კულტურის სამინისტროს წინ მოქალაქეების დაპირისპირების შესახებ Palitratv.ge-ზე გასულ სიუჟეტს ხმაური მოჰყვა. ინციდენტის ერთ-ერთმა მონაწილემ, ზაზა სვანაძემ მედიასახლ "პალიტრასთან" საპროტესტო აქცია გამართა. ის აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია სიუჟეტის დასათაურება - "ხელჩართული ბრძოლა კულტურის სამინისტროსთან", მიიჩნევს, რომ იქ ხელჩართული ბრძოლა კი არა, მცირე ინციდენტი მოხდა. ზაზა სვანაძე ცდილობდა დაეფიქსირებინა თავისი აზრი საქართველოში რუსეთის მიმართ ქსენოფობიური გამოხდომების შესახებ; პროტესტის ნიშნად, სამინისტროს შესასვლელ კარზე განცხადებები გააკრა, რაც ქუჩაში შემთხვევით მიმავალმა მოქალაქემ, ომარ მაღლაქველიძემ არ მოუწონა და ფიზიკურად დაუპირისპირდა...
სვანაძემ მედიასახლის ოფისთან იმპროვიზებული საპროტესტო აქციის გამართვა სცადა. ვანო მერაბიშვილის, გურამ დონაძის, ერეკლე კოდუას, გიორგი თარგამაძის ფოტოებით მივიდა, რომლებზეც იყო წარწერა - "თავისუფალი მედიის სადარაჯოზე". ასევე მიიტანა გვირგვინი, რომელიც, მისი განმარტებით, "გარდაცვლილი მედიის" სიმბოლოს გამოხატავს.
სულ ცოტა ხანში მედიასახლთან გამოჩნდა კულტურის სამინისტროსთან მომხდარი ინციდენტის მეორე მონაწილე, ომარ მაღლაქველიძე; მათ შორის მცირე შელაპარაკება "მედიაპალიტრის" ოფისთანაც მოხდა, თუმცა მალევე ინციდენტის მონაწილეებმა ტერიტორია ერთად, ერთი ტაქსით დატოვეს.
მოგვიანებით ომარ მაღლაქველიძეს დავურეკეთ და ვთხოვეთ, რედაქციაში სასაუბროდ გვწვეოდა, რათა გაგვერკვია - ვინ არის ეს უცნაური, მხრებზე ამერიკის დროშაშემოხვეული ასაკოვანი მამაკაცი, რომელიც გამვლელებს ხშირად ხვდება თვალში.
ბატონი ომარი გამოგვიტყდა, რომ ოცნებობს, ყველა ქართველი მასზე ბედნიერი იყოს, "ოღონდ ერს ნუ დააგლახავებს გამჩენი და მე რაც უნდა, ის დამმართოს". იცის, რომ უცნაურია, ექსცენტრიკული და ფიცხი. საკუთარ თავს "ჭკვიან გიჟს" ეძახის.
ფიქრობს, რომ ნიჭიერიც არის. ამაში ჩვენც დავრწმუნდით, როდესაც მედიასახლის რამდენიმე წარმომადგენელს პერსონალურად უძღვნა ლექსი. თურმე დიდი ხანია, პოეზიის "ჭია ხრავს". თავისი ნიჭის შოუპროგრამა "ნიჭიერში" გატანაც უცდია, მაგრამ... მიიჩნევს, რომ იქ მასზე ნიჭიერები დახვდნენ.
აცხადებს, რომ საქართველოს სიყვარულში ბადალი არ ჰყავს! ამ უზომო სიყვარულის გამო კი ხშირად გაუგებრობაში ხვდება. თუნდაც ისეთ გაუგებრობაში, რომელიც ახლახან გადახდა თავს კულტურის სამინისტროს შენობის წინ ზაზა სვანაძესთან დაპირისპირების დროს.
ყველა ადამიანი უყვარს, ისინიც კი, ვისაც ნებსით თუ უნებლიეთ შესაძლოა, დაუპირისპირდეს და ასევე უნებლიეთ, პანჩურიც კი უთავაზოს.
