ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებზე თვალსაზრისს პარლამენტის წევრი პეტრე მამრაძე გამოხატავს.
- უახლოეს ხანში პარლამენტი დაიწყებს განხილვას საარჩევნო კოდექსისას, რომელიც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს პოლიტიკურ სპექტრში. თქვენი აზრით, რატომ არ თანხმდება ხელისუფლება არჩევნების ბიომეტრიული პრინციპით ჩატარებას?
- ეს ხელისუფლება მხოლოდ დასავლეთის თვალში თავისი ფსევდოდემოკრატიული იმიჯის განსამტკიცებლად თუ დათანხმდება რამეს, რადგან გასული წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რეალურად, ხელისუფლებას სულაც არ აინტერესებს, რა წერია საარჩევნო კოდექსში. ამ არჩევნების შემდეგ რეგიონებში საარჩევნო კომისიის წევრებმა გვითხრეს, რომ უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები მათ პირდაპირ ეუბნებოდნენ, ზემოთ უკვე გადაწყვეტილია, "ნაციონალებმა" ხმების 75 პროცენტი უნდა აიღონო.
რომელ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაზეა ამის შემდეგ ლაპარაკი? ამასთანავე, ვერც ერთი ქართველი ბიზნესმენი, რომელიც დღეს საქართველოშია, მართლაც ოპოზიციურ პარტიას არ და ვერ დააფინანსებს. ეუთოს დამკვირვებლებმა სწორედ ამაზე თქვეს, რომ არ იგრძნობა ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფო აპარატს შორის. ამ ხმაურიანი მოლაპარაკებებით "ექვსიანებთან" თუ "რვიანებთან" ხელისუფლებას მხოლოდ დრო გაჰყავს, რაც შეეხება არჩევნების ბიომეტრიული პრინციპით ჩატარებას, ასეთ შემთხვევაში გაყალბება მართლაც გაუჭირდებათ, რადგან თუ ადამიანი ასეთი პასპორტით გამოცხადდა საარჩევნო უბანზე, ყველაზე ავტორიტარული რეჟიმიც კი ვერაფერს გახდება.
- სამომავლოდ დეპუტატთა რიცხვის 190-მდე გაზრდას აპირებენ, თქვენი აზრით, უნდა ჩატარდეს თუ არა ამ საკითხზე რეფერენდუმი?
- ამ საკითხზე გამოცდილი იურისტებიც კი დაობენ. ფაქტია, რომ პარლამენტართა რიცხვის შემცირება საერთო-სახალხო გამოკითხვის გზით გადაწყდა. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დღესაც ამ აზრზეა. სააკაშვილმა კი ცინიკურად, საჯაროდ, ეს ყველაფერი ოპოზიციას გადააბრალა, ეს მათი მოთხოვნა იყოო, რაც ოპოზიციამ მეორე დღესვე უარყო, თუმცა, ჩემი აზრით, იმ პარტიებს, ვინც მოლაპარაკების მაგიდას უსხდნენ, მაშინვე უნდა ეყვირათ ამაზე.
- ხელისუფლება საკმაოდ დიდ თანხას ხარჯავს პიარზე და ამბობს, რომ ეს ქვეყნის რენომეს ასამაღლებლად არის აუცილებელი...
- ეს მართლაც ასეა და მიუხედავად ამისა, დღეს უცხოური მედიის დამოკიდებულება სააკაშვილის ხელისუფლებისადმი მკვეთრად უარყოფითია. განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, უცხოურ პრესაში უწყვეტ ნაკადად მოედინება უარყოფითი ინფორმაცია საქართველოში არსებულ ვითარებაზე. და ამ ნიაღვარში ერთი-ორი წვეთი თუა ამ რეჟიმის ლობისტების მიერ მომზადებული პატარა წერილებისა.
