ცხინვალში დე ფაქტო ცენტრალური კომისიის შენობაში შეჭრის მცდელობას სროლა მოჰყვა. ამის შესახებ სააგენტო "ოსინფორმი" იუწყება.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის მსურველმა, თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთვარმა მწვრთნელმა ჯამბულატ თედეევმა და მისმა 250-მდე მომხრემ შენობაში შეჭრა იმის გამო სცადეს, რომ დე ფაქტო კომისიას დღეს ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატად თედეევის დარეგისტრირების საკითხი უნდა განეხილა. ვითარება უკიდურესად იმ დროს გამწვავდა, როცა შეკრებილებმა კარის შემტვრევა სცადეს და შუშები ჩალეწეს.
მილიციის საგანგებო დანიშნულების რაზმმა თედეევი და მისი მომხრეები შენობიდან გაიყვანა და ჰაერში გამაფრთხილებელი სროლაც განახორციელა.
შემთხვევის ადგილზე ვითარება კვლავ დაძაბულია. მიმდებარე ქუჩები მილიციას აქვს გადაკეტილი. დე ფაქტო ცენტრალური კომისია ე.წ. მთავრობის შენობაშია განთავსებული.
ჯამბულატ თედეევი მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტის, ედუარდ კოკოითის მთავარ ოპონენტად მიიჩნევა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 13 ნოემბერისთვის არის დანიშნული.