემი შვილიშვილი 7 წლის არის. მას ჩვენი გვარი არ აქვს, დედამისი დღემდე ხელს გვიშლის მასთან ურთიერთობაში. ეს ახალი კანონი რამით დაგვეხმარება? თუ დავამტკიცებ, რომ ის ჩემი ვაჟის ნამდვილი შვილია, შევძლებ ოფიციალურად მოვითხოვო ბავშვის სისტემატური მონახულების უფლება?
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ,,მამობა შეიძლება დადგინდეს სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადებით, რომლის კმაყოფაზედაც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ"". შესაბამისად, სასამართლოს მამობის დადგენის მიზნით უნდა მიმართოს თქვენმა ვაჟმა. თუმცა ასევე შესაძლებელია სასამართლოს მიმართოთ თქვენ და მოითხოვოთ შვილიშვილთან ნათესაური კავშირის დადგენა, რა სემთხვევაშიც თქვენ წარმოგეშვებათ კანონით დადგენილი უფლება-მოვალეობები. კერძოდ, საქართველს სამოქალაქო კოდექსის 1203-ე მუხლის თანახმად, ,,პაპასა და ბებიას უფლება აქვთ, ურთიერთობა იქონიონ თავიანთ არასრულწლოვან შვილიშვილებთან მაშინაც, როცა ისინი უშუალოდ არ მონაწილეობენ შვილიშვილების აღზრდაში. თუ მშობლები ან მეურვე/მზრუნველი უარს ეუბნებიან პაპასა და ბებიას შვილიშვილებთან ურთიერთობაზე, სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს მშობლები ან მეურვე/მზრუნველი, საშუალება მისცენ პაპასა და ბებიას, ურთიერთობა იქონიონ შვილიშვილებთან სასამართლოს მიერ დადგენილი წესით".
მკითხველი სოფო: თუ პიროვნება ანალიზის აღების წინააღმდეგია, მას რაიმე ჯარიმა ელის? ხომ შეიძლება ეს კანონი ვინმემ ბოროტად გამოიყენოს.
დნმ-ს ექსპერტიზის ჩატარება ძირითადად საჭიროა იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლოში მიმდინარეობის ბავშვის მამობის დადგენასთან დაკავშირებული დავა. თუ აღნშნულ შემთხვევაში პირი უარს იტყვის დნმ-ს ექსპერტიზაში მონაწილეობაზე, მას ფიზიკურად ვერ აიძულებენ აღნშნულის გაკეთბას. თუმცა, ამ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარის პოზიციას სასამართლო დადასტურებულად ჩათვლის. ანუ ექსპერტიზის ჩატარების გარეშე დადგინდება ბაშვის მამობა.