საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადება

სრულიად-საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ : "2011 წლის 11 ივლისს სრულიად საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მიიღო დადგენილება, რომლითაც პასუხი გაეცა ყველა იმ სავარაუდო შეკითხვასა და გამოწვევას, რომელიც გაჩნდა ეკლესიის წინაშე რელიგიური ორგანიზაციების სტატუსთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. სინოდის განჩინება იმავე დღეს წარედგინა საზოგადოებას. ამასთანავე, მაშინვე მკაფიოდ ითქვა, რომ სინოდის სხდომამ დადგენილება მიიღო ერთხმად და მღვდელმთავრებს შორის ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არ ყოფილა.

მიუხედავად ამისა, სხვადასხვა სახის მედიასაშუალებებში არაერთხელ გამოქვეყნდა არარეალური, ფაქტების გამყალბებელი და აშკარად ცილისმწამებლური მასალები, რომელთა მიხედვით თითქოს მღვდელმთავართა ნაწილი დაუპირისპირდა კათოლიკოს-პატრიარქს და თავისი პოზიციით უღალატა პატრიარქსა და სამშობლოს. ამ ცილისწამებათა პასუხად 2011 წლის 24 ივლისს საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომლითაც მკაფიოდ მიუთითა, რომ სინოდის სხდომასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მსგავსი მასალები არ ასახავდა რეალობას.

მიუხედავად ამისა, ცილისმწამებლური მასალების გამოქვეყნება კვლავ გაგრძელდა, რაც გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს დაგეგმილ ანტიეკლესიურ კამპანიასთან, რომელიც წარიმართება ეკლესიის, კათოლიკოს-პატრიარქის, წმიდა სინოდისა და სამშობლოს გულშემატკივრობის ნიღბით, რეალურად კი მისი მიზანია ეკლესიის დისკრედიტაცია, მღვდელმთავართა ურთიერთდაპირისპირება და ამით ცილისმწამებლური კამპანიის ორგანიზატორთა ქვენა მიზნების მიღწევა. ისმის კითხვა, ვის სჭირდება ეს...

კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაცხადებთ: სინოდის 11.07.2011 წლის სხდომაზე მღვდელმთავართა შორის აზრთა სხვაობას ადგილი ჰქონდა მხოლოდ უმნიშვნელო პროცედურულ საკითხზე: მოესმინა თუ არა სინოდს საგანგებოდ მოწვეულ სამართალმცოდნეთათვის. უმრავლესობამ მხარი დაუჭირა მოსმენის შესახებ წინადადებას; ამ გადაწყვეტილების საფუძველზე სინოდმა მოუსმინა სხდომაზე მოწვეულ ყველა სპეციალისტს.

ამის შემდეგ საერო პირებმა (მოწვეულმა სპაციალისტებმა) დატოვეს დარბაზი და მღვდელმთავრებმა მსჯელობის შემდეგ ერთხმად მიიღეს ის განჩინება, რომელსაც იმავე დღეს გაეცნო საზოგადოება. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, სინოდის სხდომაზე არ ყოფილა აზრთა სხვადასხვაობა, არამედ იყო ერთსულოვნება; ხოლო მათ, ვინც პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს ეკლესიისა და მღვდელმთავრების წინააღმდეგ დაგეგმილ ცილისმწამებლურ კამპანიაში, შევახსენებთ, რომ ღმრთის მცნების - "არა ცილი სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა" - დარღვევა უმძიმესი ცოდვაა და მამაშვილურად შევაგონებთ მათ, დროულად შეინანონ და შეწყვიტონ ამ კამპანიაში მონაწილეობა.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის სულიერ შვილებს გაძლევთ ლოცვა-კურთხევას: ყოველგვარი კამათი წმიდა სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ირგვლივ უნდა შეწყდეს და ყოველი ადამიანი, ვისთვისაც ძვირფასია საეკლესიო ერთობა, უნდა გაემიჯნოს მღვდელმთავრებისა და ეკლესიის დისკრედიტაციისკენ მიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას. გამოვთქვამთ იმედს, რომ ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი სრული პასუხისმგებლობით მოეკიდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევას და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის დადგენილებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მსგავსი საქციელი სიკეთეს არ მოუტანს ჩვენს ქვეყანას".

