რაზე მიუთითებს ხელწერა?

რაზე მიუთითებს ხელწერა?

მოაზროვნე, პოეტი და კალიგრაფი იან სიუნი ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ საუკუნეში წერდა: "სიტყვა სულის ხმაა, კალიგრაფია - მისი მხედველობითი გამოსახულება.

სიტყვა და მისი გრაფიკული გამოხატულება გვიჩვენებს ადამიანს - ან ღირსეულს და ამაღლებულს, ან უმნიშვნელოს". სწავლებას ხელწერის შესახებ ანუ გრაფოლოგიას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ბრძენი, გონიერი ადამიანები ასოთწყობის, სიტყვათა შორის მანძილის, ფურცლის კიდეების, ტუშისა და ქაღალდის მდგომარეობის უმნიშვნელო შტრიხებით ადამიანების თვისებებზე მსჯელობდნენ.

ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ მარინა ბალიაშვილთან სწორედ ხელწერისა და ადამიანის თვისებების ურთიერთდამოკიდებულებაზე ვსაუბრობთ:

- ადამიანების, მათი ბუნების თუ ქცევების ხელწერით ამოსაცნობად მეცნიერები უფრო სპეცსამსახურების დაკვეთით მუშაობდნენ. უცხოეთში 20-30-წლიან გრანტებს გამოყოფდნენ ამ საქმისთვის. მაგრამ მეცნიერებისთვის არაეკონომიურია მისი შესწავლა, რადგან კოდების ამოცნობასა და შესწავლას რამდენიმე წელი სჭირდება.

- შესაძლებელია ქალისა და მამაკაცის ხელწერის გარჩევა?

- გამოცდილი გრაფოლოგი, რასაკვირველია, გამოარჩევს. მისთვის ძნელი არ არის ხელწერის მიხედვით ადამიანის ასაკის, სქესის, სიმაღლის, ხმის, ტემპერამენტის, სულიერი მდგომარეობის ამოცნობა. XVIII საუკუნის ცნობილი ფიზიონომისტი ლაფატერი წერდა: "რაც უფრო მეტად ვადარებ სხვადასხვა ხელნაწერს, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ისინი დამწერის ფიზიონომიის ნაკვთებს შეადგენენო". ტვინი ძალიან ახლოსაა ხელთან. ზედა კიდურების თითების ნერვული აპარატი ტვინის უჯრედების უმცირეს იმპულსებს შესაბამისი ნატიფი მოძრაობით პასუხობს, ანუ მტევანი ხელის მოძრაობას პასუხობს, ხელი კი - გულის ძგერას. ადამიანის ემოციურ მდგომარეობასაც ადგენენ ხელნაწერით. მაგალითად, რომ ავიღოთ თვითმკვლელობის წინ დაწერილი წერილი, ჩანაწერი, შეიძლება ამოვიცნოთ, აფექტური მდგომარეობისას არის დაწერილი თუ მშვიდად, იძულებით თუ ნებით, რაც, ვთქვათ, გამოძიებას უთუოდ დაეხმარება, თუმცა ამით საქმეს ვერ გახსნი.

- უძველესი დროიდან კალიგრაფებს, გადამწერებს საგანგებოდ ამზადებდნენ. მათი წყალობით უამრავმა უნიკალურმა ხელნაწერმა მოაღწია ჩვენამდე.

- რასაკვირველია, ყველა ვერ შეძლებდა ამას. კალიგრაფს ნიჭი და ფაქიზი ბუნება უნდა ჰქონოდა, ტვინიდან სათანადო იმპულსები ხელს რომ გადასცემოდა. მაგალითად, არსებობს "დასწავლითი ხელწერა", როდესაც ადამიანი ხელის მოწერაზე ან, ზოგადად, სიტყვების წერაზე ვარჯიშობს, რაც ნიშნავს, რომ ადამიანს თვითგამოხატვის სურვილი არ აქვს.

- ფაქსიმილე თუ განსაზღვრავს მისი ავტორის ინტელექტს?