ძალიან არ უყვარს რუსეთი. მიზეზიც ჰქონია: თავის დროზე რუსებმა, სრულიად უმიზეზოდ (როგორც თვითონ ამბობს) ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უკრეს თავი.
წარმოშობით სოფელ კურსებიდან არის. იქ დედა ჰყავს, თითქმის საუკუნის ტოლი - უკვე 97 წლის გახდაო. თვითონ 69 წლის არის.
ომარ მაღლაქველიძე:
- დედა ძალიან მოხუცია. წესით, მეც მოხუცი ვარ, მაგრამ თავს მხნედ ვგრძნობ და სიბერეს ჯერაც არ ვაპირებ.
- რუსები რამ შეგაძულათ?
- ჯარში ყოფნის დროს ცუდი ამბები დამმართეს. არ მომწონდა რუსეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. 1964 წლის ამბებს მოგითხრობთ. რუსებს ვუყიჟინებდი, რომ მათ არასწორი დამოკიდებულება ჰქონდათ ჩვენ მიმართ და ვუმტკიცებდი, რომ დადგება დრო, როდესაც ჩვენი, ქართველების გადასარჩენი გახდებიან. ეს დრო ჯერ არ დამდგარა, მაგრამ მალე დადგება. არც იმის თქმა მავიწყდებოდა, რომ სტალინმა დააყენა ეგენი ფეხზე. თქვენ მეტი პატრონი არ გყავთ-მეთქი. მწარდებოდნენ ჩემი ასეთი დამოკიდებულების გამო. ამიტომაც ჯერ ყაზარმაში დამაწვინეს, ვითომ ფილტვების ანთებით, მერე - ჰოსპიტალში და ბოლოს თავი მიკრეს კაუნასში, საგიჟეთში.
საბედნიეროდ, იქ დიდხანს არ მომიწია ყოფნამ, ჩემი "ძალათი გაგიჟებიდან" 10 დღეში ხრუშჩოვი გადააყენეს და მეც დამასაჩუქრეს თავისუფლებით. მახსოვს, პოლკოვნიკი მოვიდა, ყვიროდა, - გამოდი, მაღლაქველიძე, სასწრაფოდ უნდა წაგიყვანოთ სამხედრო ნაწილშიო. ავხედ-დავხედე, - შენც გაგაგიჟეს თუ რა ხდება, აქ რა გინდა-მეთქი? - ხრუშჩოვი გადადგა, მგონი, შენმა წყევლამ უწია და ახლა საბჭოთა კავშირიც რომ არ დაანგრიო შენი წყევლა-კრულვით, გათავისუფლებთო, - ან მეხუმრებოდა, ან ეშინოდა მართლა... გარეთ, გამოსასვლელთან დამხვდა მანქანა, რომელზეც ჯარში ვმუშაობდი მძღოლად.
ხრუშჩოვის ფოტო გამოებათ უკან, უზარმაზარ ჩარჩოში იყო ჩასმული. როგორც ჩანს, ბოლომდე სჯეროდათ, რომ გიჟი ვიყავი და ეს "სათამაშოც" იმიტომ დამახვედრეს. ეგონათ, ვათრევდი სურათს, მანქანაზე გამობმულს. მე კი გავწმინდე და იქვე მივაყუდე: ეს თქვენია, თქვენ მიხედეთ, ჩვენ რუსების არაფერი გვჭირდება, მით უმეტეს, ხრუშჩოვისნაირები-მეთქი.
- მერე როგორ განვითარდა თქვენი ცხოვრება? ოჯახის შესახებ გვიამბეთ.
- ვის ეცალა ოჯახისთვის?! დღემდე უცოლო ვარ, მაგრამ ძალიან მიყვარს ქალები და ამერიკულად რომაა, გელფრენდი, სულ მყავდა და მყავს.
- რით იყავით დაკავებული მთელი ცხოვრება? რატომ ვერ მოიცალეთ ოჯახისთვის?
