"პრეზიდენტს თავისი გუნდის ყველა წევრი დაუფიქრებლად გაყიდის"

"პრეზიდენტს თავისი გუნდის ყველა წევრი დაუფიქრებლად გაყიდის"

"ეს არ არის საქართველო. ჩვენს ქვეყანას მხოლოდ სახელწოდება შერჩა. სინამდვილეში, არ ვიცი, რა ჰქვია ადგილს, სადაც ახლა ვცხოვრობთ", - ჩვეული ემოციურობით მითხრა მსახიობმა დიმა ჯაიანმა, როცა მას ინტერვიუსთვის ვეწვიე. მან დღევანდელობას, ერის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებას სახელი ვერ უპოვა, "ახლა ქვეყანაში მხოლოდ მთავრობის ხალხი და მისი მხარდამჭერები "გულაობენ", სხვები კი უფსკრულში ვართ".

- ერთადერთი, ვისაც პირადად მე და უამრავი ჩემნაირი, სამშობლოზე მოფიქრალი ადამიანი, იმედის თვალით შეჰყურებს, ჩვენი პატრიარქი და რამდენიმე საზოგადო მოღვაწეა. მთელ საქრისტიანოში, გრიგორიანელებს, კათოლიკებსა და მართლმადიდებლებს, ჩვენი პატრიარქის მსგავსი სულიერი მამა აქამდე არ ჰყოლიათ. გულწრფელად გეტყვით, როცა "ქეთო და კოტეს" ოპერაზე ვიხილე, გავოცდი, იქ პატრიარქი რატომ უნდა მისულიყო-მეთქი, მაგრამ დავფიქრდი და მივხვდი, წინდახედული ნაბიჯი გადადგა. ალბათ რაღაც მოსალოდნელი დაძაბულობა გაანეიტრალა, მრევლი და ქვეყანა კიდევ ერთი დაპირისპირებისგან იხსნა. ჩვენ, უბრალო ადამიანები, ასეთ შორს მიმავალ გათვლებს ვერ განვჭვრეტთ, მაგრამ ასეთ ბრძენ კაცსაც კი, როგორიც ჩვენი პატრიარქია, ეს ახალგაზრდა და აცეტებული კაცი, მიხეილ სააკაშვილი, ზოგჯერ ისეთ უხერხულ მდგომარეობაში აგდებს, გაოგნებული ვრჩები... არც იმის დამალვა შემიძლია, რომ ჩვენი პატრიარქის გვერდით, წმინდა სინოდში, უამრავი გარეწარია. ერთ-ერთმა მათგანმა საქართველოს დამანგრეველ სააკაშვილს დავით აღმაშენებელი უწოდა. ეს პირფერობაა, მაგრამ ასეთი რაღაცები შემთხვევით არ ხდება, ხელისუფლება იქაც მუშაობს. იმ უკუღმართი კანონის მიღებისას, სინოდის წევრებიდან 18 კაცი მისი მომხრე იყო, 20 მოწინააღმდეგე... თქვენ გგონიათ, რობიკო სტურუას წინააღმდეგ აგორებული ტალღა ერთ ან ორ დღეში დაიწყო? მის მიმართ ბრაზი და ბოღმა დროთა განმავლობაში დაგროვდა.

- ზოგიერთი ფიქრობს, რომ რობიკო სტურუამ რეჟისურის სკოლა არ შექმნა და არსებობენ მხოლოდ მისი მიმბაძველები.

- რატომ ვჩქარობთ? ეს ხომ დროზეა დამოკიდებული. ახლა არ გვყავს მეორე ჭაბუა ამირეჯიბი, მაგრამ შეიძლება გამოჩნდეს. ბატონი რობიკო ნამდვილი, ღირსეული მაესტროა და არ შეიძლება, მისმა შრომამ "ისე" ჩაიაროს... ხელისუფლებამ იცის, რა შეუძლია ნიჭს, კონკრეტულად კი რობიკო სტურუას და ამიტომაც თრთოდა და კანკალებდა მისი შესაძლებლობის წინაშე, ამიტომაც ამოეფარა ევროპულ აზროვნებასა და ქსენოფობიას. იცით, როდის ახსენებენ ადამიანს თავის წარმომავლობას? როცა ის არაქართულ საქმეს აკეთებს, თორემ სომხობაში დასაძრახი არაფერია. პერუს პრეზიდენტი სხვა ეროვნების იყო, მაგრამ წლების განმავლობაში წარმატებით მართავდა სახელმწიფოს. მისთვის საკუთარი წარმომავლობა არასდროს წამოუძახებიათ, იმიტომ, რომ არ დაუმსახურებია.

- თქვენ ამბობთ, რომ სა­ქართველოს პრეზიდენტი სომეხია?

- ეს ახალი არ არის. ის მამით სომეხია. მის წინაპარს გვარი აქვს გადაკეთებული. უამრავი სომეხი და აზერბაიჯანელი მეგობარი მყავს და მათ ძალიან დიდ პატივს ვცემ, რადგან გვარი არ შეუცვლიათ. ამ ადამიანებს თავიანთი წარმომავლობა არ ეთაკილებათ. ადამიანმა წარსულს არ უნდა უღალატოს. საქართველოს პარლამენტში უამრავი ადამიანია, რომელიც თავს ქართველად ასაღებს, სინამდვილეში კი გვარშეცვლილი სომეხია.

- დაასახელეთ რამდენიმე მათგანი...

- არ გვინდა, ეს ვითარებას მეტად გაამწვავებს. სომხობა სათაკილო არ არის, მაგრამ ვერ ვეგუები, როცა საკუთარ წარმომავლობას მალავენ. ეს კომპლექსია. ჩვენს პრეზიდენტს რობიკო სტურუას უკიდეგანო განათლება აკომპლექსებს. სტურუა ყველა სფეროში უსაზღვროდ განათლებულია. საქმე ისაა, რომ რობიკო პოლიტიკაშიც სააკაშვილზე უკეთესად ერკვევა. იურისტია ჩვენი პრეზიდენტი და დამიჯერეთ, ბატონი რობიკო მასზე ბევრად კარგი იურისტია. ერთ ამბავს მოგიყვებით: ერთხელ სამ ქირურგთან ერთად ყოფილა. მედიკოსები ბრმანაწლავის ოპერაციის განსაკუთრებულ მეთოდზე საუბრობდნენ თურმე. დიალოგში რობიკო ჩაება და ისე კვალიფიციურად ულაპარაკია მათ სპეციალობაზე, ქირურგები სახტად დარჩენილან. ერთს უკითხავს, ამ მეთოდზე საიდან იცით, რომელ კლინიკაში ასწავლითო? - რობიკოს უთქვამს, - რეჟისორი ვარო... რაში სჭირდება ხელოვან ადამიანს აპენდიციტის ოპერაციის განსაკუთრებული მეთოდის ცოდნა, მაგრამ ის ისეთ საქმეს ემსახურება, ვალდებულია, იცოდეს. რობიკო ბრწყინვალედ ერკვევა არქიტექტურასა და მხატვრობაში. ერთი სიტყვით, სასაცილოა, როცა ამ ბუმბერაზს ჭიაყელები ებრძვიან, მაგრამ ვერც იმას ვიჯერებ, რომ ეს გადაწყვეტილება ნიკა რურუამ დამოუკიდებლად მიიღო.

- რატომ?

- არ მჯერა და იმედს ვიტოვებ, რომ ვახტანგ რურუას, ბრწყინვალე კინომხატვრის შვილი ამას არ იზამდა. ასე მგონია, ამ კაცს მამამისის საყვარელი საქმისადმი პატივისცემა რობიკოს გათავისუფლების მორალურ უფლებას არ მისცემდა. ვიცი, რომ ჩემს სიტყვებს ვიღაცები სხვანაირად მიიღებენ, მაგრამ ასე მგონია, მან ქვეყნის პირველი პირის დავალება შეასრულა. ისიც ვიცი, რომ ბათუმში ყოფნისას, ზომაზე მეტად მთვრალმა ბრძანა, სტურუას თავი სინზე დადებული მომართვითო... რატომ გაგეღიმათ, არ გჯერათ?!.

