ალფონს დოდე და მისი შემოქმედების მასაზრდოებელი პროვანსი

ალფონს დოდე და მისი შემოქმედების მასაზრდოებელი პროვანსი

ცნობილი ფრანგი რომანისტი და დრამატურგი ალფონს დოდე 1840 წლის 13 მაისს დაიბადა პროვანსის ქალაქ ნიმში, აბრეშუმის ქსოვილების მცირე ფაბრიკის მფლობელ ვინსენ დოდეს ოჯახში. 1848 წელს მამა გაკოტრდა, ფაბრიკა გაყიდეს და ოჯახი ლიონში გადავიდა.

იმის გამო, რომ მატერიალური შესაძლებლობები არ ჰყოფნიდათ უმაღლესი განათლების მისაღებად, მომავალმა მწერალმა საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ პროვინციულ კოლეჯში მასწავლებლის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა, თუმცა მალე მიატოვა ეს საქმიანობა და 17 წლის ასაკში უფროს ძმა ერნესტთან ერთად პარიზში გადავიდა, რათა ჟურნალისტობით ერჩინა თავი.

ცხოვრების ამ პერიოდზე მოგვი­თხრობს მისი ავტობიოგრაფიული რომანი "პატარა”, თუმცა პოპულარობა მწერალს უფრო ადრე ეწვია - პროზაული კრებულის "წერილები ჩემი წისქვილიდან” გამოქვეყნების შემდეგ (1866 წელს).

ალფონს დოდე 1859 წლიდან იწყებს თანამშრომლობას რამდენიმე გაზეთთან, როგორც რეპორტიორი და თეატრალური კრიტიკოსი. 1860 წელს ჰერცოგ დე მორნის წარუდგინეს, რომელიც მეორე იმპერიის კორპუსის კანონმდებლობის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. მასთან დოდემ ერთ-ერთი მდივნის თანამდებობა მიიღო, რასაც ხელი არ შეუშლია მისთვის, ჟურნალისტიკითა და ლიტერატურული მოღვაწეობით დაკავებულიყო. დე მორნისთან დოდემ თითქმის ხუთი წელი გაატარა, თვით ჰერცოგის გარდაცვალებამდე - 1865 წლამდე.

1866-1868 წლებში რეგულარულად იბეჭდებოდა მისი ორიგინალური ლირიკული ნოველები პროვანსის ბუნებასა და ხალხზე.

1867 წელს ახალგაზრდა მწერალი დაქორწინდა და მას მერე მხოლოდ ლიტერატურული მოღვაწეობით იყო დაკავებული. იბეჭდებოდა უკვე არა მხოლოდ ნოველები, არამედ რომანებიც. 30 წლისა საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მწერლად იქცა, ქვეყნის წამყვან ლიტერატორებს დაუახლოვდა, დაუმეგობრდა ფლობერს, ზოლას, ძმებ გონკურებს.

მწერლის მთავარი ნაწარმოებები, რომლებმაც მას მსოფლიო აღიარება მოუტანა, ერთი ათწლეულის განმავლობაში დაიწერა (1866-1876 წლებში), თუმცა მან კიდევ ოცი წელი იცოცხლა და 1897 წელს გარდაიცვალა. მანამდე თითქმის ყოველ წელს თითო რომანს უშვებდა და XIX საუკუნის ბოლოს გამოჩენილი მწერლების პირველ "ხუთეულში” დაასახელეს.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა