რა ჯდება დაკრძალვა

რა ჯდება დაკრძალვა

"წუთისოფელი რა არი? აგორებული ქვა არი, რაწამს კი დავიბადებით, იქვე საფლავი მზა არი!" - ამ სიტყვების მთქმელს კარგად ჰქონდა გაცნობიერებული სიკვდილის გარდაუვალობა, მაგრამ სიცოცხლის ფასიც შესანიშნავად იცოდა, ამიტომ, ქართველი კაცი ოდითგანვე პატივით კრძალავდა თავის მიცვალებულს და ცდილობდა, გარდაცვლილთა სულებისთვისაც ღირსეული პატივი მიეგო.

მიცვალებულის დაკრძალვა თიხის დიდ ჭურჭელში ანუ კუბოში, საქართველოში ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის IV-III საუკუნეებში იყო მიღებული. ოჯახის წევრებს ხშირად ერთ საფლავში კრძალავდნენ, ამაზე მეტყველებენ მცხეთისა და ბაგინეთის აკლდამები, სიონის, ჟინვალის, კლდეეთისა თუ მოდინახეს სამარხები... მიცვალებულისადმი პატივისცემის ტრადიცია საქართველოში დღემდე გრძელდება, ამიტომ ჩვენს საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ამბავმა, რომ შეიძლება დაკრძალვის წესები შეიცვალოს.

ეს ინფორმაცია "ლეიბორისტული პარტიის" წევრებმა გაავრცელეს, მათი თქმით, თუ ჭირისუფალი მიცვალებულს სამ დღეში არ დაკრძალავს, ჯარიმა დაეკისრება, იკრძალება ბალზამირება, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს კრემაციაც... ითქვა ისიც, რომ პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე მიცვალებულის კრემაციის წესის შემოღებას გეგმავს, რასაც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა "სისულელე" უწოდეს. ამ და სხვა საკითხებზე კომენტარი ლეიბორისტთა ერთ-ერთ ლიდერს პაატა ჯიბლაძეს, შპს "ჰერმესის" დირექტორის მოადგილეს მიხეილ ქადაგიშვილს და ყოვლადწმინდა სამების ტაძრის მოძღვარს, დეკანოზ თეოდორეს (გოგოლაძე) ვთხოვეთ:

პაატა ჯიბლაძე: - გავიხსენოთ, რა ხდებოდა ბოლო წლების განმავლობაში: ჯერ იყო და, 2 წლის წინ გაიზარდა გადასახადი სასაფლაოებზე: ორადგილიანი საფლავი 260 ლარი გახადეს, სამადგილიანი - 700 ლარი, ხოლო ოთხადგილიანი - 1500 ლარი. რაც უფრო პრესტიჟულ ადგილზეა სასაფლაო, მით უფრო მაღალია გადასახადი. შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფომ ოფიციალური რეკეტი დააკანონა სასაფლაოებზე, რის გამოც მიცვალებულის დაკრძალვა საქართველოში ძალზე ძვირი "სიამოვნება" გახდა. ამის შემდეგ სასაფლაოების გაყიდვაც მოისურვეს, რასაც "ლეიბორისტულმა პარტიამ" საპროტესტო აქციებით უპასუხა. როგორც იქნა, გადაიფიქრეს ამ დრაკონული კანონის მიღება. ხელისუფლების წარმომადგენლებს ფული სჭირდებათ და ეს "ბიზნესი" მთლიანად ჩაიგდეს ხელში. ისინი გაუბედურებული ოჯახების ხარჯზეც კი არ ერიდებიან თავიანთი ინტერესების დაკმაყოფილებას.

თუ გავიხსენებთ ბოლო თვეებში ბაგა-ბაღებისა და სამარშრუტო ტაქსების გაძვირებას, ახალ-ახალ ბეგარებსა და გადასახადებს, რატომ გიკვირთ, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მიცვალებულთა ოჯახებიც დაბეგროს? მართალია, მიცვალებულის სამი დღის ვადაში დაკრძალვა ქრისტიანული წესით მისაღებია, მაგრამ ამათ ქრისტიანობისა და მართლმადიდებლობისა რომ არაფერი სცხიათ, ეს ამბავი არახალია. გვაქვს ინფორმაცია, რომ უმაღლეს ეშელონებს სურთ, გახსნან კრემატორიუმები და მათ მომსახურებაზეც გადასახადი დააწესონ, ეს იქნება კიდევ ერთი საშუალება ფულის საშოვნელად. როგორც უკვე გითხარით, დაახლოებით ერთი წლის წინ სასაფლაოებზე ყოველთვიური გადასახადების დაწესებასაც აპირებდნენ, მაგრამ ამას დიდი რეზონანსი მოჰყვა ქვეყანაში.

