საპარლამენტო-საპრეზიდენტო არჩევნები კარსაა მომდგარი. ახალი პოლიტიკური დოღის კვალდაკვალ კი, ტელევიზიებმა რეკლამის ფასის გაზრდა უკვე მოასწრეს. შესაბამისად, ოპოზიციის მთელი ყურადღება კვლავ "მაესტროზე'' გადადის და მისი მმართველი კომპანიის წილებზე ნადირობის მორიგი სეზონიც გახსნილად ცხადდება.
თუმცა ეს არახალი თემაა. კულუარული ინფორმაციებიც იმის თაობაზე, თუ როგორ აგდებს კიწმარიშვილი ძველ პარტნიორს, გაჩეჩილაძეს, თავისი სანათესაოთი ტელევიზიიდან, უკვე ცნობილია. ცნობილია, ნოღაიდელის ინტერესი ტელეკომპანიის მიმართაც. 12-13 სექტემბერს მისი თბილისში ხელახლა ჩამოსვლაც იმასვე ადასტურებს, რომ პირველი ჩაშლილი გარიგების შემდეგ, "მაესტროს'' წილის ყიდვაზე მოლაპარაკებები კიწმარიშვილ-ნოღაიდელს შორის ახალ ფაზაში გადადის.
როგორც ირკვევა, ექსპრემიერი 70%-იანი წილის მოთხოვნიდან უკვე 50%-ზეა ჩამოსული, კიწმარიშვილს იმ აპარატურის იჯარასაც "შეარჩენს'', რომელიც "მაესტროს'' მისმა კუთვნილმა კომპანიამ, "ნ კონსალტინგმა'' მიაქირავა და ოქრუაშვილის რეაბილიტაციაშიც დაეხმარება. თუმცა, რაც უნდა ლოგიკური იყოს, ესეც მხოლოდ ჭორები და ვარაუდებია. "ვერსიას'' კი ხელთ ის დოკუმენტაცია ჩაუვარდა, სადაც შავით თეთრზე წერია, რა ვალდებულებებს იღებს ექსპრემიერის წინაშე ტელეკომპანია. "მაესტრო'', რომელსაც დღეს რიგი პოლიტიკური ძალები "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის'' თავდასხმის მსხვერპლად მიიჩნევენ, ნოღაიდელს შემდეგი შინაარსის ხელშეკრულებას უდებს: "ხელშეკრულება სარეკლამო მომსახურების შესახებ: დამკვეთი (ნოღაიდელის პარტიის გამგეობის წევრი, კობა აბულაძე) წარმოუდგენს შემსრულებელს (შპს "სტუდია მაესტრო'') სარეკლამო რგოლს ან რგოლებს, ხოლო შემსრულებელი კისრულობს ვალდებულებას, განათავსოს იგი დღეში 4-ჯერ ტელეკომპანია "მაესტროს'' ეთერში. დამკვეთი ვალდებულია, დროულად გადაუხადოს შემსრულებელს მომსახურების გაწევისთვის დადგენილი ანაზღაურება. შემსრულებელი კისრულობს ვალდებულებას, დროულად შეასრულოს მოვალეობა. იმ შემთხვევაში, თუ რეკლამის განთავსებისას დაირღვევა მედიაგეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები, შემსრულებელი ვალდებულია, დღე-ღამის განმავლობაში აანაზღაუროს გაცდენილი რეკლამა და თუ ეს შეუძლებელია, გააგრძელოს სარეკლამო რგოლის გაშვება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, გაცდენილი დროის ასანაზღაურებლად. ხელშეკრულების ღირებულება თვეში შეადგენს 8640 აშშ დოლარს''. ხელშეკრულებას, რომელიც 2010 წლის 9 მარტითაა დათარიღებული, ხელს პარტიის გამგეობის წევრი, ნოღაიდელის ნდობით აღჭურვილი პირი, კობა აბულაძე და "მაესტროს'' გენერალური დირექტორი, კახა ბექაური აწერენ. დოკუმენტში ნათქვამია ისიც, რომ მხარეთა შორის ანაზღაურება როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით განისაზღვრა.
