"ვაი-რეფორმატორებმა ყველაზე ჩამორჩენილ, ამერიკული განათლების სისტემას მიჰბაძეს"

"ვაი-რეფორმატორებმა ყველაზე ჩამორჩენილ, ამერიკული განათლების სისტემას მიჰბაძეს"

განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებზე თვალსაზრისს გამოხატავს ფიზიკოსი, თბილისის ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი მეცნიერი-თანამშრომელი გელა დოლიძე.

- ახლახან, პირველკლასელთათვის ნეთბუქების გადაცემისას, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, სწავლების დონე ჩვენში დასავლეთის მოწინავე ქვეყნების დონეს უნდა უსწრებდეს კიდეცო...

- რომელ დონეს გულისხმობს სააკაშვილი? განათლების სისტემა, მისი დონე სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია, რასაც თავისი ისტორიული, ობიექტური მიზეზები აქვს: საფრანგეთში სწავლების ხარისხი ამერიკის შეერთებულ შტატებისაზე მაღალია, გერმანიაში, ტრადიციულად, ქიმიისა და ფიზიკის უკეთესი პედაგოგები ჰყავთ, ვიდრე იტალიაში და ა.შ. ჩვენ გვქონდა უნიკალური შესაძლებლობა, შეგვესწავლა სხვადასხვა სახელმწიფოში ჩატარებული რეფორმების ავ-კარგი და ამის გათვალისწინებით განგვეხორციელებინა ცვლილებები.

რეალურად კი რა მოხდა? განათლების ვაი-რეფორმატორებმა, ძირითადად, გაუთვითცნობიერებელმა ადამიანებმა გადაწყვიტეს ერთი დარტყმით გაეჭრათ ყველა კვანძი, ხოლო მისაბაძ მაგალითად აიღეს, ჩემი აზრით, დღეისათვის ყველაზე ჩამორჩენილი განათლების სისტემა - ამერიკული. უფრო მეტიც, მისგან ყველაზე ცუდი, წარუმატებელი გადმოიღეს, ეს იმას ჰგავს, მაიმუნი რომ სათვალეს იკეთებს... შედეგად კი რა მივიღეთ? წელს ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკაში აბიტურიენტების 30 პროცენტზე მეტი ჩაიჭრა, არადა, ტესტი საკმაოდ მარტივი იყო.

- თუმცა, ამის საპასუხოდ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ შარშან მათემატიკაში, სხვა ტექნიკურ საგნებში კიდევ მეტი ახალგაზრდა ჩაიჭრა და სიტუაცია თანდათან უმჯობესდება.

- განათლების სამინისტრო რატომღაც იმას აღარ ამბობს, რომ წელს ტესტი, შარშანდელთან შედარებით გაამარტივეს. ფაქტია, ტექნიკურ საგნებში მომზადების დონე თანდათან ქვეითდება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ძირითადად, პიარზეა გადართული, თუმცა, შარშან, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ მაია მიმინოშვილს წამოსცდა, რომ აბიტურიენტთა მომზადების დონე გაუარესდა. წელს ამგვარი კომენტარი აღარ გაუკეთებია, როგორც ჩანს, ყური აუწიეს, თუმცა ცოდნის გაუარესების, უმეცრების ტენდენცია აშკარაა.

- დღეს ხელისუფლებამ საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლა პრიორიტეტულად გამოაცხადა, თუმცა, სტატისტიკით, იმ აბიტურიენტების რიცხვი, რომლებსაც ფიზიკოსობა, მათემატიკოსობა თუ ქიმიკოსობა სურთ, დიდად არ გაზრდილა..

- მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან დაწყებული, ფიზიკოსობა პრესტიჟული სპეციალობა იყო. დღეს, როცა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები იხურება, კვალიფიციურ ფიზიკოსებს სამსახურიდან ათავისუფლებენ, ლაბორატორიებს ხურავენ, რატომ აირჩევს ახალგაზრდა ამ სპეციალობას? უფრო მეტიც, მეცნიერებს ეუბნებიან, თვითონ იშოვეთ გრანტებიო! ეს ხომ ბიზნესსაქმიანობაა. მეცნიერების განვითარება სახელმწიფო პრიორიტეტი უნდა იყოს და არა რომელიმე მეცნიერის კერძო ინტერესი.