ცნობილმა ტელეკომპანიამ "სქაი ნიუსმა" დღევანდელ მმართველობას "კლოუნების თეატრი" უწოდა, ევროპულ პრესაში აღინიშნა, რომ "სააკაშვილი პოტიომკინია, რომელიც პიარაქციებზე მილიონებს ხარჯავს მაშინ, როცა ხალხი გაჭირვებულია", რომ იგი "მეგალომანიით არის დაავადებული და გრანდიოზულ მშენებლობებში მილიონებს ხარჯავს" და ა.შ. კიდევ არაერთი ციტატის მოყვანა შეიძლება. ცნობილი ინგლისურენოვანი ჟურნალისტი მოლი კორსო ვებგვერდზე EURASIANET.ORG წერდა, რომ "ანაკლია ბიუჯეტს უჯდება ექვსჯერ მეტი, ვიდრე ლტოლვილების განსახლება, მათი პრობლემების მოგვარება". ასე რომ, დასავლეთი ყველაფერს ვარდისფერი სათვალით არ უყურებს.
- რას იტყვით ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მომავალ ვიზიტებზე საქართველოში, რომელზეც ხელისუფლების წარმომადგენლები გარკვეულ იმედს ამყარებენ?
- საბედნიეროდ, მიუხედავად იმისა, რომ ევროპელებმა კარგად იციან, რა ხდება საქართველოში, ისინი ქართველი ხალხის მეგობრებად რჩებიან. რასმუსენი ყოველთვის ამბობს, რომ დღეს ნატოს უმთავრესი ამოცანა რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაა, ეს თბილისში ყოფნისასაც არაერთხელ აღნიშნა. რაც შეეხება სპეკულაციას თემაზე, რომ ეს ვიზიტი საქართველოს ნატოში გაწევრებას დააჩქარებს, ეს საკითხი ნატოს დღის წესრიგიდან საერთოდ მოხსნილია. ზოგიერთი უცხოელი პოლიტოლოგი კი პირდაპირ გვეუბნება, რომ სანამ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების სათავეშია, ეს საკითხი არც განიხილება, რადგან ნატოს სტანდარტებს საქართველო დღითი დღე შორდება. დახურულ შეხვედრებზე კი საააკაშვილს პირდაპირ ეუბნებიან, რომ თუ 2013 წლისთვის ხელისუფლებიდან არ წავა, სახელმწიფოს დახმარებას შეუწყვეტენ.
რაც შეეხება ნიკოლა სარკოზის, მას დღემდე ახსოვს, როგორ სთხოვდა აგვისტოს ომის დღეებში სააკაშვილს, არ ამოეღო მედვედევ-სარკოზის საერთაშორისო ხელშეკრულებიდან მეექვსე პუნქტი, სადაც შავით თეთრზე ეწერა, რომ რუსეთი იღებს ვალდებულებას, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსი მხოლოდ საერთაშორისო დონეზე მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყდეს. სარკოზი სააკაშვილს არწმუნებდა, რომ დასავლეთის არც ერთი სახელმწიფო არ ცნობდა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, ხოლო რუსეთი აიღებს ვალდებულებას, რომ ჩვენ გარეშე ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
სააკაშვილმა სარკოზის, ცხადია, არ დაუჯერა და რა მოჰყვა ამ ნაბიჯს, ყველამ ვნახეთ. ფაქტია ისიც, რომ ამის შემდეგ საფრანგეთისა და რუსეთის ურთიერთობა აღმავალი ხაზით ვითარდება. განა აგვისტოს ომის შემდეგ ევროპულმა სახელმწიფოებმა, რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ დააწესა თუნდაც იოტოსოდენი სანქცია რუსეთის მიმართ საქართველოს გამო? პირიქით, ყველგან მწვანე შუქს უნთებენ, ობამა მედვედევს ღია ეთერში დაჰპირდა მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრებას. ასეთია "რეალ-პოლიტიკა".
- რას იტყვით იმაზე, რომ მიუხედავად დღემდე მიმდინარე მოლაპარაკებებისა, საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებთან სადემარკაციო ხაზი არა აქვს გავლებული?
- არათუ სადემარკაციო ხაზი არ არის გავლებული, ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სადახლოს მიმდებარე ტერიტორიაზე სომხეთმა სასაზღვრო პუნქტი გადმოსწია. რა არის ეს, თუ არა ტერიტორიის მიტაცება? ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ამას სკანდალი მოჰყვებოდა. ჩვენს ხელისუფლებას კი თვალი დახუჭული აქვს, ყური - დახშული...
ნინო კვიტაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)