- არ ვიცი, შაჰ-აბასის ეპოქაში ხომ არ დავბრუნდით...

- დასკვნა თქვენთვის მომინდვია, მაგრამ ეს ამბავი ისეთმა ადამიანმა მითხრა, რომელსაც ტყუილი არასდროს უკადრებია. ის ღია აუზი, სადაც სააკაშვილი გრილდება, მის სახლთან ახლოს არის და ამ სიტყვებს პრეზიდენტი იმდენად ხმამაღლა ღრიალებდა, დაცვის წევრები პირზე ხელს აფარებდნენო... კომპლექსიან კაცს ნიჭიერი ადამიანი არასდროს ეყვარება.

- თუმცა, ისიც ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილს უნიჭობას ვერავინ დასწამებს...

- არა, ის უდავოდ ნიჭიერი კაცია, მაგრამ იუდა უნიჭო რომ არ ყოფილიყო, ქრისტესთან ახლოს ვერ იქნებოდა. ვიცი, რომ ძალიან სასტიკ შეფასებებს ვაკეთებ, მაგრამ ჩემი ქვეყნისთვის ცუდის მკეთებელ კაცზე კარგს ვერ ვიტყვი. სააკაშვილთან და მისი გუნდის წევრებთან პიროვნული არაფერი მაკავშირებს, მხოლოდ იმას ვამბობ, რაც მაწუხებს. ჩემი მეგობრებისგან ვიცი, რომ შაშკინი ძალიან კარგი სამეგობრო და საურთიერთობო ბიჭია, მაგრამ როგორ შეიძლება, ის განათლების მინისტრი იყოს. კი ბატონო, ჩამითვალონ ქსენოფობიაში, რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ არ შეიძლება, საქართველოს განათლების მინისტრი რუსი ეროვნების იყოს.

- რატომ, თუკი ქართულ საქმეს აკეთებს?

- თუ ქართულ საქმეს აკეთებს, კი, მაგრამ შაშკინმა ქართული განათლება დაანგრია. ისე კი, ვიცი, რომ ეს მისი პროექტი არ არის და ისიც პირველი პირის დავალებას ასრულებს, რომელიც ამერიკისგან იღებს შეკვეთას... სიგიჟემდე მიყვარს ამერიკა და ამერიკელი ხალხი. ერზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან ემიგრანტების შექმნილი ქვეყანაა. ამ სახელმწიფოს არსებობის ისტორიაზე დიდი ხნის თეატრი გორში მაქვს. ამერიკელები რომ ტყეში დარბოდნენ, "პეპელასა" და ფრაკში გამოწყობილი ჩემი წინაპარი სცენაზე სპექტაკლს თამაშობდა. ასეთი წარსულის მქონე ერი, ქართველს კულტურას არ უნდა ასწავლიდეს. ისინი კი ჩვენს შეცვლას ცდილობენ. სკოლამდელ ბავშვს, რომელსაც ჯერ ქართული აზროვნება არ აქვს ჩამოყალიბებული, ინგლისური რატომ უნდა ასწავლონ?.. პატარა შვილიშვილი მყავს, გიორგი, წელს წავიდა სკოლაში და მინდოდა, ფრანგული ესწავლა. თუ დემოკრატიულ და თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რატომ მაჩეჩებენ ინგლისურს? იქნებ, ბალზაკისა და დიუმას ენა მირჩევნია? ან თუნდაც იმიტომ მიყვარს ფრანგული, რომ ამ ერს ალენ დელონი ჰყავს, რომელმაც სახლი გაყიდა და შვეიცარიის მთებში წავიდა საცხოვრებლად, ვაჟა-ფშაველასთან ახლოს უნდა ვიყოო. მას ვაჟას შემოქმედება ორიგინალში რომ წაეკითხა, ალბათ საქართველოში, ფშავში იცხოვრებდა და იქნებ, ალენ დელონის სიყვარულით მინდა, ჩემმა შვილიშვილმა ფრანგული ისწავლოს და წამართვეს არჩევანის უფლება?!. იქნებ, რუსულის სწავლა უნდა მოზარდს, რომ შემდეგ პუშკინი, ტოლსტოი და დოსტოევსკი წაიკითხოს ორიგინალში...

