ირწმუნებიან, რომ არ უსაუბრიათ კვოტებზე, არც მომავალი ექვსპარტიული ბლოკის კონტურებზე, არც კონკრეტული სამოქმედო გეგმა დაუსახავთ, არც აქციებზე უფიქრიათ, არც არაფერი დაუანონსებიათ. სამაგიეროდ, ერთმანეთს ლამის ყოველდღიურ რეჟიმში ხვდებოდნენ და 6 პარტიის 6 ლიდერი, დახურულ კარსმიღმა, ყოფნა-არყოფნაზე მსჯელობდა. ე.წ. ექვსიანში ვითარება კვოტებმა არია თუ ლიდერომანიამ, მალე გამოჩნდება. მანამდე კი ალასანია და სანიკიძე ყველაზე პრაგმატულები აღმოჩნდნენ და საარჩევნო კამპანიის ფერხულში ჩაებნენ - "ფორუმი'' სულ რამდენიმე დღის წინ, შემოდგომის გეგმების დადებით, "თავისუფალი დემოკრატები'' კი ჯერ კიდევ ზაფხულში, რეგიონის მოსახლეობასთან შეხვედრითა და საკუთარი პროგრამის ზეაქტიური პროპაგანდით.
"ვერსიის''დაინტერესება ამჯერად სწორედ ალასანიას სტარტმა გამოიწვია, მით უმეტეს, მის ანგარიშზე, ლავროვის შემდეგ, კიდევ ერთი სკანდალური შეხვედრაა, ამჯერად გაქცეულ მილიონერსა და ექსმინისტრ, ვანო ჩხარტიშვილთან. დაუფინანსებს თუ არა საარჩევნო მარათონს ჩხარტიშვილი და რატომ არ სურს ბლოკში ყოფნა - "ვერსიის''ამ და სხვა კითხვებს "თავისუფალი დემოკრატი'', ირაკლი ალასანია პასუხობს:
მრავალი სოფელი მოვიარეთ და მერწმუნეთ, ჩვენს არც ერთ მოქალაქეს პოლიტიკური თემა არ ახსოვს. ყველას ერთადერთი რამ აინტერესებს: რატომ არ გვაქვს ქვეყანაში სამუშაო ადგილები, რატომ არავინ ეხმარება იმაში, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქცია მოიწიონ, რატომაა შეზღუდული მათი სოციალური და პოლიტიკური უფლებები. ხალხს ის უფრო აღელვებს, როგორ ვაგრძელებთ რეჟიმთან ბრძოლას და როგორ შევცვლით ხელისუფლებას, რომელიც სამ რამესთან - უმუშევრობასთან, ფასების გაძვირებასა და სიღატაკესთან ასოცირდება. როცა ექვსმა პარტიამ საუბარი დავიწყეთ საარჩევნო გარემოს ცვლილებაზე, მივხვდით, რომ ეს მხოლოდ ნაწილია მთელი პოლიტიკური და სოციალური სივრცისა.
- დიახ და იქვე შეთანხმდით, რომ საარსებო გარემოს გაუმჯობესებისთვისაც ერთად უნდა გებრძოლათ.
- აბსოლუტურად სწორია და ზუსტად ამას ვაკეთებდი რეგიონებში, როცა მოსახლეობას ვხვდებოდი.
- ოღონდ, თქვენი პარტიისა და არა 6-იანის სახელით.
- რა თქმა უნდა, მე ჩემს პარტიას წარმოვადგენდი! რაც შეეხება საარჩევნო გარემოს, როცა პარლამენტში საარჩევნო კოდექსის განხილვები დაიწყება, ყველანი ერთად ვეცდებით, საზოგადოებას მობილიზება გავუკეთოთ და კიდევ ერთხელ მოვთხოვოთ სააკაშვილს ის რეალური ცვლილებები, რაც არჩევნებს თავისუფალს გახდის. ამისთვის ერთობლივადაც ვემზადებით და ინდივიდუალურადაც, როგორც ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორის მიერ ცალკე გამოცხადებული მარშით გამოჩნდა.