სწორედ აქ შემოდის თამაშში შპს "ნ კონსალტინგი'', რომლის 100%-იანი წილის მფლობელიც ზურაბ ნოღაიდელია და "მაესტროს'' სარეკლამო ღირებულებით გათვალისწინებულ აპარატურას იჯარით აძლევს. აპარატურის ღირებულება კი 322 100 ლარი გახლავთ. ამის სანაცვლოდ, ტელეკომპანიამ ან დილა-საღამოს უნდა გაუშვას ეთერში ნოღაიდელის პარტიის რეკლამა, ან ყოველთვიურად, დაახლოებით, 10 000 ლარი უნდა გადაუხადოს. ახლა საიდან მოიტანა შპს "ნ კონსალტინგმა'' 322100 ლარი, საიდან და, ნოღაიდელმა იგი საკუთარი პარტიიდან, საკუთარ კომპანიას მსუყე შენატანების სახით, 2009 წლის 28 სექტემბრიდან მოყოლებული 2010 წლის 22 დეკემბრამდე, სულ მისხალ-მისხალ ჩაუთვალა. რაც მთავარია, ყველაფერი წესისა და კანონის დაცვით გაკეთდა, თან ისე, რომ ყოფილი პრემიერის გვარი არსად ფიგურირებს და თანხა 30 000 ლარს არცერთგან არ აჭარბებს, კანონმდებლობის შესაბამისად კი, ეს გადარიცხვები ვერც ერთი ოფიციალური სტრუქტურის ინტერესის საგანი ვერ გახდებოდა. მაქსიმალური გადარიცხვა 29 500 ლარს შეადგენს, "ვერსიას'' გადარიცხვების სრული ნუსხაც "სამართლიანი საქართველოს'' ახლანდელმა ლიდერებმა წარმოუდგინეს. მოკლედ ასე, ნოღაიდელმა საკუთარ კომპანიას ფული ჩაურიცხა, მერე მანვე, ამ კომპანიას აპარატურა შეაძენინა და "მაესტროს'' მიაქირავა, უფრო სწორად, რეკლამაში გაუცვალა.
"მაესტრომ'' ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და ახლა ნოღაიდელის ვალი აქვს, ნოღაიდელმა კი პარტიის წევრების შემოწირულობები "მოტეხა'' და ახლა საკუთარი პარტიის ვალი აქვს, მინიმუმ, 322 100 ლარი. ცხადია, ეს ზღვაში წვეთია "კარდაკარის'' პროგრამითა და საარჩევნო პერიოდში დაქირავებული ხალხის ვალებთან შედარებით, მაგრამ სერგო ჯავახიძემ სასამართლოს მიმართა, "ვერსიას'' კი კიდევ ერთი დოკუმენტი გადასცა: "ყადაღა დაედოს ზურაბ ნოღაიდელის სახელზე საკუთრების უფლებით აღიცხულ უძრავ ქონებას - ქ. თბილისში, დელისის ქუჩაზე მდებარე 20 კვმ ავტოფარეხს. ყადაღა დაედოს შპს "ნ კონსტალტინგის'' სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე: ზუგდიდის რაიონ, სოფელ ერგეტაში (საუბარია, მიწის სამ ნაკვეთზე) ყადაღა დაედოს შპს "ნ კონსალტინგის'' სახელზე რეგისტრირებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს (საუბარია, 4 ავტომანქანაზე)''. ეს არის ამონაწერი სასამართლო გადაწყვეტილებიდან, რომელიც 2011 წლის 19 აგვისტოთი თარიღდება და ნოღაიდელს ლამის ნახევარი ქონება დაუყადაღა. ნოღაიდელმა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. თუმცა, ეს არაფერს შეცვლის - 7 ოქტომბერს ექსპრემიერი პროცესს კიდევ ერთხელ წააგებს და ყოფილ პარტიას 322 100 ლარს მიართმევს. სერგო ჯავახიძე კი, რომელიც უკვე ოფიციალურად ხდება ნოღაიდელის სამართალმემკვიდრე, თავის კუთვნილ საიჯარო თანხას ან რეკლამას მოითხოვს "მაესტროსგან''. აი, სწორედ ამას მოჰყვა აჟიოტაჟი, პარტია დამოუკიდებელ ტელევიზიას ერჩის, აკოტრებს და აპარატურას ართმევსო.