- საქართველო იყო ჩემი საფიქრალი. სადაც კი ვმუშაობდი, ყველგან გამოვდიოდი პარტიულ კრებებზე და მოვითხოვდი, რომ ქართული კონსტიტუცია მიგვეღო და საქართველოში ქართული ენა გამოცხადებულიყო სახელმწიფო ენად, მაგრამ მედავებოდნენ: საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენელი ნაწილია და აქ მხოლოდ რუსული უნდა იყოს სახელმწიფო ენაო.
ეჰ, მერე აღსრულდა ჩემი წინასწარმეტყველება და მართლა დაინგრა საბჭოთა კავშირი, მაგრამ კინაღამ მიჰყვა ეს ჩემი საყვარელი ქვეყანაც. გახსენებაც აღარ მინდა თბილისის ომის და სამოქალაქო დაპირისპირების. დავრბოდი ორივე მხარეს შორის და ვეხვეწებოდი ყველას, შერიგდით, რას ხოცავთ ერთმანეთს-მეთქი! ვინ მისმინა?! ბევრჯერაც, შემდგომში ცნობილმა გენერლებმა მომიშვირეს თოფის ლულა, - დაიკარგე აქედანო! მიმაჩნია, რომ მაშინ საზოგადოება კი არა, ზოოპარკი იყო საქართველოში, ოღონდ ვოლიერებიდან იყვნენ გამოქცეული მხეცები.
- აფხაზეთის ომში იყავით?
- არა, რა მინდოდა იმ ომში?! ყველას ვეხვეწებოდი, - ვთქვათ, რომ რუსეთს ვებრძვით-მეთქი. - არა, აფხაზებს ვებრძვითო. - ვის გაუგონია აფხაზებთან ბრძოლა, რა გვაქვს საომარი?! ძმასთან ომით კი არა, სიტყვით და გულით უნდა მოვაგვაროთ საქმე-მეთქი! ვინ მისმინა. ამიტომაც, მე რახან ვერავის ვესროდი ტყვიას, წავედი სოფელში, ვიყიდე ძროხები და იმათ ვმწყემსავდი.
- დღეს რას საქმიანობთ?
- არაფერს. ვერაფერს. სად არის საქმე, რომ დავკავდე?! ღატაკთა კატეგორიაში ვირიცხები და დახმარებას ვიღებ. ჩემს სახლში თითქმის არაფერი დგას. ტელევიზორი მე არ მაქვს და მაცივარი. მხოლოდ წიგნები და რვეულები ყრია იატაკზე. ვარსებობ პენსიით. დიახ, კი არ ვცხოვრობ, ვარსებობ. აი, დედაჩემს კი მოუხსნა მთავრობამ სიღარიბის დახმარება: მდიდარი ხარ, ტელევიზორი გაქვსო! მეზობლებმა აჩუქეს.
- ინციდენტს დავუბრუნდეთ: რატომ დაუპირისპირდით რამდენიმე დღის წინ კულტურის სამინისტროს წინ ზაზა სვანაძეს?
- არ დავპირისპირებივარ. საქმე ისაა, რომ ძალიან მიყვარს იმ უბანში სიარული, განსაკუთრებით - წმინდანების ანუ მეტეხის ხიდზე. საერთოდაც, ფეხით სიარული მიყვარს. ახალი გზები რომ გააკეთეს, სულ ფეხით მაქვს შემოვლილი. მოკლედ, იმ დღესაც მივდიოდი ჩემთვის და ვხედავ, ეს ზაზა აკეთებს განცხადებას რუსოფობიაზე, საქართველოს ადანაშაულებს. ამივარდა ტვინში, - რუსებს ჩვენ ვჩაგრავთ-მეთქი?! გადავირიე. ამიტომაც გავჩერდი იქ. ძალიან ავღელდი.
- როგორ ფიქრობთ - გამართლებული იქნება, თუ რუსულ სიმღერებსა და ლიტერატურას აკრძალავენ?