- ფორუმს გადაწვდით? და ამ მარშს რამე კავშირი აქვს საარჩევნო გარემოსთან?
- არა, თუმცა არაერთი ღონისძიება დავგეგმეთ სოციალურ საკითხებზეც, ასე რომ, რასაც საზოგადოებას დავპირდით, იმას კიდეც შევუსრულებთ. გაგახსენებთ, რომ ერთი თვის წინ სოფლის მეურნეობის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი დავაყენე. ეს საკითხი ახლიდან იქნება დაყენებული, უკვე პარლამენტშიც. ამას ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე დღეს იმდენად ძლიერი ნეგატიური გავლენა აქვს, აუცილებლად უნდა მოვითხოვოთ, სოფლის მეურნეობაში პროფესიონალები დაბრუნდნენ.
- ანუ, შემიძლია ჩავთვალო, რომ ეს ირაკლი ალასანიას საარჩევნო კამპანიაა?
- კამპანია შეგიძლიათ მას შემდეგ დაარქვათ, როცა არჩევნები დაინიშნება.
- აბა, ასეთი აქტიურობა რას უნდა მივაწეროთ?
- ეს არის ის, რასაც პოლიტიკოსი უნდა აკეთებდეს. ხალხთან ერთად ასე ვიწყებ ბრძოლას და არა - კონკრეტულ პოლიტიკურ სქემებზე შეთანხმებით.
- მაშინ კითხვა ფორუმზე მექნება, რომელიც თავად ახსენეთ. თქვენი და ეროვნული ფორუმის ურთიერთობა "ექვსიანში''განხეთქილების საბაბი გახდა. ამ ერთობამ ლიდერად თქვენ გამოგკვეთათ, რასაც თქვენი კოლეგები ფორუმიდან არ ეთანხმებიან. ეს, ან თუნდაც კვოტებზე შეუთანხმებლობა, ერთობლივ საქმეს არ აზარალებს?
- იმით დავიწყოთ, რომ კვოტებზე საუბარი მართლა არ ყოფილა. იმდენად შორს ვართ არჩევნებისგან, რომ ბლოკებზე საუბარიც აბსოლუტურად ზედმეტია. არც თანამდებობაზე ყოფილა ლაპარაკი და უსაფუძვლო აღმოჩნდა ის შეფასებებიც, თითქოს ერთმანეთში რაღაც პოსტები დავინაწილეთ.
- მაშინ იმის მოსმენა იქნება საინტერესო, ასეთს რას გეგმავს თქვენი პარტია 27 სექტემბერს, რომ ფორუმთან ერთად მარშზე უარი განაცხადეთ, თუკი ეს პოლიტიკური ნიშნისმოგების გამო არ მომხდარა?
- ჯერ ერთი, 27 სექტემბერი ყოველთვის დატვირთული დღეა ჩვენთვის. ჩემი პარტიის ბევრი წევრი ამ ტრაგედიასთან პირადადაა მიბმული. დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე ისეთი ღონისძიება, რომელიც კონკრეტულად სოხუმის დაცემის დღეს ეხმიანება და, რაც მთავარია, ვაწყობთ დიდ ყრილობას აფხაზებთან. აქციები და ღონისძიებები 6-იანში აბსოლუტურად თავისუფალი და შეუზღუდავია. თუმცა, ასევე ძალიან გვინდა, ჩვენს ბრძოლაში საარსებო გარემოს გაუმჯობესების ელემენტებიც შევიტანოთ.
- ეგ უკვე ფორუმს აღარ უნდა.
