თუკი ერთხელ მაინც მეტრო "ახმეტელის" მიმდებარე ტერიტორიაზე გაგივლიათ, აუცილებლად შეამჩნევდით კიბეზე ჩამომჯდარ პატარა ბიჭს, რომელიც ხან დოლისა და ხან ფანდურის თანხლებით უმღერის პატარა გოგოს - "წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო..." და მოწყალებას ითხოვს...
ზედმეტად გულახდილი აღმოჩნდა ჩემი რესპონდენტი. მითხრა, რომ ეს მისი პირველი ინტერვიუა. აქამდე მასთან არც მიკროფონით და არც დიქტოფონით არავინ მისულა. "ერთხელ გადამიღეს მარტო კამერით; ეტყობა, კადრი სჭირდებოდათ ფილმისთვის. სევდიანი ფილმი იქნებოდა, აბა, მათხოვარ მომღერალს რისთვის გადაიღებდნენ?!" - მითხრა ინტერვიუს ბოლოს პატარა მუსიკოსმა. ცხოვრებამ ბევრი რამ ასწავლა...
- რაფო, მშობლები არ გყავს?
- როგორ არა, მყავს. ერთმანეთს გაშორებულები არიან. მე მამასთან ერთად ვცხოვრობ. რუსთავში, დედასთან, ჩემი ძმა ცხოვრობს.
- რატომ გაიყარნენ შენი მშობლები?
- წლინახევრის ვყოფილვარ, ჩემი მშობლები ერთმანეთს რომ გაშორდნენ. ბებიამ (მამის დედამ) გამზარდა. ახლა ერთად ვცხოვრობთ მე, მამა, ბებიაჩემი და ბებიაჩემის და.
- შენ ოჯახის ყველაზე პატარა წევრი ხარ და რატომ გამოგიშვეს საშოვარზე? მამა არ მუშაობს?
- მუშაობდა. ვაგზალზე ტელეფონებს ყიდდა. მერე ტელეფონები მოჰპარეს, სცემეს. მერე ნარკომანობა დაიწყო. ახლა ფეხი სტკივა, ვერ დადის... სვამს.
- ვინ გირჩია, ქუჩაში რომ გასულიყავი ფულის საშოვნელად?
- მამამ. რომ შეატყო, ვეღარ მუშაობდა და ძალიან გაგვიჭირდა, თავისი დოლი მომცა და გამომიშვა სამუშაოდ. მამა მედოლეა, ადრე ქორწილებში უკრავდა, დედა - პიანისტი, მოცეკვავე და მომღერალი. მუსიკალური ნიჭიც გენებით გადმომეცა. თავად ვისწავლე დოლზე დაკვრა, 2 წლიდან მამას ხელებში ვუყურებდი... 11 წლის ვიყავი, პირველად მე და მამა მეტროსთან რომ ჩავედით ფულის სათხოვნელად. ჩამოვჯექი მეტროსთან, მოვიქციე დოლი ფეხებშუა და დაკვრა დავიწყე. თავიდან მრცხვენოდა, ამდენი ხალხის წინ რომ უნდა დამეკრა და მოწყალება მეთხოვა. მერე შევეჩვიე. ერთხელ, ერთი ბიჭი მოვიდა, ფანდური მომიტანა და მაჩუქა. 3 დღეში ფანდურიც "დავამხეცე". სალამურზე დაკვრაც ვისწავლე. 3-4 დღეში კი მარტომ დავიწყე სიარული.
- ძმა არ დაგიდგა გვერდით?
- ეგ იშვიათად მოდის ჩემთან, 17 წლის არის და უსაქმურია.
- დღეში რამდენს შოულობ?
- ზოგჯერ 20 ლარს, ზოგჯერ - 50-ს, ზოგჯერ ათსაც ძლივს ვაკეთებ.
- სად მიგაქვს ფული?
- სახლში. ნახევარს ვხარჯავთ ოჯახში, საჭმელზე, ნახევარს - ვინახავ.
- რისთვის?
- ტანსაცმელი უნდა ვიყიდო.
- სკოლაში დადიხარ?
- VIII კლასიდან გამოვედი. მასწავლებელს დავარტყი...
- რატომ?
- "ტაბურეტკა" მესროლა და მეც შემოვარტყი...
- არ ინანე შენი საქციელი? თან, სკოლიდანაც გამოუშვიხარ...
- არა, არ მიყვარდა სკოლა. ჯერ ერთი, სწავლას მაძალებდნენ, მერე იქ ძმაკაცები ვერ გავიჩინე, ვერავის დავუმეგობრდი. გოგოები დამცინოდნენ...