როცა სააკაშვილი და ნიკა რურუა რობიკო სტურუას აბრალებენ ქსენოფობიას, თავად მთელ ერს ინგლისურის სწავლას რატომ აიძულებენ... ამერიკაში პრეზიდენტად ფერადკანიანი აირჩიეს, მაგრამ ე.წ. მოკავშირე ქვეყნებში კოლონიებს აშენებენ. საქართველოში ისეთ ელჩებს გზავნიან, ქართველებს ამერიკა შეაძულეს. რატომ მიყვარდეს ადამიანი, რომელიც გაყალბებულ არჩევნებს სამართლიანს, ხალხის დარბევას კი მისაღებს უწოდებს?!. ყველაფერს თავად განაგებენ. კალათბურთის საგულშემატკივროდ მხოლოდ "ნაციონალები" წავიდნენ. მარტო "ნაციონალები" ქომაგობდნენ საქართველოს ნაკრებს? ხანდახან ვფიქრობ, სხვა ქვეყნის წარმომადგენელს ხომ არ ვუგულშემატკივრო-მეთქი, მაგრამ მიყვარს ეს ბიჭები...

1989 წელს კომუნისტებმა სახალხო არტისტის წოდება მომანიჭეს, არადა, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და გააფთრებული ვებრძოდი მათ, სოხუმში საპროტესტო მიტინგებს ვმართავდი.

- ვიცი, რომ მიიღეთ მათგან ეს წოდება.

- უარს რატომ ვიტყოდი?!. ჩემი მოპოვებული ალალი შრომითა და ნიჭით დავიმსახურე... კომუნისტი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ უნდა ვაღიარო, საბჭოთა ხელისუფლება ნიჭს აფასებდა, დღევანდელი ხელისუფლება, თუ მისიანი არ ხარ, რაც გაქვს, იმასაც წაგართმევს. რობიკოს სპექტაკლი "ყვარყვარე" კომუნისტების დროს გავიდა, რადგან მის ნიჭსა და გაქანებას სცეს პატივი, ახლა კი დაუჯერებელი და წარმოუდგენელი რამ ხდება. ვინაიდან ჭაბუა ამირეჯიბი მათ ნავში არ ჩაჯდა, შეიძულეს და მის გამო მთაწმინდა დახურეს.

- შექმნილი ვითარებიდან გამო­სავალს რაში ხედავთ?

- აკაკი ხორავას სახელობის ხელოვნების მუშაკთა სახლში უნდა შეიქმნას ალტერნატიული თეატრი, სადაც ყველა ნიჭიერი ადამიანი - ბატონი რობიკო სტურუა, თემურ ჩხეიძე, გიგა ლორთქიფანიძე, გოგი ქავთარაძე თავისუფლად იმუშავებენ.

- რადგან დასვენების სეზონმა ჩაიარა, გკითხავთ, თუ მოახერხეთ ქალაქგარეთ გასვლა?

- არა, განწყობა არ მაქვს. ერთადერთი ადგილი, სადაც სიამოვნებით დავისვენებდი, აფხაზეთია. ვისაც ბიჭვინთაში ზღვა და მდინარე რიწის შესართავთან მდებარე ადგილი და რიწის ლურჯი ტბა არ უნახავს, მეცოდება და ოდესმე მაინც აფხაზეთი თუ ვერ დავიბრუნეთ, საქართველო არ იქნება...

გახსოვთ ალბათ, ხელისუფლების მოსაზრება, აჭარაში წვიმიანი ამინდები რომ არ იყოს, მთას გადავხერხავთო; მთელი მსოფლიოდან რომ ჩამოიყვანონ ტექნიკა, ამას ვერ გააკეთებენ... ძალიან მიყვარს ბათუმი და ბათუმელები, მაგრამ იქაურობა ისე შეცვალეს, ვერ გაიგებ, კურორტზე ხარ თუ ჩვეულებრივ ქალაქში. შეიძლება, "ბენზას" უბანში ოპერის თეატრი გახსნან?.. მაპატიონ იქაურებმა, მაგრამ ეს იგივეა, ოპერის თეატრი მუხიანის ბოლოში ან გლდანის ციხის გვერდით ააშენო. ოპერას განსაკუთრებული მაყურებელი ჰყავს და გარემოც შესაფერისი სჭირდება, მაგრამ ეს მათ არ იციან და არც სხვის რჩევას უგდებენ ყურს. შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილისგან ძალიან კარგი ბრიგადირი, მაშველი ან სხვა პროფესიის ადამიანი გამოსულიყო, მაგრამ პრეზიდენტობა მისი საქმე არ არის. მის გარშემო შეკრებილი გუნდიდან არც ერთს გულწრფელად არ სჯერა მისი, ყველა საკუთარი კეთილდღეობისთვის უგორებს კოჭს და თუ დასჭირდათ, ბელადს დაუფიქრებლად გაყიდიან, მაგრამ კიდევ ერთი რამე მინდა ვთქვა, არც ერთ მათგანს თავის ლოგინში სიკვდილი არ უწერია.

- თქვენი აზრით, მაშ, რატომ ჰყავს პრეზიდენტს ისინი შემოკრებილი?

- იმიტომ, რომ იცის, რა მიზნით არიან ისინი მის გვერდით და თავის გემოზე ატრიალებს. ერთი კაცი მაინც ვიცოდე, რომელიც სააკაშვილის იდეოლოგიას იზიარებს და მისი სწამს, არაკაცი ვიყო, მივალ და ბოდიშს მოვუხდი. ისტორიაში არიან ლიდერები, რომლებიც სწორად არ მოქმედებდნენ, მაგრამ უამრავი მიმდევარი ჰყავდათ. მაგრამ სააკაშვილის გუნდში კი ყველა ფულს აკეთებს და ამიტომაც არიან გაჩუმებულნი.

- ყველა თაობის მმართ­ველები და ჩვეულებრივი ფენის წარმომადგენლებიც ყოველთვის ილტვიან კეთილდღეობისკენ...

- არ არის ასე, მე მუშნი ზარანდიების, ნიკანდრო ქილიების, ბიკი ყუფარიების მომრავლება მიკვირს, თორემ საქართველოს ყოველ მეორე სოფელში ორი-სამი დათა თუთაშხია დადის... პრეზიდენტის გარშემო შემოკრებილი ეს რეალური პერსონაჟები ყველაფერს უგემოვნოდ აკეთებენ. როგორ შეიძლება, გემოვნება ჰქონდეს კაცს, რომელიც იმას უყურებს, რაც გმირთა მოედანზე დგას?.. ქალბატონ ხათუნა ოჩიაურს ვკითხე, თქვენ, შესანიშნავი მოქანდაკის შვილს, მოგწონთ ის, რაც იქ დგას-მეთქი, მან არ მიპასუხა, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხი მამამისმა გამცა, - მან აღნიშნა, რომ სასტიკად არ მოსწონს ის, რაც გმირთა მოედანზე დადგეს... ვიღაცამ ხომ უნდა თქვას სიმართლე. ვიცი, რომ "ნაციონალები" სხვის აზრს არაფრად აგდებენ, მაგრამ მაინც უნდა ვთქვათ. მე არც სკამი მინდა და არც კეთილდღეობა; მე და ჩემს დევნილებს, პური და აჯიკა გვქონდეს და კიდევ იმედი, რომელსაც რეალური საფუძველი ექნება. ამათ ხელში კი არ დავიბრუნებთ, დანარჩენსაც დავკარგავთ.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"