- ფორუმს არ უნდა და სხვას უნდა! დიახ, ჩვენ ხალხს პირობა მივეცით კალათბურთის სასახლეში, რომ საარსებო გარემოზეც ვიზრუნებდით, მაგრამ ერთ-ერთი პარტია ამ ბრძოლას თუ გამოაკლდება, ეს მისი გადაწყვეტილებაა და, არა მგონია, ამან საერთო საქმე დიდად დააზიანოს. ექვსიანის შეხვედრების მთავარი თემა, მთელი ამ ხნის განმავლობაში ის იყო, მაქსიმალურად გასაგებად მივიტანოთ ხალხამდე ის, თუ რა ვითარების წინაშე დავდგებით მომავალ არჩევნებზე. ეს, მართლა, ყოფნა-არყოფნის არჩევნებია.
- და თქვენ მიმტკიცებთ, რომ ორი თვე, თითქმის ყოველდღე, დახურულ ფორმატში მხოლოდ ამაზე საუბრობდით?
- ამ ორიდან, დაახლოებით, ერთი თვე რეგიონებში ვიყავი გასული. დანარჩენი დროის მანძილზე კი ვთანხმდებოდით, რომ უახლოესი განხილვების პერიოდში, პარლამენტში ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივა გვექნება. მას მხარი საზოგადოებამაც უნდა დაუჭიროს და ეს ძალიან მომთხოვნი და ეფექტური კამპანია იქნება. არ გამოვრიცხავ, ჩვენს ნაბიჯებს სხვა პოლიტიკური ძალებიც შემოურთდნენ.
- მათ შორის, ახალი ფრაქცია პარლამენტში, რომლის წევრი, გია ცაგარეიშვილი თქვენი პარტიის წევრიცაა.
- ბუნებრივია, პარლამენტში ერთ-ერთი წამყვანი ძალა სწორედ გია ცაგარეიშვილი იქნება. თუმცა სამოქალაქო საზოგადოების შემომატება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
- და ყოფნა-არყოფნის არჩევნები რას ნიშნავს?
- ნაციონალური მოძრაობის 7-წლიანი მმართველობის შემდეგ, თითოეულმა მოქალაქემ უნდა გაიაზროს, რომ თუ საკუთარ თავს პატივი არ სცა და თვითრწმენა არ დაიბრუნა, კიდევ ერთი ასეთი 7 წელიც და ეროვნული კატასტროფის წინაშე დავდგებით.
- პირდაპირ რომ ვთქვათ, ოპოზიცია უმრავლესობით თუ არ მოვა პარლამენტში, არყოფნის საკითხი დაუდგება ქართველ ერს?
- არა, არა. უბრალოდ, გვინდა, თითოეულმა მოქალაქემ ინდივიდუალურად მიიღოს გადაწყვეტილება და თუნდაც, მხარი სააკაშვილს დაუჭიროს, ეს შიშის გარეშე უნდა გააკეთოს. ესაა ჩემთვის ყოფნა-არყოფნის საკითხი.
- გავიგე, მაგრამ ფორუმთან ურთიერთობაზე მაინც არაფერი მითხარით. როგორც ჩანს, თქვენმა ერთობამ ორი გამოკვეთილი ლიდერი ვერ აიტანა.
- "ექვსიანში''ლიდერების ნაკლებობას არ განვიცდით. საქართველოსაც და ჩვენს კოალიციასაც ლიდერების ერთობა და არა ერთ, მესიანისტურ ლიდერზე შეთანხმება სჭირდება. არანაირი განხეთქილება ამ საკითხზე არ გვაქვს, არც ფორუმთან და არც სხვა რომელიმე პარტიასთან. ჩვენი დამოუკიდებელი გეგმები და მოქმედებები კი საერთო ბრძოლას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის ხელს არ შეუშლის. მე ჩემი სოციალური, ჯანდაცვის, განათლების პროგრამა მჭირდება. უნდა ვიცოდე, მე როგორ გავაჩენ სამუშაო ადგილებს ქვეყანაში და ეს ხალხამდეც ნათლად უნდა მივიტანო. ალბათ, იგივეს გააკეთებენ ნაციონალური მოძრაობაცა და სხვა პარტიებიც. ხალხმა ხელისუფლების რეალური ალტერნატივა უნდა დაინახოს, მე კი ვცდილობ, გავხდე ალტერნატივა, რომელიც ყველასთვის უფრო მომხიბვლელი იქნება.