- ვინ კრძალავს?! არავის არაფერს არ ვუკრძალავთ. სამწუხაროდ, მეტიც - ფეხქვეშ ვეგებით ყველას და მათ შორის, რუსსაც. ამაზე ლექსებიც მაქვს დაწერილი. მაგ ზაზას ხმას არ გავცემდი, მაგრამ გიჟი მიწოდა. კი, ბატონო, ვიყავი საგიჟეთში, მაგრამ არა ვარ გიჟი. ცდილობდა, გავეტყუებინე სადმე და ისე მომრეოდა.
- აქ როგორ გაჩნდით ერთდროულად, ჩვენს რედაქციაში?
- დიდი ხანია, ვეძებ ჟურნალისტებს "ასავალ-დასავალში". ჰოდა, დღეს გადავწყვიტე ძებნა. არასწორად მომასწავლეს და მოვედი "კვირის პალიტრაში". აქაც, რას ვხედავ - ეს ზაზა არ დამხვდა?! ვეუბნები, - მითხარი, რაზე ვებრძოლოთ ამ ხელისუფლებას, ოღონდ აზრიანად მითხარი და ვიბრძოლოთ-მეთქი, - მაგრამ მაგან არ იცის, რაზე უნდა იბრძოლოს. კიდევ "იბოთავებს" ეგ რაღაცას და მერე არ ვიცი, რას გამომტყუებს. ხელისუფლება რომ არ ვარგა და უკეთესი რომ მინდა, ეგ მასწავლის?!
- თუ ასეთი გაბრაზებული ხართ, ტაქსით როგორღა წაჰყევით?
- დამიწყო შერიგების მცდელობა: ჩვენ ერთნი ვართ, ერთი სატკივარი გვაქვსო. "ასავალ-დასავალში" მივყავდი, როცა გაიგო, რომ იქ მისვლა მინდოდა. ფულიც კი შემომაძლია მერე, რომ ეთქვა, მათხოვარიაო. ასეთი იმიჯი უნდა შემიქმნას - გიჟის და მათხოვრის, რახან ამერიკული დროშით დავდივარ. არადა, ამერიკელებს პურის ფული არ ჰქონდათ გუშინ და მე გადავუხადე.
- დროშა რატომ გაქვთ შემოხვეული?
- დიდი დატვირთვა აქვს. კულახმეტოვს, სამშვიდობოების სარდალი რომ იყო, იმას დავპირდი, - სანამ თქვენი ჯარი არ "გაიძირკვება" საქართველოდან, ამერიკულ დროშას ვატარებ-მეთქი. ავტოგრაფი ვთხოვე ერთხელ და არ მომცა. აგვისტოს ომი რომ დაიწყო, მაშინ "მუხლისჩოქა" ვიდექი და ვყვიროდი, - ეს არის მახე და არ შეხვიდეთ სამაჩაბლოში-მეთქი! ვინ დამიჯერა?!. ვიხვეწებოდი, - გამიშვით ფრონტის ხაზზე, ვიქნები მომრიგებელი, თუ მომკლავენ, ჯანდაბას - მოხუცი ვარ და იქნებ ერთი კაცი მაინც გადავარჩინო-მეთქი. ვინ გამიშვა?!
- კარგი, სვანაძესთან შერიგებას აპირებთ თუ არა?
- რუსეთი არ მიხსენოს და შევურიგდები. ყველგან უნდა ვიძახოთ - "რუსი ოკუპანტები" და მაგათ არ უნდა მივეფეროთ. სადაც დავინახავ მიტინგს, ყველგან მივდივარ და გავყვირი: "წავიდნენ რუსი ოკუპანტები, შეგვეშვან!"
P.S. სამშაბათს, როდესაც ჟურნალი დასაბეჭდად მზად იყო, შევიტყვეთ, რომ Palitratv.ge-ის რედაქციაში წერილი მოვიდა: ამერიკული TRUTV.com-ის გადაცემა 20 Mosr Schoking Video პროდიუსერმა ვიდეოკადრების გამოყენების უფლება ითხოვა.
ეკა ლომიძე
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)