"ვერსიას'' თავის მართლების რეჟიმში ჩაყენებული "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის'' ლიდერი, სერგო ჯავახიძე, საკუთარი მოთხოვნების შესახებ თავად ესაუბრება: "ჩვენ, ჩვენს კუთვნილ 322 100 ლარს ვითხოვთ, რომელიც ნოღაიდელმა პარტიიდან თავის ფირმაში გადარიცხა. ნოღაიდელმა პარტიის ფულით ბიზნესის კეთება დაიწყო, ესაა და ეს, თორემ "მაესტროს'' აპარატურასთან რა ხელი გვაქვს?! მეორე საკითხია, ნოღაიდელს ფულს რატომ არ უხდის კიწმარიშვილი, მაგრამ ჩვენთვის, ამ ეტაპზე, მთავარი ისაა, განაჩენის აღსრულება მოხდეს და ჩვენი კუთვნილი თანხა ნაღდი ფულით ან ნატურით გადმოგვეცეს. შედის თუ არა ამაში "მაესტროს'' მიერ ნაქირავები აპარატურა, ამას განაჩენის აღსრულების შემდეგ გავიგებთ. და თუკი სხვა გამოსავალი არ დაგვრჩება, მაშინ სარეკლამო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროს ჩვენი პარტია გამოიყენებს''.
ერთი სიტყვით, ნოღაიდელსაც და მის სამართალმემკვიდრეს, სერგო ჯავახიძესაც ახლა საქმე ეროსი კიწმარიშვილთან, "მაესტროს'' მმართველი კომპანიის ხელმძღვანელთან აქვთ, რომელიც, ჩვეულებისამებრ, ორმაგ თამაშს თამაშობს და, ჯერჯერობით, სიტუაციიდან მშრალი გამოდის: იჯარას არც ნოღაიდელს უხდის, არც ჯავახიძეს იმ მოტივით, ჯერ ერთმანეთში გაარკვიეთ, პარტია და მისი ბალანსი ვისია, ფულზე მერე მომადექითო. პარალელურად, შესანიშნავი ურთიერთობა აქვს სერგო ჯავახიძესთან და მასთან შეხვედრებსაც მართავს, რომლის დეტალებზეც თავად ჯავახიძე საუბრობს. ამავდროულად, განაახლა მოლაპარაკებები ნოღაიდელთან, რომელიც "ვერსიის'' მიერ მოპოვებული ოფიციალური ინფორმაციით, თბილისს ერთი კვირის შემდეგ კიდევ ესტუმრება.
სავარაუდოდ, კიწმარიშვილ-ოქრუაშვილის ერთობლივი გეგმით, "უმცროსი გრეჩიხა'' და კოტე გოგელია "მაესტროს'' უნდა ჩამოშორდნენ, მათი კუთვნილი 50% კი ნოღაიდელმა იყიდოს, თუ უკვე ნაყიდი არ აქვს. ამის აფიშირება კი საკუთარ პარტიასთან სასამართლო დავის დასრულებამდე, ანუ 7 ოქტომბრამდე, ფიზიკურად გაუმართლებელია. ანუ, ნოღაიდელისა და კიწმარიშვილის ინტერესებში შედის, "ხალხის გულების პრეზიდენტის'' ე.წ. კლანი ამ წინასაარჩევნოდ "მაესტროს'' ჩამოშორდეს. აი, იგივე რატომ შედის სერგო ჯავახიძის ინტერესებში და რატომ ემთხვევა ნომერ პირველი მტრის ინტერესებს, ეს თავად განსაჯეთ.
