ანა ჩაკვეტაძე ქართველობაზე, დეპუტატობაზე, ხინკალსა და ხაჭაპურზე

ანა ჩაკვეტაძე ქართველობაზე, დეპუტატობაზე, ხინკალსა და ხაჭაპურზე

ქართული გვარ-სახელის მიუხედავად, ანა ჩაკვეტაძეს ჩვენს თანამემამულედ მაინც ვერ ჩავთვლით. მოსკოვში დაბადებულ-გაზრდილი გოგონა, ბუნებრივია, რუსეთის ფედერაციის სახელით ასპარეზობს, თუმცა 24 წლის ჩოგბურთელი ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მის ძარღვებში ქართული სისხლი ჩქეფს, ანას საყვარელი საჭმელი კი ხინკალი და ხაჭაპურია.

2007 წლის სექტემბერში ჩაკვეტაძე მსოფლიოს მეხუთე ჩოგანი გახლდათ, ამჟამად კი ტრავმის გამო იძულებითი შვებულება აქვს გამოწერილი. რუსმა ჩოგბურთელმა წელს უკვე რამდენჯერმე დაკარგა გონება კორტზე ყოფნისას და ავადმყოფობის გამო კარიერის დასრულებაც კი გადაწყვიტა, თუმცა საყვარელ თამაშს მაინც ვერ შეელია. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ანა ჩაკვეტაძე დეპუტატობას აპირებს და კენჭს სახელმწიფო სათათბიროში იყრის - პარტია "პრავოე დელოს" სიის პირველ სამეულშია! დანარჩენზე ანა ჩაკვეტაძესთან ინტერვიუდან შეიტყობთ.

- ანა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები საბოლოოდ დაძლიეთ?

- კორტზე ყოფნისას რამდენჯერმე დავკარგე გონება. კარგა ხნის განმავლობაში ექიმებმა ვერ დაადგინეს რისი ბრალი იყო ეს ყველაფერი. ძალიან ვნერვიულობდი, რადგან იყო საშიშროება, სპორტისთვის თავის დანებება გამხდარიყო საჭირო. საბედნიეროდ, აღმოჩნდა, რომ განსაკუთრებული არაფერია და ვარჯიში განვაახლე, თუმცა მერე ზედიზედ ორჯერ ფეხის ტრავმა მივიღე. ასე რომ, იღბლიანი წელიწადი ნამდვილად არ მაქვს (იცინის).

- განწყობას რითი იმაღლებთ ხოლმე, როცა ირგვლივ მხოლოდ პრობლემებია?

- ძალიან მიყვარს შოკოლადი. როდესაც ანტვერპენში ვიყავი, უამრავი რძიანი შოკოლადი ვიყიდე - ჩემთვისაც და საჩუქრადაც. როდესაც ცუდ ხასიათზე ვარ განწყობის გამოსაკეთებლად შოკოლადს გეახლებით ან მეგობრებთან მივდივარ გულის გადასაყოლებლად.

- თქვენი მეგობრები ჩოგბურთის სამყაროდან არიან?

- არა, ჩოგბურთში მეგობრობის არ მჯერა. ეს არ არის სპორტის გუნდური სახეობა, აქ ყველა თავისთვისაა და იმას აკეთებს, რასაც საჭიროდ მიიჩნევს. ანდა, შესაძლოა, მე ვერ ავაწყვე ჩოგბურთელებთან ურთიერთობა.

- შოკოლადის გარდა კიდევ რა გიყვართ?

- ყველაზე მეტად ხინკალი მიყვარს, მეორე ადგილზე კი - ხაჭაპურია. თუმცა ალბათ ხვდებით, რომ ყოველდღე ვერ ვაძლევ თავს მათი მირთმევის უფლებას. იტალიური სამზარეულოც მიყვარს - ტალიატელის ტალიოლინისგან ვერ გავარჩევ, მაგრამ რაღაც-რაღაცები ვიცი. აი, ფრანგული სამზარეულო კი არც გემოთი მომწონს და არც ულუფებით.

- გრძნობთ, რომ თქვენს ძარღვებში ქართული სისხლი ჩქეფს?

- რა თქმა უნდა, ქართული გვარი მაქვს, ქართველი მამა და ბევრი ქართველი მეგობარი მყავს, მიყვარს ქართული სამზარეულო, თუმცა დიდი ხანია საქართველოში არ ვყოფილვარ, იქ, მამის მხრიდან, ჩვენი ნათესავები ცხოვრობენ. მათთან ჩასვლას წლის ბოლოს ვგეგმავთ, მაგრამ ძნელი სათქმელია, რამდენად მოვახერხებთ.

- ცნობილ ქართველებს შორის თუ გყავთ მეგობრები?

- საერთო მეგობრების წყალობით ირაკლი ფირცხალავა გავიცანი, ძალიან კარგი ბიჭია...

- თავს ლამაზმანად მიიჩნევთ?

- ლამაზმანი - ხმამაღალი ნათქვამია, თუმცა არც საშინელი გარეგნობა მაქვს. ჩვეულებრივი ვარ.

- სასიყვარულო ფრონტზე როგორ გაქვთ საქმე?

- ჯერჯერობით ამ მხრივ სიწყნარეა.

- როგორი უნდა იყოს მამაკაცი, რომელიც მოგეწონებათ?

- საჭიროა, რომ მამაკაცი მხიარული იყოს, თორემ სერიოზულებთან ურთიერთობა რთულია. ფართო მხრები, კარგი ფიგურა - ეს ყველაფერი პირობითია. მთავარია, პიროვნულად იყოს კარგი, საერთო ინტერესები გვქონდეს.

- შესაძლებელია, რომ შეგიყვა­რდეთ მამაკაცი, რომელიც ასაკით საგრ­ძნობლად დიდია თქვენზე?

- გააჩნია, რამდენით: 10 წლით? ეს ნორმალური სხვაობაა, 15 - უკვე მეტისმეტია.

- რომელი იყო ყველაზე მოულოდნელი ადგილი, სადაც დაუპატიჟიებიხართ?

- ქალების სტრიპტიზკლუბი. ჩემმა კარგმა ნაცნობმა დამირეკა და მკითხა - ხომ არ მქონდა სურვილი მისთვის კომპანია გამეწია. გამიკვირდა და ვუთხარი: - არა, გმადლობთ, თავს შევიკავებ...

- ყველაზე უცნაური ნაცნობობა?

- ერთხელ, ერთი ახალგაზრდა მამაკაცი მოთმინებით ელოდა, როდის გამოვიდოდი ტუალეტიდან. როგორც კი დამინახა, მოვიდა და მკითხა: "ანეჩკა, თქვენ რა, არ ვარჯიშობთ?" მე კი ამ დროს ხელში ღვინის ბოკალი მეჭირა...

- საყვარელი ქალაქი თუ გაქვთ?

- რომი, პარიზი, მელბურნი, ლოს-ანჯელესი... ვფიქრობ, შემეძლო საჭმლის დეგუსტატორად მემუშავა რომში.

- სოციალურ ქსელებში თუ აქტიურობთ?

- ამ საქმეში ერთი ადამიანი მეხმარება, თავად კი დიდად არ ვარ მიჯაჭვული სოციალურ ქსელებზე. ვიყავი დარეგისტრირებული "ოდნოკლასნიკებზე", მაგრამ არ მომეწონა და წავშალე საკუთარი გვერდი. სხვადასხვა ტიპის ადამიანები მწერდნენ, ზოგი ადეკვატური, ზოგიც - არა, ისეთი ნაცნობებიც კი მწერდნენ, რომლებიც 10-15 წელიწადია არ მინახავს. ვიღაცამ ფულიც კი მთხოვა თავისი ნაცნობის ოპერაციის დასაფინანსებლად... თუმცა ასეთი რაღაცების დიდად არ მჯერა.

- კორტს როდის დაუბრუნდებით?

- სეზონი უკვე მთავრდება. შესაძლოა, ოქტომბრის შუა რიცხვებში შევძლო კიდეც თამაში, მაგრამ წლის ბოლომდე ორიოდე ტურნირიღა დარჩა და... თუმცა, ჩოგბურთი უკვე მომენატრა და შევეცდები თამაში მიმდინარე სეზონის ბოლომდე განვაახლო. თორემ ვუყურებ კორტს ჩემი აგარაკის ფანჯრიდან, იქ კი არავინ თამაშობს, სამწუხაროა...

- რა უფრო ფასეულია თქვენთვის: გამარჯვება "დიდი სლემის" ტურნირზე თუ პირველი ჩოგნის წოდება?

- რა თქმა უნდა, "დიდი სლემის" ტურნირის მოგება, პირველ ჩოგნად გახდომა ასეთი ტურნირების მოგების გარეშეც შეიძლება, "დიდი სლემი" კი სტატუსია, მწვერვალი, იგივე, რაც ოლიმპიადაა სპორტის სხვა სახეობების წარმომადგენლებისთვის.

- დაბოლოს, რატომ გადაწყვიტეთ დეპუტატობა?

- "პრავოე დელოში" იმიტომ გავწევრდი, რომ ეს არის ახალგაზრდა პარტია ახალი იდეებით. თუ დეპუტატი გავხდები, მინდა, რომ სპორტის მიმართულებით ვიმუშავო. რუსეთში ბავშვთა სპორტი მთლიანად კომერციულია და ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა მხოლოდ იმიტომ ვეღარ ახერხებს ვარჯიშის გაგრძელებას, რომ მის მშობლებს ფული არ აქვთ. მინდა, რომ რუსეთში ბავშვთა სპორტი უფასო იყოს...

იხილეთ ანა ჩაკვეტაძისა და ვიქტორია აზარენკას ერტიული ფოტოსესია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"