- მაგალითად, კომუნისტების მმართველობის ხანაში სამსახურში მისაღებად განცხადებას ხელით აწერინებდნენ, რადგან იოლად განესაზღვრათ კონკრეტული ადამიანის ცოდნის დონე. ფაქსიმილეც ბევრ რამეს გვეუბნება: თუ ადამიანი გაშლილად წერს გვარსა და სახელს, ნიშნავს, რომ პატივმოყვარეა; გაუგებრად და გაურკვევლად თუ წერს, ნიშნავს, რომ ის არ არის, რადაც თავი მოაქვს; სახელის ინიციალს ძირითადად ქალები ურთავენ გვარს, მამაკაცები კი - იშვიათად;

ავტოგრაფი, რომელიც მხოლოდ სახელისგან ან გვარისგან შედგება, სიამაყეზე ან გულახდილობაზე მეტყველებს; მეფეები, გამოჩენილი მწერლები, ამაღლებული ნატურები თავიანთ ავტოგრაფს კალმის მოსმით არ აბოლოებენ და ბოლო ასოს არ ცვლიან; ობობისმაგვარი კალმის მოსმა საქმიანი ადამიანისთვისაა დამახასიათებელი, ლასოს მსგავსი - არტისტული ბუნების, ხმლის მაგვარი - მებრძოლი, ყურადღების ცენტრში ყოფნის მოყვარულის; წერტილს ავტოგრაფის ბოლოს თავშეკავებული, ფრთხილი ადამიანი სვამს, ვერტიკალურ ხაზს - ცივი გონების, უნდო; დაოჯახების სურვილსა და ინსტინქტურობას აღნიშნავს ავტოგრაფი, რომელსაც ორივე მხრიდან აქვს მოსმული კალამი; უცნაური ხაზები კი ორიგინალურობის სურვილზე მეტყველებს.

- ხელწერით ადამიანის პროფესიის ამოცნობა შეიძლება?

- მაგალითად, მათემატიკოსები უპირატესად გაუფორმებელი, წვრილი, გასაგები ასოებით წერენ და ასოები ციფრების ფორმისაა; ვაჭრებისა და ფინანსისტებისთვის მომრგვალებული, ლასოს ფორმის ასოებია დამახასიათებელი; დიპლომატებისთვის - კლაკნილი, მიხვეულ-მოხვეული სტრიქონები; ხელოვანი ადამიანებისთვის - ორიგინალური ასოების ჰარმონიული წყობა. მუსიკოსის დაწერილი ასოები ხშირად მუსიკალურ ნიშნებს ჰგავს.

ადამიანის სხვადასხვა თვისებაზე მეტყველებს აღმავალ ან დაღმავალ ბწკარზე დაწერილი ტექსტი, მაღალი და დაბალი ასოების მონაცვლეობა, დახრილი და სწორი, განცალკევებული და გადაბმული, ჭიისებრი, გადახლართული, კაუჭიანი, სქელი ან პატარა, დაუმთავრებელი ან "ფუნდამენტზე" მდგომი ასოები... გრაფოლოგები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სასვენი ნიშნების ხასიათსაც და, ზოგადად, წერის სტილსაც. მაგალითად, მუქი წერტილი ადამიანის ცივ გონებასა და ძლიერ ნებისყოფაზე მეტყველებს, მკრთალი - გაუბედაობაზე, სქელი - უგემოვნობაზე;

სწორ კითხვის ნიშანს გაწონასწორებული, წესრიგის მოყვარული ადამიანი სვამს, დიდს - ცოცხალი, ცეცხლოვანი ნატურა, პატარას - მოდუნებული, უგუნებოდ მყოფი; გრძელი ძახილის ნიშანი აღგზნებულ წარმოსახვაზე მეტყველებს, ხმლისებრი - გონიერებასა და დაკვირვებულობაზე, წვრილი - სისუსტეზე. ზოგიერთი ადამიანი საწერ ქაღალდზე კიდეებს არ ტოვებს, რაც მის მომჭირნე ბუნებას გამოხატავს; თუ სტრიქონში მხოლოდ 3-4 სიტყვას წერს, მფლანგველია, ხოლო 4 სიტყვაზე მეტის დამწერი კეთილშობილი გახლავთ; თუ სიტყვა ან წინადადება სუსტი ხაზითაა გადახაზული ან ხაზგასმული, უნებისყოფობას ასახავს და ასე შემდეგ.

გრაფოლოგები აღნიშნავენ, რომ ნებისმიერი ასო სუნთქავს, მოძრაობს, იცინის, ტირის, ბრაზობს, უყვარს, კვდება და ისევ ცოცხლდება. XV საუკუნის პოეტსა და კალიგრაფ ქალს, ჰანდა სიუკოს დაუწერია: "ყვავილი, რომელიც საკუთარ თავს გამოხატავს, განუმეორებელ კეთილსურნელებას ასხივებს. კალიგრაფიაც ადამიანის სულის ყვავილია!"

ირმა ხარშილაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"