ამიტომ ამ ჩანაფიქრის განხორციელება ვეღარ მოახერხეს. თუ სერიოზულ წინააღმდეგობას ხედავენ, ჩერდებიან, მაგრამ თუ ხალხი ხმას არ ამოიღებს, ყველაფერს თავისი სურვილის მიხედვით აკეთებენ. დასასრულ, ერთ კითხვასაც დაგისვამთ:  გინახავთ ოდესმე, რომ ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაცია გარკვეული პერიოდის შემდეგ არ ასრულებულიყოს?

მიხეილ ქადაგიშვილი, შპს "ჰერმესის" დირექტორის პირველი მოადგილე:

- შპს "ჰერმესი" ახორციელებს სრულ სარიტუალო მომსახურებას იმ შემთხვევაში, თუ ჭირისუფალი დახმარებისათვის მოგვმართავს. რაც შეეხება სარიტუალო მომსახურების ფასებს: სასახლის ღირებულება ჩვენთან 180 ლარიდან იწყება. ფასის ზრდას განაპირობებს ის, თუ როგორი ხარისხის მასალაა გამოყენებული და რა რაოდენობით. ბალზამირების ღირებულება 80 ლარია, მომსახურებაში შედის მიცვალებულის მოწესრიგება, ჩაცმა, ბალზამირება, სასახლეში ჩასვენება. სატრანსპორტო საშუალებებით მომსახურების ფასები განისაზღვრება სამარკო ნიშნისა და გასავლელი მანძილის მიხედვით, ინდივიდუალური დაკვეთის შესაბამისად. სარიტუალო მომსახურების ფასი ბოლო პერიოდში არ გაზრდილა და ამ ეტაპზე არც არის დაგეგმილი. რაც შეეხება კრემაციას, ინფორმაცია მისი შემოღების შესახებ  სრული აბსურდია და რეალობას არ შეესაბამება. ვინც მსგავს ინფორმაციებს ავრცელებს, მოვუწოდებთ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანისაგან თავი შეიკავონ.

დეკანოზი თეოდორე (გოგოლაძე) - ყოვლადწმინდა სამების ტაძრის მოძღვარი:

- ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა ემზადებოდეს იმისათვის, რასაც გარდაცვალება, ამ ქვეყნიდან გასვლა ჰქვია. როდესაც ადამიანი სიკვდილს მიუახლოვდება, პირველ რიგში, ახლობლებმა მისი სულისათვის უნდა იზრუნონ. თუ მომაკვდავს მოძღვარი არა ჰყავს, მისმა ახლობლებმა უნდა მოძებნონ მოძღვარი, რომელიც მომაკვდავს მისცემს დარიგებას და მომავალ ცხოვრებაში გადასასვლელად შეამზადებს. ის აუცილებლად უნდა აზიარონ ქრისტეს სისხლსა და ხორცს, აუცილებელია ზეთის კურთხევაც, რათა ადამიანი უკვე მომზადებული და განწმენდილი გადავიდეს იმქვეყნიურ საუფლოში. დაკრძალვამდე მიცვალებული ტაძარში უნდა დაასვენონ, სადაც მისი ჭირისუფლები ეზიარებიან და ყველაფერი წესისა და რიგის მიხედვით შესრულდება.

- მამაო, რას გვეტყვით ბალზამირებისა და კრემაციის შესახებ?