ის მაინც ხომ უნდა ესმოდეთ, რომ მეცნიერების გარეშე ვერც ეკონომიკა განვითარდება, ვერც ტურიზმი, რომელზედაც დღეს ასე ბევრს ლაპარაკობენ. საქართველოში ტურისტი არ ჩამოვა იმისთვის, რომ ვერონას დამსგავსებული სიღნაღი ნახოს, ან ბათუმის პიაცაზე სუში ჭამოს, ამისათვის იტალიასა და იაპონიაში ჩავა. ტურისტის მოსაზიდად კი ადგილობრივი წარმოების, მრეწველობის, ეთნოტურიზმის განვითარებაა საჭირო. სამწუხაროდ, დღეს ტექნიკურ, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტებზე ახალგაზრდები ერთადერთი მიზნით - სწავლის საზღვარგარეთ გასაგრძელებლად აბარებენ.

- წარჩინებულ სტუდენტებთან შეხვედრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, - არ მეშინია, რომ ჩვენი ახალგაზრდები საზღვარგარეთ დარჩებიან, ისინი აუცილებლად დაგვიბრუნდებიანო.. დღეს სახელმწიფო დაფინანსებით უცხოეთში წარგზავნილ სტუდენტებს არავინ ავალდებულებს ქვეყანაში დაბრუნებას...

- წარმოიდგინეთ, რამხელა გარღვევაა ბიუჯეტში, როცა სახელმწიფო სახსრებით წარგზავნილი სტუდენტი უკან არ ბრუნდება, ეს ქვეყნის მატერიალური და ინტელექტუალური ძარცვაა. სააკაშვილის შიშებსა და მეტეოროლოგიურ პროგნოზზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ფაქტია. თუ ვინმე ბრუნდება საქართველოში, ესენი არიან არალეგალები, რომლებიც თავიანთი კუნთების და არა ინტელექტის გასაყიდად იყვნენ უცხოეთში წასული. ამჟამად ჩემი უამრავი კოლეგა, 300-მდე ბრწყინვალე ქართველი ფიზიკოსი, მუშაობს საზღვარგარეთ, მათ შორის, აშშ-ში, ნიუ-იორკის უნივერსიტეტსა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, გერმანიაში, კიოლნის უნივერსიტეტში, იაპონიაში, ოსაკას უნივერსიტეტში, რუსეთში, ქალაქ დუბნას ბირთვული კვლევის ინსტიტუტში და საქართველოსკენ გამოხედვაც არ სურთ.

დღეს საქართველოში ყველაზე მაღალი კვალიფიკაციის მეცნიერ-თანამშრომლის ხელფასი 200 ლარია, რა მოტივაცია ექნებათ დასაბრუნებლად?! სახელმწიფო სისხლხორცეულად უნდა იყოს დაინტერესებული, ჰყავდეს განათლებული მოქალაქეები. ჩვენთან კი განათლებასაც "ნაცმოძრაობის" წყალობად წარმოაჩენენ. და ეს მაშინ, როცა მასწავლებლის მაქსიმალური ხელფასი 340 ლარია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის ლაბორატორიების უმრავლესობა, მათ შორის, მეცნიერ ნოდარ გვილავას მიერ შექმნილი სასწავლო ლაბორატორია გაანადგურეს, დანადგარებს პირდაპირ მე-4 სართულიდან ყრიდნენ. რაზეც თანამშრომლებმა მაშინვე ავტეხეთ განგაში და ახლა გაახსენდათ ფიზიკა-ქიმია?

- ამ სასწავლო წლიდან პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, სახელმძღვანელოები აღარ შეიცვლება, განათლების სამინისტროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ მალე ზედა საფეხურებზეც ერთიანი სახელმძღვანელოებით დაიწყება სწავლება.