- სანამ თქვენ ალტერნატიულ თვითგამოკვეთას ცდილობთ, დარჩენილი 5 პარტია გაბლოკებაზე ფიქრობს. ეს ფორმატი რამდენად მისაღებია თქვენი გეგმებისთვის და, საერთოდ, ვინმესთან ბლოკის გაკეთებას აპირებთ?
- დღეს ამაზე ერთმანეთში არ ვლაპარაკობთ. ჩემთვის, არავითარ შემთხვევაში, არა მისაღები ბლოკებსა და კვოტებზე საუბარი. ახლა სხვა საქმე გვაქვს საკეთებელი და როცა არჩევნები მოახლოვდება, მერე უკვე ამ თემების განხილვაც შეიძლება. დღევანდელი გადმოსახედიდან არავისთან დაბლოკებაზე არ ვფიქრობ.
- რატომ? ახლა უფრო ძლიერი პარტიული სტრუქტურა გაქვთ თუ მწარე გამოცდილების ბრალია?
- იცით რა, ჩემი ამოცანაა, პარტნიორებთან ერთად ხელისუფლებაზე მაქსიმალური ზეწოლა მოვახდინო, რეალური ცვლილებების მისაღებად. ამის შემდეგ, პირადად ჩემი მთავარი ამოცანაა, ხალხს დავანახო, რომ თავისუფალ დემოკრატებს იმის კომპეტენციაც აქვთ და პროგრამაც, რომელიც ქვეყანაში სამუშაო ადგილებს გააჩენს, გლეხს მიწას დაამუშავებინებს...
- თუ ატყობთ, რომ ყველა პასუხში საარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდას ეწევით?
- უბრალოდ, მინდა, დაწყებული ბრძოლა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის ბოლომდე მივიყვანო და ხალხამდე ჩემი პარტიის სათქმელიც ბოლომდე მივიტანო. ვიცი, ყველას ისეთი ძალა უნდა, ვინც იმაზე ფიქრს, რა არის შესაცვლელი და გასაუმჯობესებელი, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არ დაიწყებს. რამდენიმე თვის მერე, ბლოკში ვიქნები თუ არა, მოსახლეობის 99%-ს არ აინტერესებს.
- იმედია, მეთანხმებით, რომ ბევრს აინტერესებს, შეხვდა თუ არა ალასანია ვანო ჩხარტიშვილს ლონდონში?
- ზოგადად, ძალიან ბევრ ადამიანს ვხვდები, თბილისშიც და საზღვარგარეთაც.
- კონკრეტულად, ჩხარტიშვილზე გეკითხებით.
- თქვენ თუ ის გაინტერესებთ, ჩხარტიშვილი არის თუ არა "თავისუფალი დემოკრატების''ფინანსური მხარდამჭერი, გპასუხობთ - ეს ტყუილია. ეს ინფორმაცია სააკაშვილის შეკვეთით გავრცელდა. ამ კითხვაზე შემიძლია ნათლად და მყარად გიპასუხოთ - არა.
- ანუ შეხვედრა შედგა. ამაზეც ნათლად და მყარად შეგიძლიათ მიპასუხოთ - არა?
- ეს რაში გაინტერესებთ?
- მაშინ რა იყო თქვენი საუბრის მთავარი თემა, თუ არა ფინანსები და თქვენი პარტია?
- არავითარ პარტიულ საკითხებზე და პარტიის დაფინანსებაზე შეხვედრა არ შემდგარა.
- სხვათა შორის, ის აზრიც გაისმა, ალასანია ჩხარტიშვილს პოლიტიკაში აბრუნებსო.
- მერე, თქვენ გხიბლავთ ეს იდეა? ყველაფერი, რაც ტელევიზიით გავიდა, სააკაშვილი-არველაძის მიერ სპეციალურად გავრცელებული ტყუილი იყო.
ნინო კომახიძე
გაზეთი "ვერსია"