- გარდაცვლილი მესამე დღეს უნდა დაიკრძალოს. ასე გვეუბნება პატრიარქის განჩინება. ყველაზე ხანგრძლივი ვადა ხუთი დღეა. ბალზამირება იმ შემთხვევაში ხდება საჭირო, როდესაც მიცვალებულს ერთი კვირის, ან ათი დღის განმავლობაში ვერ კრძალავენ. თუმცა ჩვენ ვიცით გამონაკლისი შემთხვევებიც: მაგალითად, წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი 40 დღეზე მეტხანს იყო ბალზამირების გარეშე, რადგან მისი ნეშტი დიდთოვლობის გამო გელათში დროულად ვერ აასვენეს. იმხანად ისეთი თოვლი მოვიდა, ქუთაისში ხალხი სახურავიდან სახურავზე გადადიოდაო, ამბობდნენ. ასე რომ, თუ ჭირისუფალი წესებს დაიცავს,  გაუთვალისწინებელ, ზედმეტ ხარჯებსაც თავს აარიდებს. არ არის საჭირო მიცვალებულის დიდხანს გაჩერება, დაკრძალვა შეიძლება მეორე დღესაც და იმავე დღესაც კი.

სახარებიდან გვაქვს მაგალითი, როდესაც მაცხოვარი გარდამოხსნეს ჯვრიდან, იმავე დღესვე დაკრძალეს, ხოლო მესამე დღეს მკვდრეთით აღდგა. რატომ უნდა შევეხოთ მიცვალებულის სხეულს უდიერად? ბალზამირებისას გარდაცვლილი უნდა გაჭრან, გაკვეთონ, რა საჭიროა ეს ყველაფერი? ახლა რაც შეეხება კრემაციას - ამ საკითხზეც უნდა ვთქვათ ორიოდ სიტყვა: კრემაცია, ანუ ადამიანის სხეულის დაწვა, არ შეიძლება, ვინაიდან ამის საფუძველს და მაგალითს არ გვაძლევს წმინდა წერილი, სახარება.

ის აღარ გვყოფნის, რომ მიცვალებული მიწას უნდა მივაბაროთ? არ არის აუცილებელი საფლავის მეტისმეტად მორთვა-მოკაზმვაც. ქრისტიანის საფლავი, ისევე როგორც მისი კუბო, არ უნდა გამოირჩეოდეს ჩუქურთმებით, მოჭედილობით, განსაკუთრებული მორთულობით. დღევანდელ დღესაც, მონაზვნებს ტილოში გადაახვევენ და ისე კრძალავენ. მიცვალებულის სხეული აუცილებლად უნდა იყოს სუფთა და მოვლილი. ესეც ქრისტიანული წესია:

სახარებიდან ვიცით, რომ ქრისტეს სხეული განბანეს, ნელსაცხებლით შემურეს, შემდეგ ტილოში გადაახვიეს და დაკრძალეს. ეს ტილო დღეს ტურინის სუდარის სახელით არის ცნობილი. როგორც გითხარით, თუ დამწუხრებული ჭირისუფალი ყველაფერს ისე შეასრულებს, როგორც ეკლესია გვასწავლის, უამრავ ზედმეტ ხარჯსა და საზრუნავს აიცილებს თავიდან.

ცნობისათვის

დღეს თბილისში სარიტუალო მომსახურების ფასები საკმაოდ მაღალია: ყველაზე იაფი სასახლე 150 ლარი ღირს, თუმცა, არის 4-5 ათას ლარად შეფასებული, ძვირფასი მასალისაგან დამზადებული კუბოებიც, რომლებიც უფრო ხარისხიანია და დიდხანსაც ძლებს. სასახლეები არჩევით აქვთ: მუხის, წიფლის, თელის... ვის როგორი მოსწონს - ხავერდით, ატლასით, ეგვიპტური აბრეშუმით გაწყობილი. მიცვალებულის დასასვენებლი ტახტი 30 ლარი ღირს, სუდარა - 25-30, ხოლო შანდალი - 30 ლარი. შპს "ჰადესში", მაგალითად, ბალზამირება შედარებით იაფია - 60 ლარი, მიცვალებულის ჩაცმა - 70 ლარი, ხოლო გაპარსვა 10 ლარი ღირს, კატაფალკის დაქირავება ჭირისუფალს 70-დან 150 ლარამდე უჯდება, ხოლო ავტობუსისა - 80 ლარიდან 120-130 ლარამდე. რაც უფრო შორს მდებარეობს სასაფლაო, სატრანსპორტო საშუალებების მომსახურება უფრო ძვირია. ყველაზე გასაოცარი კი მაკიაჟის ფასია - თურმე მიცვალებულისათვის მაკიაჟის გაკეთება 80 ლარი ღირს(!)

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"