სერგო ჯავახიძე: "ჩვენი შეხვედრის დროს, ეროსიმ დაადასტურა პარტიასა და "მაესტროს'' შორის ყველა ამ ხელშეკრულების არსებობა და აქვე ისიც, რომ ნოღაიდელს აქამდე "მაესტროში'' წილი არ ჰქონია. თუმცა მიდის მოლაპარაკება, ამ წილის შესყიდვის თაობაზე. ახლა ვინმემ მითხრას, როგორ შეიძლება, "მაესტრო'' თავისუფალი ტელევიზია იყოს, როცა მას, ერთი მხრივ, ეროსი-ოქრუაშვილი, მეორე მხრივ კი - "უცნობი'' და გოგელია მართავენ. ამას დამატებული წილი, რომელიც, შესაძლოა, ნოღაიდელმა იყიდოს. ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, მაგრამ "მაესტროს'' შემადგენლობას ვაფრთხილებ, საფრთხე ჩემგან კი არა, ამ პოლიტიკური პარტიების ალყისგან მოდის. ლაშა ამირეჯიბი ჩემი მეგობარია და სწორედ ის მეგობრობს გაჩეჩილაძესთან. გაჩეჩილაძის და მისი ნათესავების ადგილას "მაესტროში'' არც ერთ შემთხვევაში არ გავჩერდებოდი. არ მინდა, წილში ვიყო ისეთ ადგილას, სადაც ჩემს გინებას აპირებენ. ცნობილია, რომ კიწმარიშვილი გაჩეჩილაძის წინააღმდეგ კომპრომატის ეთერში გაშვებას აპირებს. ანუ რა გამოდის, ჩემი კომპანია, რომელშიც წილი მაქვს, ჩემს საწინააღმდეგო ქმედებას ეწევა?! მე, რა თქმა უნდა, ავდგებოდი და ჩემს წილს აქამდეც გავყიდდი. ხაზს ვუსვამ, აქ ჩემი ინტერესი მხოლოდ ისაა, რომ ფულიცა და რეკლამაც ჩემი საარჩევნო კამპანიისთვის მჭირდება''. ისე, კარგი იქნებოდა, თუ არ დაივიწყებდნენ, საქმე ეროსი კიწმარიშვილთან რომ აქვთ, რომელსაც შეუძლია, ისე გამოძვრეს, ნაკისრი ვალდებულება არც ერთ მხარეს არ შეუსრულოს. ისიც საინტერესოა, თუკი ნოღაიდელმა პოლიტიკიდან წასვლაცა და საცხოვრებლად მოსკოვში გადასვლაც თავად დაადასტურა, რაღატომ ინტერესდება ასე "მაესტროს'' წილის ნახევრით? ეს მხოლოდ ბიზნესია, რომელიც 20122013 წლებში მას დიდ შემოსავალს მოუტანს, თუ პოლიტიკური ინტერესი, რის შედეგადაც ახალ, ნოღაიდელი-ოქრუაშვილი-კიწმარიშვილის ტანდემს ვიღებთ? ანდაც, ის როგორ შეიძლება, ნოღაიდელმა "მაესტროს'' წილი იყიდოს და წინასაარჩევნოდ ეთერში, დღეში 4-ჯერ, საკუთარი "გადამყენებლების'' პოლიტიკური რეკლამა დაატრიალებინოს?! საქმე როგორც უნდა გაიჩარხოს, კიწმარიშვილი წაგებული არც ერთ შემთხვევაში არ რჩება. ხოლო ის, თუ ვის დარჩება ამ ბოლო დროს "გარდამავალ დროშად ქცეული'' "მაესტრო'', ამას 7 ოქტომბრის შემდეგ გავიგებთ.
ნინო კომახიძე
გაზეთი "ვერსია"