- ოჯახში შენ გარდა ვინმე მუშაობს?
- ბებიაჩემი მწვანილს ყიდის მეტროსთან.
- როგორც მითხარი, ბავშვთა სახლში ცხოვრობდი. იქ როგორ მოხვდი?
- 6 წლის რომ გავხდი, დიღმის ბავშვთა სახლში ბებიამ წამიყვანა. იქ ცუდად ვიქცეოდი - ვიპარებოდი და მერე კაჭრეთში გადამიყვანეს. სახლში მინდოდა, დედა მენატრებოდა... რომ გავიზარდე, დედა თვითონ მოვძებნე. მასთან რუსთავში ჩავდივარ ხოლმე...
- დედას შენს შეყვარებულებზე თუ უყვები ხოლმე?
- ბევრი შეყვარებული არ მყოლია. მხოლოდ ერთი გოგო მიყვარდა და ისიც ცოლად მოვიყვანე. ლიკა "ახმეტელის" მეტროსთან გამაცნო ერთმა ბიჭმა, ჩემი შეყვარებულიაო. ლიკამ მითხრა, არ მიყვარს ეს ბიჭი, უბრალოდ, მეცოდება; მარტო მე მიჯერებს, რომ იმუშაოს და სახლში საჭმელი შეიტანოსო. მოკლედ, დავახლოვდით. ერთხელაც, თავის დაქალთან იყო და დამიძახა, - ამოდიო. იქ მითხრა, მიყვარხარო. არც მე წავსულვარ "ატკაზზე". თან, მიყვარდა, თავიდან კარგი ბავშვი იყო. მერე გამოაჩინა თავისი "კლანჭები" და მიიღო კიდევაც თავისი.
- ცოლად როგორ მოიყვანე?
- ჩვეულებრივად: ვუთხარი, ცოლად უნდა მოგიყვანო-მეთქი, დამთანხმდა და სახლში წამოვიყვანე.
- მის მშობლებს არაფერი ჰკითხე?
- მშობლებისთვის რატომ უნდა მეკითხა, გოგოს უნდოდა ჩემი ცოლობა...
- შენ ხომ არასრულწლოვანი ხარ. რომ ეჩივლათ ლიკას მშობლებს, ხომ დაგიჭერდნენ?
- ჯერ ერთი, ლიკა ჩემზე უფროსი იყო - 16 წლის და იმას დაიჭერდნენ. თან, მას ვუყვარდი და ნებით გამომყვა. დედამისს არ უნდოდა, რომ გამომყოლოდა.
- მამამ რა გითხრა, სახლში ცოლი რომ მიუყვანე?
- წინასწარ იცოდა მამამ ამის შესახებ. გაუხარდა კიდეც. სანამ ლიკას მივიყვანდი, სახლში სულ ჩხუბი იყო. მერე მისი გვრცხვენოდა და აღარ ვყვიროდით. დამშვიდდა ოჯახი. თან, დიასახლისი გვაკლდა სახლში. სახლს ალაგებდა, სარეცხს გვირეცხავდა. სადილის გაკეთება კარგად არ იცოდა, ამიტომ კერძებს მე ვაკეთებდი. მიყვარს სახლში ფუსფუსი. რეცხვაც მიყვარს, დაგვაც, დაუთოებაც, ჭურჭლის გარეცხვაც და სულაც არ არის ეს "გრეხი"... სისუფთავის ამბავია, რა...
- ე. ი. ოჯახს მატერიალურად უზრუნველყოფ, სახლს ალაგებ, რეცხავ, სადილებს ამზადებ. ბებია რას აკეთებს?
- სვამს...
- ლიკას რა უყავი, გაუშვი?
- კი, სულ იბუტებოდა. წვრილმანებზე ვჩხუბობდით. მაგალითად, ერთხელ, სადილს ვამზადებდი. პომიდორს ვჭრიდი. ხახვი დამიჭერი-მეთქი, - ვთხოვე. არ მიყვარს ხახვის დაჭრაო, - გაჯიუტდა.
- რა მოხდა მერე - თვალები ეწვებოდა, ალბათ...
- ხახვს რომ ვჭრი, მეც მეწვის თვალები, მაგრამ უნდა იცოდე, რომ ხახვი წყლიან ჭურჭელში მოათავსო, სანამ დაჭრი; დანაც დაასველო და არ აგეწვება. გათხოვება თუ უნდა ადამიანს, ხახვის დაჭრაც უნდა შეეძლოს.
- ისე, მაინც რის გამო დაშორდით ერთმანეთს?