- დღევანდელი სახელმძღვანელოები ტექნიკურ, საბუნებისმეტყველო საგნებში ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. რომ შევადაროთ ერთმანეთს თუნდაც 2002 წელს გამოცემული და წელს გამოცემული მათემატიკის სახელმძღვანელო, ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც ცა და დედამიწა. რა საჭიროა, 11-12 წლის მოსწავლეებს ნახატებიანი სახელმძღვანელოთი ვასწავლოთ მათემატიკა, ფიზიკა? დღევანდელ სახელმძღვანელოში დაახლოებით 500 ამოცანა-მაგალითია, როცა ძველ სახელმძღვანელოებში 1000-12000 მაგალითი იყო. პროგრამა გამარტივდა და შესაბამისად, სწავლის დონემ იკლო. ხომ გახსოვთ კახა ლომაიას ფრთიანი ფრაზა:

ეს სახელმძღვანელოები ისეა შედგენილი, ბავშვმა ყველაფერი რომ ისწავლოს, მის ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნებაო, ანუ, ფაქტობრივად, მან ლუარსაბ თათქარიძის სიტყვები გაიმეორა, ბევრი სწავლა ადამიანს ამჭლევებსო... ამიტომაც ხდება სახელმძღვანელოები სულ უფრო პრიმიტიული, უინტერესო. ეს სახელმძღვანელო კი არა, ანტისახელმძღვანელოა, ანუ, როგორ შეგვძულდეს ფიზიკა და ქიმია. ან რატომ უნდა ღირდეს მე-6 კლასის სახელმძღვანელოების კომპლექტი 100 ლარამდე, ზედა კლასებისა კი 120-150 ლარი? ასეთივე პრობლემაა უმაღლეს სასწავლებლებში, სადაც სახელმძღვანელოების ფასი 30 ლარიდან იწყება, ახალი სახელმძღვანელობი, როგორც წესი, ცოტაა და ძირითადად, იმ პედაგოგების მიერ არის შედგენილი, ვინც ამ დისციპლინებს კითხულობენ.

ესეც არაჯანსაღი პრაქტიკაა. სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში სწავლის ღირებულება 2.250 ლარია, კიდევ მეტი, 8.000 ლარამდეა კერძო უმაღლეს სასწავლებლებში, რაც ქვეყანაში, სადაც საშუალო ხელფასი 250 ლარია, ცხადია, შთამბეჭდავი ციფრია. ვფიქრობ, ეს სისტემა მიუღებელია, რადგან სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში გადასახადი არ უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რა განსხვავებაა სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებელს შორის? გამოდის, მარტო ფასში! გრანტის გაცემა უმაღლესი სასწავლებლის დაფინანსებას არ ნიშნავს.

ცნობისათვის

საქართველოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასური, წლიური გადასახადი ამგვარია:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 2250 ლარი, ილიას უნივერსიტეტი - 2250 ლარი, სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი - 2.250 ლარი. საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - 2.250 ლარი. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი - 1.750 ლარი. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 1.750 ლარი. საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი - ფაკულტეტების მიხედვით, 4.700 ლარი, 5.700 ლარი და 4.500 ლარი.

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი - 6.950 ლარი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი-ფაკულტეტების მიხედვით - 5.750 ლარი, 5.150 ლარი, 4.600 ლარი. საქართველოს საერთაშორისი ურთიერთობათა უნივერსიტეტი - 3.000 ლარი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი - 3.200, 2.500 ლარი. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი - 6.000 ლარი. საქართველოს უნივერსიტეტი - 3.950, 6.950, 2.590, 4.950, 2.250, 3.300 ლარი. კავკასიის უნივერსიტეტი - 7500, 3900 ლარი.

მასალა მსოფლიოს 10 საუკეთესო უმაღლეს სასწავლებელსა და მათში სწავლის საფასურის შესახებ იხ. 24-ე გვ.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"