სამოქალაქო რეესტრი ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ განცხადებას ავრცელებს

სამოქალაქო რეესტრი ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ განცხადებას ავრცელებს

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც  უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს ყველა მოქალაქე სარგებლობს თანასწორი უფლებებითა და მოვალეობებით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, იქნება ეს რიგითი მოქალაქე, მდიდარი ან ღარიბი ადამიანი, თუ პრეზიდენტი ან მათი ოჯახის წევრები.

ჩვენ ადრეც არაერთხელ მოგვისმენია ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური შინაარსის შემცველი გამოსვლა, თუმცა, 2011 წლის 7 ოქტომბერს მის მიერ გავრცელებული განცხადება შეიცავდა ჩვენთვის საგულისხმო ახალ ინფორმაციას მის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების თაობაზე - კერძოდ, 2004 წლის შემდეგ, ანუ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემდგომ პერიოდში, საფრანგეთის მოქალაქეობის მოპოვების შესახებ.

სწორედ ეს გარემოება წარმოადგენდა ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ავტომატურად შეწყვეტის საფუძველს, რაც კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით განხორციელდა", - ნათქვამია გიორგი ვაშაძის განცხადებაში.

ამასთან, გუშინ განცხადება გააკეთა ივანიშვილის პირადმა ადვოკატმა, ეკა ბესელიამ. ბესელია ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეა და ამის დამადასტურებელია შემდეგი დოკუმენტები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის განკარგულება #484 ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე.

2. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა – გაცემული 2006 წლის 7 მარტს.

3. საქართველოს პასპორტი – გაცემული 2006 წლის 13 მარტს.

4. საქართველოს პასპორტი – გაცემული 2011 წლის 29 ივნისს.

5. ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულია ბოლო მონაცემებით, მათ შორის 2010 წლის მაისის ადგილობრივი არჩევნების მონაცემებით.

მისივე ინფორმაციით, ამ დრომდე ბიძინა ივანიშვილს არ ჩაბარებია არანაირი სამართლებრივი დოკუმენტი მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა