საქართველოს საგარეო უწყება არ ფლობს ინფორმაციას, რომელი მხარის ინიციატივით დაიგეგმა საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის სიტყვით გამოსვლა თავისუფლების მოედანზე.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ ”ინტერპრესნიუსის” კითხვაზე პასუხისას განაცხადა, შესაძლოა, ეს ორივე მხარის სურვილი ყოფილიყო.
"როდესაც ამ დონის ვიზიტები იგეგმება, მსგავსი ღონისძიება არის პროტოკოლური პროგრამული ნაწილი. შეიძლება დავუშვათ, რომ ეს არის ორმხრივი სურვილი. საფრანგეთი ევროკავშირის უმნიშვნელოვანესი წევრია და საქართველოსთვის მძიმე პერიოდში მან მეგობრობის ხელი გამოგვიწოდა. მიმაჩნია, რომ ეს ძალზე კარგი ფორმატია - ორი ქვეყნის ლიდერებმა მიმართონ საზოგადოებას საჯაროდ, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლონ მადლიერების გრძნობის გამოხატვა", – განაცხადა დავით ჯალაღანიამ.
საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი თბილისში 7 ოქტომბერს ჩამოვა. ის თავისუფლების მოედნიდან საქართველოს მოქალაქეებს სიტყვით მიმართავს. თავისუფლების მოედანზე ნიკოლა სარკოზის მოსასმენად ყველა მსურველს შეუძლია მისვლა.