ილია II

05/10/2011 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

"ინტერპრესნიუსი" გთავაზობთ წმინდა სინოდის 11/07/2011 სხდომის ოქმსაც

საქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომის ოქმი გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"სხდომის თავმჯდომარე ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. სხდომის მდივანი, გრიგოლ ბერბიჭაშვილი – ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი.

I – 2011 წლის 5 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა კანონი სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ, სინოდის სხდომაზე გამოითქვა საერთო უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ მიუხედავად კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებისა, კანონის მიღება მოხდა საქართველოს საპატრიარქოსა და საზოგადოებასთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე, რაც საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირთა და მრვალრიცხოვანი მრევლის მღელვარების მიზეზი გახდა.

შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით წმინდა სინოდმა იმსჯელა და დაადგინა: საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, საქართველოს კონსტიტუციის და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ საქართველოში მცხოვრები ყველა რელიგიური აღმსარებლობის ადამიანი, ისევე, როგორც რელიგიური გაერთიანებები, თანასწორია კანონის წინაშე. რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლება არ არის დამოკიდებულება იმაზე, თუ რომელ რელიგიურ გაერთიანებას ეკუთვნის საქართველოს ესა თუ ის მოქალაქე.

ქართველი ხალხის ნების გამომხატველი საქართველოს კონსტიტუციისა და კონსტიტუციური შეთანხმებით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებულური ეკლესიის განსაკუთრებული სამართლებრივი სტატუსი არ ზღუდავდეს სხვა რელიგიურ გაერთიანებათა აღმსარებლობის თავისუფლებას და კანონის წინაშე თანასწორობას.

II – მიემართოს საქართველოს ხლეისუფლებას: ა) მომავალში რელიგიასთან დაკავშირებული კანონპროექტების და სხვა ანალოგიური საკითხების განხილვისას, წინასწარი კონსულტაციები გაიმართოს საქართველოს საპატრიარქოსთან, რათა აღნიშნული თემის სიფაქიზიდან და სპეციფიურობიდან გამომდინარე, თავიდან იქნას აცილებული შესაძლო გართულებები.

ბ) დაიწყოს სამთავრობო მოლაპარაკებები ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებულ საქართველოს საპატრიარქოს ეპარქიების სტატუსთან და ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

გ) სახელმწიფომ გაააქტიუროს თავისი საქმიანობა საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ეროვნული და სულიერი კულტურის ძეგლების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით.

დ) საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და ეკლესიის ავტოკეფალიის დაკარგვის შემდეგ, ვიდრე სახელმწიფოებრიობის დამოუკიდებლობის აღდგენამდე პერიოდში განხორციელებული რელიგიური პოლიტიკა და სხვა ჩვენებები აღიარებულ იქნას უკანონოდ.

ე) შეიქმნას კომისია, რომელიც მონიტორინგს გაუწევს კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას.

III – წმინდა სინოდი მოუწოდებს სასულიერო პირებს და მრევლს სიმშვიდისკენ და მიუხედავად მღელვარების მიზეზებისა, თავი შეიკაონ ყოველგვარი თვითნებური ქმედებებისგან და გააძლიერონ ლოცვა ერის ერთობისა და მშვიდობისთვის.

წმინდა სინოდმა მოისმინა ასევე მოხსენება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ანტონ II-ის (ბაგრატიონის) ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ და დაადგინა: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II აღიარებულ იქნეს წმინდანად და ეწოდოს მრავალვნებული ანტონ II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და მისი ხსენება დაწესდეს 21 დეკემბერს, ახალი სტილით 3 იანვარს. ასევე, დაიწეროს წმინდანის ხატი და შეიქმნას შესაბამისი საღვთისმსახურო განგება.

წმინდა სინოდმა იმსჯელა სასულიერო პირთა მიერ ზნეობრივი ნორმების დარღვევის ფაქტებზე და განაჩინა, შეიქმნას ზნეობრივი ნორმების დარღვევათა შემსწავლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით. პირველი – გორისა და სამთავისის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), მეორე – გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსი – იაკობი (იაკობაშვილი)".

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"