- ტანსაცმლის წამოსაღებად მშობლებთან მივიდა და ეტყობა, დედამისმა "დაქოქა". ლიკა კი ეუბნებოდა, რაფო მიყვარს და სხვას არ გავყვები ცოლადო. დედამისი დედაჩემს დაუკავშირდა და მგონია, რომ სწორედ მისი მოთხოვნით წამიყვანა დედაჩემმა რუსთავში, რომ ერთმანეთს დავშორებოდით. მერე ნელ-ნელა აგვერია ურთიერთობა. ჩემს სატელეფონო ზარს აღარ პასუხობდა და მატყუებდა... ლამის გულმა "დამარტყა"... ბოლოს, ერთხელ მითხრა, დიდუბეში შეგხვდებიო. "ასიანი" სხვა იპოვე-მეთქი, - ვუთხარი და შევაგინე. ისიც არ დამრჩა ვალში და მას მერე შემძულდა. ცოტა ხანში დედაჩემმა დამირეკა და მითხრა, - დავინახე, ლიკა ვიღაცის მანქანაში ჯდებოდაო. იმის მერე მასზე გული საერთოდ ამიცრუვდა.
- ფეხმძიმედ ხომ არ იყო?
- კი და ბავშვი "დამიკარგა". იცოდა, რომ ფეხმძიმედ იყო და თავს არ გაუფრთხილდა. "როლიკებზე" შეხტა, "კატაობდა" და დაეცა...
- მერე უცოლოდ ცხოვრება არ გაგიჭირდა?
- უფრო კარგად ვარ. ჯერ ცოლი არ მინდა, მამა მყავს მოსავლელი... ექიმები ამბობენ, თუ თავის თავს მიხედავს, განიკურნებაო.
- მამაშენს მეორე ცოლი აღარ მოუყვანია?
- კი, ჰყავდა ვიღაც შორენა. კარგად არ მახსოვს ის ქალი. ხან თავის სახლში გარბოდა, ხან უკან ბრუნდებოდა...
- დედაშენი აღარ გათხოვილა?
- კი, სამჯერ... ბევრი რამ არ მომწონს დედაჩემის საქციელში (ამოიხვნეშა. - ავტ.)... ყველაფერს ვერ გეტყვი.
- დედა ახლა სად მუშაობს?
- სათბურში. ყვავილებს კრეფს და საყვავილეებს ამარაგებს. სულ დაჩხვლეტილი აქვს ხელები ეკლებით.
- რა სიმღერებს მღერი, როგორია შენი რეპერტუარი?
- მოთხოვნის შესაბამისი. "ცვეტშია" - "პატარა ქალო" და "აყვავებულა არაგვზე დეკა"...
- მოწყალეა ხალხი?
- კი, ერთხელ ერთი ბიჭი მოვიდა, - ჩემი ტელეფონის ნომერი ჩაიწერე, თუ რამე გაგიჭირდეს, დამირეკეო, - მითხრა. კალამი და ფურცელი არ მაქვს-მეთქი, - ვუთხარი. ათლარიანზე დამიწერა თავისი ნომერი და მომცა...
- რითი ერთობი?
- კომპიუტერი ვიყიდე იაფად, ას ლარად. ერთ ბიჭს თავანი ჰქონდა ჩასაბარებელი და იმან მომყიდა. ბებიაჩემს ვესესხე, პენსია ჰქონდა აღებული და მომცა. მერე გავუსტუმრე ნელ-ნელა. ახლა ტელევიზორი გაგვიფუჭდა და კომპიუტერში უყურებს სერიალებს. გამოადგა ჩემი ნაყიდი კომპიუტერი.
- ჩახლეჩილი ხმა გაქვს, სიგარეტს ეწევი?
- 6 წლის ვიყავი, დიდმა ბიჭებმა რომ გამასინჯეს სიგარეტი. მის მერე ვეწევი. თავიდან "პარაოზი" ვიყავი - დღეში 3 კოლოფს ვეწეოდი. ახლა შევამცირე. "ბარსელონას" ფორმა ვიყიდე და ფეხბურთზე დავიწყე ფიქრი. ადრე კარატეზე დავდიოდი, მაგრამ მასწავლებელმა გაიგო, სიგარეტს რომ ვეწეოდი და გამომაგდო.
- რაფო, როდემდე უნდა იჯდე ასე მეტროსთან?
- ახლა რესტორანში ვაპირებ მისვლას. იქნებ ამიყვანონ მედოლედ. თორემ აქ უკვე გაჭირდა მუშაობა. პოლიცია აღარ მაჩერებს. ერთხელ, ენა შევუბრუნე და მცემეს. ზრდილობა მაკლია, დანარჩენი ყველაფერი მაქვს.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)