მონაკოს პრინცმა ალბერ მეორემ ყვარელში, მიხეილ სააკაშვილის ვენახში, საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ყურძენი დაკრიფა. მონაკოს პრინცმა მიხეილ სააკაშვილთან ერთად საწნახელში ყურძენიც დაწურა. პრინცი რთველით და ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიით დაინტერესდა.
დღესვე მონაკოს პრინცი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ბაკურიანში ჩავიდა და ტრაგიკულად დაღუპული ქართველი ოლიმპიელის ნოდარ ქუმარიტაშვილის საფლავი ყვავილებით შეამკო. შემდეგ კი დაღუპული სპორტსმენის ოჯახში მივიდა და მათ საგვარეულო მედალი გადასცა. პრინცმა სამახსოვრო წიგნში ჩანაწერიც დატოვა.
ალბერ მეორე დღეს დმანისშიც ჩავა, სადაც არქეოლოგიურ გათხრებს დაათვალიერებს და მეცნიერებს შეხვდება.
მონაკოს პრინცი დღეს თბილისში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისისა და ოლიმპიური მუზეუმის გახსნასაც დაესწრება, შემდეგ კი საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს ეწვევა.
საქართველოში მონარქის ვიზიტი გუშინ დაიწყო.